ანრი ჯოხაძის ძლიერი ინტუიცია და პირველი სიყვარული, რომელმაც ღირებულებები გადააფასებინა - გზაპრესი

ანრი ჯოხაძის ძლიერი ინტუიცია და პირველი სიყვარული, რომელმაც ღირებულებები გადააფასებინა

"ჩემზე ამბობენ, გადარეულიაო, მაგრამ რომ ჰკითხო, სად ან როდის მნახეს გადარეული, ვერ გიპასუხებენ, არ იციან", - ამბობს მომღერალი ანრი ჯოხაძე. როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს, რისი ეშინია ყველაზე მეტად, რა ეზარება, ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, როგორი თბილისი ენატრება და რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1980 წლის 6 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კინორეჟისორი. სხვა პროფესიაში საკუთარი თავი ვერც წარმომედგინა. 4 წლიდან ვმღერი, მაგრამ სიმღერის პროფესიად ქცევას არც ვფიქრობდი. როცა საქმე არჩევანზე მიდგა, სიმღერამ ყველაფერი გადაწონა. რეჟისურისგან შორს არ ვარ. მოგეხსენება, ჩემი კლიპების რეჟისორი თავად ვარ და არა მხოლოდ ჩემი კლიპების.

- ჩემზე ამბობენ...

- ...გადარეულიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში აღარ შემოვუშვებდი. ბუნებრივია, მათ ვგულისხმობ, ვინც გული მატკინა.

- პირველი წარმატება...

- ...ვიგრძენი პირველი სოლო კონცერტის შემდეგ, 36 წლის ასაკში. ხედავ, სინამდვილეში როგორი მოკრძალებული ვყოფილვარ?

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...შემიძლია სიყვარული, ერთგულება და მოვლენების სწორად დანახვა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ბევრი სურვილი მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად - მუშაობის. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტია, საქმის კეთება არასდროს მეზარება, ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. დასასვენებლად არ დავდივარ, რადგან უსაქმურობის გამო, მეოთხე, მეხუთე დღიდან ფსიქოზი მეწყება. შრომა ყველაზე კარგი რელაქსაციაა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ამ ბოლო დროს მშვიდი გავხდი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...წყენებს ვიმახსოვრებ, ეს ზოდიაქოს ბრალია, მორიელი ვარ. სულ ვფიქრობ, იმ ვიღაცას სამაგიერო როგორ გადავუხადო, ეს ცუდია.

- დაშევებულ შეცდომებს...

- ...ვიღებ, როგორც შეცდომებს, როგორც გაკვეთილს - იშვიათად. როცა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებ, ეს იმას ადასტურებს, რომ პირველად დაშვებული შეცდომა გაკვეთილი არ იყო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ურთიერთობები.

GzaPress - პატიება შემიძლია, თუ... - ...ის ადამიანი ძალიან მიყვარს და მისი სინანული გულწრფელია. ამ შემთხვევაში წყენის გულში ჩადების "ამბავი" სხვაგვარადაა. არსებობს წყენა, რომელსაც ჰპატიობ და გონებიდან მართლა შლი და არსებობს წყენები, რომელსაც ჰპატიობ, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებ. ეს იმ ადამიანისადმი ჩემი სიყვარულის ხარისხზეა დამოკიდებული.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მგონია, ჩემი მომავალი ძალიან საინტერესო იქნება.

- ვიბნევი...

- ...როცა მაქებენ. რა თქმა უნდა, თან მიხარია.

- ვნანობ...

- ...ზედმეტ სიყვარულს, ზედმეტ სიკეთეს... როცა უღირს ადამიანს კარგს უკეთებ, ხშირად ის უკან ცუდად გიბრუნდება. მერე ნანობ, ხომ შეიძლებოდა, ის დადებითი განცდები, ენერგია სხვისთვის გადაგენაწილებინა, უკეთესი ადამიანისთვის დახარჯულიყავი. სიკეთე და სიყვარული სანანებელი არასდროს არის, უბრალოდ ამას უღირსი ადამიანები გვაფიქრებინებენ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემს ოჯახთან ერთად, სრული შემადგენლობით. ისინი იტალიაში, ინფიცირებული გარემოს ეპიცენტრში არიან გამოკეტილები. ჩემს ძმასთან და მის ოჯახთან ერთად არიან დედა და ჩემი დისშვილები. ყველა რეკომენდაციას და წესს ზედმიწევნით იცავენ, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. თბილისში მხოლოდ მე, ჩემი და და ერთი დისშვილი ვართ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უნიჭობასა და უზრდელობას. საკუთარ თავზე კონტროლს იშვიათად ვკარგავ. ემოციების ფლობის უნარი გამოვიმუშავე, ისევე, როგორც - სიმშვიდის. ეს წლებმა მოიტანა, გამოცდილებასთან ერთად მოვიდა.

- მეზარება...

- ...ძილი, არადა, ბევრს ჰგონია, რომ ძილისგუდა ვარ. დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3-4 საათი მძინავს.

- სიყვარული ეს...

- ...საქმეში, ადამიანებთან ურთიერთობაში, ყველაფერში მთავარი გრძნობაა. თუ შენი საქმე არ გიყვარს, ის იქნება იძულებით და ზერელედ გაკეთებული.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ ჩემი ცხოვრების სტილი აბსოლუტურად შევცვალე, ამ გრძნობამ ჩემში ღირებულებების გადაფასება მოახდინა, მაშინ 14 წლის ვიყავი. დღეს ასეთი ადამიანი რომ ვარ, იმ სიყვარულის დამსახურებაა. ის ურთიერთობა დასრულდა, დეტალებს ვეღარ მოვყვები, მაგრამ გეტყვი, რომ მერე მე იმ გოგოს ქორწილში ვიმღერე, ესაა ცხოვრება.

- მაკვირვებს...

- ...უკვე აღარაფერი.

- ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს...

- ...კარგი მუსიკა; მას განწყობა ყოველთვის მოაქვს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ტკბილეულია. წონაზე რომ არ აისახოს, ვცდილობ, საკუთარი თავი სულ ვაკონტროლო.

- ვამაყობ...

- ...როცა ჩემით სხვები ამაყობენ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ახლახან, შინ ყოფნის დროს, სიმღერას ვწერდი და ცრემლი მომერია.

- მეშინია...

- ...შავი ხოჭოების. ასეთი ფობია მაქვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მესენჯერში მოწერილზე პასუხს რატომ არ გვცემო? ზოგჯერ ვთვლი, ამაზე დრო არ უნდა დავხარჯო.

GzaPress - ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი... - ...მხოლოდ და მხოლოდ წონას და ისეთი გავხდებოდი, როგორიც 2003 წელს ვიყავი.

- ვუფრთხილდები...

- ...საყვარელ ადამიანებს, ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ის, რაც სათანადოდ არ მოვინდომე. ამ შემთხვევაში ყველაფერი მონდომებაზეა. შეიძლება მხოლოდ ის გითხრა, რომ საკუთარ შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლე. რაც უნდა "ვიპროფესოროთ", ყველა ჩვენგანს ხომ ჩვენი "კონსტიტუცია" გვაქვს.

- ვიტყუები, როცა...

- ...ტყუილი სიტუაციას ანეიტრალებს, როცა ტყუილის თქმა საჭიროა. ამას ყველა ვაკეთებთ.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...ყოველთვის ვერ გეტყვი, მაგრამ ხშირად სხვის მაგივრადაც მრცხვენია.

- თავისუფლება არის...

- ...ჩვენი მოთმინების გამოცდა.

- ინტუიცია...

- ...მაქვს ძალიან კარგად განვითარებული. გამოცდილებამ მიჩვენა, ინტუიციას ყური ყოველთვის უნდა დავუგდო. ასტროლოგიაში კარგად ვერკვევი, ნიშანში მთვარე მერკურის შეერთება მაქვს, კოსმოსი მაიძულებს, მუდმივად ყური ვუგდო ინტუიციას და ეს ბევრ რამეში მეხმარება. რამდენჯერაც მის წინააღმდეგ წავედი, იმდენჯერ ვინანე.

- როცა მარტო ვარ...

- ...ყოველთვის ვმუშაობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ირგვლივ მყოფ ადამიანებს პირობებს გავუუმჯობესებდი. პირადად ჩემთვის რას გავაკეთებდი? იმ შემოქმედებით პროექტებს განვახორციელებდი, რაც ჩემს გეგმებშია.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არასდროს არანაირი თანხის სანცვლოდ რას არ გავაკეთებ? არ ვიცი, მგონია, რომ სამყაროში ყველაფერი იყიდება (იცინის). ციფრს გააჩნია.

- მენატრება...

- ...ხალხმრავალი თბილისი. ამ საგანგებო მდგომარეობაში აქტიურად ვმუშაობ. რამდენიმე დღის წინ, ჩემი სახლიდან ვიდეო დავდე, ერთი სტროფი წავიმღერე "დარჩი სახლში" და მას შემდეგ მეგობრები მოსვენებას არ მაძლევენ, მთხოვენ გავაკეთო პატარა კლიპი, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან დროული და საჭირო მესიჯი იქნება - ამ მიმართულებით ვფიქრობ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მჭირდება განმარტოება. ამ დროს მეგობრების გარემოცვაში ყოფნას, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა მირჩევნია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...სკოლის მოსწავლე ვიყავი, ერთ დღეს დერეფანში გერმანულის მასწავლებელმა რომ გამაჩერა და მითხრა: ანრი, შენ ისეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭი ხარ, ბევრი უნდა იკითხო, ქართული მწერლობით დაიწყეო. პირველად დავით კლდიაშვილის შემოქმედების გაცნობა მირჩია. შინ რომ მივედი, ავიღე დავით კლდიაშვილის წიგნი და კითხვა დავიწყე. ამ ავტორის შემდეგ, სხვა ავტორებსაც გავეცანი. ამ ქალბატონის დღემდე მადლობელი ვარ. საჭირო დროს ძალიან სწორი ფორმით მოახდინა ჩემი დაინტერესება. ეს პადაგოგი გახლდათ ლალი ხუროძე.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გამიხარდება ამ საგანგებო მდგომარეობაში, თქვენი შინჩაკეტილობა ოდნავ მაინც თუ გავახალისე. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით!

თამუნა კვინიკაძე