ბრძოლა, რომელიც მოზარდობისას იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება - გზაპრესი

ბრძოლა, რომელიც მოზარდობისას იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება

მოზარდების ნაწილში გარდატეხის ასაკი რთულად მიმდინარეობს. დაბნეულები არიან და ბევრ რამეზე მტკივნეულად რეაგირებენ. ზოგჯერ ჩაგვრის მსხვერპლნიც ხდებიან... რამდენიმეს მათი თინეიჯერობის პერიოდის პრობლემებისა და ამ პრობლემების დაძლევის მეთოდების შესახებ ვესაუბრეთ.

"ყველაზე რთული "ჩატრიალებულ" ემოციებთან გამკლავებაა"

გვანცა დარასელია: - მშვიდი მოზარდი ვიყავი. ხასიათი განსაკუთრებულად არ შემცვლია, უფრო სწორად - ვცდილობდი, ჩემი პრობლემებით სხვა არ შემეწუხებინა. გარდატეხის ასაკს ალბათ, ყველა მოზარდი რთულად უმკლავდება, მაგრამ ამის გამო ოჯახში არც კონფლიქტი გვქონია, არც - დაძაბულობა. ამ პერიოდმა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ჩაიარა. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, თინეიჯერებს გარკვეული კომპლექსები უჩნდებათ და ურთიერთობების აწყობა უჭირთ... ჩემი პრობლემა ალბათ ეს იყო. გარდატეხის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ, ჩემს დღიურს რომ ვკითხულობდი, აღმოჩნდა, რომ მოზარდობისას იმას განვიცდიდი განსაკუთრებულად, რაც სანერვიულო არ იყო, - მეგობრებისგან რაღაცები მწყინდა... მოკლედ, ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი, რაც პრინციპში, ჩემს განსაკუთრებულ ემოციებში არ გამოხატულა.

- რაიმე კომპლექსი გქონდა?

- გარკვეულ ეტაპზე ეს კომპლექსი ალბათ ყველას აქვს: ვფიქრობდი, რომ ჩემთან მეგობრობა არ უნდოდათ (იღიმის). სიმართლე გითხრათ, მაშინ თავს კარგი გარეგნობის მქონედ არ მივიჩნევდი. მგონი, ეს კომპლექსი ყველას აქვს. სხვანაირი დრო, გაჭირვების პერიოდი იყო და თითქმის ყველანი ერთფეროვნები, ერთნაირები ვიყავით. ამიტომ კომპლექსი, რომ ვიღაც "ჩემზე მეტი" იყო ან ჩემზე უკეთ ეცვა, არ მქონია, რაც ბავშვებს ხშირად ახასიათებთ.

- დღიურის წერა ფსიქოლოგთან სეანსის ტოლფასი იყო?

- შეიძლება, ასეც ითქვას. საერთოდ, ადამიანს საკუთარი ემოციების (განსაკუთრებით - უარყოფითის) ფურცელზე გადატანა და ვინმესთვის გაზიარება ეხმარება. მე ვერავის ვუზიარებდი. მაშინ დედასთან ისეთი "გახსნილი" ურთიერთობა არ მქონდა, ჩემი მეგობრების შესახებ მისთვის რომ მომეყოლა, თუ რა მწყინდა... ამიტომ ვცდილობ, ჩემს შვილებთან ახლო ურთიერთობა მქონდეს და მათთვის დამხმარე ვიყო. კი, ჩემთვის დღიური იყო იმის საშუალება, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი და თუნდაც იმიტომ ვწერდი, რომ შემდეგ, როცა ჩემს ნაწერს წავიკითხავდი, გამღიმებოდა, ჩემი ცხოვრება უკეთ გამეხსენებინა...

- დღევანდელ და შენი თაობის მოზარდებს შორის რა მკაფიო განსხვავებას ამჩნევ? - რა თქმა უნდა, ეს თაობა ბევრად განვითარებულია. მათთვის ცხოვრების ტემპი აჩქარებულია - ინფორმაციას წამებში იღებენ. ურთიერთობებიც შეიცვალა. მგონია, რომ ერთმანეთის ემოციებს ჩვენ უფრო ვითვალისწინებდით, მაგრამ ჩაგვრის, ბულინგის შემთხვევები მაშინაც იყო. დღეს მეტი აგრესია და სისასტიკეა. ვცდილობ, შვილებს ვასწავლო, რომ ყოველთვის დაიცვან ის, ვინც მართალია, ვინც ბულინგის მსხვერპლია, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ... შვილს სულ ვეუბნები, თუკი რამეს განიცდის, აუცილებლად მითხრას. მისთვის ისეთი გარემოს შექმნას ვცდილობ, რომ "გახსნილად" ლაპარაკი შეძლოს, რადგან მოზარდებისთვის ყველაზე რთული "ჩატრიალებულ" ემოციებთან გამკლავებაა, რომელიც მერე შეიძლება სხვა რამეში ცუდად გამოიხატოს. თავად თინეიჯერებს ვურჩევ, ერთმანეთის მიმართ უფრო ჰუმანური დამოკიდებულება ჰქონდეთ: სხვას ისე არ მოექცნენ, როგორც არ სურთ, რომ მათ მოექცნენ.

"როცა გამართული ოჯახი გაქვს, ძლიერი ბავშვი ხარ"

GzaPress

რუსკა ქარქაშაძე: - გარკვეული საკითხების მიმართ პროტესტის განცდა მქონდა. ალბათ ეს ბუნებრივიც არის, რადგან ადამიანი იზრდები, საკუთარი შეხედულებები გიყალიბდება, ყველაფერზე შენი აზრი გაქვს... დაახლოებით 14-დან 15 წლამდე, სულ ჩემს სიმართლეს ვამტკიცებდი: მეგონა, ყველაფერი ისე იყო, როგორც ვფიქრობდი. შეიძლება რაღაცებში მართალი ვიყავი, რაღაცებში - არა, მაგრამ მინდოდა, ჩემი აზრი დამემტკიცებინა. თუმცა პრობლემური თინეიჯერი არასოდეს ვყოფილვარ, რასაც იმას ვაბრალებ, რომ 12 წლიდან სულ გადაღებებზე ვიყავი. ალბათ დროც არ მქონდა, რომ ფიქრებს ზედმეტად ჩავღრმავებოდი. მგონი, უფროს ხალხთან ურთიერთობა, ნაადრევ ასაკში დამოუკიდებლობის განცდა, შრომა გარდატეხის ასაკის იოლად გადალახვაში, პრობლემების სხვაგვარად დანახვაში დამეხმარა.

- თანატოლებს როგორ დაახასიათებ?

- პრინციპში, ადამიანი ისეთია, როგორი სამეგობროც ჰყავს, როგორ წრეშიც ტრიალებს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მოზარდობისას უფრო ემოციურები ხდებიან? არა, ჩემ გარშემო ყველა ისეთია, როგორიც მე ვარ: თითქმის ერთნაირი ინტერესები გვაქვს; ერთნაირად ვცდილობთ, დეპრესიული ფიქრები მინიმალურად გვქონდეს, რადგან ბევრი კარგი რამ ხდება. მეგობრები სულ ამას ვამბობთ, - მთავარია, ერთად ვიყოთ, გავერთოთ, ვიშრომოთ... ვფიქრობ, ცუდად ყოფნისა და მელანქოლიური ფიქრებისთვის დრო არ არის.

- ვის უზიარებდი შენს ფიქრებს?

- შეიძლება ნებისმიერ ასაკში რაღაც პრობლემის წინაშე დადგე. მიმაჩნია, რომ ფიქრების გასაზიარებლად საუკეთესო ადამიანი ოჯახის წევრია: დედა, მამა, და... ოჯახში წესი გვაქვს: სულ ვსაუბრობთ - კარგზეც და ცუდზეც. მით უმეტეს, როცა ვინმეს პრობლემა აქვს, განვიხილავთ, მერე კი - საერთო დასკვნას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ეს პრობლემა აღმოიფხვრას. ჩემი ასაკის ბავშვებს ვურჩევ, აუცილებლად ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ჰქონდეთ. სირცხვილი არ არის, რომ რაღაც მომენტში გიჭირდეს, პრობლემას თავს ვერ ართმევდე და დახმარება მათ სთხოვო. ოჯახის წევრზე უკეთ ალბათ, ვერავინ გაგიგებს. ხშირად კომპლექსის გამო ეშინიათ - ვერ გაგვიგებს დედა ან მამა, მათთან ამ თემაზე დალაპარაკების გვრცხვენიაო. პირველი მეგობრები სწორედ დედ-მამა, დედმამიშვილები უნდა იყვნენ.

- ბულინგის ფაქტს შესწრებიხარ?

- კი, როგორ არა. საერთოდ, სამართლიანობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ორნაირი ბულინგი არსებობს: ერთი, როცა შეიძლება ვერ ვხვდებოდეთ, მაგრამ ჩვენდა უნებურად, მოძალადეები ვიყოთ და მეორე - როცა ამას ადამიანი შეგნებულად აკეთებ. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვინმე შეგნებულად დაჩაგრო?! ბულინგის ფაქტს შევსწრებივარ და რა თქმა უნდა, მსხვერპლს დავხმარებივარ. ნებისმიერი ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია - უსამართლობა რეაგირების გარეშე არ დატოვოს... როცა იბადები, შენი ვალი და პასუხისმგებლობაა, ადამიანებს დაეხმარო.

- სწორად გაუგიათ, როცა ასეთ სიტუაციაში ჩარეულხარ?

- უთქვამთ, - შენ რა შუაში ხარო?! იქვე ამიხსნია, რომ ყველა "შუაშია", როცა ძალადობასთან გვაქვს საქმე. ყოფილა შემთხვევა, როცა უცებ გაუგიათ, - ბოდიში, მართალი ხარო... მიმაჩნია, რომ ლაპარაკით ბევრი რამის გარკვევა შეიძლება. ალბათ ისინი ძალადობენ, ვისაც კომპლექსები აქვს. ბულერები ძირითადად, ისინი ხდებიან, ვისაც თავის დროზე არ ელაპარაკებოდნენ, ბავშვობიდან ყურადღება აკლდათ... არც ერთ დედას არ უნდა, მისი შვილი მოძალადე რომ იყოს, მაგრამ რაღაც პერიოდში ბავშვი შეიძლება არასწორი ადამიანების გარემოცვაში მოხვდეს. ყველაფერს დედა ვერ გააკონტროლებს. ეს რთულია... ადამიანები იმისთვის ვართ, რომ კი არ ვიძალადოთ, არამედ პრობლემებზე მეტი ვისაუბროთ. მგონია, ასე გარკვეულ შედეგამდე მივალთ. მთავარი ეს არის. გვინდა თუ არა, მაინც ოჯახამდე მივდივართ: როცა ძლიერი ოჯახი გაქვს, ძალას გრძნობ, ძლიერი ბავშვი ხარ. სამწუხაროდ, ზოგს ან დედა არ ჰყავს, ან - მამა, რაც ასუსტებს. ამიტომ თანატოლებს ვურჩევ, როცა შევესწრებით, ვიღაცას რაღაც უჭირს ან აკლია, ვეცადოთ, ეს დანაკლისი შევუვსოთ, დავეხმაროთ.

"ახლაც ვიბრძვი" GzaPress მანანა კოზაკოვა: - საერთოდ, მოზარდობისას ბევრს ვწერდი. ლიტერატურულ ნაწარმოებში რაიმე საინტერესო აზრს (თუნდაც - პერსონაჟის აღწერას) რომ წავაწყდებოდი, ამოვიწერდი ხოლმე, მერე კი ჩემს ნაწერს ვკითხულობდი... ჩემი ცხოვრების შესახებ ნაკლებად ვწერდი; დღიურს უფრო, ჩემს შეგრძნებებს ვუზიარებდი. მაგალითად, საკუთარი თავი არ მომწონდა. მერე ვწერდი, - არ შეიძლება, გარეგნობამ ადამიანის ცხოვრება განსაზღვროს, სხვა სიღრმეები არსებობს და ამაზე უნდა ვიფიქრო-მეთქი... "ვფილოსოფოსობდი"... ადამიანი თინეიჯერობისას სამყაროში საკუთარი თავის ძიებას იწყებს. რაც მეტს ფიქრობ, საკუთარ თავთან მით მეტი შეკითხვა გიჩნდება. ყველაზე მეტი ჰორმონული და ფსიქოლოგიური ცვლილება ხომ გარდატეხის ასაკში ჩნდება! ყველაზე მეტი ჭიდილი საკუთარ თავთან ამ დროს გაქვს. ზოგი იოლად ურიგდება რაღაცებს, ზოგი - ძნელად. პრინციპში, ეს მთელი ცხოვრების გზაა. საკუთარ თავს რაღაცებს უმტკიცებ, რაღაცებს - ვერა. განვითარებისთვის ბრძოლა მოზარდობისას იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. ახლაც ვიბრძვი...

ეთო ყორღანაშვილი