"მამაკაცი შეიძლება, ღიმილით შეიტყუო, მაგრამ ცრემლებით ვერ შეინარჩუნებ" - გზაპრესი

"მამაკაცი შეიძლება, ღიმილით შეიტყუო, მაგრამ ცრემლებით ვერ შეინარჩუნებ"

ნუკი კოშკელიშვილი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სახლიდან გარეთ არ გადის და ყველა სხვა რეკომენდაციასაც მკაცრად იცავს. როგორც ამბობს, ასე შიშის გამო კი არა, სხვებზე ზრუნვისა და მაღალი პასუხისმგებლობის გამო იქცევა. სხვებსაც ურჩევს, შინ დარჩნენ და ნერვულ სისტემას გაუფრთხილდნენ. ვნახოთ, რა აზრისაა ცნობილი ადამიანების ბრძნულ გამონათქვამებზე და რამდენად ითვალისწინებს რეალობაში.

- "ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა" (კარლ ვებერი).

- აბსოლუტურად ვეთანხმები ამ გამონათქვამს, ადამიანურებად სწორედ აღზრდა გვხდის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბიოლოგიური მშობლები ნაკლებად მონაწილეობენ აღმზრდელობით პროცესებში. მე გამიმართლა, მშობლებმა სიცოცხლეც მაჩუქეს და შესაბამისი აღზრდაც მომცეს. მათი ნასწავლიდან განსაკუთრებულად მახსოვს ის, რომ რასაც გასცემ, აუცილებლად დაგიბრუნდება, - იქნება ეს სიბოროტე თუ სიკეთე. ეს არასდროს დაივიწყოო, - მეუბნებოდნენ. ამიტომაც, ყოველთვის მქონდა შიში, რომ თუ რამეს ცუდს გავაკეთებდი (ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უფიქრია რამე მსგავსი), უკან დამიბრუნდებოდა. ამ შიშის წყალობით თანდათან აცნობიერებ, რომ თუ შენ არ გსიამოვნებს, ესე იგი, სხვასაც არ გაუხარდება შენგან მსგავსი საქციელი. ჩემი შვილი ჯერ პატარაა, მსგავსი რამეები რომ ვასწავლო, წლისა და 9 თვისაა. ახლა მისთვის მთავარია, მიიღოს სიყვარული. ვფიქრობ, მშობლისა და შვილის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ზომიერება, ოქროს შუალედი მონახო.

GzaPress - "ჩვენ, ქალებს, სილამაზე იმისთვის გვჭირდება, რომ მამაკაცებს თავი შევაყვაროთ, ხოლო სისულელე კი იმისათვის, რომ მამაკაცები შევიყვაროთ" (კოკო შანელი). - აბსოლუტურად მართალია კოკო შანელი, ხშირად, ქალები სულელები ვართ და არ ვუყურებთ არც მამაკაცების გარეგნობას, არც თვისებებს და რაღაცნაირად, სულელურად გვიყვარდება. მამაკაცებს უყვარდებათ სილამაზით და ჩვენ - სიშტერით. პირადად მე, არასდროს მიფიქრია, რა სულელი ვიყავი, ეს რატომ მიყვარდა-მეთქი?! ალბათ იმსახურებდა იმ დროს...

- "ყველა მამაკაცს სურს, ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალბატონებს კი განსხვავებული ხედვა აქვთ: მათ სურთ, მამაკაცის უკანასკნელი სიყვარული იყვნენ..." (ოსკარ უაილდი).

- (თვითონ ასრულებს გამონათქვამს) მამაკაცებს ყოველთვის სწყურიათ ის, რაც არავისია და ქალებს ყოველთვის უნდათ, რომ დარჩნენ კაცის ერთადერთ და უკანასკნელ სიყვარულად.

- "ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა" (მარლენ დიტრიხი).

- ესეც 100%-ით სიმართლეა, რადგან ჩვენ, ყველანი ჭორიკანები ვართ, პირველ რიგში - მე. ამითი ვსაზრდოობ, ვგიჟდები ჭორაობასა და ჭორებზე (იცინის). შესაბამისად, ის ჭორები, რაც ვრცელდება, სწორედ ჩემნაირებისთვისაა. მგონი, ინტრიგები ყველას აინტერესებს. მართალია, ვბრაზდები, როდესაც ჩემზე ვიგებ რამეს, მაგრამ მერე ვფიქრობ - მეც ხომ მაინტერესებს ჭორები სხვაზე?

- "ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდება ბრძენთან გასაუბრებას" (ბუასტი).

- ვცდილობ, ყოველთვის ვიყო ისეთ ადამიანებთან, რომლებისგანაც რაღაცებს ვსწავლობ, რომლებთან ურთიერთობა მართლაც წიგნის კითხვის ტოლფასია. წიგნსაც შეუძლია დაგეხმაროს და ბევრი რამ გასწავლოს. წიგნი სხვადასხვანაირი არსებობს, შინაარსს კი თვითონ ვირჩევთ.

- "ჭეშმარიტი სიდიადისკენ ხშირად ქედმაღლობაა დაბრკოლება" (უენლისი).

- ქედმაღლობა ბევრ სხვა რამეშიც დაბრკოლებაა და რაც უფრო ქედმაღალი ხარ, მით უფრო - წარუმატებელი, ჩემი აზრით. ზოგჯერ საჭიროა, თავი დახარო, აღიარო შეცდომები, არ იყო ამაყი. სიამაყე არავისთვის არაფრის მომტანი არ არის. არასდროს მქონია ქედმაღლობის სურვილი და განცდა. საკმაოდ თავმდაბალი ვარ.

- "ადამიანი ადვილად დაიჯერებს იმას, რაც მისთვის სასურველია" (უილიუს კეისარი).

- ყოველთვის იმას ვიჯერებთ, რაც ჩვენთვის სასურველია. ასე არ არის? ყოველთვის ვარწმუნებთ საკუთარ თავს იმაში, რაც გვაწყობს. ეს შეიძლება დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად მიმნდობი ხარ. მე ადვილად ვენდობი ადამიანებს.

- "ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა. გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო" (გაბრიელ გარსია მარკესი).

- არასდროს უნდა იტირო იმის გამო, რომ რაღაც დამთავრდა. ოპტიმისტი ვარ. თუ რამე არ გამოდის, არა უშავს, რა მოხდა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი მადარდებს ან დეპრესია არ მიპყრობს, უბრალოდ, ვცდილობ, არ ავყვე. შეიძლება, ეს არის კიდეც ძლიერება, როდესაც სისუსტეების დაძლევა შეგიძლია.

- "ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს" (პასკალი).

- მართალია, არ გვსიამოვნებს ნაკლზე მითითება, მაგრამ მაინც მადლიერები უნდა ვიყოთ. ალბათ ის ადამიანი ყველაზე მეტად ზრუნავს ჩვენზე. ადვილია პირფერობა და კარგის თქმა, ბევრად რთულია, გაბედო და უთხრა ადამიანს ნაკლის შესახებ.

- "ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება" (ლაუბი).

- ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც ბავშვი არ არის, მაგრამ ურთიერთობები მყარია. არ მიმაჩნია, რომ ამისთვის შვილი სავალდებულოა, თუმცა ნამდვილად ამყარებს ოჯახს და თან, მასზე დიდი ბედნიერება არაფერია.

- "ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის" (ქეი-ქუასი).

- მათზე ბევრად საშიში რამეებიც არსებობს. ასე მგონია, საკუთარი თავის უფრო უნდა გეშინოდეს.

- "უმჯობესია, კიცხო საკუთარი შეცდომები, ვიდრე სხვისი" (დემოკრიტე).

- სხვისი შეცდომების გაკრიტიკებაში დროის ხარჯვა ნამდვილად არ ღირს. როცა საკუთარ თავს აკრიტიკებ, სწავლობ კიდეც და როცა სხვას აკრიტიკებ, ახალს ვერაფერს იძენ. მეც, ისევე როგორც უმრავლესობას, მიჭირს გავაკრიტიკო ნუკი, მაგრამ ვცდილობ.

- "სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის" (ბიორნე).

- არასდროს არაფერი არ უნდა ინანო. რაც მოხდა, ე.ი. საჭირო იყო მომხდარიყო. ჯობს ვისწავლოთ შეცდომებზე. სულელი და ჭკვიანი სწორედ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ სულელი ნანობს თავის შეცდომებს, ჭკვიანი კი სწავლობს შეცდომებზე.

GzaPress - "ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს, ვიდრე საყვარელი არსება" (ლაროშფუკო). - არა ვარ ეჭვიანი და არც მიყვარს ეჭვიანი ადამიანები, ყველანაირად ვერიდები მათთან ურთიერთობას და არც ვენდობი. მგონია, ადამიანი თვითონ არის მოღალატე და ამიტომაც ეჭვიანობს სხვაზე.

- "კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება" (გოეთე).

- ასეა, კანონი ძლიერია, მაგრამ გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას განახვებო, ხომ გაგიგონიათ? ღმერთმა დამიფაროს და, ასეთი გაჭირვება არასდროს მქონია - არც ფინანსური და არც მორალური.

- "წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი - ცოტათი ყრუ" (გორდონ დინი).

- მგონია, ქორწინების წარმატებისთვის ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე სიყრუე და სიბრმავე. ეს ისეთი კითხვაა, საუკუნეების განმავლობაში რომ ვეძებთ პასუხს და ჯერჯერობით ვერ მივაგენით. ინდივიდუალურია მაინც - ვისთვის რაშია ბედნიერება, ვერ გაიგებ.

- "ქალები ბედნიერები არიან: ისინი კაცები არ არიან და ქალებზე დაქორწინება არ უწევთ" (მადამ დე სტალი).

- სისულელეა, არ მომწონს ეს აფორიზმი. პირიქით, კაცები არიან ბედნიერები, რომ კაცზე დაქორწინება არ უწევთ (იცინის).

- "ქალები კაცების შეტყუებას ღიმილით ცდილობენ და ცრემლებით ინარჩუნებენ" (კონსტანტინ მელიხოვი).

- მამაკაცი შეიძლება, ღიმილით შეიტყუო, მაგრამ ცრემლებით ვერ შეინარჩუნებ, გამორიცხულია.

- "ყველაზე მოკლე გზა ქალის გულისკენ - სიბრალულია" (ბაირონი).

- მე ყველაზე მეტად გულს იუმორი მილბობს. თუ მამაკაცს შეუძლია გაგაცინოს, მას შეუძლია გაგაკეთებინოს, რაც უნდა.

- "მირჩევნია, ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში" (ონორე დე ბალზაკი).

- ძალიან ბოროტი სიტყვებია, ასე ვერავის გავიმეტებდი...

- დაბოლოს, "საკუთარი თავისა და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უფრო დიდი გამარჯვებაა" (ბუდა).

- საკუთარი თავისა და სურვილების დაძლევა მართლაც არ არის იოლი, პირიქით - ყველაზე რთულია და ეს საკუთარი ომია, ბრძოლაში სხვა ვერავინ დაგეხმარება...

ნინო ჯავახიშვილი