ვინ არის გოგი ქავთარაძის მოძღვარი და რომელი ფილმია მისი სავიზიტო ბარათი - გზაპრესი

ვინ არის გოგი ქავთარაძის მოძღვარი და რომელი ფილმია მისი სავიზიტო ბარათი

თავის დროზე გოგი ქავთარაძეს წარმატებულ კარიერას მისი პედაგოგი, მიხეილ თუმანიშვილი უწინასწარმეტყველებდა. წიგნიდან "რეჟისორი თეატრიდან წავიდა" ამონარიდს გთავაზობთ: "ჰო, მართლა, ვინ მოდის ჩემს კვალზე. ვიხსენებ ყველა ახალგაზრდა რეჟისორსა და მსახიობს და ვცდილობ მივხვდე, მათგან ვის შეუძლია იქცეს ხვალინდელი თეატრის ლიდერად. რაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ადგილი დაიკავონ? დღეს ჩემი რობერტ სტურუა, გოგი ქავთარაძე და თემურ ჩხეიძე არიან ლიდერები. ხვალ, ხვალ ვინ იქნება?"

გოგი ქავთარაძე თავის 80 წლის იუბილეს კავთისხევში - აგარაკზე შეხვდა. როგორც მითხრა, იმდენად ბევრმა ადამიანმა დაურეკა 2 აპრილს, რომ ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას ეუბნება ჩვენი ჟურნალის საშუალებით. მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უბედნიერესი ეპიზოდია 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერა.

"მგელი და კრავი" - ეს ამბავი კარგად ახსოვთ რობიკოს და თემურსაც. მისაღები გამოცდების წინ თეატრალურ ინსტიტუტში, ჩვენ წინასწარ გაგვაფრთხილეს, - სარეჟისოროზე ვინც აბარებთ, ისე არ გააკეთოთ, რომ ყველამ "მგელი და კრავი" წაიკითხოთო. მივედი გამოცდაზე, კომისიაში სხედან სასწაული ხალხი: დოდო ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი... ცოტა ვიეშმაკე და გამოვაცხადე: მე ვკითხულობ იგავ-არაკს "მგელი და კრავი"! უი, ატყდა ერთი ამბავი... რა არის, ფანტაზია არა გაქვთ. კარგი, რა ვქნათ, მოგისმენთო. ასეთი რამე მოვიფიქრე, მგელი ნორმალური და წესიერი იყო, ხოლო კრავი - ცოტა მეტიჩარა (იმ ინტონაციით კითხულობს, როგორც მაშინ. - ავტ.) "...რა ბრძანებაა, ბატონო,/ რას მერჩით მე საწყალსაო?/ თქვენ ზევითა ხართ - მე ქვევით/ როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?/ მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!/ ნუ წაგიგდია ენაო!/ შარშანწინდელიც კი მახსოვს,/ შენგან ბრიყვული წყენაო!.. - ეს ვთქვი და კომისიამ სიცილი დაიწყო. მისაღებ გამოცდებზე მომხდარ ამბებს ყველა იგებს და ამაზე მერე ბევრი ლაპარაკობდა.

პირველი ნაბიჯები და შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისი - 18 წლის ვიყავი, როცა მარჯანიშვილის თეატრში სცენის თანამშრომლებისთვის გამოცხადებულ კონკურსზე მივედი და მიმიღეს. სცენის თანამშრომელი ნიშნავს მასობრივ სცენებში მონაწილეს, ზოგი ამას სხვანაირად აღიქვამს. გავიდა ორი წელი, გავხდი რეჟისორის თანაშემწე. ჩემი სახელი და გვარი უკვე აფიშაზე დაიწერა. ამ თეატრის თითქმის ყველა კორიფეს მოვესწარი, შალვა ღამბაშიძის გარდა. შემეძლო თითოეულთან მივსულიყავი, მათი საგრიმიოროს კარი შემეღო, რაღაცას შევეკითხებოდი, ჩანაწერს ვაკეთებდი. ეს ურთიერთობები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. კულისებიდან ბევრი რამ შევიძინე. მარჯანიშვილის თეატრში მიღებული გამოცდილება დამეხმარა თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს.

ცოტა უცნაურია, შემოქმედებითი ცხოვრება როგორც მსახიობმა დავიწყე. საოცარმა კაცმა, გიგა ლორთქიფანიძემ სოსოია მათამაშა სპექტაკლში "მე ვხედავ მზეს". ბატონმა გიგამ სრულიად მოულოდნელად თქვა ჩემზე, - ამ როლს ეს ითამაშებსო. ცოტა გაბრაზდა კიდეც ბატონი მიშა, რატომღაც არ უყვარდა, როცა მისი სტუდენტები სპექტაკლებში მონაწილეობდნენ, ეჭვიანობდა. მერე ვითამაშე რობერტ სტურუას სპექტაკლში "ვახშმობის წინ", ვიქტორ როზოვის გადმოქართულებული პიესა იყო. შემდეგ სადიპლომო სპექტაკლი, ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" დავდგი. ამ ნამუშევარმა - ჩემმა პირველმა დადგმამ მოსკოვში სარეჟისორო სპექტაკლების ფესტივალზე მთავარი პრიზი აიღო. სპექტაკლში სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. რასაც ვეუბნებოდი, როგორც რეჟისორი, იმას იღებდა და აკეთებდა, წარმოგიდგენიათ? ეს უკვე ცალკე მოვლენაა თავისთავად.

GzaPress ჩვენი მოძღვარი - მიშა თუმანიშვილი - ჩვენი სტუდენტობის წლები მიხეილ თუმანიშვილისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა. თუმცა, პედაგოგს ლექციებზე ვერავითარ მღელვარებას ვერ შეამჩნევდით, ყველაფერს აუდიტორიის მიღმა ტოვებდა და სტუდენტებთან მუშაობას თავდავიწყებით ეძლეოდა. ჩვენ კურსს მიშა თუმანიშვილი პირველიდან ბოლო კურსამდე გაჰყვა, ასე იშვიათად ხდება. ის იყო ჩვენი მოძღვარი, ზოგჯერ დაუნდობელი, პირდაპირ გეტყოდა: ეს სცენა სწორად არის აგებული, ეს - არა და ა.შ.

ერთხელ მიშა თუმანიშვილის იუბილეზე ვიყავით. იმ საზეიმო დღეს, ბატონმა მიშამ მე და რობერტ სტურუას ბევრი კომპლიმენტი გვითხრა. გაიხსენა თეატრალურ ინსტიტუტში სცენაზე დადგმული ჩემი პირველი სპექტაკლი "სტუმარ-მასპინძელი" და ასე შეაფასა: შენ ბევრი სპექტაკლი დადგი, მაგრამ მგონი, ეს ყველაზე უკეთესიაო. დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის.

კიდევ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. ქუთაისის თეატრს, სპექტაკლი "თოლია" უნდა ეთამაშა მარჯანიშვილის თეატრში. სპექტაკლის დაწყების წინ სიტყვით არავინ გამოდის. მე ყველას მივესალმე და მოულოდნელი რაღაც ვთქვი: "სპექტაკლის რეკლამისთვის არ გამოვსულვარ... ძალიან ვღელავ. აქ, დარბაზში ზის კაცი, რომლის უზომოდ მადლიერი ვარ; რომ არა ის, რეჟისორი არ ვიქნებოდი!" ბატონი მიშა დაიბნა, ფეხზე წამოდგა, ხალხმა ტაში დაუკრა... ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.

მნიშვნელოვანი ეპიზოდები - რუსთაველის თეატრში პირველი სპექტაკლი "ჩვენ, მისი უდიდებულესობა" დავდგი, სადაც მთავარ როლს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. 1967 წელს სცენაზე განხორციელებული, სიკო დოლიძისა და რევაზ ებრალიძის კინოსცენარის თეატრალური ვარიანტი, პირველი ქართული სპექტაკლი იყო, რომელიც საზღვარგარეთ გავიდა. ამას ჩემ გამო არ ვამბობ, შემთხვევით მოხდა, დადგმა მუშათა კლასს ეძღვნებოდა. სპექტაკლი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში წარმოვადგინეთ. მნიშვნელოვანი ეპიზოდია თეატრის ისტორიაში.

სლოვაკიაში, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში "მარადისობის კანონი" დავდგი თეატრში, რომელსაც ერქვა "ნოვა სცენა". იმ პერიოდში უკვე გამოსული იყო მიხეილ თუმანიშვილის წიგნი "რეჟისორი თეატრიდან წავიდა". ყველამ იცის ბატონი მიშას წიგნების საყოველთაო აღიარება, ისინი პროფესიონალებისთვის სამაგიდო წიგნებად არის მიჩნეული. ერთხელ რეპეტიციაზე თეატრის დირექტორი ჩამოვიდა და მეკითხება: თუმანიშვილის წიგნში ქავთარაძეა ნახსენები და თქვენ ხართო? ბატონმა მიშამ, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გამიწია რეკლამა. ტრაბახი არ გამომივიდეს, მაგრამ იმ თეატრში კიდევ მიმიწვიეს და მეორე სპექტაკლი, გორკის "ფსკერზე" - ადაპტირებული ვერსია დავდგი. ჩეხი ჟურნალისტები ჩემთან მოდიოდნენ, მეკითხებოდნენ თუმანიშვილზე და მეც ვუყვებოდი ამ გენიოსი რეჟისორის შესახებ.

სავიზიტო ბარათი - მარჯანიშვილის თეატრში დილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ჩემთან მიშა კობახიძე მოვიდა. შორიდან ვიცნობდი, მან პირდაპირ მკითხა: გინდა კინოში გადაღებაო? - ძალიან მინდა, ჩემთვის დიდი პატივი იქნება-მეთქი. უნიჭიერესი რეჟისორის მიერ 1964 წელს გადაღებული ფილმი "ქორწილი" ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა. ამ ფილმის შემდეგ დაიწყო კინოში ჩემი მიწვევები. როგორც მსახიობი, ყოველთვის კინორეჟისორების მორჩილი ვიყავი, ჩემგან - არავითარი ინიციატივა. მიშა კობახიძით დაწყებული, ყველა რეჟისორს ვეუბნებოდი: მითხარით, რა გინდათ, ყურადღებით მოგისმენთ და იმას გავაკეთებ-მეთქი.

საინტერესო იყო მუშაობა გიორგი შენგელაიასთან ფილმებზე: "მაცი ხვიტია" და "ვერის უბნის მელოდიები", შესანიშნავი სკოლა გავიარე გია დანელიასთან - "არ იდარდო" და ძველი თაობის რეჟისორთან - ნიკოლოზ სანიშვილთან, რომელმაც გადამიღო "ჩარი რამაში" და "განგაშში"... საერთოდ, კინოში მსახიობს, ხშირად მისი ფაქტურის შესაბამისად მიუსადაგებენ ხოლმე როლს. მე მინდოდა სხვადასხვა ტიპაჟი განმესახიერებინა და რეჟისორებს ვთხოვდი, მხოლოდ გარეგნობიდან გამომდინარე ნუ მომცემდნენ როლებს. მაგალითად, ვითამაშე სტალინი (ალექსანდრე პროშკინის ფილმი "ნიკოლაი ვავილოვი") და კუკარაჩა (ტელესპექტაკლი "კუკარაჩა"), რადიკალურად განსხვავებული სახეებია. ერთხელ თემურ ჩხეიძემ მითხრა: მივაქციე ყურადღება, რომ კინოში არ იმეორებ შენ ფაქტურას და მრავალფეროვანი ხარო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამან მომიტანა წარმატება. ბოლოს, მივაღწიე იმასაც, როცა ქუჩაში ან ბაზარში ჩვეულებრივი ადამიანი მომმართავდა სახელით: კოჭოია, ყარამანი, კუკარაჩა...

GzaPress 80 წელი - ჩემი დაბადების დღეს, დილით გავიღვიძე და გავიფიქრე, ნუთუ 80 წლისა ვარ? ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ უთეატროდ დავრჩი. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობა წამოვიდა. თუმცა შემოქმედებით პაუზას სულაც არ ვდარდობ, ზაფხულში როსტოვის აკადემიურ თეატრში "სამი და" დავდგი. ამჟამად, ეს არის ჩემი ბოლო სპექტაკლი. მეგობარმა ჭოლამ (ლევან წულაძე) შემომთავაზა და შევთანხმდით, რომ მარჯანიშვილის თეატრში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" უნდა დავდგა. ასე რომ, პაუზაც აღარ გამოდის.

ნანული ზოტიკიშვილი