თაკო კორინთელი პირად ურთიერთობებზე, უხილავ ძაფებსა და ჭორებზე - გზაპრესი

თაკო კორინთელი პირად ურთიერთობებზე, უხილავ ძაფებსა და ჭორებზე

"პერიოდულად დეპრესიული განწყობილება ეუფლება, რაც განმარტოებისკენ უბიძგებს. ამის გამო, გარშემო მყოფთა შორის, გამოუცნობ და მარტოსულ ადამიანად ითვლება. ტემპერამენტიანი, თავნება და ფიცხია. არ სჩვევია წყენის გულში ჩადება. სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია. სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ თაკო კორინთელის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიაში დიდად გარკვეული არ ვარ, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს, ასტროლოგს პირადი ჰოროსკოპიც შევადგენინე.

- "პერიოდულად დეპრესიული განწყობილება ეუფლება, რაც განმარტოებისკენ უბიძგებს. ამის გამო, გარშემო მყოფთა შორის, გამოუცნობ და მარტოსულ ადამიანად ითვლება".

- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. დეპრესიისკენ მიდრეკილი საერთოდ არ ვარ და არც განმარტოების სურვილი მიჩნდება. პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას მაშინაც ვახერხებ, როცა რთული პერიოდი მაქვს. ეს ჩემს მეგობრებს ძალიან აკვირვებთ. საკუთარი პრობლემები არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს. კომუნიკაბელური ვარ და ეს ბევრ რამეში მეხმარება.

- უთქვამთ, გამოუცნობი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებო?

- უთქვამთ, მაგრამ ეს შთაბეჭდილება უმეტესად, ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო ექმნებათ: ძალიან კარგ ხასიათზე ყოფნისას, უეცრად მოვიწყენ, ხდება პირიქითაც და ეს აკვირვებთ.

- ამ ცვლილების მიზეზი არსებობს?

- შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ზოგჯერ უმიზეზოდაც ხდება.

- ეს დამღლელი არ არის?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაწუხებს. ზოგჯერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იოლად ვიღებ, ზოგჯერ კი უმნიშვნელო დეტალი დიდხანს მაწვალებს. თავადაც გაოცებული ვრჩები. ასჯერ გაზომვის და ერთხელ გაჭრის "ამბავი" ხშირად მემართება. ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების გამო, იშვიათად მინანია. სიტუაციის დრამატიზებას არ ვახდენ. მნიშვნელოვანია, ადამიანი საკუთარ თავთან როგორ ურთიერთობს. მყავს ძალიან ბევრი კარგი მეგობარი, მაგრამ საკუთარი თავის ფსიქოლოგი თავად ვარ.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა იმ წუთშივე, მომენტალურად სურს".

- მართალია, სულსწრაფობა მჩვევია, ეს ჩემი თვისებაა.

- ზოგჯერ გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- საკითხს გააჩნია. კომუნიკაბელურობა ამ საკითხშიც მეხმარება. გაუბედავი მაშინ ვარ, როცა საკითხი ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს ან ჩემს პირად ცხოვრებას ეხება.

- "ყველაზე რთულ პრობლემასაც ადვილად უმკლავდება".

- მართალია, ეს შემართება ჩემში სულ არის.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფიცხია".

- უკონფლიქტო ვარ, საკუთარ თავზე კონტროლს არასდროს ვკარგავ, მაგრამ პერიოდულად, ჩემდა გასაოცრად, პატარა აფეთქებები მაქვს. თავნებაც ვარ და ტემპერამენტიანიც. ვერ ვიტან, როცა რაღაცაზე მიმითითებენ. "თითის ქნევა" მაღიზინებს. არ მიყვარს, როცა რაღაცას მაიძულებენ. შეიძლება ზუსტად ვიცოდე, ის ჩემთვის კარგია, მაგრამ მაინც საპირისპიროდ ვიქცევი. ამ დროს ძალიან ჯიუტი ვხდები.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება".

- არ ვიცი და ვთვლი, რომ ეს ცუდი თვისებაა. ზოგჯერ ჩემი გაბრაზება ერთ საათსაც არ გასტანს. მერე წყენისა და გაბრაზების მიზეზი აღარ მახსოვს. სხვები ამბობენ, რომ ეს კარგი თვისებაა. თავად არ მომწონს.

GzaPress

- "იმდენად ცნობისმოყვარეა, ზოგჯერ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფაც სჩვევია". - ცნობისმოყვარე ვარ ჩემს პროფესიაში, საქმეში, მაგრამ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის უფლებას თავს არასდროს მივცემ, არც მაინტერესებს. ზედმეტ შეკითხვებს ახლო მეგობრებსაც არ ვუსვამ, რადგან ვთვლი, რაც უნდა ვიცოდე, იმას თავად მეტყვიან.

- როგორ იქცევი მაშინ, როცა შენი პირადი ცხოვრებით სხვები ინტერესდებიან?

- დიპლომატიურად მივანიშნებ, რომ ეს მათი საქმე არაა.

- ჭორებზე როგორ რეაგირებ?

- იყო პერიოდი, როცა ძალიან განვიცდიდი და ყველას ვუხსნიდი, რომ სიმართლე არ იყო, რასაც ლაპარაკობდნენ. მერე მივხვდი - არ ვიყავი ვალდებული, ვინმესთან თავი მემართლებინა. ახლა აღარ ვნერვიულობ, ყურადღებას საერთოდ აღარ ვაქცევ. ჭორების ბუმი იყო მაშინ, როცა სერიალში გამოვჩნდი.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

- ვერ ვიტყვი, რომ ამბიციური ვარ, თუმცა ვთვლი - ჯანსაღი ამბიცია აუცილებელია.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია, ყველა დეტალს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ასეა, რადგან მიმაჩნია, რომ ურთიერთობა ამ დეტალებისგან შედგება. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია. შემიძლია ამისთვის ბევრი რამ დავთმო.

- საყვარელი მამაკაცის ხათრით, კომპრომისებზე ხშირად წასულხარ?

- რა თქმა უნდა, წავსულვარ. ეს ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ბევრი ასე არ თვლის.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- (იცინის) ვთვლი, რომ ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები გოგომ არ უნდა გადადგას. ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ, ეს ჩემგან გამორიცხულია. არათუ პირველ ნაბიჯს არ ვდგამ, სიმპათიას არც ვაგრძნობინებ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა - ურთიერთობის დაწყების სურვილი სწორედ იმ ადამიანს გამოუთქვამს, რომელიც ფარულად მომწონდა.

- "მისთვის იდეალური სიყვარული მოდის გონებით და არა გულით".

- ადრე ვფიქრობდი, რომ მთავარი გული იყო, მაგრამ აზრი შემეცვალა. გონებასაც უნდა "მოვუსმინო", 20% მაინც უნდა გავითვალისწინო. უმეტესად, ისევ გულით ვმოქმედებ, ემოციური ვარ.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- მე სულ შეყვარებული ვარ.

- შენს ცხოვრებაში ფლირტს რა ადგილი აქვს?

- როცა შენ გვერდით საყვარელი ადამიანია, მხოლოდ მას უნდა ეფლირტავო და სხვასთან არანაირი ურთიერთობის სურვილი არ უნდა გქონდეს.

- "ისეთივე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- ძალიან მფლანგველი ვარ. წლებია ვმუშაობ და საკუთარი შემოსავალი მაქვს, საკუთარი შრომით მოპოვებულს უფრო თამამად ვხარჯავ.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად ურთიერთობა, როგორც "მაიმუნს"; მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ.

- მართალია, ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ. ადამიანებისთვის ჩვენთან ურთიერთობა კომფორტული ალბათ ამიტომაცაა. გარდა იმისა, რომ რთული მდგომარეობიდან საკუთარი თავის გამოყვანა შეგვიძლია, გარშემო მყოფებსაც ვეხმარებით, შეიძლება კლოუნადაც კი ვიქცეთ.

- "მასში ყოველთვის 2 ადამიანი ცხოვრობს და ხასიათი ელვის სიწრაფით ეცვლება. ასეთივე სისწრაფით იცვლის სამსახურს, სანაცნობო წრეს და საცხოვრებელ ადგილსაც".

- 27 წლის ვარ და სულ ერთ სახლში ვცხოვრობ. ვერც წარმომიდგენია, სხვა სახლში როგორ შეიძლება ვიცხოვრო. მყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც ბავშვობიდან მოვდივარ, პერიოდულად ვიძენ ახალ მეგობრებს და ნაცნობებს. მგონია, ყველას ცხოვრებაში ასე ხდება.

- "ფანტაზიორია, ტყუილები სჩვევია".

- უწყინარ ტყუილს საჭიროების მიხედვით ვამბობ, მაგრამ ადამიანს როცა სერიოზულ ტყუილში გამოვიჭერ, მერე მასთან ურთიერთობა მიძნელდება.

- "წიგნებს ბოლოდან კითხულობს, არ ჰყოფნის ნებისყოფა და ფურცლებს ხშირად "ახტება".

- აი, ზუსტად ასე ხდება (იცინის).

- ცინიკოსი ხარ?

- მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ამას იმსახურებს.

GzaPress

- როგორ "იმსახურებს"? ამ მდგომარეობამდე რა დროს მიდიხარ? - როცა მაღიზიანებს, მაშინ "სტერვა" ვხდები. იმდენად ცუდი ენა მაქვს, მგონია, ორად მეყოფა, გველი ვარ (იცინის). ვთვლი, რომ იმსახურებს.

- ადამიანებს უძნელდებათ, აზრი შეგაცვლევინონ?

- კი. ისეთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება აზრი შემაცვლევინოს, ძალიან ცოტაა. ერთ-ერთი დედაჩემია, ის რომ შემომიჩნდება...

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე აზრს ვის ეკითხები?

- ჩემთვის ერთგულ ადამიანებს ყოველთვის ვუსმენ. მათ თვალდახუჭული ვენდობი. ვიცი, ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდათ. ბოლოს შეიძლება მაინც ისე მოვიქცე, როგორც თავად მიმაჩნია მართებულად.

- "ის გამუდმებით დახვეწას და იდეალთან მიახლოებას ცდილობს".

- ასეა და ვთვლი, რომ ეს თვისება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, საჭიროა.

- "ფული, სიმდიდრე, სიყვარული მას არ აკმაყოფილებს, რაღაც უხილავი ხიბლავს".

- დიახ, ურთიერთობაში უხილავი ძაფების გაბმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანს საურთიერთოდ მათი მატერიალური მდგომარეობის მიხედვით არასდროს ვირჩევ. მთავარია, საინტერესო იყოს და ჰქონდეს ის რაღაც, რაც მასთან შინაგანად დამაახლოებს.

- "ზოგჯერ ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს".

- უთქვამთ და მე ეს ძალიან გამიკვირდა. პერსონაჟიდან გამომდინარე, ზოგი მეუბნება, - ნამდვილი ბარბარიკა მეგონეო, - მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

- როგორ ფიქრობ - შენი პერსონაჟის მსგავსად, შენც ნებიერა ხარ?

- კი, ნებიერა ნამდვილად ვარ.

- ახლა "ჩემი ცოლის დაქალებს" კარანტინში იღებენ, ბარბარიკას კარანტინში თუ ვიხილავთ?

- იმედია. მეც ველოდები. როგორც ვიცი, სცენარი დაწერილია.

თამუნა კვინიკაძე