ანი გიუნტერის ცხოვრება კარანტინში - გზაპრესი

ანი გიუნტერის ცხოვრება კარანტინში

ცხოვრება კარანტინში ცხადია, ყველამ ერთნაირად ვერ გაითავისა და არც ყველასთვისაა ერთნაირი. ადამიანთა უმეტესობას ახალ რეალობაზე გადაწყობა გაუჭირდა და ამას თავისებურად გამოხატავენ - ზოგი კანონთან ურჩობით და ქუჩაში სეირნობით, ზოგიც უბრალოდ, სიტყვებით იოხებს გულს.

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი აღნიშნავს, რომ რთული რეალობის მიუხედავად, შეეცადა ამ სიტუაციისათვისაც დადებითი მხარე მოეძებნა და ყველაფერი ისე მიეღო, კარანტინში ცხოვრება რომ მოსაწყენი და რუტინული არ ყოფილიყო, რადგან შვილებთან ყოფნა მისთვის დიდი ბედნიერებაა.

- სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კარანტინში ვიმყოფები, ჯგუფებად დავიყავით და ერთი კვირა გადაბმულად ვარ ეთერში, ერთი კვირა კი პირნათლად ვასრულებ რეკომენდაციას და სახლიდან ცხვირს არ ვყოფ. ამ დროს კი უბედნიერესი ვარ, რადგან 24 საათი შვილებთან მიწევს ყოფნა. ყველა სიტუაციას თავისი პლუსი და მინუსი აქვს. ჩემს შვილებსაც იმას ვასწავლი, რომ სჯობს ყველაფერში დადებითი დაინახონ. დღეში ოთხჯერ სადილი, ჩემს შვილებს ბოლოს აგვისტოში მოვუმზადე, როცა ერთად ვისვენებდით, ახლა კი ამის საშუალება მაქვს. ვაკონტროლებ როგორც მათ ქცევას, ისე - კვებას, გაჯეტებთან ურთიერთობას. 15-20 წუთით სუფთა ჰაერზე გაყვანა აუცილებელია და ამას გვირჩევენ კიდეც, ოღონდ, ცხადია, წესების დაცვით. ოთახიც ხშირად უნდა გავანიავოთ. ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ, აივანზეც თამაშობენ ცოტა ხნით. ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ბავშვებისთვისაც არასასურველია, თუნდაც იმიტომ, რომ ზედმეტი წონა არ აკრიფონ. ამიტომ ვცდილობ, მხოლოდ ჯანსაღი საკვები მივაწოდო, ტკბილეული ისედაც ამოღებული გვაქვს რაციონიდან, არ უყვართ.

რაც შემეხება მე, სამი ონლაინტრენინგი შევიძინე, ორი სპეციფიკური მიმართულებით, ერთი კი - ესპანური ენა. სულ დატვირთული ვარ და მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, უსაქმურობისგან მოვკვდიო. ჩემი კარანტინი მოწყენილი ნამდვილად არ არის.

დავალებები ბავშვებსაც აქვთ მოსამზადებელი და ონლაინგაკვეთილები უტარდებათ, მე კი მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, ხან ერთის გაკვეთილი მოვისმინო, ხან - მეორის, რისი ფუფუნებაც მშობლებს სხვა დროს არ გვაქვს. ვაკვირდები შვილების, მათი კლასელების რეაქციებს, რამდენად აქტიურობენ ან რის შემდეგ აღარ უჩნდებათ სურვილი, უპასუხონ.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ამ მომენტში, ადეკვატურად ბედნიერები უნდა ვიყოთ, თუნდაც სხვა მარტივი რაღაცებით, გემრიელი ყავის დალევა იქნება თუ კარგი ფილმის ნახვა. პოზიტიურად მიდგომა თავზეხელაღებულობას არ ნიშნავს. არ უნდა ვიფიქროთ, მე არაფერი დამემართებაო, თუმცა, არც შიშსა და პანიკაში ცხოვრებაა კარგი, რადგან ეს იმუნიტეტს აქვეითებს. იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად და მალე ჩაივლის, ფიქრებით უკვე ზღვაზე ვარ შვილებთან ერთად (იცინის).

როცა სახლში ვართ, სწორედ მაშინ უნდა გავითავისოთ სწორად ფიქრი და სწორად მოქცევა. სახლში უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გაგება, დათმობა და უდიდესი პასუხისმგებლობა. ზოგი ოჯახის წევრებს გაურბის... ამ კარანტინმა ბევრი რამ აჩვენა - სინამდვილეში ვის უნდა სახლში ყოფნა და ვინ არის სახლში ბედნიერი, ვინ რჩება სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებულება აქვს. ეს კი კარანტინის გარეშეც, მთელი ცხოვრება უწევთ... ზოგი სახლშიც არ არის ბედნიერი და მე თუ ბედნიერი ვარ ჩემს შვილებთან და ჰარმონია მაქვს, ცხადია, ეს მახარებს. ბავშვები სულ რაღაცას თამაშობენ, ზოგჯერ საყვარელი ნივთებიც უტყდებათ, მაგრამ რას ვიზამთ? როცა ტელეფონით თამაშს ვუკრძალავ, მართლა ციხეში ხომ არ მეყოლება? ჩვენი მიდგომებიც უნდა შეიცვალოს. რას აღარ ვიგონებ, სახლში ყოფნა მათთვისაც რომ სახალისო იყოს.

მთავარია, დედამიწამ მართლა ამოისუნთქა, ამ შეჩერებამ მასზე დადებითად იმოქმედა. ის ზიანი, რასაც ჩვენ მას ვაყენებთ, შეუფასებელია. სხვაგვარად გადავაფასე ყველაფერი, უფრო გლობალურად უნდა ვიფიქროთ. ის, რომ კორონავირუსმა თავისი დადებითი ფაქტორებიც დატოვა, ცხადია. ადამიანებზეა დამოკიდებული, შემდეგში რამდენად მოვუფრთხილდებით დედამიწას.

როცა ყველაფერი დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ადამიანები, პირველ რიგში, მონატრებულად ჩაეხუტებიან ერთმანეთს. მხოლოდ ცაში რომ ვიყურებით, ღმერთი ყველგანაა და ყველაფერში უნდა დავინახოთ. როცა შენი ოთხი კედლიდან გახვალ, იმაზეც უნდა დაფიქრდე, რომ შენი სიკეთე და პოზიტივი გადასცე ყველას. უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობენ, მომსახურების სფეროში და მათგან უდიდეს სიკეთეს ვგრძნობ, თითქოს, აქეთ განუგეშებს, დაღლის მიუხედავად. ხანდახან გულით მეტირება, ისეთი სოლიდარობა დავინახე.

ადრე თუ გვიან, ყველა მოვლენა მთავრდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ნაკლებად შეგვეხოს, ამისთვის კი სახლში უნდა დავრჩეთ!

თამთა დადეშელი