"ფეისბუკზე" ნაპოვნი სიყვარული - გზაპრესი

"ფეისბუკზე" ნაპოვნი სიყვარული

"ჩემი ცოლის დაქალებში", ვატიკანას როლის შემსრულებელი - ლევან ლაშხი და მისი რჩეული - ქეთი დათუაშვილი გამოვცადეთ, ერთმანეთს კარგად იცნობენ თუ არა: წყვილს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- როგორ ფიქრობ, თქვენი პასუხები რამდენი პროცენტით დაემთხვევა ერთმანეთს?

ქეთი: - ალბათ - 90%-ით, რადგან ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. თან, ერთმანეთს ძალიან ვგავართ. წესით, პასუხების სწორად გაცემა არ უნდა გაგვიჭირდეს.

ლევანი: - ჩემი აზრით, პასუხების 70-80% უეჭველად დაემთხვევა.

- როდის, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ქეთი: - "ფეისბუკზე", 3 მარტს გავიცანი, 8 მარტს კი ერთმანეთს შევხვდით. ეს 2016 წელს მოხდა.

ლევანი: - ერთმანეთი 4 წლის წინ, 3 მარტს, "ფეისბუკზე" გავიცანით, 8 მარტს კი - შევხვდით.

- რას მიიჩნევს თავის პირველ წარმატებად? შენ რას მიიჩნევ შენს პირველ წარმატებად?

ქეთი: - ის - ალბათ, ეკრანზე პირველად გამოჩენას (არ მახსოვს, კონკრეტულად, რომელი რეკლამა იყო), მე - ჩემს პირველ სამსახურს (კარაოკე ბარში ვმუშაობდი).

GzaPress ლევანი: - ქეთის პირველ წარმატებად ჩემს თავს მივიჩნევ (იცინის). მე პირად ცხოვრებაშიც წარმატებული ვარ, რადგან ქეთი მყავს და საქმეშიც, რადგან იმას ვაკეთებ, რაც მინდა. პირველ წარმატებად მაინც "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღებას დავასახელებ - ყველაზე დიდი წარმატება ეს მაქვს.

- რომელია მისი საყვარელი სიმღერა? შენი?

ქეთი: - მისი საყვარელი სიმღერაა Neighbourhood-is A Little Death, ჩემი - Scorpions-ის Maybe I, Maybe You.

ლევანი: - რამდენიმე საყვარელი სიმღერა მაქვს. ალბათ, იქიდან 90% ქეთისაც მოსწონს. ერთ სიმღერას დავასახელებ, რომელმაც ჩვენს ურთიერთობაში დიდი როლი ითამაშა: Neighbourhood-ის A Little Death. ეს ორივესთვის საყვარელი სიმღერაა.

- საკუთარ გარეგნობაში რას შეცვლიდა? შენ რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში?

ქეთი: - ლევანი თმას გადაინერგავდა, მე ჩემს გარეგნობაში ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ ყველაზე მეტად რისი შეცვლაც მინდა, ალბათ, ცხვირის ფორმაა - გარკვეულ კორექციას გავიკეთებდი.

ლევანი: - თავად ხშირად ამბობს, ცხვირს "გავიკეთებდი" სიამოვნებითო. მგონი, სხვა არაფრის შეცვლა არ სურს - ისედაც ლამაზი მყავს... ჩემი გარეგნობის შეცვლა არასოდეს მომნდომებია, გაუმჯობესების სურვილი კი გამჩენია, მაგალითად - ვარჯიშით.

- რომელი უცხო ენები იცის მან? შენ?

ქეთი: - მან იცის რუსული, ინგლისური და თურქული, მე - ინგლისური.

GzaPress ლევანი: - ქეთიმ - ინგლისური, მე - ინგლისური, რუსული და ასე თუ ისე, თურქული.

- რამდენ კილოგრამს იწონის? შენ რამდენს იწონი?

ქეთი: - ახლა, მთელი დღეების განმავლობაში, სულ ვჭამთ. ალბათ, ის 95-98 კგ-ს იწონის. მე 48 კგ-ს ვიწონიდი, მაგრამ სავარაუდოდ, ეს წონა წარსულს ჩაბარდა, რადგან 2-3 კილო მომატებული მექნება.

ლევანი: - ქეთი მაქსიმუმ, 50 კგ-ს იწონის, მე - მაქსიმუმ, 90-ს.

- მისი საყვარელი კერძი რომელია? შენი?

ქეთი: - ჩემ მიერ მომზადებული ლობიო ორივესთვის საყვარელი კერძია (იცინის).

ლევანი: - ქეთის საყვარელი კერძი ლობიოა, ჩემი - შემწვარი კარტოფილი. ბევრი კერძი გამისინჯავს, მომწონებია, მაგრამ შემწვარი კარტოფილი ყველაზე მაგარია - ბავშვობიდან მიყვარს.

- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდა? შენ რომელზე ოცნებობდი?

ქეთი: - ის - მსახიობობაზე, მე - მომღერლობაზე. ძალიან შორეულ ბავშვობაში ექიმობაც მინდოდა...

ლევანი: - მგონი, ქეთი მსახიობობაზე ან მომღერლობაზე ოცნებობდა, მე - მსახიობობაზე.

- როგორი სიმთვრალე აქვს? შენ?

ქეთი: - მას - გადასარევი, იდეალური: ძალიან რომანტიკული, საყვარელი ხდება... მე სიმთვრალეში პათოლოგი ვარ (იცინის). როცა ვსვამ, ხშირად ცუდი რაღაცები მახსენდება და ვტირი...

ლევანი: - აუფ! ეგ რა მკითხე?! თუ ძალიან დათვრა, უნდა გაერიდო (იცინის)... არა, ძალიან კარგი სიმთვრალე აქვს. ბოლო პერიოდში იშვიათად ვთვრებით, მაგრამ როცა ვთვრებით, თავს კარგად გრძნობს. მე როგორი ვარ სიმთვრალეში? "კანფეტ"!.. ასეთ დროს ყველაზე წყნარი, მშვიდი ვარ.

- თვითიზოლაციამ თქვენს ურთიერთობაზე როგორ იმოქმედა?

ქეთი: - 3-4 თვეა, არ ვმუშაობ, რის გამოც თითქმის სულ სახლში ვიყავი. ამიტომ თვითიზოლაციის პერიოდში ბევრი არაფერი შეცვლილა.

ლევანი: - თვითიზოლაციას დიდად არ უმოქმედია: ძირითად დროს მანამდეც შინ ვატარებდით, რადგან ჩვენს ინტერესებს ვერც თბილისი აკმაყოფილებდა და ვერც - სხვა მხარე. სიახლე მხოლოდ ის არის, რომ "ბურაში" ხშირად ვუგებ. მანამდე სულ ის მიგებდა. ახლა მივხვდი, რომ მეც შემძლებია მოვუგო (იცინის).

- ბოლოს რა გაჩუქა? შენ რა აჩუქე?

ქეთი: - ბოლოს ნიშნობის ბეჭედი მაჩუქა, მე ბარსელონის საგზური ვაჩუქე.

ლევანი: - ყველაზე მაგარი საჩუქარი ქეთიმ გამიკეთა - ბარსელონის საგზური. ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იქ ცხოვრობს. გავემგზავრეთ და იქ უმაგრესი ერთი კვირა გავატარეთ. მე ნიშნობის ბეჭედი ვაჩუქე, რომელსაც საერთოდ არ ელოდა.

- როგორ ქორწილზე ოცნებობს? შენ როგორზე ოცნებობ?

GzaPress ქეთი: - ზუსტად ვიცით, როგორი ქორწილი გვინდა: სახლში, ახლო მეგობრების წრეში, "ა-ლა-ფურშეტი", ცოტა ალკოჰოლი... საკუთარი ლამაზი სახლი გვინდა, თავისი აუზებით.

ლევანი: - ორივეს გვინდა, ქორწილი ვიწრო წრეში გადავიხადოთ - ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებმაც ჩვენი სურვილების შესახებ იციან და ყველაფერში აგვყვებიან. რესტორნები და მსგავსი ბანალურობა არ გვსურს. 2 ან 3-დღიანი ქორწილი გვექნება, სადაც 1 წუთითაც კი არავინ მოიწყენს.

- ყველაზე ხშირად რის გამო კამათობთ?

ქეთი: - იმის გამო, რომ კომპიუტერულ თამაშებს ბევრ დროს უთმობს. ჩემთვის ეს ცოტათი დისკომფორტია, რადგან მთელი დღე სახლში მარტო ვართ.

ლევანი: - კომპიუტერთან დიდხანს ვზივარ. ქეთი არც მეკამათება: გამოდის, წინ დამიდგება და მიყურებს. უკვე ვხვდები, რაც უნდა მითხრას. ჩუმად ვდგები და მასთან გავდივარ.

- რა მავნე თვისება აქვს, რის დაძლევასაც ცდილობს? შენ რა მავნე თვისების დაძლევას ცდილობ?

ქეთი: - საკუთარ თავთან უბრძოლია, რომ კომპიუტერული თამაშებისთვის ბევრი დრო არ დაეთმო. ჩემს მავნე ჩვევას რაც შეეხება, ვერ გეტყვი. გავაფრთხილებ და ამის შესახებ ისიც არ გეტყვის (იცინის)... ისე, მაგალითად, დილით ლოგინიდან ადგომა, სახლიდან გასვლა მეზარება ხოლმე...

ლევანი: - მისი მავნე თვისება ეჭვიანობაა, მაგრამ არ იმჩნევს, არც ავლენს, თუმცა კარგად ვხვდები... მგონი, მე მავნე ჩვევები არ მაქვს.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

ქეთი: - "პატარა", "ცხოვრება", "სიცოცხლე", "ლე", "ქე"...

ლევანი: - პატარა. ეს მეტსახელი საიდან წამოვიდა, არ მახსოვს, მაგრამ ერთმანეთს ასე მივმართავთ.

- შენში ყველაზე მეტად რა მოსწონს? შენ რა მოგწონს მასში?

ქეთი: - ალბათ, გარეგნობიდან ყველაზე მეტად ჩემი თვალები მოსწონს, პიროვნული თვისებებიდან - ის, რომ კეთილი ვარ (იცინის). მისი გარეგნობიდან ყველაზე მეტად თითები მომწონს, პიროვნული თვისებებიდან კი ის, რომ უზომოდ კარგი და კეთილი ადამიანია.

ლევანი: - ალბათ, ჩემი გარეგნობიდან ცხვირი, თვალები, აღნაგობა მოსწონს, მე კი - მისი თვალები და საერთოდ, ყველაფერი. ერთმანეთის პიროვნული თვისებებიც ძალიან მოგვწონს.

- დილით ჯერ საუზმობს თუ სოციალურ ქსელს სტუმრობს? შენ როგორ იქცევი?

ქეთი: - ისე, რომ ლოგინიდან არც კი დგება, ჯერ სოციალურ ქსელში შედის. მეც ასე ვიქცევი.

ლევანი: - ორივეს შემთხვევაში, დილით ჯერ - სოციალური ქსელია, შემდეგ - ყველაფერი.

- 10 წლის მერე თქვენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?

ქეთი: - კარიერული თვალსაზრისით, ორივე შემდგარი, თავდაჯერებული, წარმატებული ადამიანები ვიქნებით. საკუთარი დიდი სახლი გვექნება, შინაური ცხოველები გვეყოლება (უზომოდ ლამაზი და კეთილი კატა ახლაც გვყავს). ალბათ, 10 წლის შემდეგ შვილიც გვეყოლება.

ლევანი: - იმავენაირად, როგორიც დღესაა, ოღონდ - ბავშვიც გვეყოლება. არა მგონია, 10 წელიწადში ისეთი რამე მოხდეს, რამაც შეიძლება, შეგვცვალოს.

ეთო ყორღანაშვილი