"ყველაზე ძნელი თურმე, უადამიანოდ ყოფნა ყოფილა" - გზაპრესი

"ყველაზე ძნელი თურმე, უადამიანოდ ყოფნა ყოფილა"

როგორ ატარებენ დროს კარანტინში, რის მანიშნებლად მიიჩნევენ, რაც მსოფლიოში ხდება და რა ენატრებათ ყველაზე მეტად? - ამ კითხვებზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გვიპასუხებენ.

"ადამიანები მოდიან შენს კონცერტზე, სადაც მთავარი გმირი ხარ"

ნიკოლოზ რაჭველი: - ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება სირიაზე, ომებზე, ტერორისტულ აქტებზე, ყველანაირ ძალადობაზე, ბავშვებზე, რომლებიც ამ ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. თითქოს ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ერთგვარად პასუხისგების ფორმაა მათ წინაშე... წლებია, დასვენების საშუალება არ მქონია. ზაფხულობითაც კი, როდესაც ყველა ისვენებს, მე მაინც ვმუშაობ, რადგან ბევრი კონცერტია ზღვისპირა ქალაქებში და სულ მაქვს საქმე. ძალიან მომენატრა ორსაათიანი კონცერტის შემდეგ ემოციურად დაცლილი, დარჩენილ ენერგიას რომ ვიკრებდი, რათა საგრიმიოროს დატოვებისას ბოლომდე გულწრფელი ღიმილით დავმშვიდობებოდი დარბაზის პერსონალს, მოთმინებით რომ ელოდა ჩემს დროულ წასვლას, რათა კარი ჩაეკეტათ და სინათლე გამოერთოთ. უსაზღვროდ მიყვარს ფილარმონიის, ოპერის, რუსთაველისა და სხვა თეატრების, საჯარო ბიბლიოთეკის, "ბლექ სი არენას" თითოეული თანამშრომელი. ეს ის სამყაროა, რომლის გარეშეც ფასი არა აქვს არც სცენას და არც შესრულებულ მუსიკას, ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის. ხშირად ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევ, რომ ადამიანები მოდიან შენს კონცერტზე, სადაც მთავარი გმირი ხარ, მაგრამ აბა, მეორე მხრიდან შევხედოთ, ეს რამხელა ნდობაა მათგან! დასაფასებელია და მადლობელი ვარ მათი, ვინც ერთხელ მაინც მოვიდა და დაესწრო ჩემს კონცერტს. იმედი მაქვს, მალე კვლავ მობრძანდებით და ისიამოვნებთ მუსიკით. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მივულოცავ აღდგომის დღესასწაულს. ვუსურვებ მშვიდობას, ამაში ჯანმრთელობასაც ვგულისხმობ, წარმატებასაც და ღვთის წყალობასაც. განსაკუთრებულ მხნეობას ვუსურვებ ადამიანებს, ვინც იზოლაციურ რეჟიმში ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა, მაგრამ იმედია, რომ მთავრობა და ბიზნესი ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მოქალაქეების სოციალურად დაცვას შეძლებს.

"ბედნიერები და ხალისიანები ვერ ვართ, მაგრამ უნდა ვეცადოთ" GzaPress

მაია დობორჯგინიძე: - თბილისში ვარ ოჯახთან ერთად და შეძლებისდაგვარად ვუძლებ ამ სიტუაციას. აგარაკზე წასვლას ვაპირებდით, მაგრამ ვეღარ მოვასწარით. ბავშვებს უფრო უჭირთ ერთ ადგილას გაჩერება. გაბრიელს დღის პირველ ნახევარში გაკვეთილები უტარდება, ასე ვთქვათ, დაკავებულია, თუმცა გარეთ გასვლა, თამაში და ველოსიპედით სეირნობა ორივეს ძალიან უნდა. ფანჯრიდან სხვებს რომ ხედავენ, აპროტესტებენ, - მათთვის თუ შეიძლება, ჩვენთვის რატომ იკრძალებაო?.. ძნელია, მაგრამ ვცდილობ, მიზეზი დავუსახელო... ხან რას ვაკეთებთ, ხან - რას, ვკითხულობთ, ვცეკვავთ, ვჩხუბობთ. დისტანციურად ვმუშაობ, ლექციებს ვატარებ და ვცდილობ, სტუდენტებს შევუმსუბუქო ეს პერიოდი. ისინი ხომ ახალგაზრდები არიან და უფრო უჭირთ ამ ყველაფერთან შეგუება. ბედნიერები და ხალისიანები ვერ ვართ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ამდენი ნეგატიური ინფორმაციის ფონზე ერთმანეთი აღარ დავძაბოთ. პანდემია ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა საპრემიეროდ ვემზადებოდით სტუდიაშიც, თეატრალურ უნივერსიტეტშიც, თეატრშიც. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ... იმედია, სექტემბრიდან ყველანი შევძლებთ ჩვენი საქმის კეთებას. სამყაროს არ ვუფრთხილდებით და ალბათ ამით მიგვანიშნა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ...

ყველაზე მეტად მენატრება სეირნობა, მეგობრები და ჩემი საქმე. ამ ამბავში ერთადერთი კარგი ის არის, რომ ოჯახი ერთად შეგვყარა. მანამდე, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მცირე დროს ვუთმობდით შვილებს. ახლა მთავარია, დავიცვათ რეკომენდაციები, იტალიის ბედი რომ არ გავიზიაროთ. სწორედ ამიტომ, ამ აღდგომას შევხვდით შინ - ღმერთი მაღალია და ყველაფერს კარგად ხედავს.

"შინაგანად მაინც ვნერვიულობ და ვფორიაქობ" GzaPress

ლელა მებურიშვილი: - ვცდილობთ, ასეთ რთულ სიტუაციაში არ დავიძაბოთ, თუმცა შინაგანად მაინც ვნერვიულობ და ვფორიაქობ, რადგან არ ვიცი, ხვალ რა იქნება. მთელი მსოფლიო დადუმებულია, გაჩერებული, არაფერი მუშაობს, თითქმის ყველაფერი იკრძალება. ვღელავ, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ, ცუდს არ ველოდები. კიდევ კარგი, შვილები პატარები არიან და ვერ ხვდებიან, რა ხდება. თან, უკვე 4 წელია, ქალაქგარეთ ვცხოვრობთ და ეზოში ერთობიან. ათასნაირ თამაშს ვიგონებთ, ხან ვძერწავთ, ხან ვხატავთ. უხარიათ, რომ მშობლები სულ მათთან არიან.

იმაზე ფიქრს, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, სჯობს, იმაზე ვიფიქროთ, რა შეგვიძლია გამოვასწოროთ, როგორ გავხდეთ უკეთესები და როგორ მოვუაროთ დედამიწას, ქვეყანას, ბუნებას, როგორ გავუფრთხილდეთ ადამიანებს, ურთიერთობებს, როგორ გავხადოთ სამყარო უკეთესი.

ყველაზე მეტად მენატრება ოჯახის წევრები, მშობლები, ძმები, მეგობრები, ასევე - სამსახური, სპექტაკლები, გადაღებები... დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

"მშობლები გორში არიან და ვნერვიულობ მათზე" GzaPress

ოთო ნემსაძე: - მშობლები გორში არიან და ვნერვიულობ მათზე. მათთან ჩასვლას და მონახულებას ვერ ვახერხებ. მე შინ ვარ მეუღლესთან ერთად და ვცდილობ, რაღაცით დრო გავიყვანო, გავერთო, თუმცა რთულია. ყველაზე მეტად მენატრება მუსიკა, ხალხი, ვარჯიში. რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ვიცავ და ვფიქრობ, რომ მისი უგულებელყოფა ქვეყნის ღალატს ნიშნავს. ცოდვებისთვის კი არა, უფრო ჩვენი სისულელეების გამო ვისჯებით: ბავშვებს რა დანაშაული აქვთ, საავადმყოფოებში რომ ხვდებიან?.. ჩემი ღმერთი ასეთი ნამდვილად არ არის. მიყვარს ჩემი ეკლესია, ბევრსაც ვლოცულობ და ალბათ ბევრსაც ვთხოვ უფალს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ მას ვუყვარვართ. ყველაფერი კარგად იქნება. ამაზე დიდი უბედურებაც გადაუტანია ჩვენს ხალხს.

"ალბათ "რესტარტი" სჭირდებოდა დედამიწასაც" GzaPress

კრისტი ყიფშიძე: - შინ ყოფნა მიყვარს, მაგრამ საერთოდ, სიტუაციაზე ვღელავ. ადრე მხოლოდ წაკითხული ან ფილმში ნანახი თუ გვქონდა ასეთი პანდემიები... იმედი მაქვს, ცუდს აუცილებლად მოჰყვება კარგი. რას ვიზამთ, უნდა გავიჭირვოთ და გავუძლოთ... კიდევ კარგი, ჩემთან ახლოს და და დისშვილები ცხოვრობენ - შორიდან მაინც შემიძლია მათთვის თვალის შევლება. ყველაზე ძნელი თურმე, უადამიანოდ ყოფნა ყოფილა.

აღდგომისთვის კვერცხებიც შევღებე, პასქა ჩემმა დამ გამოაცხო, ხატების კუთხე გვაქვს სახლში და ასე აღვნიშნეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მჯერა, ღმერთი ჩვენთან არის, ასეთი განსაცდელის დროს არ მიგვატოვებს. ეს ყველაფერი იქნებ იმისთვის ხდება, რომ სამომავლოდ უფრო კარგი რამ მოხდეს? ალბათ "რესტარტი" სჭირდებოდა დედამიწასაც და ადამიანებსაც. რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ წესებს, მით მალე დამთავრდება პანდემია და კარანტინი. ერთი გაზაფხული კი მოგვაკლდება, მაგრამ სამაგიეროდ, ერთმანეთს გავუფრთხილდებით. არადა, გაზაფხული ჩემი საყვარელი პერიოდია. მეგობრებთან ყოფნა მენატრება, უბრალოდ, ფეხით სიარული. მეკითხებიან, პირველად რას გააკეთებო? ალბათ სოციალური ქსელით კარგა ხანს აღარ ვისარგებლებ. ახლა დიდი დოზით ვარ ინტერნეტში, თუმცა ვცდილობ, ნეგატიური ინფორმაციები აღარ წავიკითხო.

"თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს" GzaPress

ნინო მეუნარგია: - უხილავი და ძლიერი მტერი როცაა, ადამიანებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, მეგობრებს, შვილებს, საზოგადოებას, რომ გადავრჩეთ. უკვე 20 დღეა, არსად გავსულვარ - ჩემი პატარა შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება, მისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ეს ვირუსი, ამიტომაც მე და დაჩიკო მარტონი ვართ, უფროსი შვილები სხვა სახლში გადავიდნენ, ჩემი მეუღლე - მშობლებთან, მოკლედ, ძალიან ვფრთხილობთ. საქმე ბევრი მაქვს, ისე თენდება და ღამდება, ვერ ვიგებ, სწრაფად გარბის დრო. ცალკე ოჯახის საქმეები, ცალკე სამსახური, რადიო, პარასპორტი... დიდი მადლობა მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ჩვენ გამო ფრონტის წინა ხაზზე არიან. ეკლესიის კარი არასდროს ჩაკეტილა და არც ამ აღდგომას ჩაიკეტა, თუმცა ჩემი არჩევანი იყო შინ დარჩენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რწმენა მაქვს შერყეული, უბრალოდ, ჩემი შვილების გამო ასე ჯობდა. ვფიქრობ, ღმერთი მაშინაა ჩემთან და მე ღმერთთან ვარ მაშინ, როდესაც ჩემი გული, გონება და სული სუფთაა, სიყვარულითაა სავსე...

ყველაზე მეტად მენატრება შვილები, მეუღლე. სხვა ოჯახები თუ ერთად არიან, ჩვენ გაგვყარა კორონამ (იცინის). მენატრებიან მეგობრები, კოლეგები, სტუდია, ჩემი პარასპორტსმენები, მაგრამ მერე ამ დროს ასმაგად ავინაზღაურებთ.

"დუღდა სიცოცხლე და ახლა როგორ სიმარტოვეში აღმოვჩნდით" GzaPress

თემურ ჩალაბაშვილი: - დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თვის ბოლოდან უკვე კლება წავა და მაისის ნახევრისთვის მშვიდობა გვექნება, - რატომღაც, ასე მჯერა და მწამს. არა მგონია, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, განსჯაა მაინც, ადამიანური სისუსტეებისა და ნებით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომებისთვის სასჯელია, მე ასე ვფიქრობ... დღეს მეგობარს წამალი მივუტანე, ვორონცოვიდან დიდუბეში ფეხით გავედი. მივდიოდი დაცარიელებულ აღმაშენებლის პროსპექტზე და ჩემთვის ვფიქრობდი, რა დავაშავეთ, რომ ასეთი განსაცდელი მოგვევლინა-მეთქი. განგებამ მოგვივლინა ალბათ, თორემ ღმერთი არავის სჯის. იცით, რა მენატრება? - თავისუფლება მენატრება, სავსე ქუჩები, ხალისიანი ადამიანები. დუღდა სიცოცხლე და ახლა როგორ სიმარტოვეში აღმოვჩნდით, ხომ ხედავთ. ღმერთმა დაიფაროს ქართველი უიმედოდ, ჩვენ ხომ იმედიანი ხალხი ვართ, უარესიც გვინახავს და დარწმუნებული ვარ, ესეც ჩაივლის.

ნინო ჯავახიშვილი