მოხალისე ანა დოლიძე: "ნათლად დავინახე, რამდენი გაჭირვებულია" - გზაპრესი

მოხალისე ანა დოლიძე: "ნათლად დავინახე, რამდენი გაჭირვებულია"

ანა დოლიძემ მთავრობის არაერთ გადაწყვეტილებას უარგუმენტო უწოდა და აღნიშნა, თუ დღესვე არ დავიწყეთ კრიზისის შედეგებთან გამკლავება, მერე გვიანი იქნებაო. ისიც არასწორად მიაჩნია, რომ კრიზისის მართვა გადადის ცალკეული პიროვნებების და არა - არსებული ინსტიტუტების მხრებზე. თვითონ, მოხალისის ამპლუაში, აქტიურად არის ჩაბმული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

- როგორი განწყობა გაქვთ, ძალიან გაგიჭირდათ კარანტინის რეჟიმთან შეგუება?

- ჩემთვისაც, ისევე, როგორც ბევრი ადამიანისთვის, არ არის იოლი გადასატანი ეს პერიოდი. მათთვის განსაკუთრებით რთულია, ვისაც პატარები ჰყავს. შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ხალხს ეკონომიკური უსაფრთხოების განცდა არა აქვს, - ეს ფსიქოლოგიურადაც რთული გადასატანია და ფიზიკურადაც. თუ მაისში ჩაცხრება პანდემია, ალბათ ერთი წელი მოგვიწევს შედეგებთან გამკლავება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მალევე დავიწყოთ. საქართველო არ არის დანია, არც შვედეთი ან შვეიცარია, რომ ადამიანებს დანაზოგი ჰქონდეთ და მშვიდად იყვნენ.

- მთავრობის არაერთ გადაწყვეტილებას უარგუმენტო უწოდეთ და გააკრიტიკეთ.

- არასწორად მიმაჩნია, რომ კრიზისის მართვა გადადის ცალკეული პიროვნებების მხრებზე და არა - არსებული ინსტიტუტების. ჩემი აზრით, ეკონომიკასთან მიმართებაში მთავრობას შეეძლო უკეთესად ემოქმედა. ბევრი რამ არ მომწონს - მიკვირს, ხელს რატომ არ უწყობენ ონლაინვაჭრობას, ადგილობრივ ბიზნესს ვგულისხმობ, თორემ უცხოეთიდან პროდუქციის გამოწერა კვლავაც დაშვებულია - ეს ან უნიათობის ბრალია, ან ვიღაცის ლობისტური ინტერესის გამო ხდება. ხელისუფლების რიტორიკა, ცოტა არ იყოს, არასწორი და გაუგებარია, - როცა აწყობთ, ამბობენ, ბიზნესს დავეხმარებითო და როცა დისკომფორტი ექმნებათ, ამბობენ, ყველას მივაკითხავთო... უნიათობის ბრალია ისიც, რომ ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების სისტემა ძალიან გაუმართავია, არ არის განსაზღვრული ნებართვის მიღების ვადა, "ცხელი ხაზის" შესაქმნელად მთავრობას ბევრი დრო დასჭირდა, მათზე 2 კვირით ადრე მე შევქმენი, თან ეფექტიანად არც მუშაობს - უამრავი ადამიანი ელოდება ინფორმაციას. გარდა ამისა, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, ხელისუფლებას თავიდანვე გამოეცხადებინა სრული კარანტინი და ქალაქები ერთი კვირით მაინც ჩაეკეტა, რათა რეგიონებში გავრცელება შეეჩერებინათ. ლოგიკას ვერ ვხედავ იმაშიც, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთი და იმავე მანქანით მგზავრობა ეკრძალებათ. სამკაციანი ოჯახი ჩაიტანს ვირუსს სოფელში თუ ოთხიანი, რა მნიშვნელობა აქვს?! ზოგიერთ ქვეყანაში სრული კარანტინია თავიდანვე, ჩვენთან ლიბერალური მიდგომა არჩიეს. შეიძლება, ისევ ხალხის გამო, ესეც მესმის...

GzaPress- აღნიშნეთ, ერთი წელი დაგვჭირდება შედეგების გამოსასწორებლადო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, საშუალო ფენა როდემდე გაუძლებს შექმნილ მდგომარეობას?

- როგორც იცით, "წითელი ჯვარი" ვირუსთან ბრძოლის პროცესში აქტიურად ჩაება და რისკის შესამცირებლად, მოხალისეთა მობილიზება მოახდინა, სოციალურად დაუცველ, მარტოხელა მოხუცებს ეხმარებიან. მოხალისედ მეც ჩავეწერე და უნდა გითხრათ, რომ ნანახმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. მოხუცებისთვის მცირედი რამ მიგვქონდა - ზეთი, ფქვილი, წიწიბურა, მაქსიმუმ ერთი კვირის სამყოფი მარაგი, და იყო რამდენიმე შემთხვევა, მეზობელი გვეჩხუბა, მე არ მეკუთვნის, რატომ არ დამეხმარეთო? სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ დამიძახეს, ალბათ აღარ იყო ჩემი დახმარების საჭიროება. ნათლად დავინახე, რამდენი გაჭირვებულია, თუნდაც მხოლოდ თბილისში და არა მხოლოდ მოხუცები. სავალალო მდგომარეობაა. ბევრმა ასეთი რამ გვითხრა: თუ ვერ ვიმუშავებთ, უკვე სულერთია, დაგვაჯარიმებენ თუ შინ ვისხდებით და ვიშიმშილებთო. ზოგი დღესაც მუშაობს თავის გადასარჩენად. როგორ გგონიათ, ასაკოვან ქალებს შინ ყოფნა არ ურჩევნიათ? მაგრამ სხვა გზა არა აქვთ, ოჯახები ჰყავთ სარჩენი, უმრავლესობას სესხი აქვს აღებული. დიდი შეღავათი არ არის, მაგრამ ბანკებმა, ასე თუ ისე, გადადგეს გარკვეული ნაბიჯი გადამხდელების სასიკეთოდ, მაგრამ არა - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა. არადა, სწორედ მიკროსაფინანსოებისგან აქვს უმეტესობას სესხი აღებული. კეთილი ინებონ და კეთილსინდისიერ გადამხდელებს ანგარიში გაუწიონ, შეღავათი მისცენ, თორემ მალე გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყება. ამიტომ ვამბობ, ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ. საბედნიეროდ, დაინფიცირებულთა სტატისტიკა ჯერაც დამაიმედებელია, სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხელისუფლებამ ამ საქმეში ჩართო მცოდნე ხალხი; გაგვიმართლა, რომ აქ არსებობს ლუგარის ლაბორატორია და კიდევ, აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგია, მაგრამ პრემიერმა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი რომ შექმნა და მასში წილოსანი, მდინარაძე, თალაკვაძე და სხვა დანარჩენები შეიყვანა, მაშინ რას ფიქრობდა? ამ ხალხმა უნდა გამოგვიყვანოს ეკონომიკური კრიზისიდან? "ნეტარ არიან მორწმუნენი", მაგრამ მე პირადად, ძალიან მეეჭვება...

- საინტერესოა, რატომ რეკავდნენ "ცხელ ხაზზე", ძირითადად რას კითხულობდნენ?

- მარტის ბოლოდან შრომითი დავები იყო აქტუალური. გვეკითხებოდნენ, - ხელს გვაწერინებენ შეთანხმებაზე, რომ ჩვენი ნებით გავდივართ ერთწლიან უხელფასო შვებულებაში და რა ვქნათო? რეკავდნენ ისინიც, ვინც შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა. აინტერესებდათ, დახმარებას თუ მიიღებდნენ. მერე უკვე საგანგებო მდგომარეობის შესახებ კითხულობდნენ, რისი უფლება ჰქონდათ, რისი - არა. ასევე, ბანკის კრედიტებზე, სესხის გადავადებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, ვიდრე სახელმწიფო შეღავათების შესახებ გამოაცხადებდა. ამ ბოლო პერიოდში კი ბევრი რეკავს და ითხოვს ელემენტარულ მატერიალურ დახმარებას. დღეში 4-5 მაინც მწერს, რომ არ არის სოციალურად დაუცველი, დაკარგა სამსახური და ძალიან გაუჭირდა. ასეთ შემთხვევაში, საქმის კურსში ვაყენებთ გამგეობებს.

- ონლაინსწავლებაზეც უნდა გკითხოთ: ყოველდღიურად ხართ ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში. რამდენად ეფექტიანია, რას იტყვით?

- სრულყოფილი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ცოცხალი პროცესი ათასჯერ სჯობს. ბავშვებისთვის რთული პროცესია, ხომ ვუყურებ ჩემს შვილს, მაგრამ მაინც კარგია, რომ გრაფიკში არიან და სწავლის პროცესი ბოლომდე არ შეწყდა. შეიძლება ითქვას, განათლების სამინისტრო მომზადებული ვერ დახვდა ამ პროცესებს. ჩემთვისაც, როგორც პედაგოგისთვის, არ იყო ადვილი "გადაწყობა" დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ ვხედავ განვითარების შესაძლებლობებს ამ სფეროში. სხვათა შორის, სახალისოც კია - ლექციების დროს ზოგი ჭამს, ზოგი დარბის, ზოგს ნახევრად სძინავს და მე ვაღვიძებ, ზოგი ძაღლს ასეირნებს. ამ დროს კავშირის დამყარება რთულია. ვუყურებ სტუდენტს - ზის, მისმენს და მის უკან ვხედავ, ვიღაც ცომს ზელს ან უშველებელი ცომის საბრტყელებელი ჯოხით შემოდის კადრში (ბებია ან დედა) და ენერგიულად იწყებს გაბრტყელებას. ხან ბავშვები შემოვარდებიან კადრში, ხან ბებია შემოიჭყიტება და დაგვხედავს, ხან ვისი დედა მესალმება და ხან - ვისი მამა. გარდა ამისა, შევისწავლე და დავათვალიერე, ვის როგორი რემონტი აქვს და ვინ როგორ ცხოვრობს. ფაქტობრივად, 90 ადამიანთან ვიყავი სტუმრად (იცინის), საინტერესოც კია...

- ამ იძულებითი პატიმრობის დროს რა გიჭირთ და რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

- ალბათ ჩემს შვილს, ანდროს უფრო გაუჭირდა შინ ყოფნა. ბავშვებისთვის ხომ რთული ასახსნელი და გასაგებია, რა მოხდა, უცებ რატომ შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი. თავიდან მთხოვდა, მეგობრებს მოვიყვანო, ახლა უკვე შეეჩვია. ვცდილობ, რაღაცით წავახალისო, რომ გაუსაძლისი არ გახდეს ეს პერიოდი, თუმცა ერთი დადებითიც აღმოაჩნდა ამ ვირუსს - ანდრო გაოგნებულია ჩემი კულინარობით, ხან რა მოვუმზადე და ხან - რა, ადრე კი სამზარეულოსთვის ნაკლები დრო მქონდა. მე უფრო მეტად კომუნიკაციის ნაკლებობას განვიცდი: დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა მქონდა; ენერგიის გაცვლა, სტუდენტებთან შეხვედრა, ურთიერთობა - ზეიმია ჩემთვის. მოკლედ, ადამიანების გარეშე ყოფნა ძნელი ყოფილა, თუმცა ვერ ვიტყვი, კარანტინმა სერგო მეთოფიშვილი მომანატრა-მეთქი, მაგრამ... მგონი, ისიც მომენატრა (იცინის)...

- სხვა თვალით შეხედეთ ბევრ რამეს, რა გადააფასეთ?

- მივხვდი, ცოტა მეტად და ღრმად რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჯობს. თურმე, როგორი დასაფასებელი ყოფილა ყოველდღიურობა - წყნარად, ყოველგვარი შიშის გარეშე რომ აკეთებ საქმეს, ჯერ მხოლოდ ეს რად ღირს...

ნინო ჯავახიშვილი