"ეს გრძნობა იმდენად ნამდვილი და იმდენად ნაღდია, ხანდახან ლაპარაკი უხერხულია" - გზაპრესი

"ეს გრძნობა იმდენად ნამდვილი და იმდენად ნაღდია, ხანდახან ლაპარაკი უხერხულია"

"ადამიანებს შეცდომებს რთულად ვპატიობ, მაქვს სურვილი, მეტად მიმტევებელი ვიყო", - ამბობს მომღერალი თემო საჯაია. რას ფიქრობს სიყვარულზე, რა არის თავისუფლება, რის გამო იღებს საყვედურებს, რა აკვირვებს ყველაზე მეტად და რა სისუსტეები აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 21 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მუსიკოსი და ასეც მოხდა. ნაწარმოებების ფორტეპიანოზე გარჩევა 3 წლიდან შემეძლო. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. სულ მინდოდა, ინსტრუმენტებთან შეხება მქონოდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მძიმე ხასიათი აქვსო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის. ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას და არაპუნქტუალობას. ალბათ გამოხატვის ფორმები მაქვს ცოტათი მძიმე. ხაზგასმა დადებით თვისებებზეც ხდება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ახლა მეუხერხულება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...უამრავ რამეს შევცვლიდი. ყველა ის ადამიანი მაკვირვებს, ვინც ამბობს, არაფერს შევცვლიდიო. ცვლილებებს შევიტანდი პირად ურთიერთობებში, საკუთარ თავშიც, მეტ შრომისმოყვარეობას გამოვიჩენდი. მგონია, შრომის სიყვარულში ზედა ზღვარი არ არსებობს. არ ვაწყენინებდი ადამიანებს, ვისაც შეიძლება უნებურად ვაწყენინე.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...მაშინ, როცა პირველად გამოვედი დიდ სცენაზე, მაგრამ მაინც მგონია, რომ წარმატება რასაც ჰქვია, წინ მელოდება. მეტიც, ვინმემ სიცოცხლის ბოლო დღეს რომ მკითხოს, თავი წარმატებულად როდის იგრძენიო? ვუპასუხებ, რომ ეს ჯერ არ მომხდარა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ბევრი საყვარელი ადამიანი და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ჩემთვის შრომა არ არის რუტინა, სიამოვნებაა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანებს მივანიჭო ბედნიერება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ძალიან რთულია, რა ვთქვა? ალბათ ისაა, რომ საყვარელ საქმეს ვემსახურები.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ადამიანებს შეცდომებს რთულად ვპატიობ. მაქვს სურვილი, მეტად მიმტევებელი ვიყო. ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...რომ შემეძლოს, გამოვასწორებდი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ის შეცდომები არ უნდა მომსვლოდა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ვხედავ, ადამიანი გულწრფელად ინანიებს. ვპატიობ, მაგრამ დავიწყება არ შემიძლია, კარგი მეხსიერება მაქვს. ფროიდისეული ფსიქოლოგიით, ადამიანის მეხსიერება ცომი არ არის, როგორც გინდა, ისე ვერ მოზელ. ყველაფერი თავის კვალს ტოვებს და არც ერთი ემოცია არ იკარგება. შესაძლოა, ტაბუ დავადო გარკვეულ ამბავს, აღარ მივუბრუნდე, ჩავკეტო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მახსოვს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...არ ვიცი, რა იქნება. წლების წინ, მომავალზე ნამდვილად ვფიქრობდი და რაღაცებს წარმოვიდგენდი, მაგრამ ახლა აღარ ვფიქრობ. ათი წლის წინ, ნამდვილად არ მეგონა, დღევანდელი რეალობა ასეთი თუ იქნებოდა. საერთო ჯამში, ცხოვრება იმიტომაც არის საინტერესო, რომ არ ვიცით, ხვალ რა იქნება. დარწმუნებული ვარ, ათი წლის შემდეგ, ისევ ვიტყვი, ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, აუცილებლად რამეს შევცვლიდი-მეთქი.

- ვიბნევი...

- ...როცა მაქებენ.

- ვნანობ...

- ...უამრავ რამეს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვცხოვრობდე ჯანმრთელ და ჯანსაღ საქართველოში, მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ ვგულისხმობ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ნებისმიერ სისულელეს. გურული ვარ და ეს უკვე "დიაგნოზია", გურული აფეთქებები მჩვევია, ისეთ სისულელეებზეც კი, რაზეც არ უნდა ავფეთქდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე კონტროლს ხშირად ვკარგავ, მსგავსი რამ იშვიათად ხდება.

- მეზარება...

- ...ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია, ზარმაცი ვიყო. ფეხით სიარული მეზარება, პერანგების დაუთოებაც. ასეთი შემთხვევა სულ რამდენჯერმე მქონდა და მახსოვს, როგორც საშინელი საქმე.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაზე რთული რამ არის. სიყვარულზე ვკითხულობთ წიგნებს, ვნახულობთ ფილმებს, გვგონია, ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი ყველაზე რთულია. ძნელია არ გამოჩნდე ბანალური. გურამ დოჩანაშვილიც ამბობს, სიყვარულს დაფარვა სჭირდებაო. დაფარვა კი იმიტომ სჭირდება, რომ ეს გრძნობა იმდენად ნამდვილი და იმდენად ნაღდია, ხანდახან ლაპარაკი უხერხულია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მივხვდი, ეს იყო სიყვარული. ემოციის გამოხატვა ისეთივე რთული გახლდათ, როგორც ლაპარაკი. ცეცხლის გულის დანთება, შუაში ჩადგომა, ფანჯრებთან სერენადები და კართან ვარდების დატოვება, ესეც ძალიან რთულია.

- კარგ ხასიათზე მაყენებს...

- ...მუსიკა.

- მაკვირვებს...

- ...მუსიკა, ჟღერადობა. მგონია, რომ ადამიანებს მხოლოდ უნდა გვემღერა და არ გველაპარაკა. სიმღერა კომუნიკაციის ფორმა უნდა ყოფილიყო.

- ვრისკავ...

- ...როცა შამპანურის დალევა მინდა, ეს ხშირად ხდება.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მუსიკა, ტკბილეული და ცხენებია. ცხენოსანი ვარ, ამ საქმის პროფესიონალი. სამწუხაროდ, საკუთარი ცხენი აღარ მყავს. სოციალურ ქსელში მაქვს გვერდი "ცხენების მოყვარულთა კლუბი", რომელიც ძალიან პოპულარულია, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი გვერდია.

- ვამაყობ...

- ...ჩემი ოჯახით.

- შიში მაქვს...

- ...ჯანმრთელობის პრობლემების, რომელიც შეიძლება ჩემს საყვარელ ადამიანებს შეექმნათ.

- საგანგებო მდგომარეობის პირობებში...

- ...აქტიურად ვმუშაობ. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების რეჟიმი დიდად შემეცვალა. დავდივარ ტელევიზიაში და შინ იმ დროს ვბრუნდები, როცა არც ერთი ადამიანი გარეთ აღარ უნდა გავიდეს.

GzaPress - ვმალავ... - ...კომპლექსებს, არაერთი მაქვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ხმის მაღალი ტემბრის გამო, ირგვლივ ყველას ვაყრუებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...გარეგნობას ყურადღებას ნაკლებად ვანიჭებ. თავის დროზე ნაოჭიც საჭიროა და ჭაღარაც. ერთადერთი ის ვიცი, თმა თუ გამცვივდება, აუცილებლად გადავინერგავ.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანებს, ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ბევრი რამ, მაგალითად, დროის რაციონალურად გამოყენება, ფულთან სწორი დამოკიდებულება.

- ვიტყუები, როცა...

- ...საჭიროა. ზოგჯერ დასაშვებია ადამიანს ტყუილი დაუმალო და პატარა ბედნიერება მიანიჭო.

- თავისუფლება არის...

- ...პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე. თავისუფლებასაც აქვს ჩარჩოები. აღვირახსნილობა შორსაა გაცნობიერებული პასუხისმგებლობისგან. ახლობლების, მეგობრების, ქვეყნის წინაშე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება.

- როცა მარტო ვარ...

- ...ცუდად ვარ, ეს ჩემთვის არაკომფორტული მდგომარეობაა. მარტოობა დიდ ტკივილებთან არის დაკავშირებული. მარტოობაში ლექსი, რომანი, მუსიკა, ნახატი ისე იწრთობა, როგორც - ცეცხლზე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ვიცი, ეს არასდროს მოხდება, მაგრამ რომ მქონდეს, ყველა ინსტრუმენტს შევიძენდი, რომელიც მიყვარს. მექნებოდა ჩემი იპოდრომი. ყველა ბავშვის უზრუნველ მომავალზე ვიზრუნებდი, ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ძალიან ბევრ რამეს არ გავაკეთებ. დედამიწაზე იმდენი ადამიანი არსებობს, არაფერი რომ არ გადაუხადო, ცუდ საქმეს ისედაც ჩაიდენს, მე არავინ არაფერს შემომთავაზებს.

- მენატრება...

- ...ბავშვობა.

- ვაგროვებ...

- ...ხელშესახებ რამეს თუ გულისხმობ, მუსიკალური ფირფიტების ერთ-ერთი დიდი კოლექციონერი ვარ, დაახლოებით 600 მაღალი დონის ფირფიტას ვინახავ. გარდა ამისა, გატაცებული ვარ ზარების შეგროვებით. ესეც ჟღერადობასთანაა კავშირში და მაინტერესებს. იმდენივე ზარი არ მაქვს, რამდენიც - ფირფიტა. ყველაზე მეტად, კარგ მოგონებებს ვაგროვებ, ეს კი გაცილებით მეტი მაქვს, ვიდრე ზარები და ფირფიტები ერთად აღებული.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს გამოსავალს იმაში ვპოულობ, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს, ეს არის მარტოობა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ....კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება, მაგრამ სულ მახსოვს ბაბუასთან ურთიერთობის დეტალები. მისი გაზრდილი ვარ და ჩვენი ურთიერთობა ერთგვარი სკოლა იყო, ლიტერატურა მან შემაყვარა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ჩემო ძვირფასებო, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ძალიან უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენ მოვესწარით კლიმატის ცვლილებას, მოვესწარით დედამიწაზე ერთი კონტინენტის დაწვას, ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ეპიდემიას კაცობრიობის ისტორიაში... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველას ძალიან, ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ შინ, რომ ერთმანეთი გადავარჩინოთ!

თამუნა კვინიკაძე