რატომ მოუწოდებს ხალხს წიგნის კითხვისკენ ციაკო ფიფია - გზაპრესი

რატომ მოუწოდებს ხალხს წიგნის კითხვისკენ ციაკო ფიფია

"ახალი შაბათის შოუს" მსახიობი და სცენარისტი - ციაკო ფიფია აღიარებს წიგნის მნიშვნელობას, აუცილებლობას, თუნდაც - ლექსიკური მარაგის შევსების თვალსაზრისით, თუმცა გულახდილად გვიმხელს, რომ ბევრი წიგნი არ წაუკითხავს. ხუმრობს, - მაინტერესებს, ახლა შერჩეული წიგნის კითხვას რამდენ წელიწადში დავასრულებო...

- ბავშვობაში უფრო მეტს ვკითხულობდი, ვიდრე ახლა. საერთოდ, ჩემს ოჯახში კითხვა ძალიან უყვარდათ. წიგნის წასაკითხად დრო იყო გამოყოფილი. დაახლოებით 5 წლამდე, როგორც თითქმის ყველა ბავშვს, შუადღისას მაძინებდნენ. როცა წამოვიზარდე, დღის ძილის დრო კითხვის დროდ გადაიქცა. მახსოვს, ოჯახის წევრები დავსხდებოდით, ყველა თავის წიგნს იღებდა ხელში და ვკითხულობდით. მამას კითხვა ძალიან უყვარს. დედასაც უყვარს, მაგრამ ის კვირაში ერთხელ თუ წაიკითხავდა, რადგან საქმეები ჰქონდა: როცა ყველანი წყნარად ვისხედით და ვკითხულობდით, სახლს ალაგებდა... როცა ხედავ, ოჯახის წევრები წიგნებს როგორ კითხულობენ, თავადაც ინტერესდები. შინ არსებულ ბიბლიოთეკაში პატარა ადგილი მქონდა გამოყოფილი, სადაც ჩემი (საბავშვო) წიგნები ელაგა. თურმე ძილის წინ ეს წიგნები მამასთან მიმქონდა - წამიკითხე-მეთქი... დაახლოებით 7 წლის რომ გავხდი, საყვარელი ზღაპრები (რასაც მშობლები მიკითხავდნენ) უკვე დამოუკიდებლად წავიკითხე... ცოტათი რომ წამოვიზარდე, მახსოვს, ჩემი საყვარელი წიგნები - "პეპი გრძელიწინდა" და "ტომ სოიერის თავგადასავალი" იყო. პეპის პერსონაჟი ისე შემიყვარდა, რომ თურმე, კიკინებს ვიკეთებდი, დედას ვთხოვდი, ჩემთვის სხვადასხვა ფერის წინდა ჩაეცვა (იცინის)...

- ახლა თუ გყავს სამაგალითო ლიტერატურული პერსონაჟი?

- ინტერნეტში, ლიტერატურულ გვერდზე ჩანახატი წავიკითხე, რომლის სათაურიც არ მახსოვს: ძლიერი, ოჯახის მთავარი ქალის შესახებ იყო მოთხრობილი. ისეთი პერსონაჟი არ მყავს, რომელსაც საკუთარ თავს შევადარებდი, მაგრამ ამ პერსონაჟის ცხოვრება ძალიან მომეწონა, ჩემთვის საინტერესო იყო: პრობლემების მიუხედავად, შვილები ისე აღზარდა, ისეთი მაგარი დედა გახლდათ, რომ დამამახსოვრდა და მივხვდი, ქალი ძალიან ძლიერია, მას ბევრი რამ შეუძლია... მოზარდობისას, აბიტურიენტობის პერიოდში, ბევრი სამეცადინო მქონდა. განა არ შემეძლო, რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების თითო გვერდი მაინც წამეკითხა, მაგრამ არ ვკითხულობდი... მერე უკვე მუშაობა დავიწყე. ახლა ისეთ ადგილას ვმუშაობ, რომ წიგნის კითხვა საჭიროა; თუნდაც, სცენარის წერაში ადამიანს წიგნი ძალიან გეხმარება.

GzaPress

- რომელმა ავტორებმა მოახდინეს შენზე ძლიერი გავლენა? - ყველა ქართველ მწერალს, პოეტს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებულად ძლიერი გავლენა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებამ მოახდინა. "კუკარაჩა" დღემდე გამორჩეულად მიყვარს. თეატრში "კუკარაჩა" რამდენჯერმე ვნახე: სანამ ვნახავდი, ვკითხულობდი, სპექტაკლის ნახვის შემდეგ ისევ ვკითხულობდი (იცინის)... კიდევ, ძალიან მომწონს: "მარადისობის კანონი", "მე ვხედავ მზეს"... ყველაზე კარგად ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას ვიცნობ, რადგან მისი ბევრი ნაწარმოები წამიკითხავს.

- სპექტაკლი როგორ მოგეწონა?

- სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა "კუკარაჩას" მიხედვით დადგმული სპექტაკლი პირველად ვნახე (ქეთი დოლიძემ დადგა). ფილმიც ძალიან მომწონს, მაგრამ ზოგადად სპექტაკლები უფრო მიყვარს; თორემ ნინელი ჭანკვეტაძე, ლევან უჩანეიშვილი, ზაზა კოლელიშვილი საოცრად თამაშობდნენ!.. მოგვიანებით, სპექტაკლი - "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ვნახე. ისე მომეწონა, რომ მომინდა, ამ სპექტაკლში მეთამაშა. სკოლაში, აბიტურიენტობის პერიოდში, ერთ-ერთმა რეჟისორმა სპექტაკლში მთავარი როლი მათამაშა. ჩემთვის ეს საოცრება იყო! საერთოდ, მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მაშინ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი ბაბუამ გადამაფიქრებინა (იცინის)...

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოებების შთამბეჭდავი ეკრანიზაციები გინახავს, რაც წიგნადაც წაგიკითხავს?

- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რა თქმა უნდა, რომელმაც ჩემზე მართლა საოცარი ზეგავლენა მოახდინა. საერთოდ, ისედაც ემოციური ვარ. ამ ფილმის ნახვის შემდეგ კი - 3 დღის განმავლობაში მეტირებოდა... წიგნის კითხვის დროსაც ასეთივე ემოციები დამეუფლა... კიდევ, გეილ ფორმანის ნაწარმოების - "თუ დავრჩები" ეკრანიზაცია ძალიან მაგარია: მთავარი გმირი კვდება, მაგრამ თან, არ სურს, დაიჯეროს, რომ ასეა - ორ სამყაროს შორის "გაჭედილია"... წიგნი უფრო მომეწონა, ვიდრე ფილმი - სამწუხაროდ, ეკრანიზაცია ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც მინდოდა და ველოდი, მაგრამ მაინც შთამბეჭდავია.

- პოეზიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანი" დღემდე მახსოვს. მასწავლებელმა მაგ "მერანზე" ლამის დამაკლა (იცინის)... საერთოდ, მოზეპირე ვარ, რაც ძალიან ცუდია - ერთი დღისთვის ვსწავლობდი, გაუაზრებლად. მოკლედ, "მერანი" და "ყივჩაღის პაემანი" ახლაც მახსოვს.

- საკუთარი სურვილით, გააზრებულად, რომელიმე პოეტური ნაწარმოები თუ წაგიკითხავს?

- ვაჟა-ფშაველას შემოქმედება მაინტერესებდა და წავიკითხე. უნდა გენახა, რომ ვკითხულობდი, თითო სტრიქონს როგორ ვარჩევდი... "მერანი" საპროგრამო მასალა იყო. დღემდე ზეპირად ამიტომ ვიცი, თუმცა მის შინაარსს არ ჩავღრმავებივარ.

GzaPress

- წიგნი, რომელსაც შენს ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა... - პაულო კოელიოს "თერთმეტი წუთი", "ეშმაკი და ქალბატონი პრიმი" ძალიან მომეწონა... რომელიმე წიგნმა ოდნავ მაინც შემცვალა-მეთქი, ვერ ვიტყვი. შეიძლება - იმიტომ, რომ ბევრი და ისეთი წიგნი არ წამიკითხავს, რომელსაც ჩემზე გარდამტეხი ზეგავლენა უნდა მოეხდინა, თუმცა, როცა ვკითხულობ, იმ დღეს მაინც, თითქოს წიგნის პერსონაჟის ცხოვრებით ვცხოვრობ... "თერთმეტი წუთის" კითხვისას მთავარი პერსონაჟის მიმართ სულ წინააღმდეგობის შეგრძნება მქონდა, იმდენად არ მომწონდა მისი საქციელი.

- როგორ ფიქრობ, შენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესოა?

- კი. ნატანჯი ქალი არა ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, რომანტიკულ-იუმორისტული ჟანრის კარგი, სახალისო წიგნი გამოვა (იცინის).

- გიფიქრია წიგნის დაწერაზე? ან მაგალითად, ბავშვობაში დღიური თუ გქონია?

- ახლა ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ბავშვობაში საკეტიანი ბლოკნოტი მქონდა, რომელსაც საიდუმლო ადგილას ვინახავდი. მასში ჩემი ყოველი დღის შესახებ ვწერდი, ოღონდ - ძალიან სასაცილოდ: "გავიღვიძე, თვალი გავახილე, ფეხზე წინდა ამოვიცვი..." ყველაფერს ისე დეტალურად აღვწერდი, რომ მერე, როცა ეს ჩანაწერები წავიკითხე, მეცინებოდა... ყველას ვურჩევ დღიურის ქონას. დღიურმა ისეთი რაღაცები გამახსენა, რაც მივიწყებული მქონდა. ნოსტალგია შემომაწვა, ის დრო მომენატრა, ჩემს სხვადასხვა საქციელზე (თუნდაც - სისულელის გამო რომ ვბრაზობდი) გამეცინა... დღესდღეობით, წერაზე არ ვფიქრობ. სიმართლე გითხრა, ამისთვის დროც არ მაქვს. მე რომ ძირითად დროს სახლში ვატარებდე ან სამსახური ხელს მიწყობდეს, შინ საღამოს 6-ზე დავბრუნდე, ცოტა ხანს ბავშვს ვეთამაშო, შემდეგ დავაძინო და მერე წიგნი წავიკითხო ან ჩანახატები გავაკეთო, ძალიან კარგი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, დღიურის წერას აუცილებლად გავაგრძელებდი, მაგრამ ახლა ოტია იოსელიანის წიგნი - "ქალი გამოვიდა საღალატოდ" - წასაკითხად მოვიტანე და მაინტერესებს, კითხვას რამდენ წელიწადში დავასრულებ (იცინის). შინ დაღლილი რომ ვბრუნდები, კითხვას ვიწყებ, მაგრამ მეძინება... მერე მავიწყდება, რა წავიკითხე და დრო ასე გადის. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ყველას ვუთხრა, ბავშვობიდანვე ბევრი იკითხონ. შეიძლება, ადამიანების ცხოვრება მერე ისე წარიმართოს, ისეთ ადგილას მუშაობამ მოუწიოთ, რომ თუნდაც 2 გვერდის წაკითხვაც ვერ შეძლონ. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თვეში ერთხელ მაინც ახალი წიგნი უნდა წავიკითხო, რადგან მჭირდება: როცა მსახიობი ხარ და მით უმეტეს, გინდა, სცენარიც წერო, წიგნი გეხმარება, გონებაში ბევრი რამ გიტივტივდება... იმის გამო, რომ თუნდაც ბევრ წიგნს არ ვკითხულობ, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რაღაცას ვლაპარაკობდი და შესაბამისი სიტყვა დამვიწყნია - სიტყვათა მარაგსაც ხომ წიგნებიდან ვიღებთ?..

ეთო ყორღანაშვილი