"ამ დღეს ყველანი ვიტყვით: ეს რა იყო, რა გადავიტანეთ?!" - გზაპრესი

"ამ დღეს ყველანი ვიტყვით: ეს რა იყო, რა გადავიტანეთ?!"

ნატუკა გულისაშვილს თვითიზოლაცია და კარანტინი არ შეხებია, პირდაპირ "დარჩი სახლში" შეზღუდვას ემორჩილება ოჯახის წევრებთან - ქალიშვილთან და დედასთან ერთად. შინ აქვს ცხოველთა და მცენარეთა პატარა სამყარო, რომელსაც დიდი სიყვარულით უვლის. ენერგიულმა და აქტიურმა ნატუკამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო თავისი პროექტი, რომელსაც დაარქვა "დარჩისახლშიგემრიელად".

- ყველა ვწუწუნებდით, რომ დრო არ გვაქვს სახლისთვის, ოჯახისთვის. ახლა მოგვეცა ამის შესაძლებლობა... თავიდან მომწონდა შინ ყოფნა, მეგონა, ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა. აქტიური ადამიანი ვარ, თან, უმუშევარი დავრჩი და დავიწყე კულინარიული ვიდეოების გადაღება, რომელიც არის კონტაქტი ჩემს მეგობრებთან, უცნობებთან, იმათთან, ვინც არ იცის, რა უნდა გააკეთოს. ის ყოველდღიური კერძების რეცეპტები, რომლებსაც ვიყენებდი და ჩემი ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, გადავწყვიტე, სხვებისთვისაც შემეთავაზებინა. მარტივი ინგრედიენტებისგან სხვადასხვა კერძს, ზოგჯერ სასუსნავო და სახალისო რაღაცას ვამზადებ. ვიღაცამ მთხოვა, ჰამბურგერი გააკეთეო, ზოგი მსაყვედურობს - დაბალკალორიული კერძი ან სალათები სჯობსო, წინასააღდგომოდ ვიღაცას ხაჭოს პასკა აინტერესებდა... ბევრი მწერს და ეს სტიმულს მაძლევს, რომ კულინარიული ვიდეოების გადაღება გავაგრძელო. ამას იცით, რა ჰქვია? ჩემთვის გავიჩინე პატარა "სამსახური" და ვერთობი.

- კიდევ რითი ერთობით?

- გადავწყვიტე, ბინაში გადაადგილებები დამეწყო და ძველი ნივთები გამეცოცხლებინა. ეს ერთხელ გავაკეთე, მაგრამ კიდევ ვაპირებ, რადგან კარანტინი გრძელდება. ჩემი ძაღლი აცრებზე წავიყვანე და იქიდან გავაკეთე პატარა მიმართვა თემაზე - ვითომ ძაღლებისგან რომ შეიძლება კორონავირუსი შეხვდეს ადამიანს. ფაქტებზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვსაუბრობ და ვიდეოს "ფეისბუკზე" ვდებ. საერთოდ, კანონმორჩილი ვარ. მშიშარა კი არა, უბრალოდ, ფრთხილი გახლავართ. პატივს ვცემ როგორც ოჯახის წევრებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი ჩვენს სამსახურში არიან. ერთადერთი იმას გვთხოვენ, შინ დარჩითო და მოდი რა, ეს შევასრულოთ! როდემდეც საჭირო იქნება, მანამდე დავრჩები სახლში.

GzaPress

- სოციალური დისტანცია თუ არის დაცული იმ ადგილებში, სადაც თქვენ დადიხართ? - ქართველები ხომ ცოტა ასეთები ვართ - "მე არაფრის მეშინია", "მე მაგარი ვარ"... არ გვიყვარს წესების დაცვა. თუმცა, ახლა სოციალურ დისტანციას უფრო იცავენ. ადრე, მანქანის ღვედებზე რომ შემოვიდა კანონი, ძალიან ბევრი არ იკეთებდა. ეზოში ჩასვლის დროს ნიღბის გარეშე მივდივარ, მაგრამ მაღაზიაში შესვლისას აუცილებლად ვიკეთებ და დისტანციასაც ვიცავ. არ არის სასიამოვნო, როცა ზურგს უკან, კისერთან ვიღაცის სუნთქვა გესმის, განსაკუთრებით - ზაფხულში.

- ხელსაქმე გეხერხებათ და პირბადე ხომ არ შეკერეთ?

- არა. ყველაფერი მეხერხება, მათ შორის რემონტიც, მაგრამ ორი რამ - კერვა და ქსოვა ვერაფრით ვისწავლე. ძალიან მინდა ვიცოდე, მაგრამ არ გამომდის. დედაჩემი კერავს კარგად. მან შეგვიკერა ფერადი და ლამაზი პირბადეები.

- მეგობრებთან და ახლობლებთან ხშირად საუბრობთ ინტერნეტის საშუალებით?

- ვიდეოჩართვა გვაქვს ხშირად, დილით რამდენიმე მეგობარი ერთად ვსვამთ ყავას, საღამოს სხვებთან ერთად ვსვამ და ამ წესს შუადღესაც ვასრულებ. აი, ასე მაქვს გადანაწილებული და ჩართვებით ვავსებთ ერთმანეთთან ურთიერთობის მონატრებას. მესიჯობა არ მიყვარს. მომწონს, როცა ადამიანს ვუყურებ და მისი ხმა მესმის. მესიჯში ის ემოცია არ ჩანს, რასაც იმწუთას ვგრძნობ.

- თქვენი ერთი დღე აღგვიწერეთ, წინასწარ გეგმავთ რამეს?

- ზოგჯერ ვგეგმავ და არსად რომ არ ვჩქარობ, ცოტა უჩვეულოა. მიხარია, რომ შვილი გვერდით მყავს, ის ონლაინ მუშაობს და თავისი გეგმები აქვს. ჩემი დღე ადრე ადგომით იწყება. აბაზანის მიღების შემდეგ აუცილებლად ვისხამ ყავას და ვსვამ ე.წ. დილის მეგობრებთან ერთად (იცინის), თან ინფორმაციას ვუსმენ. მერე ტელევიზორს ვთიშავ და ვრთავ მუსიკას, რომელიც ზოგჯერ მთელი დღე ჩართულია. მერე მოდის სახლის დალაგების დრო, რაც იმ დღისთვის დავგეგმე. ძაღლი მიმყავს სასეირნოდ სახლთან ახლოს. ბოლო დროს რომ გვითხრეს, ჰაერზე გასვლა კარგიაო, მივდივარ ფეხით (მრგვალ ბაღთან ვცხოვრობ) ვაკის პარკამდე. მოდის სადილის დრო... ვახშმისთვის რამეს მოვამზადებ, ისევ ძაღლს გავასეირნებ და ასე გადის დღე. არის მომენტი, როცა ღამე ფილმს ჩავუჯდები. მაშინ ძილის რეჟიმი - ადრე დაიძინე, ადრე გაიღვიძე, რაც მე მიყვარს, - არეულია, მაგრამ არა უშავს.

- თუ მღერით ან უკრავთ პიანინოზე?

- სიმართლე გითხრათ, ინსტრუმენტთან არ მივსულვარ. როცა რადიოში ჩემთვის საყვარელი მუსიკა ისმის, მაშინ ვმღერი, უფრო სწორად, ვღიღინებ. მაქსიმალურად ვცდილობ, თვითონ შევიქმნა კარგი განწყობა და ყველამ ასე უნდა გააკეთოს. ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და არ დავგეგმოთ წინასწარ - ამა და ამ რიცხვში ამას გავაკეთებო. ახლა ისეთი არაჩვეულებრივი ჰაერია, სასწაულია... დედამიწამ გვთხოვა, დამასვენეთო. ჰოდა, პატივი ვცეთ ბუნებას. ცოტა ხანს გავიჭირვოთ, ცუდს ყოველთვის კარგი მოჰყვება. სიჯიუტე და დაუმორჩილებლობა არ გვარგებს.

- სად იშოვეთ ბამბის თესლები? მისი ჩარგვის პროცესი ბევრმა ნახა.

- ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მცენარეები და ცხოველები იმდენად მიყვარს, შეიძლება ადამიანებზე წინ დავაყენო, - მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის... ძალიან მინდოდა ბამბის ტოტი, რომელიც საქართველოში ორგან ვნახე, მაგრამ მისი ფასი დაახლოებით სახლის ტოლფასი იყო. ვიცნობ არაჩვეულებრივ ადამიანებს - მამა ნეოფიტეს (ჩემი სულიერი მამაა) და მორჩილ გაბრიელს, რომლებიც ვახტანგისში ცხოვრობენ, სადაც არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი. ეს ადგილი აზერბაიჯანის საზღვართანაა. მართალია, ცოტა შორია, მაგრამ იქ ხშირად ჩავდივარ და ერთხელ, სასხვათაშორისოდ, ბამბის თესლი ვახსენე. ერთ მშვენიერ დღეს ისინი ჩამოვიდნენ და ჩამომიტანეს. თურმე ვახტანგისში მცხოვრებ სვანების ოჯახს მოჰყავდა ბამბა. ვისაც მცენარეები უყვარს, ყველა გაკვირვებული მეკითხება, სად იშოვეო? ახლა, სულ პაწაწუნა ღერო გამოჩნდა და ველოდები, რას იზამს. ასე რომ, კარანტინის დროსაც ბევრი საინტერესო რამ ხდება.

GzaPress

- თქვენი რადიო თუ ტელეგადაცემების მონაწილე სტუმრებიდან, რომელიმე გაიხსენეთ. - ერთ-ერთ გადაცემაში მიხეილ ცაგარელი მოვიწვიე. კერძის მომზადების შემდეგ ყველა ელოდა, რომ ჰოროსკოპზე დაიწყებდა საუბარს, მაგრამ უეცრად თქვა: იმდენად მომენატრა პიკნიკი (გადაცემა სწორედ ბუნებაში იწერებოდა), რომ გიტარა მინდაო. ავიღე ჩემი მანქანიდან გიტარა, მივეცი და ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ ცაგარელმა პირველად ქართულ ტელესივრცეში, ჩემს გადაცემაში იმღერა და გაიხსენა ახალგაზრდობის ამბები. ეს სასიამოვნო ეპიზოდია.

- "მასტერშეფის" მესამე სეზონში აპირებთ მონაწილეობას. შესარჩევი ეტაპი გაიარეთ?

- საკონკურსო ეტაპი ჯერ არ გამივლია. შარშან შემომთავაზეს მონაწილეობა, მაგრამ ვერ ვბედავდი. მოყვარული კულინარი ვარ. წელს რატომღაც დავთანხმდი და ძალიან ვნერვიულობ. არასოდეს ვყოფილვარ რაიმე კონკურსზე. ეს კიდევ ერთი გამოცდილება იქნება ჩემთვის. ცოტა ხნით კორონამ გაგვაჩერა. როგორც ვიცი, მაისიდან დაიწყება პროექტი.

- დაბოლოს, რას გვეტყვით?

- იმედიანად ვარ, ცხოვრებაში აღარაფრის მეშინია, რადგან ვიცი, როგორი შესანიშნავი ექიმები გვყავს და როგორ გვიდგას ყველა მხარში. ექიმებით დაწყებული, მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენთვის შრომობს და თავის საქმეს აკეთებს, იქნება ეს პოლიციელი, სამხედრო, ჟურნალისტი თუ სხვა. ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება. მე ვწინასწარმეტყველებ, რომ 12 ივნისს - რატომ ეს რიცხვი, არ ვიცი, - მაგრამ ამ დღეს ყველანი ვიტყვით: ეს რა იყო, რა გადავიტანეთ?! და დავლევთ ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოს (იცინის).

ნანული ზოტიკიშვილი