"სიყვარულის გამო ცრემლების ღვრა არ შემიძლია" - გზაპრესი

"სიყვარულის გამო ცრემლების ღვრა არ შემიძლია"

მსახიობი თაკო აბაშიძე კარანტინში შვილთან, ბარბარესთან ერთადაა და ზედმიწევნით იცავს რეკომენდაციებს. თანაუგრძნობს დაინფიცირებულებს, ექიმებს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ, ვინც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა, თუმცა სჯერა, რომ ეს არ არის სამყაროს დასასრული...

- "აღზრდა არსებობის დასაწყისიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება" (პლატონი).

- დაბადებიდანვე იწყება პიროვნებად ჩამოყალიბება. აღზრდის რა მოდელსაც შესთავაზებ ბავშვს, იმის მიხედვით ჩამოყალიბდება. ხდება ისეც, რომ ბავშვს დამრიგებელი არ ჰყავს და ბუნება განსაზღვრავს მის ხასიათსა და თვისებებს - მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამსო, ხომ იცით. აღზრდას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

- "დედობა - შესანიშნავი და ჯადოსნურია, მაგრამ ძალიან დამღლელი" (სკარლეტ იოჰანსონი).

- ძალიან დამთმობი და თბილი ვარ შვილთან ურთიერთობაში, ბევრი სიყვარული - ეს ყველაფერზე მთავარია. არ მინდა, ბავშვს ჩემი ეშინოდეს და დაკომპლექსდეს. ვცდილობ, მივცე არჩევანის საშუალება, რათა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, მოაზროვნე ადამიანად. ბარბარე თბილი, მოსიყვარულე, აქტიური გოგოა, სწრაფად აზროვნებს, უყვარს ხელოვნება - ცეკვა, სიმღერა... საკმაოდ ემოციურია და ამიტომ ვცდილობ, ფრთხილად მივაწოდო ნებისმიერი ინფორმაცია.

- "ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გადის" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე).

- როგორ შეიძლება, ახალგაზრდობა ნაკლი იყოს? ახალგაზრდობა ყოველთვის სიცოცხლესთან ასოცირდება, სიცოცხლე კი ძვირფასი და მშვენიერია. ვერაფრით დავეთანხმები გოეთეს.

- "ბედნიერება ძალიან ძველი ოცნების დაგვიანებული ასრულებაა. სწორედ ამიტომაც გვახარებს ასე ნაკლებად სიმდიდრე" (ფროიდი).

- თუ ეს ძველი ოცნება ვინმესთვის სიმდიდრის მოპოვებაა, მაშინ არ მესმის მისი ბედნიერების. პირადად მე, ვერ ვიქნები ბედნიერი, თუ ჩემი შვილი არ იქნება კარგად. ჩემთვის ასეა და სხვისთვის არ ვიცი. ვერ გაიგებ, ბედნიერებას ვინ რაში პოულობს...

- "კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება" (მარკ ტვენი).

- იდეალური ცხოვრებისთვის სინდისი აუცილებელი პირობაა, ჩემთვის კი იდეალურად მაშინ არის ყველაფერი, როცა საყვარელი ადამიანები თავს კარგად გრძნობენ და თუ ისინი ბედნიერები არიან, მეც კარგად ვარ. ჩემთვის პრიორიტეტულია ჯერ ის, ვინც მე მიყვარს და მერე ისინი, ვისაც ვუყვარვარ. საერთოდ, კომფორტს მიქმნის ადამიანების გახარება.

GzaPress - "როცა ცოლი მეუბნება, რომ მზად იქნება 5 წუთში, ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს დრო, გავფრინდე მთვარეზე, დავწერო პოემა და დავბრუნდე" (მიკა ვანეტა). - ხშირ შემთხვევაში, მართლაც ასეთები ვართ ქალები. აქტიური ცხოვრების რეჟიმი მაქვს, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და დროის უქონლობაა ჩემი პრობლემა. სულ რომ ვაგვიანებდე, აქამდე ყველა სამსახურს დავკარგავდი. მასე მოქცევა მხოლოდ მამაკაცთან შეიძლება, ისიც ზომიერად, თორემ მზადებას რომ მორჩები და ქუჩაში გახვალ, შეიძლება, იქ აღარავინ დაგხვდეს.

- "ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის – ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა" (მარკ ტვენი).

- ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ტვინიც ორგანიზმის ნაწილია. თუ ტვინში შიმშილი დაიწყება, აუცილებლად დააზიანებს სხვა ორგანოებს. ამიტომაც, დიეტებისა და ყველანაირი შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ სასარგებლო საკვებს მივიღებთ. ბოლო პერიოდში ერთგვარ მოდად იქცა - ვიღაცები ამბობენ, მე მარტო "მწვანეს" ვჭამ, მე - მარტო "წითელს"... იცით რა, მე ვჭამ ყველაფერს, რაც გემრიელია და ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავს.

- "დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო" (დალაი ლამა).

- გააჩნია, რა უნდა განკურნოს დრომ. ხშირ შემთხვევაში, დრო გავიწყებს რაღაცებს ან აუფერულებს, თუმცა იარები მაინც გრჩება...

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზად ხარ საფრთხეს მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).

- არ ვფიქრობ, რომ ზურგში დანას მაინცდამაინც ის ადამიანი ჩამცემს, ვისთვისაც თავის გაწირვაც კი შემიძლია. შეიძლება, ნებისმიერი მოგექცეს ასე. ზურგში დანას არ ველოდები იმ ადამიანებისგან, ვისაც ვენდობი და მიყვარს. თუ მაინც ასე მოხდება, რა თქმა უნდა, შეიცვლება ჩემი დამოკიდებულება. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც სერიოზულ შეცდომებს პატიობს ვინმეს - გულიდან ამორეცხვა შემიძლია.

- "ორი რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში" (კანტი).

- მე ყოველდღიურად მაოცებენ ადამიანები, კარგი და ცუდი გაგებით - დამოკიდებულებებით, ქმედებებითა და შესაძლებლობებით.

- "ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ წუთებში" (ცვაიგი).

- არ ვეთანხმები. ზოგი სწორედ გადამწყვეტ წუთებში იკავებს თავს და არ ამჟღავნებს რეალურ სახეს. ყოველდღიურობაში უფრო მეტის დანახვა შეიძლება, ვიდრე გადამწყვეტ მომენტებში. ადამიანები უნდა დავინახოთ დეტალებში და არა კონკრეტულ ვითარებაში. შეიძლება, შეცდომა ყველამ დავუშვათ, მაგრამ მერე მაინც უნდა მიხვდე, ეს რატომ მოგივიდა.

- "ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერც ერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი, უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს მიაღწევდეს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერია და სწორედ მაშინ ხელმეორედ ამოტივტივდება ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხურები; იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც" (ოთარ ჭილაძე).

- ამბობენ, სიბერეში ბავშვობის ასაკს უბრუნდებიო. ჯერ არ დავბერებულვარ და არ ვიცი, რა როგორ იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცი - მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს იყურება უკან, არ მიყვარს წარსულით ცხოვრება. ამბობენ, ვინც წარსულით ცხოვრობს, მას მომავალი არ აქვსო. არ არსებობს ცუდსა და უსიამოვნოს რამე სიკეთე არ მოჰყვეს; სჯობს, გამოცდილება მიიღო და გააგრძელო ცხოვრება.

- "ქალები არიან პრობლემების დიდი ნაკრები, რომელიც ყველას გვიყვარს" (ჰემინგუეი).

- ქალები უფრო მეტად მგრძნობიარენი ვართ, უფრო მეტად გვაქვს განვითარებული ინტუიცია, უფრო მეტად ჭორიკანებიც ვართ, თუმცა არც მამაკაცები გვიდებენ ტოლს. ზოგჯერ ქალებს გვიყვარს დეტალების გარკვევა და ბოლომდე ჩაძიება, ალბათ ამიტომაც გვიწოდა ჰემინგუეიმ პრობლემების ნაკრები...

- "ქვრივად დარჩენა სჯობია ზარმაცი კაცის ყოლასა" (ადიღეური აფორიზმი).

- ათასი პროცენტით ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ზარმაცი კაცის ატანა შეუძლებელია, პრინციპში - ქალისაც.

- "სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება საქმეები" (ერიხ მარია რემარკი).

- ლამაზი სიტყვები ლექსებშიც შემიძლია ამოვიკითხო, რომანებზე აღარაფერს ვამბობ. სამყაროში, სადაც შექსპირი არსებობს, სიყვარულზე ლამაზად ლაპარაკი კი არა, მოქმედება გვჭირდება. ჯერ ისეთი რამ არავის გაუკეთებია, რომ ამაზე ვილაპარაკო; გააკეთონ და მოვყვები (იცინის).

- "ჩვენ, ქალებს სილამაზე იმისათვის გვჭირდება, რომ მამაკაცებმა შეგვიყვარონ, სულელი გონება კი იმისათვის, რომ მამაკაცები შევიყვაროთ" (კოკო შანელი).

- ასეთი ცუდი წარმოდგენის არ ვარ მამაკაცებზე (იცინის). არც ისეთი სულელები ვართ, როგორც კოკო შანელს ეგონა. მგონი, უფრო მოხერხებულები გახლავართ და ვცდილობთ, თავი სულელებად მოვაჩვენოთ; გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე მამაკაცებს თავს ვაჩვენებთ.

- "შეგიძლიათ ჰკითხოთ ქალს, თუ რატომ ტირის, მაგრამ არასოდეს ჰკითხოთ თუ რა ატირებდა, რადგან ის უკვე აღარ ახსოვს" (ალექსანდრე დიუმა).

- მოხუცებზე, ბავშვებზე, ცხოველებზე საცრემლე ჯირკვალი მოშლილი მაქვს და უმცირესი რამეც კი მაღელვებს, მაგრამ სიყვარულის გამო ცრემლების ღვრა არ შემიძლია. თუ ბევრი უნდა ვიტირო და 24 საათი ნერვები მქონდეს მოშლილი, რაში მჭირდება ასეთი სიყვარული?

- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).

- არ მგონია, სიმართლე იყოს. მე მხიარულ ადამიანად მთვლიან და ვერ ვიტყვი, რომ სინამდვილეში ყველაზე სევდიანი ვარ. არ მიყვარს საკუთარ ტკივილებზე საუბარი. დეპრესიული არ ვარ. მირჩევნია, კარგზე ვიფიქრო და ყველაფერი ნათელ ფერებში დავინახო, ოპტიმიზმი ბევრ რამეში მეხმარება.

- "მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ – რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს" (მარკ ტვენი).

- ვერც ერთს ვინანებ და ვერც მეორეს - ბევრსაც ვმოგზაურობ და სიყვარულსაც გავცემ. ასე რომ, მაგ მხრივ ნამდვილად არ მაქვს საქმე სანერვიულოდ.

ნინო ჯავახიშვილი