რატომ "ემუქრება" სალომე გოგიაშვილი ძიძას ინტერნეტის და ტელევიზიის "გადაჭრით"? - გზაპრესი

რატომ "ემუქრება" სალომე გოგიაშვილი ძიძას ინტერნეტის და ტელევიზიის "გადაჭრით"?

37 წლის სალომე გოგიაშვილი პროფესიით ჟურნალისტი გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, ტელეწამყვანად აღარ მუშაობს, ტელეეკრანზე თუ პრესის ფურცლებზე ხშირად ჩნდება. როგორც თავად ამბობს, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი მისი გულწრფელობითაა გამოწვეული - პირადი ცხოვრების შესახებ ღიად საუბრობს, არასდროს არაფერს იგონებს... ამჟამად, აქტიური "ტიკტოკერია"...

- სალომე, საკუთარი თავი რამდენიმე სიტყვით დაახასიათე...

- კარგი დედა, კარგი მეგობარი და მოსიყვარულე ადამიანი.

- შენი აზრით, მსოფლიოში დღეს შექმნილ სიტუაციას რაიმე დადებითი მხარე აქვს?

- ის, რომ საკუთარ თავში ყველამ რაღაც ახალი აღმოვაჩინეთ: თურმე, ზოგი კერძებს კარგად ამზადებს, ზოგი - კარგი დედაა, ზოგი საერთოდ, იმას ამბობს, რომ ოჯახის წევრი ხელახლა გაიცნო... ვფიქრობ, დღეს არსებულმა ვითარებამ რაღაცები დაგვაფასებინა და გადაგვახარისხებინა, ბევრი ადამიანი "სხვა თვალით", ხელახლა დავინახე... ყველაზე მეტად მეგობრები მომენატრა...

- შენს ბიოგრაფიაში არის დეტალი, რომელსაც ისურვებდი, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს?

- კონკრეტული დეტალი - არა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, ცნობილი რომ არ ვყოფილიყავი, უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. საერთოდ, ცხოვრებაში ასეთი პრინციპი მაქვს: რაც უკვე იყო, იმას არასდროს ვნანობ. როცა საზოგადოების ნაწილისგან ჩემ მიმართ აგრესია მოდის, თავში გამიელვებს, რომ ჩვეულებრივი, საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანის ცხოვრება ბევრად კომფორტულია, ვიდრე ცნობილის, მაგრამ უცბად ვხვდები, რამდენ ადამიანს ვუყვარვარ. ეს სიყვარული აგრესიას გადაწონის ხოლმე. ამიტომ მაინც ჩემს პრინციპს "მივაწვები" და ყოველთვის ვიტყვი: რაც იყო, არ უნდა ინანო.

GzaPress

- როგორ ფიქრობ, საზოგადოების ნაწილის აგრესიას რატომ იწვევ? - დაუმსახურებლად შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არც აგრესია გამომიხატავს. ჩემს ემოციებს მიზეზი ყოველთვის აქვს. შესაბამისად, ჩემთვის უცნობი ადამიანი თუ ჩემ მიმართ ან ცუდ კომენტარს დაწერს, ან უარყოფით ემოციას სხვაგვარად გამოხატავს, სოციალურ ქსელში მის გვერდზე შევდივარ და ვნახულობ, ვინ არის, რას წარმოადგენს... გარეგნობის, მისი სოციუმის საფუძველზე, ადამიანის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. როცა ვხედავ, "სად არის" ადამიანი, ვხვდები, ჩემ მიმართ აგრესია რატომ უჩნდება. მისი უარყოფითი ემოციები ბოღმისა და შურის ბრალია, რადგან შეიძლება ვიღაც მასზე უკეთ ცხოვრობს, მოწესრიგებული პირადი ცხოვრება აქვს, მეგობარი ჰყავს...

- სოციალურ ქსელში რომელი ცნობილი ადამიანების სიახლეებს ადევნებ თვალს?

- ქართველი ცნობილი ადამიანების უმეტესობა ჩემი მეგობარია და მათ თვალს ვადევნებ. ძირითადად, "ინსტაგრამზე" ვარ, სადაც ბიონსეს, ჯენიფერ ლოპესის და ბევრი ცნობილი ადამიანის გვერდი მაქვს გამოწერილი. ყველა კარანტინშია და ცდილობს, სამეგობრო გაახალისოს.

- რომელიმე მათგანი შენთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა?

- ძალიან მინდა, მაგრამ ბიონსეს და ჯენიფერ ლოპესის მსგავსად ვერ ვმღერი (იცინის). დევიდ ფოსტერი ფანტასტიკური კომპოზიტორი გახლავთ, რომელიც სახლის პირობებში, არაჩვეულებრივ კონცერტებს მართავს. მაგალითად, მე და აჩი ფურცელაძემ "ინსტაგრამზე" "ლაივი" ჩავრთეთ: ვითომ კონცერტის წამყვანი ვიყავი, აჩი კი - მღეროდა. ფანტასტიკური კონცერტი გამოგვივიდა! სხვადასხვა ქვეყნიდან სიყვარულით გვწერდნენ, რომ გავამხიარულეთ.

- ამ ეტაპზე, შენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევ?

- ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ 4 შვილი მყავს. ამას პირფერობის გარეშე ვამბობ. პირობითად, დღეს თუ სასაცილო ვიდეო ჩავწერე ან რომელიმე გადაცემაში გამოვჩნდი, ეს დროებითია, - შეიძლება, ხვალ არავის ვახსოვდე. ჩემთვის ეს ფუნქცია, მოვალეობაა, რადგან ჟურნალისტობა ავირჩიე და ამ სფეროში ვტრიალებ.

- ბოლო მოვლენა, რომელმაც გაგაბრაზა...

- ბევრი ადამიანი პოლიტიკურ ჭრილში განმიხილავს - აუ, ეს "ქოციაო"... საერთოდ მადლიერება ყველაზე დიდი უნარია: როცა ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, ხალხს ეხმარებიან, მადლობას ვუხდი, საზოგადოების ნაწილისგან აგრესია "მოდის", - კი, მაგრამ აქედან მე არაფერი მერგოო! ხალხს რატომ აქვს პრეტენზია, რომ ვინმე ფულს ჯიბეში ჩაუდებს? ეს ხომ არსად ხდება! აღშფოთებული ვარ, როცა ადამიანები შინ სხედან, ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ, კარგი მშობლებიც ვერ არიან (შეუძლებელია, ასეთი აგრესიული ადამიანების შვილები ნორმალურ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ) და სალანძღავ კომენტარებს წერენ იმათ შესახებ, ვინც ყველანაირად ცდილობს, დღეს არსებული სიტუაცია ცოტათი მაინც გაამხიარულოს... გული მტკივა, რომ დღევანდელმა სიტუაციამ საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ გააკეთილშობილა. საერთოდ, გაჭირვების დროს ქართველებს ერთმანეთის მხარში დგომა გვჩვევია, მაგრამ სოციალურმა ქსელმა გვიჩვენა, რომ გაბოროტებული ფენა მაინც არსებობს, რომლისთვისაც მნიშვნელობა არა აქვს, დაეხმარები თუ არა, შეაქებ თუ არა, - მაინც ღვარძლიანები არიან და სხვისი ცუდად ყოფნა აბედნიერებთ...

GzaPress

- "ტიკტოკერობის" გარდა, თვითიზოლაციაში რითი ერთობი? - ჩემი "ტიკტოკერობა" ექსპრომტად დაიწყო, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ცოტათი აგრესია წამოვიდა - თურმე ეს "მათი ხელშეუხებელი ზონა" ყოფილა, მე კი უცბად შევიჭერი (იცინის)... "ტიკტოკზეც" ბევრი ნიჭიერი ადამიანია. მათ მიმართ ჩემს დამოკიდებულებას არ ვმალავ, ვიდეოებს "ვალაიქებ", კომენტარებს ვუწერ... გარდა ამისა, კარგ ფილმებს ვუყურებ, რაღაცებს ვკითხულობ, ახალს ვეცნობი... ძირითადად, ჩემს მეგობრებს სოციალური ქსელით ვეკონტაქტები. მათ რომ ვხედავ, ჩემთვის ეს დიდი პლუსია, რადგან თუ მხოლოდ ხმა მესმის, უფრო მენატრებიან. ამიტომ რამდენიმე გოგო ერთად დავსხდებით (ონლაინ): ვჭამთ, ვსვამთ... ასე ვერთობით.

- ძიძების შესახებ რას გვეტყვი?

- ძიძები ჩემთვის ოჯახის წევრები არიან. უმცროს შვილს ჰგონია, რომ ძიძა მისი ბებიაა და "ბებოს" ეძახის, რადგან ბავშვის დაბადებიდანვე ჩვენთან ცხოვრობს. ჰოდა, "ბებო" ბავშვს ხომ არ დატოვებდა და წავიდოდა (იცინის)?! მეორე ძიძაც ჩვენთანაა. აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი მზარეულია. ახალ-ახალი კერძებით გვანებივრებს. სულ ვეხუმრები, კორონა რომ "გადაივლის", ინტერნეტს და ტელევიზიას "გადავჭრი", რომ ეს ამბავი ვერ გაიგო და ჩვენთან დარჩე-მეთქი (იცინის).

- თვითიზოლაციაში მაკიაჟს ყოველდღე იკეთებ?

- არა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ სახის კანს ხანგრძლივი დროით ვასვენებ, თუმცა, სატელევიზიო თუ ინტერნეტჩართვებისთვის მაკიაჟით თავს მაინც ვინებივრებ, რომ ხალხისთვის ჩემი დანახვა უფრო ესთეტიკური იყოს.

- პლასტიკური ქირურგიით ან ინიექციური მეთოდით საკუთარ გარეგნობაში რა გაქვს შეცვლილი?

- არასოდეს დამიმალავს, რომ ცხვირი "გავიკეთე"... შუბლზე ბოტოქსის ინიექციას ვიკეთებ, რადგან მიმიკური ნაოჭები მაქვს, რაც ეკრანზე უშნოდ ჩანს. სხვა არაფერი გამიკეთებია.

- საკვები, რომლის ჭამის ცდუნებას დიეტის დროსაც ვერ უძლებ...

- თუ დიეტაზე ვარ, გამორიცხულია, ზედმეტი ვჭამო. ასეთ დროს, საკუთარ თავს ვეჯიუტები. ისე, როცა დიეტას არ ვიცავ, სულ შოკოლადის ჭამა მინდა (იცინის).

- დილით ახალგაღვიძებულს წამიერად მაინც თუ დაგვიწყებია, დღეს მსოფლიოში როგორი სიტუაციაა?

- არა, ჯერჯერობით ასე არ მომხდარა, მაგრამ არსებულ სიტუაციას ძალიან ტრავმულად არ აღვიქვამ. შეიძლება, მიზეზი ის არის, რომ ოჯახში ბევრნი ვართ. ყოველ შემთხვევაში, ლაღად ვიღვიძებ, რადგან შვილები, ქმარი, დედა მყვანან... ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. უბრალოდ, ვიცი, რომ დროებით მეგობრებს ვერ ვნახავ...

- საკუთარი გვარ-სახელი ბოლოს როდის "დაგუგლე"?

- არ მოვიტყუები, "დამიგუგლავს", რადგან დიეტასთან დაკავშირებით სულ მეკითხებიან - სად ვნახო თქვენი დიეტა? ვერ ვპოულობთ, ინტერნეტში არ არისო. "გუგლში" ჩემი გვარ-სახელი ჩამიწერია - როგორ ვერ პოულობენ-მეთქი?! ბოლოს ასე ალბათ რამდენიმე თვის წინ მოვიქეცი.

- ბოლო უცნაური, მისტიკური ამბავი, რაც თავს გადაგხდენია და საზოგადოებამ ჯერ არ იცის, რა იყო?

- ამ თემაზე ბევრს ხუმრობენ. ამას ვემხრობი: სადაც იუმორია, მეც იქ ვარ - მომწონს... მთავარი არ იციან, რომ რეალურად, მართლა რაღაცებს ვხედავ, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებისთვის არ არის განკუთვნილი; იმ ადამიანებისთვისაა, ვისთვისაც ჩემი წინათგრძნობის შესახებ არაერთხელ მითქვამს, ახდენიათ და ჩემი სჯერათ...

ეთო ყორღანაშვილი