ეკო ფანგანის მხიარული კარანტინი - გზაპრესი

ეკო ფანგანის მხიარული კარანტინი

ცხოვრება კარანტინში და ახალი რეალობა - როგორ შეეგუა ეკო ფანგანი შეცვლილ ყოველდღიურობას და როგორ ატარებს დროს შინ, მარტო და აგარაკზე - ოჯახის წევრებთან ერთად, ამაზე ტელეწამყვანი გულახდილად გვესაუბრა.

დაპაუზებული სამსახურები და კარანტინი აგარაკზე

- მგონია, ახალ რეალობას შედარებით მარტივად შევეგუე, რადგან საფრთხე კარგად გავაცნობიერე. ცოტა მეც მომბეზრდა, ვიღლები, მაგრამ სხვა გზა არ არის. თვითიზოლაციაში დაახლოებით 11 მარტიდან ვარ და ახლა უკვე, სამსახურშიც დისტანციურად ვმუშაობ, ჩვენი სფეროების მიხედვით ვწერთ ვიდეოებს და ვუგზავნით. საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, პროექტებშიც ვარ ჩართული და რთულია, რომ ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი გაჩერებულია.

თბილისში მარტო ვცხოვრობ და რაღაც პერიოდი ასე გავატარე. აგარაკი გვაქვს, სადაც ზაფხულობით მთელი ოჯახი ვიკრიბებით. გადავწყვიტეთ, ახლაც წამოვსულიყავით და აღდგომამდე, მათ მეც შემოვუერთდი. კარგი ეზო გვაქვს, ხან ბავშვებს ვამეცადინებ, ხან ვართობ, ტყუპიც გვყავს, თოთოები და ყველა ერთად უფრო მხიარულად ვართ. სახლის უკან უღრანი ტყეა, მთა და იქ მივდივართ 2-3 საათით.

თბილისში აივანზე ვიჯექი, როცა კარგი ამინდი იყო და ძალიან მიკვირდა, ეს ხალხი ამდენს სად დადიოდა? ერთმანეთთან სიარული და სეირნობა არ შეიძლება, ყველაფერი დაკეტილია და ესენი სად დადიან ამდენს? ყველას რომ გაეთვალისწინებინა რჩევები და ორი კვირა ნამდვილ კარანტინში ვყოფილიყავით, გარეთ არავის ევლო, ჯაჭვი უკვე გაწყვეტილი იქნებოდა. თითქოს თავიდან შეეშინდათ, დარჩნენ სახლში, მაგრამ როგორც კი ამინდები გამოვიდა, გარეთ გამოეფინენ, საცობები იყო. ქუჩასა და მაღაზიებში გასვლის შემდეგ იმდენად ბევრ სადეზინფექციო პროცედურას ვატარებ, რომ მღლის და მირჩევნია, საერთოდ არ გავიდე. აღმოჩნდა, რომ ძალიან პედანტი ვარ.

GzaPress ფილმები, წიგნები და პლაჟი - ვგიჟდები ფილმების ყურებაზე და ნახევარი დღეც რომ ვიყო სახლში, შემიძლია, 2-3 ფილმს გადაბმულად ვუყურო. უამრავი ფილმი მაქვს ნანახი. სერიალებს კი არ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი საკმაოდ საინტერესოცაა.

რაც შეეხება წიგნებს, სულ ვკითხულობდი უკარანტინობის ჟამსაც, განსაკუთრებით, დასასვენებლად როცა მივდივარ - ჩემი საყვარელი პროცედურაა სანაპიროზე გასარუჯად წოლა და წიგნების კითხვა. თანაც შემიძლია მთელი დღე ვიწვე (იცინის). საერთოდ არ მცხელა და არ ვიწვები, დამცავს ვისვამ და კარგადაც ვირუჯები.

სახლშიც მიყვარს სავარძელზე წამოწოლა და ჩაის ჭიქით ხელში ფილმების ყურება, წიგნების კითხვა. ჩემი საყვარელი "რიტუალები" მაქვს და მოგეხსენებათ, როცა მარტო ცხოვრობ, ამ ყველაფრის კეთება უფრო მარტივია. მშობლებთან, ჩემი ძმის სახლშიც და აგარაკზეც აურაცხელი წიგნი გვაქვს, ჩემთან კი იმდენი არ არის, ბოლო პერიოდში თვითონ რაც შევიძინე, მხოლოდ ისინი მაქვს და რამდენიმე, რაც ოჯახიდან წამოვიღე და უკვე ყველაფერი წაკითხული მაქვს. ამიტომ, აგარაკზე, ეზოში გემრიელად წამოვწვები ხოლმე და ვკითხულობ, ვითომ, სანაპიროზე ვარ (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, მოგვეცემა წელს სანაპიროზე წამოწოლის და გემრიელად დასვენების შესაძლებლობა?

- თუ ყველა კარგად მოვიქცევით, დავრჩებით სახლში და რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, საქართველოს სანაპიროებზე, იმედი მაქვს, წავალთ და თუ სეირნობებს, მეგობრებთან სიარულს გავაგრძელებთ, მაშინ კარგა ხანს მოგვიწევს კარანტინში ყოფნა, ქვეყანაც თავზე დაგვემხობა, ჯანმრთელობაც, ნერვებიც და ეკონომიკაც. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ მოთმინებითა ჩვენითა უნდა ვპოვოთ ის, რაც ძალიან გვინდა!

ოჯახური კულინარიული ტრადიცია - როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვკულინარობ. დედაჩემია ძალიან კარგი კულინარი, სახელგანთქმული, 30-50-კაციან სუფრებისთვის კერძებს სულ მარტო აკეთებს, თანაც, განსხვავებულს. ყველა გიჟდება ჩვენთან სტუმრობაზე, კულინარიის კარგი ტრადიცია გვაქვს, ოჯახური სადილები და ა.შ. დედა განსხვავებულ კერძებს ჯერ კიდევ 90-იანი წლებში ამზადებდა. მამაჩემი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი იყო და ისე მოხდა, რომ საქართველოში არ ვცხოვრობდით, სხვა ქვეყნებში კი ის პროდუქტი იყო, რაც საქართველოში ჯერ არც გახლდათ შემოსული. მაშინ მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით და ახლაც მახსოვს, დედა იქაც რა საოცარ საჭმელებს ამზადებდა. როცა ამას ბავშვობიდან ვუყურებდი, მეც ბევრი რამ ვისწავლე. ახლა კარანტინში მეტი დრო მქონდა და გემრიელი რაღაცები გავაკეთე, მეც ვიგონებ ხოლმე კერძებს. სხვა დროს, როცა დღე და ღამე გასული ვარ, ცხადია, ამის შესაძლებლობა არ მაქვს.

სპორტი და ჯანსაღი

ცხოვრება სახლის პირობებში - სპორტის რამდენიმე სახეობით ვიყავი დაკავებული, დარბაზში სავარჯიშოდ რეგულარულად დავდიოდი, ახლა კი ფიზიკურ აქტივობას სახლის პირობებში განვაგრძობ - აერობიკის სახით, სხვადასხვა ატრიბუტიც მაქვს - ჰანტელები, რეზინები, ფეხის "სიმძიმეები" ა.შ. ბევრნაირი ვარჯიში ვიცი, ინტერნეტშიც უამრავი რამაა. ასევე, იოგით ვარ დაკავებული. გარდა ამისა, ჯანსაღად ვიკვებები. ვარჯიში მსიამოვნებს, ჯანმრთელობაა, უმოძრაობა არ შემიძლია, რაღაცები მტკივდება.

GzaPress "ეკო, ერის შემაგონებელი" - სოციალურ ქსელში სულ აქტიური ვარ, უფრო მეტად კი "ინსტაგრამზე", რადგან "ფეისბუკი" პოლიტიკური ფსიქოზის გამო არ მომწონს, დიდი აგრესიაა, ერთმანეთს ლანძღავენ, წაკითხულის შინაარსის გამოტანა არ შესძლებიათ, რაზეც გული მწყდება... მოკლედ, ერთხანს, კარანტინის დასაწყისში, მეც ჩემი მხრიდან გავაქტიურდი, ბევრი მეგობარი და გამომწერი მყავს და თავი ვალდებულად ჩავთვალე, მათთვის რაიმე პოზიტიური რჩევები გამეზიარებინა, თუნდაც, თავის მოვლასთან დაკავშირებით. ასევე, ინფორმაციები, ვიდეოები, რადგან უმეტესობა ტელევიზორს არ უყურებს, ინტერნეტში კი ბევრი "ფეიკია". თავიდან, ძალიან ჩართული ვიყავი და მეგობრები ხუმრობით "ლუგარის პრესცენტრს" მეძახდნენ, მერე "მაცნეს", "მოსე მწერალს", "ეკო, ერის შემაგონებელს" (იცინის), სულ რაღაცას ვწერდი და ვაზიარებდი. მესმის, ხალხი დაიღალა და ეზარება, მაგრამ თუნდაც ორი კვირა გადაბმულად რომ დავრჩეთ სახლში, მჯერა, თავისუფლად ცხოვრებას მალე შევძლებთ.

თუ გვინდა, რომ ნორმალური ცხოვრება დაგვიბრუნდეს... - სახელმწიფომ და ჩვენმა ექიმებმა მართლაც საოცარი საქმე გასწიეს. მათი გონიერების დამსახურებაა, რომ ინფიცირებულთა საშინელი ციფრები არ გვაქვს. მეგობრები არაერთ ქვეყანაში მყავს და მათგან ვიცი, სად როგორი სიტუაციაა, მათ შორის, ინგლისში და ვისაც "კოვიდ-19" დაემართა, საუკეთესო დაზღვევის მიუხედავად, ფასიანი ტესტებიც კი არ გაუკეთეს, სახლის პირობებში იმკურნალეს. საავადმყოფოში მხოლოდ მომაკვდავი ადამიანები გადაჰყავთ. ეს ხდება ძლიერ სახელმწიფოებში, რომელთაც ჩვენზე ბევრად გამართული ეკონომიკა აქვთ, ახლა კი ქვეყანა თავზე ემხობათ და მოსახლეობის სიცოცხლის შენარჩუნება უჭირთ. ჩვენთან კი ბევრი რამ კეთდება. დამიჯერეთ, არავის ულხინს კარანტინში, მაგრამ გავიჭირვოთ, ყურადღება სხვა რამეებზე გადავიტანოთ.

მაგალითად მე, სახლში ყოფნაზე მეტად, "დაზომბებული" ხალხის ყურება მთრგუნავს, ერთმანეთის გვეშინია და ერთმანეთს ვერიდებით, შორიშორს ვდგებით, თვალებშიც კი არ ვუყურებთ... ეს ბევრად ცუდად მხდის... პირბადეაკრულები, ხელთათმანებით დავდივართ, მე კი "ბახილებიც" მაცვია. ადამიანები, მათთან კონტაქტი იმდენად მიყვარს, რომ დავდივარ და ყველას ველაპარაკები - მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში, ქუჩაში და ამ სიტუაციაზე მართლა მეტირება ხოლმე. ზომბებს დავემსგავსეთ. ხომ გვინდა, ასე არ იყოს? ამიტომ, ცოტა უნდა მოვითმინოთ. ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია! ღმერთი არ გაგვწირავს! საქართველომ უამრავი სირთულე გამოიარა და ამჯერადაც ყველაფერი კარგად იქნება!

თამთა დადეშელი