რატომ გრძნობდა რეპერი თავს კრიმინალად შინ კარტოფილის მიტანისას? - გზაპრესი

რატომ გრძნობდა რეპერი თავს კრიმინალად შინ კარტოფილის მიტანისას?

სახელი, გვარი: გიორგი პავლიაშვილი.

ფსევდონიმი: მასტერი.

ასაკი: 31 წლის.

პროფესია (განათლება): იურისტი, ბიზნესმენი.

საქმე, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლია: მუსიკა, რეპი.

ამჟამინდელი საქმიანობა: წერს სიმღერებს, იწყებს სარესტორნო ბიზნესს.

ცხოვრების დევიზი: "ესეც გაივლის".

- მასტერ, რა სიახლე გაქვს შემოქმედებაში?

- შემდეგ კლიპს კაბუსთან ერთად გადავიღებ. სიმღერა მაშინ ჩავწერეთ, როცა კაბუ ნიცაში იყო, ანუ მე აქ ჩავწერე, მან - იქ. სიმღერის ჩაწერაზე კაბუ ასეთი მონდომებული არ მინახავს. ნიცაში გამგზავრებას და კლიპის გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ კაბუ საქართველოში ჩამოვიდა. ჯერ კარანტინშია და როგორც კი გამოვა, კლიპს გადავიღებთ.

- როგორ ფიქრობ, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც შენთვის პირველი კლიპი იყო, რომელშიც კაბუსა და ძვალთან ერთად მონაწილეობდი?

- კაბუ მსმენელს ძალიან მოენატრა. ამიტომ გადავწყვიტე, სიმღერაში ის მეტი დოზით ყოფილიყო. სევდიანი, სენტიმენტალური სიმღერაა. მასთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სიმბოლურია. როცა ამერიკაში ვსწავლობდი, კაბუს სიმღერებს იქ ვრეპავდი, შავკანიანი მეგობრების გარემოცვაში... მინდა, მას წარმატება ვუსურვო, რადგან უზომოდ ნიჭიერია!..

- გასულ ზაფხულს მსმენელებს შენი და ნათია დუმბაძის ჰიტით მოუწოდებდი - არ უყურო დროსო, ახლა კი მოწოდებას - "დარჩი სახლში" სიმღერა მიუძღვენი და კლიპიც გადაიღე. თავად როგორ უმკლავდები კარანტინს?

- დღეს საზოგადოების მობილიზება, ერთმანეთისთვის მხარში ამოდგომა იმით გამოიხატება, რომ სახლში დავრჩეთ, სოციალური დისტანცია დავიცვათ - მეტს არაფერს გვთხოვენ. ამის გაკეთება არც ისე რთულია, იმასთან შედარებით, როცა სხვაგვარად მობილიზებას გვთხოვენ ხოლმე. როცა ამაზე ვფიქრობ, საკუთარ თავს აღარ ვეწუწუნები. თან, სტუდიაც ხომ სახლში მაქვს, არა?! ვმუშაობ, სიმღერებს ვწერ, მეგობრებს ინტერნეტით ვეკონტაქტები... ვერც იმას ვიტყვი, კორონავირუსის გამო უფრო აქტიურად ვმუშაობ-მეთქი, რადგან წელს უკვე ჩემი 13 სიმღერა გამოვიდა. სახლში ვარ მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ 3 კვირაში ბურგერ-რესტორნის გახსნას ვაპირებდი. მე და ჩემმა ძმაკაცმა, "მასტერშეფის" ფინალისტმა გაგა ვარდანაძემ ამ ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტეთ, მაგრამ ახლა საქმე გაჩერებულია - წარმოიდგინე, რა დღეში ვიქნები! უკანაც ვეღარ დავიხევთ (იცინის)...

GzaPress

- შენი ფსევდონიმი ბოლოს როდის "დაგუგლე"? - ალბათ ერთი თვის წინ "დავგუგლე": "მასტერი - Stay Home". როცა ახალ კლიპს გამოვუშვებ, ხანდახან ვინტერესდები, ვინ ატვირთა და რას წერენ...

- როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვს და რეალურად როგორი ხარ?

- დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისეთი რეპუტაცია მაქვს, როგორიც სინამდვილეში ვარ. ჩემს ცხოვრებაში ინტერნეტს დიდი ადგილი უჭირავს. ტელევიზიებთან დაკავშირებით იმდენი იმედგაცრუება მქონდა, კლიპის პრემიერაზე უარი იმდენჯერ მითხრეს, რომ 2012-2013 წლებში გადავწყვიტე, აქცენტი მთლიანად ინტერნეტზე გამეკეთებინა. სოციალურ ქსელში იმდენი "გამომწერი" მყავს, რომ ჩემი გვერდი ტელევიზიასავითაა. მსმენელებთან "ახლოს" ვარ - დღის ბოლოს, წერილობით შეტყობინებაზე 20 ადამიანს მაინც ვპასუხობ. როცა მსმენელები პირადად მხვდებიან, მეუბნებიან, - ვიცოდით, რომ უშუალო ადამიანი იყავი, რომ გაგიცანით, უფრო მეტად გაგვიხარდაო (იღიმის). გამიმართლა.

- შენ შესახებ ისეთი ინფორმაცია გვითხარი, რაც საზოგადოებამ ჯერჯერობით არ იცის...

- ამას წინათ "ფოლდერს" გადავხედე და აღმოჩნდა, რომ 1440 დაუმთავრებელი მუსიკალური პროექტი მაქვს.

- კვების ობიექტების გახსნის გარდა, ყველაზე მეტად, რომელი დაწესებულების გახსნას ელოდები?

- კინოთეატრის. კინოთეატრში სიარულისთვის ძალიან მაგარი პარტნიორი მყავს.

- კინოთეატრში ბოლოს რომელი ფილმი ნახე?

- "ჯოკერი".

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ადამიანების აზრების კითხვის უნარს.

- განსაკუთრებულად ვისი აზრები გაინტერესებს?

- ალბათ - გოგოების, ოღონდ იცი, როგორ მინდა? ამ უნარის "გამორთვაც" რომ შემეძლოს, თუმცა ალბათ, სულ "ჩართული" მექნებოდა (იცინის).

- გოგონებს ვერ უგებ?

- როგორ ვერა? უბრალოდ, ადამიანების აზრების წაკითხვით ალბათ, ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გადაიჭრებოდა. შეიძლება, დიპლომატიის სფეროშიც მემუშავა...

- "ვაიმე, ზაფხულო, ხომ არ გაიმაზე?" - ეს ფრაზა სიმღერის ტექსტს მოუხდა თუ ფიქრობ, რომ უჩვეულო ზაფხული გვექნება?

- ცხრა დანიშნული კონცერტი უკვე გადავდეთ... სხვათა შორის, სიმღერის დემო-ვერსიაში, "მგონი, გაიმაზე" იყო, მაგრამ მერე ვიფიქრე, უფრო ოპტიმისტურად გაჟღერდება, თუ ვიტყვი, "ხომ არ გაიმაზე-მეთქი".

- სოციალურ ქსელში ხუმრობენ, რაც სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები დაიხურა, გოგონებმა ნამდვილი სახე გამოაჩინესო. შენ როგორ ფიქრობ?

- მაინც ონლაინ ვკონტაქტობთ. სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებს რაც შეეხება, "ფოტოშოპის" სხვადასხვა ხელსაწყოთი გოგონები საკუთარ გარეგნობაში ისე ერევიან, რომ დანახვას აზრი არა აქვს, - სალონების და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების დახურვის პრობლემა ონლაინში არ ეტყობათ.

- კორონავირუსის ვაქცინისთვის რას დათმობდი?

- რაც უნდა დათმო ადამიანმა, სახელმწიფო ასმაგად აგინაზღაურებს. ჯერ მამაჩემს დავურეკავდი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. ვეტყოდი - ვაქცინა მაქვს, რას გადაიხდი-მეთქი (იცინის)?.. აუ, არ ვიცი, ძალიან ბევრ რამეს დავთმობდი, ოღონდ საყვარელ ადამიანს ნუ შემაწირვინებ, დანარჩენი - პრობლემა არ არის.

GzaPress

- სიმღერას დათმობდი? - მთელი ცხოვრება რომ არ ვიმღერო?!. აუ, აუ, კარგი, რა!.. ჩათვალე, რომ თავი უნდა "დავიბრიდო"... გააჩნია, თუ ეს ვირუსი ასე გააგრძელებს და ვაქცინის გარეშე ვერაფერს მოვახერხებთ, კარგი, აღარ ვიმღერებ, "ბაზარი" არ არის...

- კარანტინის პერიოდს ვისთან ერთად გაატარებდი სიამოვნებით?

- ალბათ, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც დაბადების დღეზე ვეპატიჟები ხოლმე.

- მთავრობის რეკომენდაციები ხომ არ დაგირღვევია?

- არა, თუ იმ ფაქტს არ ჩავთვლით, როცა საღამოს 9 საათს რომ გადასცდა, ავტოფარეხიდან კარტოფილი ამოვიტანე.

- ამ ფაქტს ვინმე შეესწრო?

- არა. სხვათა შორის, იცი, როგორი შეგრძნება დამეუფლა? თითქოს კრიმინალი ვიყავი (იცინის). ისეთი ტიპი არა ვარ, რომ რეკომენდაციები "დავიკიდო" და მაინც გარეთ გავიდე. ზედმეტი 3.000 ლარიც არ გვაქვს.

- ბევრისგან გამიგონია, პანდემიის შემდეგ, ცხოვრებას რადიკალურად შევცვლიო. მსგავსი სურვილი შენც ხომ არ გაგჩენია?

- არა. ვფიქრობ, ვირუსი გაივლის და ერთ წელიწადში არაფერი გვემახსოვრება... ცოტა არ იყოს, არ მჯერა, რომ ამბობენ, - ადამიანები რაღაცებს გადააფასებენო. არ მჯერა, რომ ასეთი მაგრები ვართ. თუკი მართლა გადავაფასებთ და მატერიალურ კეთილდღეობაზე ნაკლებად ვიფიქრებთ, პოზიტიურები ვიქნებით, ერთმანეთის მიმართ ნაკლები სიძულვილი გვექნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- ყოფილა შემთხვევა, მცოდნია, სიზმარი იყო და არა - რეალობა. ერთხელ მეგობარს სიზმარში ვეუბნებოდი, - მოდი, დავნაძლევდეთ, რომ სიზმარში ვართ-მეთქი (იცინის). კიდევ, იცი, როგორი რაღაცები მესიზმრება? მაგალითად, ვიღაც მომდევს, 16-სართულიანი შენობის სახურავზე ვარ. ოდნავ "კითხვის ნიშნის ქვეშ" ვარ - მართლა სიზმარია თუ არა? ბოლოს მაინც - "ბრახ" და ვხტები!.. მაგარი ადრენალინია (იცინის)... შავ-თეთრ სიზმრებს ვხედავ თუ ფერადს, არ დავკვირვებივარ. კიდევ, შეიძლება, სიზმარმა ადამიანი "გარეკვამდე" მოგანატროს...

- შენთვის მთავარი ღირებულება რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- საქმეში - საკუთარი საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი, საერთოდ ცხოვრებაში კი - კაცთმოყვარეობა. ყველა ადამიანს ისე ვხვდები, როგორც მეგობარს. მათგანაც ანალოგიურ დამოკიდებულებას რომ ვგრძნობ, ეს ყველაზე მაგარი სიამოვნებაა! მინდა, ბავშვები და მოზარდებიც ასე განწყობილები იყვნენ. პირადად მე ან ჩემს პროდუქციას ბულინგი არ შეხებია, მაგრამ ვატყობ, ახალგაზრდები ბულინგით "კაიფს" იღებენ... სასწაულად ნიჭიერი თაობა იზრდება, მაგრამ ირონიის დონე აწეული აქვთ. ეს არ მომწონს, ოღონდ ამას ისე ვამბობ, როგორც ჩემს უმცროს ძმებზე. მეც ორივე ძმა თინეიჯერი მყავს...

ეთო ყორღანაშვილი