კარანტინის პერიოდში გათხოვილი მოდელი - გზაპრესი

კარანტინის პერიოდში გათხოვილი მოდელი

პანდემიის გამო, ცხოვრება თითქოს ერთფეროვანი გახდა, მოწოდების - "დარჩი სახლში" გათვალისწინება კი ჩვენი ცხოვრების წესად იქცა, თუმცა ასეთ სიტუაციაში, სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელმა - მარია მამუჩაშვილმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა: შეყვარებულთან 2-კვირიანი განშორების შემდეგ, სოციალური დისტანცია დაარღვია და გათხოვდა...

ამჟამად, წყვილი კახეთში იმყოფება და როგორც მარიამ გვითხრა, მათი თაფლობის თვე არასტანდარტულად მიმდინარეობს...

- როცა ქალაქებს შორის მიმოსვლა აიკრძალა, 2 კვირა ჩემს დეიდაშვილებთან, არმაზში "გავიჭედე", ჩემი შეყვარებული კი - კახეთში, თავის მშობლებთან იყო. 27-28 აპრილს, როცა ქალაქებში შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებული აკრძალვები 2 დღით მოიხსნა, გადავწყვიტეთ, ერთმანეთი გვენახა. მშობლები და და-ძმაც მენატრებოდა. ისე მოხდა, რომ სახლში მივედი, "დავასტუკე" და გარეთ გამოვედი, სადაც შეყვარებული ბეჭდით დამხვდა (იცინის). უკვე სტანდარტულია, როცა ბიჭი გოგოს ხელს საზოგადოების თანდასწრებით სთხოვს. საამისოდ ხელსაყრელი სიტუაცია ბევრჯერ გვქონია - მაგალითად, როცა კონკურსზე გამიმარჯვია და იქ ბევრი ხალხი ყოფილა, მაგრამ მას ამ სიტუაციით არ უსარგებლია. ასეთი ტიპის ადამიანი არ არის. ვიცოდი, რომ განსხვავებულ სიტუაციაში მთხოვდა ხელს, მაგრამ არა ხალხის თანდასწრებით.

- მერე, მის ამ შემოთავაზებას როგორ შეხვდი?

- 5 წელია, რაც ოფიციალურად, შეყვარებულები ვართ. ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ - კარგიც, ცუდიც... ამაზე ნაფიქრი მქონდა, მაგრამ ხომ იცი, ადამიანი თითქოს თავისუფლებას ვერ ელევი და სულ გგონია, რომ დაოჯახება ჯერ ადრეა. საბოლოოდ, მის წინადადებას უარით ნამდვილად ვერ შევხვდებოდი, რადგან ამდენი წელია, ერთად ვართ.

- სააგენტოს ხელმძღვანელი საქმის კურსში თუ ჩააყენე, სანამ გათხოვდებოდი?

- როგორ წარმოგიდგენია, ხელს მთხოვენ, მე კი ამ დროს სააგენტოს ხელმძღვანელს ვურეკავ, - ეკა, ხელს მთხოვენ. გავყვე თუ არა-მეთქი (იცინის)?!. არა, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არ ჩამიყენებია. დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგი არ იქნება, რადგან ჩემი მეორე ნახევარი ისეთი შეყვარებული არ ყოფილა, რომ რამეში შევეზღუდე: ყოველთვის ყველაფერში მიწყობდა ხელს. ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. შესაბამისად, ჩემს გათხოვებასთან დაკავშირებით, ეკა მგალობლიშვილს პრობლემა არ ექნება.

- მოგილოცა?

- კი. იცი, როგორ იყო? თან რომ უხაროდა, თან - არა (იცინის). მეც ასე განწყობილი ვიყავი: როგორია, 21 წლის ასაკში რომ თხოვდები? გადაწყვეტილების მიღება იმიტომ არ გამიჭირდა, რომ ჩემი მეორე ნახევარი ყველაფერში მეხმარება. თავისთავად, დაოჯახება დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს, მაგრამ ისეთი ადამიანი არ არის, რომ შეგეშინდეს - ვაიმე, თავისუფლებას დავკარგავო!

- გვითხარი, ვინ არის შენი რჩეული?

- თორნიკე ხაჩიძე, პროფესიით ინჟინერია.

- ის 2 კვირა თქვენი ყველაზე ხანგრძლივი განშორება იყო?

- არა. ცალ-ცალკე უფრო დიდი ხნითაც ვყოფილვართ: სამსახურის გამო, მოგზაურობა ხშირად უწევს.

GzaPress

- მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გათხოვებას? - ყოველდღე რომ გისმენენ, ტელეფონით შეყვარებულთან როგორ ლაპარაკობ და ყველა დეტალი იციან, თითქოს ეგუებიან, რომ გათხოვდები, თუმცა ალბათ, ჩვენი დაოჯახება ყველასთვის მაინც შოკია - "რა გეჩქარებოდას" თემაა (იცინის)... დაოჯახება ვიწრო წრეში აღვნიშნეთ - კახეთში, მის მშობლებთან წამოვედით. როცა ქალაქები გაიხსნება და გვეშველება, სავარაუდოდ, ჩვენს ქორწინებას ისე აღვნიშნავთ, როგორც შეგვეფერება.

- საგანგებო სიტუაციაში თაფლობის თვეს როგორ ატარებთ?

- (იცინის) ბუნების წიაღში. ჩვენი შეუღლების ხიბლი ზუსტად ეგ არის, რომ დაოჯახება ექსტრემალურ სიტუაციაში გადავწყვიტეთ. იდეაში, ყველაფერი სხვაგვარად გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ აბსოლუტურად სხვაგვარად მოხდა. როცა ყველაფერი ჩაივლის, ისე მოვიქცევით, როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან (იცინის). ახლა ნამდვილად არასტანდარტულ გარემოში დავოჯახდით და თაფლობის თვეც არასტანდარტულად მიმდინარეობს: არასოდეს მიფიქრია, რომ გავთხოვდები, კახეთში წავალ-მეთქი (იცინის), მაგრამ თურმე, ასეთი რაღაცებიც ხდება.

- აქტიური მოდელი ხარ. კარანტინის პირობებში, თავს როგორ უვლი?

- საერთოდ, სალონებში სიარულზე გაგიჟებული ვარ-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. მირჩევნია, საკუთარ თავს თავად მივხედო. სალონში ფრჩხილების, იშვიათად კი - ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად მივდივარ ხოლმე. თავის მოვლას სახლის პირობებშიც ვახერხებ. თან, ვცდილობ, ვივარჯიშო, ჯანსაღად ვიკვებო და კარგ ფორმაში ვიყო, რადგან მიმაჩნია, რომ ქალი ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში ფორმაში უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, კარანტინი იქნება თუ არა...

- პირად ცხოვრებაში მშვენიერი სიახლე გაქვს. საქმეს რაც შეეხება, კარანტინმა ძალიან შეგიშალა ხელი?

- აბსოლუტურად ყველაფერში შეგვიშალა ხელი. აპრილში სამოდელო სააგენტოში გარკვეული პროექტები უნდა განგვეხორციელებინა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. შესაბამისად, ჩემი გათხოვებით არაფერი გაფუჭებულა, პირიქით - მგონი, ჩემმა მეორე ნახევარმა დაოჯახებისთვის კარგი დრო შეარჩია (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი