ნინუცა მაყაშვილის კომფორტული კარანტინი - გზაპრესი

ნინუცა მაყაშვილის კომფორტული კარანტინი

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი კარანტინში ყოფნას ტრაგიკულად სულაც არ აღიქვამს და დაწესებულ შეზღუდვებშიც თავს კომფორტულად გრძნობს. დილით სამსახურში მიდის, მერე საოჯახო საქმეებს აგვარებს, ხანდახან ბავშვებსაც ასეირნებს და ცხოვრებას ნორმალურ რეჟიმში, ოდნავ განსხვავებულ რიტმში განაგრძობს.

- სიმართლე გითხრათ, პირადად მე, კარანტინში ყოფნა საერთოდ არ მაწუხებს, რადგან დილით გავდივარ, ვმუშაობ, დილის გადაცემაში ამინდის პროგნოზი მიმყავს, მერე კი სახლში ვარ და აქაურ საქმესაც ვაკეთებ ხოლმე. ერთი გამონაკლისი ისაა, რომ ღამის სამსახური - კარაოკე-ბარი ამჟამად დახურულია. იმედია, ყველაფერი მალე გადაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. რომ გითხრათ, ვნერვიულობ და ეს ყველაფერი მაწუხებს-მეთქი, ასე არ არის, ვერც კი ვგრძნობ და ეს 9 საათის შემდეგ არსებული კომენდანტის საათი მომწონს კიდეც.

- ელიზბარი და ნოდარიკო როგორ ეგუებიან არსებულ სიტუაციას?

- ეზოში ჩასვლა არ შეიძლება და ყველგან ვერ გავდივართ, მათთვის ამასთან შეგუება ცოტა ძნელია, თუმცა, პატარები არ არიან და ავუხსენით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, რაც აქამდე არ ყოფილა, ვირუსია და ორივემ გაიგო, რეკომენდაციებსაც იცავენ. ძირითადად, სახლში არიან და ცოტა დაიღალნენ კიდეც, თუმცა ხანდახან დისტანციურად მაინც გამყავს იპოდრომზე, ვსეირნობთ, ვვარჯიშობთ. ვცდილობთ, დრო სუფთა ჰაერზე გავატაროთ, რადგან ეს მათთვის აუცილებელია, მით უმეტეს, როცა მზიანი ამინდია, რათა შესაბამისი ვიტამინები მიიღონ. სახლში ტელეფონში არიან ჩამძვრალები, ტელევიზორს უყურებენ, ფილმებს, მულტფილმებს, თამაშობენ და როცა გაკვეთილები აქვთ, დილით სწავლობენ. ძირითადად, ასე გადის დღეები.

GzaPress

- რუსკასთან თუ გაქვთ მიმოსვლა? - არა, ხანდახან ბავშვი მოჰყავს ხოლმე, ყოველდღიურად არ ვსტუმრობთ ერთმანეთს, საჭიროებისამებრ მოდის. თუ რამეა, მაინც ერთი კლასტერი ვართ (იცინის). დღის გეგმაც ისე ნაწილდება, რომ მე და რუსკა ერთმანეთს დიდად არ ვემთხვევით.

- საოჯახო საქმეებისა და კულინარობის კუთხით გოგონებმა ახალი შესაძლებლობები "აღმოაჩინეს" საკუთარ თავში, თქვენ?

- ზუსტად იგივეს ვაკეთებ, რასაც კარანტინამდე ვაკეთებდი (იცინის). ჩემთვის სიახლე ამ მხრივაც არაფერია. საჭმელების კეთება ადრეც მიყვარდა და ახლაც ვამზადებ. საერთოდ, სახლში ყოფნაც მიყვარს. ერთადერთი დისკომფორტი, რაც მთელ ამ ამბავს ახლავს, არის ის, რომ მაღაზიებში რიგში დიდხანს დგომა გვიწევს, მერე შეიძლება ის პროდუქტი იქ არ აღმოჩნდეს, სხვაგან მოგიწიოს წასვლამ და ახალ რიგში ჩადგომა გიხდება - ერთადერთი, ეს მაწუხებს. ყოველი გასვლისას, ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებლად დასაცავ წესებს, ცხადია, ვიცავ. ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც ექიმები გვირჩევენ.

- მაღაზიებისა და სილამაზის სალონების დახურვამ ზოგი ძალიან შეაწუხა. თქვენ როგორ უვლით თავს სახლის პირობებში?

- სიმართლე გითხრათ, არც ეს თემა მაწუხებს დიდად (იცინის), რადგან სალონებში ხშირად არც მანამდე დავდიოდი. ყველაფერს თვითონ ვიკეთებ, თმას კი ვიზრდი. ერთადერთი, ჩემი მანიკიურის სპეციალისტი - ნათია მომენატრა (იცინის), რომელიც ფრჩხილებს მიკეთებს. თუმცა, ახლა უამისოდაც ვძლებ და თვითონ ვიწესრიგებ. მეგობრებთან ურთიერთობა, გასვლა მომაკლდა, თავისუფლების ამბავში შევიზღუდეთ, თორემ სახლში ჯდომა დეპრესიაში, პანიკასა და შფოთვებში მაგდებს-მეთქი, რომ გითხრათ, ასე ნამდვილად არ არის.

- კარანტინში "ტიკტოკერობა" გახდა მასობრივი "გასართობი". თქვენ თუ იღებთ მსგავს ვიდეოებს?

- არა (იცინის). თუმცა, ჩემი და "ტიკ-ტოკის" აბსოლუტური "გიჟია" (იცინის), ჩემი ძმაც და ჩემი შვილიც. ბავშვებს მოსწონთ, ისინი უფრო ერთობიან ამით, მე ვერ შევეგუე, არ მინდება გადაღება. სულ ორი ვიდეო მიდევს სოციალურ ქსელში და ისიც მე არ გადამიღია.

GzaPress

- მას შემდეგ, რაც გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, მოსახლეობის ნაწილმა ჩათვალა, რომ ვირუსის საფრთხემ გადაიარა და მეტი თავისუფლებით გამოვიდნენ ქუჩებში. რას ეტყოდით მათ? - ჩემი აზრით, უნდა გვახსოვდეს, რომ სამუდამო არაფერია; საბოლოო ჯამში, ესეც დამთავრდება და ამ ეტაპსაც გავივლით. უბრალოდ, ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გავაგრძელებთ საჭირო რეკომენდაციების დაცვას. რამდენადაც ვერ შევიგნებთ ამ ვირუსის საფრთხეს, მით უფრო დიდხანს გაჭიანურდება ეს პროცესი. ამიტომ, უნდა გავიჭირვოთ, დავიცვათ რეგულაციები და ყველაფერი მალე დასრულდება. ამ საშინელ ვირუსს მალე დავამარცხებთ. თუ ვიღაცები თვითონ ვერ ხვდებიან, რომ ექიმები ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობისთვის მოუწოდებენ, შინ დარჩითო, რათა საფრთხეში არ ჩაიგდონ თავი, ჩვენ რაც უნდა მოვუწოდოთ და ვიყვიროთ, დაიცავი წესებიო, აზრი არა აქვს, რადგან ვფიქრობ, ასეთ ადამიანს შეგნება არ გააჩნია.

თუმცა, ჩემი აზრით, ქართველები ძალიან შეგნებული ხალხი ვართ, რადგან ამდენი ხანია, სრულიად უშეცდომოდ მივდივართ, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, მართლა სამაგალითოები ვართ და ცოტაც უნდა გავიჭირვოთ. მესმის, ახალი ეტაპია, ახალ რეალობაში აღმოვჩნდით და რთულია ამ ყველაფრის ატანა, ყველას უჭირს, განსაკუთრებით, როცა დასასრული არ იცი, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მართლაც არაფერია სამუდამო და სიკეთე ბოროტებაზე გაიმარჯვებს! ასე რომ, ვენდოთ ექიმებს და დავიცვათ რეგულაციები!

თამთა დადეშელი