როდის ტირის და რა მეტსახელით მიმართავს გაბრაზებული ცოლი გივი პაპავას? - გზაპრესი

როდის ტირის და რა მეტსახელით მიმართავს გაბრაზებული ცოლი გივი პაპავას?

"კომედი შოუს" მსახიობი - გივი პაპავა დიდი ხანი არაა, რაც დაოჯახდა. მისი რჩეული ნინა ნიკოლავა გახლავთ. თავდაპირველად, გასართობ ცენტრში თანამშრომლები იყვნენ, შემდეგ კი მათი რომანი განვითარდა... ახლა წყვილი შვილს - 3 თვის გაბრიელს ზრდის. გადავწყვიტეთ, გივი და ნინა გამოგვეცადა, ერთმანეთს კარგად იცნობენ თუ არა, რისთვისაც ტრადიციულად, მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- ერთმანეთს კარგად იცნობთ თუ დღესაც გაოცებთ ერთმანეთი - ხასიათის თვისებების გამოვლენით, წარსულის მანამდე თქვენთვის უცნობი დეტალებით?

გივი:

- ერთი წელია, რაც ერთად ვართ. ჯერჯერობით, კიდევ ერთმანეთის ამოცნობას ვცდილობთ, ერთმანეთი რაღაცებით გვაოცებს, ახალ-ახალ დეტალებს ვიგებთ... ხშირად ვსაუბრობთ, შედეგად კი ერთმანეთს უკეთ ვეცნობით. რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ვახლოვდებით. ორივეს ისეთი ხასიათი გვაქვს, რომ ყველაფრის ერთბაშად გამოვლენა არ გვიყვარს - ეტაპობრივად ვავლენთ, რაც გვეხმარება, რომ ჩვენი თანაცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს... მოკლედ, ერთმანეთს ჯერ ბოლომდე არ ვიცნობთ.

ნინა:

- ჯერჯერობით, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, რომ რამეთი გავოცებულიყავი - ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით.

- თქვენი პირველი პაემანი სად შედგა და როგორ გამოიყურებოდით?

გივი:

- მახსოვს, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" შევხვდი. შავი ქურთუკი ეცვა და ბანანი მაჩუქა (გადაღებიდან დაბრუნებულს ძალიან მშიოდა). სხვა დეტალებს ვერ ვიხსენებ, რადგან როცა ჩაწერიდან გამოვდივარ, საერთოდ არაფერი მახსოვს ხოლმე (იცინის).

ნინა:

- მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან" შევხვდით, რადგან მაშინ გივი მუხიანში ცხოვრობდა, მეც იქვე, მამიდაჩემთან სტუმრად ვიყავი... ნაცრისფერი, კლასიკური შარვალი, დუტის შავი ქურთუკი და თეთრი კედები მეცვა. გივი ჩაწერიდან მოვიდა. რა ეცვა, ვერ გავიხსენებ.

- დამისახელე თქვენი 3 საერთო თვისება.

გივი:

- ორივეს "ფსიხი" ხასიათი გვაქვს, სიმღერა და ცეკვა გვიყვარს... მესამე საერთო თვისებას ვერ ვიხსენებ.

GzaPress ნინა: - მოწესრიგებულობა, სიჯიუტე და ალბათ, სამსახურის მიმართ სიყვარული და პატივისცემა.

- დამისახელე თქვენი ქორწინების თარიღი.

გივი:

- ნიშნობა 2019 წლის 17 აპრილს გვქონდა, 28 აპრილს კი ოფიციალურად შევუღლდით.

ნინა:

- 17 აპრილს, ჩემს დაბადების დღეზე ნიშნობა გვქონდა. 28 აპრილს უკვე ოფიციალურად თანაცხოვრება დავიწყეთ.

- დაოჯახებამდე რამდენჯერ ჰყვარებია? შენ რამდენჯერ გყვარებია?

გივი:

- მას მგონი, ორჯერ, მე - ბავშვობიდან მოყოლებული, 4-5-ჯერ (მათგან უმეტესობა გატაცება იყო).

ნინა:

- არც ერთხელ, რადგან ალბათ, მანამდე ნამდვილი სიყვარული არც ერთს არ გვწვევია (იღიმის).

- როცა უთანხმოება მოგდით, პირველი ვინ თმობს?

გივი:

- ვინც კამათს იწყებს, ის არ თმობს.

ნინა:

- გივი.

- "კომედი შოუში" მისი საყვარელი პერსონაჟი რომელია? შენი?

გივი:

- ვიცი, უყვარს, როცა თეა წულუკიანის როლს ვასრულებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟები უშნო, გაუთხოვარი დები არიან, რადგან მგონია, რომ საქართველოში გათხოვების მსურველი ბევრი გოგოა, ვინც ამას ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან უნდა.

ნინა:

- მას თეა წულუკიანის პერსონაჟი მოსწონს, ასევე - გაუთხოვარი დები და ახალი პერსონაჟები - ეშლი და ჯეისონ მანაგაძეები. მე თეა წულუკიანის გმირი მომწონს.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

გივი:

- ძირითადად, "გივიეს" მეძახის. მე ხანდახან "ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზით" და მსგავსი სახელებით მივმართავ, ოღონდ - ხუმრობით. ეს სერიოზულად არასოდეს მითქვამს. თავადაც არ სიამოვნებს, როცა შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ასე მიმართავენ: "ჩემო ანგელოზო", "ციდან მოწყვეტილო" და ა.შ. ზოგჯერ "კოკროჭინასაც" ვეძახი. რამე ამოჩემებული მეტსახელით არ მივმართავ.

ნინა:

- ბევრი მეტსახელით მომმართავს. ბოლო დროს "ბლოგერას" და "ტიკტოკერას" მეძახის (იცინის)... ძირითადად, მას იმ მეტსახელით ("გიტუნა") მივმართავ, რასაც ბავშვობაში მისი ნათესავები ეძახდნენ, ოღონდ - მაშინ, როცა გაბრაზებული ვარ (ჯიბრით ვეძახი).

- რა არ მოსწონს შენს ხასიათში? შენ რა არ მოგწონს მის ხასიათში?

გივი:

- დამთმობი ვარ. შეიძლება, მართალი ვიყო, ვიღაც ტყუილად მეკამათებოდეს, მაგრამ კამათში არ ავყვე. ნინა ხშირად მეუბნება, - ძალიან დამთმობი ნუ ხარო. მგონი, ჩემი ეს თვისება არ მოსწონს... მის ხასიათში ის არ მომწონს, რომ როცა გაბრაზებული ან ნაწყენია, ათჯერ უნდა ვკითხო, - რა გჭირს-მეთქი?

ნინა:

- არ მომწონს, როცა დილით უხასიათოდ არის, რადგან ჩემთვის დილის განწყობა მნიშვნელოვანია. ალბათ, მას ჩემი სიჯიუტე არ მოსწონს.

- როგორი მშობელია? შენ როგორი ხარ?

გივი:

- როცა ვაკვირდები, გაბრიელს როგორ უვლის, ზრუნავს, მასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს, ვხვდები, იდეალური დედაა და შვილს ძალიან კარგად გაზრდის... მე კარგი, მხიარული მამა ვარ, ბავშვს ათას სიგიჟეს ვასწავლი. გაბრიელი 3 თვის ხდება და უკვე თავისთვის რაღაცებს ღიღინებს. ეტყობა, ჩემი დამსახურებაა, რომ ლაპარაკი ძალიან უყვარს - ხშირად ველაპარაკები. მუცლად ყოფნის დროსაც ველაპარაკებოდი, ათას სისულელეს ვუყვებოდი...

ნინა:

- იდეალური მშობელია. ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, ისეთი კარგი მამაა. გაბრიელის დაბადების პირველი წამიდან მოყოლებული დღემდე, ერთი უარყოფითი ნიუანსიც კი არ ყოფილა, რომელსაც დავასახელებ... მეც ვცდილობ, იდეალური მშობელი ვიყო (იღიმის).

- მისი საყვარელი ფილმი რომელია? შენი?

გივი:

- არასოდეს უთქვამს, მისი საყვარელი ფილმი რომელია. ერთადერთი, ვიცი, რომ "არმაგედონის" ბოლო ნაწილში (ბრიუს უილისის პერსონაჟი თავის გოგოს რომ ემშვიდობება) ეტირება ხოლმე, ოღონდ - სასაცილოდ ტირის (იცინის)... მე "უკანასკნელი სამურაი" ძალიან მიყვარს... ჩემს ცხოვრებაში ჩარლი ჩაპლინს დიდი ადგილი უჭირავს. მისი მონაწილეობით ფილმებს ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ.

ნინა:

- ძირითადად, ის ფილმები მოსწონს, რომელშიც ჩარლი ჩაპლინი მონაწილეობს - ეს მისი ცხოვრების სიყვარულია!.. კიდევ, მითოლოგიური, ფანტასტიკური ჟანრის ფილმები მოსწონს. მე ბევრი ფილმი მიყვარს.

- რომელია მისი საყვარელი კერძი? შენი?

გივი:

- მას სალათები უყვარს. ბერძნულ სალათს ხშირად ამზადებს. მე ნებისმიერი ხორციანი კერძი მიყვარს.

ნინა:

- მისთვის მთავარია, კერძის შემადგენლობაში ხორცი იყოს. მე გებჟალია, ღომი და ელარჯი მიყვარს.

- რომელია მისი საყვარელი ფერი? შენი?

გივი:

- შავი და თეთრი ძალიან უყვარს. მეც ეს ფერები მომწონს.

ნინა:

- მას უფრო მხიარული ფერები მოსწონს. კონკრეტული საყვარელი ფერი არ აქვს, რადგან სულ ჭრელი სამოსი აცვია. მეც ანალოგიურად - ამოჩემებული ფერები არ მაქვს.

- წელიწადის საყვარელი დრო მისთვის რომელია? შენთვის?

გივი:

- მისი - ზაფხული. ზამთრის გარდა, მე ყველა სეზონი მიყვარს, როცა არ მცივა.

ნინა:

- გივისთვის მთავარია, არ სციოდეს. მე გაზაფხული (აპრილიდან) და ზაფხული მიყვარს.

- როგორ ფიქრობ, თქვენი პასუხები ერთმანეთს რამდენი პროცენტით დაემთხვევა?

გივი:

- წესით, 70%-ით უნდა დაემთხვეს. ყოველ შემთხვევაში, ნაკლები არ იქნება.

ნინა:

- 80-90%-ით.

ეთო ყორღანაშვილი