"სად ხარ, მშვენიერო, მე თქვენ გელით"... - გზაპრესი

"სად ხარ, მშვენიერო, მე თქვენ გელით"...

ერთხელ, როდესაც თავისი განსხვავებული მენტალიტეტის შესახებ ჰკითხეს, "ჩემმა მზემ" უპასუხა, - ვფიქრობ, სხვებს აქვთ ჩემგან განსხვავებული მენტალობა, ქართველი ვარ და ვქართველობ, ჟინს ვიკლავ ჩემი ქართველობითო... ვისაც მასთან ერთხელ მაინც უსაუბრია, მის სიტყვებში ეჭვიც არ შეეპარება. როგორც ხვდებით, ჩვენი რუბრიკის სტუმარი ამჯერად გიორგი გილიგაშვილია.

- "ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას დედის სიყვარული ჰქვია" (ზიადელი).

- არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, დედაჩემისა და საერთოდ, ყველა დედის შემთხვევაშიც, შვილის უსიყვარულობა გარდაუვალია, თუმცა როცა სამშობლოს ეხება საქმე, მაშინ საქმე სხვაგვარადაა. 9 ძმა ხერხეულიძის დედა თვითონ მიუძღოდა შვილებს დროშით ხელში. თუ ქვეყანას და ისეთი ღირებულებების დაცვას ეხება საქმე, როგორებიცაა ენა, მამული, სარწმუნოება, მაშინ ეს ეგოიზმი და შვილების სიყვარული მეორეხარისხოვანი ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, რადგან დედა პატრიოტული სულისკვეთებით გვზრდიდა.

- "ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს იწერდე, მეორით კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ, და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან" (ნოდარ დუმბაძე).

- სხვათა შორის, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს ვარ დაბადებული - 14 ივლისს. მის შემოქმედებას იმდენად კარგად ვიცნობ და ისე მიყვარს, ზოგჯერ მგონია, რომ პირადად ვიცნობდი კიდეც. დღეს ბევრმა რამემ იცვალა სახე, ჩვენთვის მიუღებელ წეს-ჩვეულებებს დავარქვით ქართველობა. რაც უფრო დიდი ულუფით გეახლებით ვახშამს, მით უფრო დიდი ქართველები გვგონია თავი. შენდობა მომითხოვია, მაგრამ სამწუხაროდ, სამშობლოსთვის კი არა, მუცლისთვის ვშრომობთ. სამშობლო ნამდვილად არ არის ლამაზი ქალი, რომელიც დროდადრო გაგახსენდება; სამშობლო დედაა, რომელიც ყოველთვის სალოცავად და საფიცრად უნდა გვყავდეს.

- "სიმდიდრე მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე ზრდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელს და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და ქონება ხდება ბატონი, ხოლო მისი მფლობელი - მონა: როგორც მონამ, უნდა მიუძღვნას მას თავისი დრო, აზრები..." (ნიცშე).

- მნიშვნელობა არა აქვს დიდსა და პატარა სიმდიდრეს, ზოგს 10 მანეთიც წაახდენს, ზოგსაც - მილიონი, ზოგს კი ვერც მილიონი უცვლის სახეს. აქედან გამომდინარე, კაცის სიდიდეს აქვს მნიშვნელობა და არა ქონების სიდიდეს. უფლის ნებით თუ მეტი მოგეცემა, შესაძლებლობას ვგულისხმობ, მეტი ქველმოქმედება და მსახურება გმართებს, მეტი მოგეთხოვება ღვთის წინაშე. სამწუხაროდ, დროს, რომელიც შეუფასებელია, ხშირად ვერ ვუთმობთ კარგ ადამიანებსა და საქმეებს, რადგან მუდმივად ფულის მოხვეჭის და დაბინავების შესახებ ვფიქრობთ. სინამდვილეში, სიმდიდრე ადამიანია, რომელიც გიყვარს, ეს არის უმთავრესი.

GzaPress - "ადამიანს თუ შესწევს იმის უნარი, რომ გარედან შეაფასოს საკუთარი თავი, ე.ი. მას ინტელექტი აქვს" (ვეისი). - ინტელექტი ჩემთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უნარი, გარედან შეაფასო თავი. ყველა ადამიანს აქვს გონივრული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ერთი მხრივ, საკუთარ თავს უნდა შევხედო ღმერთის თვალით, მოეწონება თუ არა მას ჩემი საქციელი, მეორე მხრივ, მოკვდავი ადამიანის თვალით - ჩემი ოჯახის წევრებს მოეწონებათ თუ არა, რასაც ვაკეთებ. ჩემი აზრით, ეს ინტელექტზე კი არ მიუთითებს, სწორად აზროვნებას ნიშნავს. ეს არის გზა, რომელიც საბოლოოდ მიგიყვანს განვითარებამდე. განვითარება კი ინტელექტუალურ საზრდოს მოგცემს. ადამიანი საკუთარი თავის შეცნობით იწყებს აღმავლობის გზის გავლას.

- "სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის" (ბიორნე).

- ერთი ასეთი ლექსი მაქვს: "გაკიდული სამყაროებს შორის,/ სიბრძნე სუფევს მოაზროვნე გონის". მოაზროვნე გონი ჩემთვის არის საღვთო გონი, რომელიც მთელ გალაქტიკაშია განფენილი. თუ გონივრულობას გამოიჩენ და გააანალიზებ, თუ რამ ცუდი გაგიკეთებია, სინანული მოვა... სინანული ყველა მართლმადიდებლისთვის საკურნებელი წამალია.

- "სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს" (პუბლილიოს სირიუსი).

- ვფიქრობ, სირცხვილი სინანულამდე მისასვლელი პატარა აღმართია, რომელიც უნდა აიაროს ადამიანმა. წინა კითხვაში სინანულზე ვისაუბრეთ და სინანული სწორედ მაშინ გეუფლება, როდესაც შენი უგუნური, არაკაცური, არაადამიანური საქციელის გრცხვენია. სირცხვილი ადამიანის გენში დევს, თანდაყოლილია.

- "სადაც სიყვარულია, იქ სიწმინდეა, ღმერთია" (აკაკი წერეთელი).

- როგორ არ უნდა დაეთანხმო ჩვენს მგოსანს ამ სიტყვებში? სიყვარულია, ბოროტს რომ სძლევს; სიყვარულია, რომ შეგვასხამს ფრთებს და შეებრძოლებით გოლიათებს. ასე ვფიქრობ... სიყვარული ღმერთია და სადაც სიყვარულია, იქ სიწმინდეა, იქ გამარჯვებაა.

- "ლამაზი ქალი მოსწონს თვალს, კეთილი - გულს. პირველი - ლამაზი ნივთია, მეორე კი - სიმდიდრე" (ნაპოლეონ ბონაპარტი).

- საერთოდ, სილამაზე სუბიექტურია. ჩემთვის ლამაზი ყველასთვის ლამაზი ვერ იქნება. სილამაზეში ყველანაირ სიკეთეს ვგულისხმობ, უმანკოებას, სიმშვიდეს. ბევრი სხვა თვისებით შემკული ქალი მიმაჩნია ლამაზად, სამოდელო პარამეტრების მიხედვით არავის ვაფასებ. იეთიმ გურჯმა თქვა, "ყველას თითო რამე უყვარს,/ მე კი ჩემსას შემაბეროს!/ სხვისი ჩემზედ ლამაზია,/ ეს ვერავინ დამაჯეროს". თუ ადამიანს ვინმე მოსწონს, მისი გულისთვისაც ლამაზია, ფიქრისთვისაც და თვალისთვისაც. ჩემთვის არ არსებობს რამე სტანდარტი - როგორ შეიძლება, ჩემი მეორე ნახევარი, რომელიც სადღაც დადის და ჯერ არ ვიცნობ, ავირჩიო არაფრის მთქმელი კრიტერიუმებით?! ყოვლად დაუშვებელია ამაზე ფიქრი.

- "ქალი არის ინსტრუმენტი, რომლითაც ეშმაკი გვმართავს ჩვენ" (წმინდა კვიპრიანე).

- ინსტრუმენტი არა, მაგრამ ქალი კაცისთვის არის საცდუნებელი, თუმცა - ბევრი სხვა საცდუნებლისგან დამხსნელიც და ჭაობიდან ამომყვანიც. წმინდანთა კი არა, ჩვეულებრივი ადამიანების განკითხვასაც ვერიდები; ვცდილობ ხოლმე, ამ ცოდვას თავი ავარიდო. ალბათ სხვა რამ იყო მისი სიტყვების მიზანი. მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ მამაკაცის პირველი საცდუნებელი ქალია, მაგრამ ამით ქალს არ ვაკნინებ. ადამი თუ ევამ აცდუნა, ეს იმის მანიშნებელია, ქალი რამდენად ძალმოსილია. უპირველესი სწორედ ქალია.

- "მამაკაცს ყოველთვის ეხსომება 3 ქალი: პირველი, ბოლო და ერთადერთი" (რადიარდ კიპლინგი).

- პირველში ბაღის დროინდელი ამბები და ხელის ჩაკიდება თუ იგულისხმება, კარგად მახსოვს ბავშვობის ემოციები. პირველად მაშინ დაიბადა საპირისპირო სქესის მიმართ აღტაცება. რაც შეეხება ბოლოს, მე ცოტა ფრთხილი ვარ მშვენიერებებთან ურთიერთობაში და ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება. თქვენი ჟურნალის საშუალებითაც მინდა მოვუხმო მას: სად ხარ, მშვენიერო, მე თქვენ გელით...

- "ჭკვიანმა კაცმა ხანდახან უნდა დალიოს, თორემ გაგიჟდება" (ერნესტ ჰემინგუეი).

- წუხელ დავლიე ზუსტად (იცინის), რამდენიმე ბოთლს გავუთამამდი. ზოგჯერ ამ მადლიანი სითხით რომ განიქარვო და შეიმსუბუქო ამქვეყნიური ფიქრები, ცუდი არ არის. მით უმეტეს, კარანტინის დროს, როცა მეგობრები ძალიან მაკლია. მადლობა უფალს, ოჯახის წევრები ბევრნი ვართ და როგორღაც გადაგვაქვს ეს რთული პერიოდი - ხან ვუკრავთ, ხან ვმღერით...

- "მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი" (ტოლსტოი).

- ასეა, კი. მხდალი კაცი გაცილებით სახიფათოა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მე და ჩემი მეგობრები ვამბობდით ასეთ სადღეგრძელოს, ღირსეულ მტერს გაუმარჯოსო. ღირსეულში კი იმას ვგულისხმობდით, ვინც ზურგიდან არ დაგარტყამს დანას და პირდაპირ გეტყვის, რომ შენი მტერია: ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო. სინამდვილეში, არ ვართ ერთმანეთის მტრები, არასწორია ასეთი დამოკიდებულება. ყველაზე დიდი მტერი ადამიანისთვის საკუთარი თავია და თუ მას დაამარცხებს, სხვას ყველაფერს მოერევა.

- "პოეტები უსირცხვილონი არიან. მათ თავიანთი შემოქმედება საგმირო საქმეებად მიაჩნიათ" (ნიცშე).

- პოეტობა მაგარ ბიჭობად არ მიმაჩნია, თანაც პოეტს არ ვუწოდებ საკუთარ თავს, პოეტი გალაკტიონია, მაგრამ რაკი უფალმა ინება, რითმები მარგალიტებად შევაგროვოთ და მეგობრებს გავუზიაროთ, ამისთვის მადლობა მას. უსირცხვილოს არ ვიტყოდი, მაგრამ უტიფრები კი ნამდვილად ვართ (იცინის). არსებობდა ერთი მშვენიერი ქალი, რომელიც ჩემი მუზა იყო და მასზე ლექსებს ვწერდი, თან ისე, რომ მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. მერე მივხვდი, რომ უტიფრად ვიყენებდი ჩემი მუზისთვის, ის მავსებდა და მახარებდა, მე კი ვერაფერს ვმატებდი მას...

- "ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არა აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ" (გურამ დოჩანაშვილი).

- ბატონი გურამი ჩემი საყვარელი მწერალი და ჩემი უფროსი მეგობარია, მისი სიტყვები ადამიანობაზე, სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე, ღირებულებებზე ბევრის მთქმელია და დამაფიქრებელი. მნიშვნელოვანი არ არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მნიშვნელოვანია ხარისხი - საგმირო საქმენი უნდა ჩაიდინოს კაცმა და უფლის კვალდაკვალ უნდა იაროს. "რაც არა მწადის არ ვიზამ,/ რაც მწადდა, ბევრგზის მიქმნია,/ უფალი ღმერთის კვალდაკვალ,/ მსაჯული ჩემი ფიქრია"...

ნინო ჯავახიშვილი