ამიკო ჩოხარაძის მოგონებების კოლექცია და შინ ყოფნის დადებითი მხარე - გზაპრესი

ამიკო ჩოხარაძის მოგონებების კოლექცია და შინ ყოფნის დადებითი მხარე

"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე გულუბრყვილობაა", - ამბობს იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე. რა ენატრება ყველაზე მეტად, რის გამო იღებდა საყვედურებს, ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში და შეცვლიდა თუ არა რაიმეს საკუთარ გარეგნობაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1987 წლის 6 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ცნობილი ადამიანი. არ ვიცი, ეს სურვილი რატომ მქონდა; სულ მინდოდა, ისეთი ვინმე ვყოფილიყავი, ვისაც ყველა იცნობდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ნიჭიერი და კარგი ადამიანიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...საერთოდ არაფერს შევცვლიდი.

GzaPress - ჩემი პირველი წარმატება... - ...იყო 11 წლის ასაკში, როცა "სლავიანსკი ბაზარზე" გავედი და ნომინაციაში "საუკეთესო ვოკალი" გრან-პრი ავიღე. საოცარი განცდა იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ოჯახს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, მატარებდნენ სხვადასხვა წრეზე და სტუდიაში; სულ ცდილობდნენ, მუსიკას არ მოვწყდომოდი.

- ბედნიერი ვარ...

- ...იმ ყველაფრით, რაც მაქვს. ეს ეხება, როგორც საქმეს, ასევე პირად ცხოვრებას.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ჩემი ყოველი მომდევნო დღე წინაზე უკეთესი იყოს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ვცდილობ, ადამიანებს ყოველთვის დავეხმარო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ზედმეტად მიმნდობი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ გამოსწორებას ვცდილობ, ასეთი ვარ. მერე რა, რომ ხშირად ამის გამო გული მტკივა. კი ვამბობ, ეს თვისება დიდად არ მომწონს-მეთქი, მაგრამ ეს ჩემი ხასიათის დადებითი მხარეცაა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვცდილობ გამოვასწორო, აღარ გავიმეორო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ...

- ...კარგი ადამიანი უნდა ვიყო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი ღირსია, მისი სინანული გულიდან თუ მოდის.

- ვიბნევი...

- ...როცა ზედმეტ ყურადღებას მაქცევენ. მესმის, რომ ეს პოპულარობის თანმდევია, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ვიბნევი, როცა ჭამის დროს მიყურებენ.

- ვნანობ...

- ...არაფერს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იქ, სადაც ვარ, ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან ერთად. საგანგებო მდგომარეობის დღეებში დროის დიდ ნაწილს ყველა შინ ვატარებთ. მეც უმეტესად, შვილებთან ვარ, "ტიკტოკერი" გავხდი. უფროს შვილს ფეხბურთს ვეთამაშები. შეიძლება, ჩაკეტილობა ცუდია, მაგრამ მას დადებითი მხარეც აქვს.

- საკუთარ თავზე კონტროლს...

- ...ძალიან, ძალიან იშვიათად ვკარგავ, ასეთი შემთხვევა ბოლოს როდის მოხდა, აღარც მახსოვს.

- მეზარება...

- ...ყველაფერი. ზარმაცი ვარ, მაგრამ ამ თვისებას საკუთარ თავში ძლიერი ნებისყოფით ვებრძვი და ვერევი.

- ჩემი ჰობია...

- ...მუსიკა. ჩემთვის მუსიკა სიცოცხლეა, ყველაფერია.

- სიყვარული - ეს...

- ავხსნა, რა არის? რა რთული დავალება მომეცი, ვერც ერთმა გენიოსმა ვერ ახსნა და მე რა უნდა ვთქვა? სიყვარული არსებობის დედააზრია, შინაარსია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ამას პირველად მაშინ მივხვდი, არსებობის არსს ჩავწვდი.

GzaPress - მაკვირვებს... - ....ძალიან ბევრი რამ. მაკვირვებს ის, რომ ასეთი ეპიდემიის პერიოდს შევესწარი. საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ და საკვირველი ბევრი რამ არის.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად, მაგრამ გაუაზრებლად - არასდროს, ჭკუას ცოტათი მაინც ვატან.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...გულუბრყვილობაა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფილმის ნახვისას. სენტიმენტალური ვარ, ძალიან ემოციური.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვიბნევი, რა თქმა უნდა, თან მიხარია.

- მეშინია...

- ....როცა ახალ საქმეს ვიწყებ; ვნერვიულობ, რამე ისე რომ არ გამომივიდეს, როგორც ჩაფიქრებული მაქვს.

- ვმალავ...

- ...პირად ამბებს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...აღარ მსაყვედურობენ. ადრე მეუბნებოდნენ, რეჟიმში ჩადექი, დროზე დაიძინე, სულ შემწვარი კარტოფილი რა ამბავიაო?!

- ვიტყუები, როცა...

- ...პირველი აპრილია; როცა ტყუილი უვნებელია, საჭირო და სასარგებლოა. ზოგჯერ უინტერესოდ ვიტყუები.

- თავისუფლებას...

- ...თავისი ჩარჩოები აქვს. ადამიანი სრულიად თავისუფალი, სადღაც კუნძულზე ცხოვრებისას თუ იქნები, სადაც არ იარსებებს მმართველი და ჯანმრთელობის პრობლემები.

- როცა მარტო ვარ...

- ...მძინავს ან ფილმს ვუყურებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ვეცდებოდი, უფრო მეტი გამეხადა. განა იმდენი რა მექნებოდა, რომ ყველას გვყოფნოდა? რომ მოვამრავლებდი, მერე ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი, ყველას დავეხმარებოდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...იმაზე უფრო ძვირი ვიქნები.

- მენატრება...

- ...ბავშვობა.

- ვაგროვებ...

- ...მოგონებებს, ჩემთვის და სხვისთვისაც. მოგონებების კოლექციონერი ვარ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...სიტუაციას გააჩნია, ზოგჯერ სიმშვიდე და მარტოობა მშველის, ზოგჯერ - ხალხმრავლობა, ზოგჯერ - გართობა და ალკოჰოლიც.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მშობლებისგან ბევრი რამ მომისმენია. პატარა რომ ვიყავი, მაშინ მეუბნებოდნენ, - აი, გაიზრდები, შვილები გეყოლება და გაგახსენდებიო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გვქონდეს ყოველთვის კარგი განწყობა და ყველაფერი კარგად იქნება. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე