დავით კვირცხალიას ორი საიუბილეო თარიღი - გზაპრესი

დავით კვირცხალიას ორი საიუბილეო თარიღი

სახლში ყოფნის მოყვარული კაცია, მაგრამ საყოველთაო კარანტინის გამო მთელი დღით შინ დარჩენა მისთვისაც მოსაწყენია. ღიმილით ამბობს, რომ კორონავირუსმა ფილოსოფოსობისკენ უბიძგა. 1970 წლიდან დღემდე, რუსთაველის თეატრის მსახიობს გასახსენებელი ბევრი აქვს. ბავშვობაში ამ თეატრში ნანახი ორი სპექტაკლი ახსოვს განსაკუთრებულად, "ჭინჭრაქამ" და "მზიანმა ღამემ" მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მსახიობების უბადლო შესრულებამ, თითქმის უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ პროფესიას აირჩევდა, კიდევ უფრო გაამყარა. დავით კვირცხალიას ორი საიუბილეო თარიღი აქვს - სასცენო მოღვაწეობის 50 და დაბადებიდან (8 მაისი) 70 წლისთავი. ჩვენი ჟურნალის სახელით დაგვიანებით ვულოცავთ ბატონ დავითს, ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებთ.

- 50 წელი ერთ-ერთ გამორჩეულ თეატრში, საუკეთესო რეჟისორებთან და შესანიშნავ დასთან ერთად გავატარე. მათი ჭირი, სიხარული - ყველაფერი გავიზიარე. ვიყავი იქ, სადაც მინდოდა ყოფნა და რაც მთავარია, თავს ვგრძნობდი ძალიან კომფორტულად. მქონდა როლების მხრივ დატვირთული წლები, იყო პაუზები, წარმატებები, ბევრი გულისწყვეტაც... ასეა, როცა ამ პროფესიას ირჩევ, ეს თავიდანვე უნდა იცოდე და ამისთვის მზად იყო.

- ახლა კარგი დროა მოგონებების დასაწერად...

- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ მსახიობი ტკბება ხოლმე თავისი ამბების გადმოცემით, ხშირად არ ჰყოფნის ობიექტურობა, უფრო იხსენებს მისი შემოქმედებითი ცხოვრების კურიოზებს... ამის მეშინია, რადგან ბევრი მსახიობის წიგნი წამიკითხავს და ისინი ერთმანეთს ჰგავს. დიდი პატივისცემა მაქვს მათ მიმართ, თუმცა ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ყველამ მოგონებები წეროს. გააჩნია კიდევ, ვინ და რას წერს. მაგალითად, სერგო ზაქარიაძის ნაწერები მისმა შვილიშვილმა გამოსცა. ამაზე საინტერესო წიგნი იშვიათად მინახავს.

- გამორჩეული პედაგოგი გყავდათ - მიხეილ თუმანიშვილი. მის მიერ დადგმულ ტელესპექტაკლში "გზაჯვარედინზე", ერთ-ერთი მთავარ როლს ასრულებთ, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

- სხვათა შორის, რუსთაველის თეატრში ბატონი მიშას ხელდასხმით ჩავედით მე და ჩემი რამდენიმე კურსელი. როცა ის თეატრიდან წავიდა, ტელეთეატრი დააარსა და ერთ-ერთი პირველი დადგმა "გზაჯვარედინზე" იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ მურმან ჯინორია, ჩემი ჯგუფელები ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ნანი ჩიქვინიძე... სწორედ ამ სპექტაკლიდან დაიწყო ჩემი და მურმანის ურთიერთობა და დღემდე გრძელდება. ის ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანია. ბატონი მიშა ჩვენ - მის აღზრდილებს ისე გვექცეოდა, როგორც მზრუნველი მშობლები შვილებს. იმ წელს დავამთავრეთ ინსტიტუტი და ბუნებრივად გადავედით სამუშაო მდგომარეობაში. ამ სპექტაკლმა ყველას საკმაო წარმატება მოგვიტანა. მაყურებელმა მაშინ გაგვიცნო. თემა ისეთი აქტუალური იყო, რომ დადგმას ყოველ ზაფხულს, მისაღები გამოცდების წინ აჩვენებდნენ. ბატონი მიშას დიდი მადლიერი ვარ. არ გეგონოთ, რომ ძალიან თავაწეული დავდივარ, კარგად ვიცი ჩემი ფასი და ისიც ვიცი, რომ ჩემზე დიდი მსახიობებიც არსებობდნენ და კიდევ იქნებიან, ამიტომ ტრაბახა, ბაქია კაცი არა ვარ, მაგრამ ყველაფერი, რასაც მივაღწიე და საერთოდ, მთელ ჩემს შემოქმედებაში მაინც ბატონი მიშას დიდებულ ხელს ვხედავ. ორ ათეულ წელზე მეტია, ის აღარ არის, მაგრამ დღესაც, როცა სამუშაო მაქვს, ვფიქრობ - ბატონი მიშა როგორ შეხედავდა ჩემს ნამუშევარს, მოეწონებოდა? მთელი ცხოვრება ვამტკიცებ, რომ რაც მან გვასწავლა, იმას ტყუილად არ ჩაუვლია.

GzaPress

- რუსთაველის თეატრის სცენაზე თქვენთვის პირველი სპექტაკლი "ვახშმობის წინ" იყო. ახალბედას უკვე მზა დადგმაში შესვლა გაგიჭირდათ? - ძალიან პოპულარული სპექტაკლი იყო. მე და ნანი ჩიქვინიძე მეორე კურსის სტუდენტები ვიყავით, როცა როზოვის ამ პიესიდან ერთ ნაწყვეტს - სიყვარულის სცენას ვთამაშობდით. თეატრიდან გოგი ქავთარაძის წასვლის შემდეგ, ბატონ მიშას ინიციატივით, სპექტაკლში გოგი მე შევცვალე, ნანი ჩიქვინიძემ კი ბელა მირიანაშვილი. ამ ჩანაცვლებამ გადაწყვიტა ჩვენი ჩასვლა რუსთაველის თეატრში. კარგად მახსოვს რა გადასარევ პარტნიორებთან მოვხვდით: სალომე ყანჩელი, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, ზინა კვერენჩხილაძე... თეატრში ერთმანეთზე უკეთესი არტისტები იყვნენ. ბატონი რობერტის სპექტაკლში შესვლა ძალიან ძნელია, ის სხვა ესთეტიკისა და სხვანაირი ხელწერის რეჟისორია. თავისთავად, ჩვენთვის ახალი სკოლა იყო და ახალ სამყაროში შევედით. უკვე დავიწყეთ სრულყოფილი პარტნიორობა და ეს იმდენად კარგად გამოვიდა, რომ თეატრში დაგვტოვეს.

- წლების შემდეგ, ბატონი რობერტის ასისტენტი იყავით სპექტაკლზე "ას ერგასის დღე" და ჰიტლერის როლსაც თამაშობდით. მაშინ უკვე დამთავრებული გქონდათ სარეჟისორო ფაკულტეტი?

- არ მქონდა დამთავრებული. ასაკში შევდიოდი, აღარც ახალგაზრდებში ვეწერებოდი და არც უფროსებში, ამპლუა უნდა შემეცვალა. გადავწყვიტე თავი გამეაქტიურებინა და კინოსარეჟისოროზე ჩავაბარე. დახმარება ვთხოვე ქალბატონებს - ლანა ღოღობერიძესა და ნანა ხატისკაცს, ოღონდ იმას ვგულისხმობ, რომ ისინი უნდა დამერწმუნებინა, რომ ჩემზე დროს ტყუილად არ დაკარგავდნენ და იმედებს გავუმართლებდი. სწავლა დავამთავრე და ჩემდა სამწუხაროდ, კინოსტუდია დაიშალა.

ბატონ რობერტ სტურუას დღემდე ვუმადლი, რომ საშუალება მომცა მესწავლა დღის დასწრებულზე და თან მემუშავა, რაც მაშინ კანონით არ შეიძლებოდა. უწყვეტი შტატი, რომელიც მომყვება რუსთაველის თეატრში, მისი დამსახურებაა და ზუსტად იმ წელს, როცა ისევ სტუდენტი გავხდი, თავის ასისტენტად ამიყვანა. "ას ერგასის დღე" ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა. იქ პატარა ეპიზოდს ვთამაშობდი, ბატონ რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად; ახალგაზრდა ჰიტლერი ვიყავი, რომელიც მას - ასაკოვან ჰიტლერს გამოეცხადება. ტაშიც გვქონდა... ჩემი ბიოგრაფიის საუკეთესო მოგონებაა, თან ბატონ რამაზთან თამაში სატრაბახოდაც მეყოფა (იცინის).

- არ გიფიქრიათ სპექტაკლის დადგმა?

- შანსი მქონდა დამედგა. შემომთავაზეს კიდეც და 90-იან წლებში რუსთაველის თეატრში დავიწყეთ ამერიკული პიესის რეპეტიციები. მე თვითონ ვთამაშობდი... ეტყობა, ყველა წამოწყებას თავისი დრო აქვს. მერე ვთხოვე რეჟისორ რეზო ჩხაიძეს და მან დაასრულა სპექტაკლი, რომელსაც ერქვა "წელიწადში ერთხელ". ვთამაშობდით მე და მარინა ჯანაშია. საკმაოდ სიმპათიური სპექტაკლი გამოვიდა. მახსოვს, ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ რომ ნახა, სულ გმირები გვეძახა: ასეთ სიცივეში, ამისთანა თბილი სპექტაკლი როგორ დადგითო. სხვათა შორის, ბევრს ახლაც ახსოვს ის სპექტაკლი.

- თქვენს პარტნიორებს შორის იყვნენ ეროსი მანჯგალაძე და სესილია თაყაიშვილი, მათ როგორ გაიხსენებთ?

- ეროსი ჩემთვის ყველაფრის მწვერვალი იყო. იმდენი როლი ითამაშა, ბედნიერი კაცი მეგონა და თურმე, რამდენი სევდა ჰქონია, როგორი გულდაწყვეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან. როცა ეროსის პიროვნებას ვიხსენებ, შემიძლია ვთქვა, რომ ის იყო სხვისი საქმეებისთვის დაბადებული კაცი. დილით ადგებოდა და ჩამოწერილი ჰქონდა, ვის რაში უნდა დახმარებოდა - ტელეფონის დადგმა, ჯარიდან დახსნა ან გადავადება, ბინის მიღებაზე პრობლემის გადაჭრა და ა.შ. ვისაც უჭირდა, ახლობელი იყო თუ უცნობი, ყველას ეხმარებოდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობას. ის კი არა, რომ გარდაიცვალა, ორი კვირის მერე ერთმა თანამდებობის პირმა დარეკა თეატრში: ეროსი უნდა მოსულიყო ჩემთან და ვიღაცის დახმარებას აპირებდა. გეხვეწებით, გაიკითხეთ, ვინ იყო და რა უნდოდაო? მართლაც, გავარკვიეთ ეს ამბავი და იმ კაცმაც გააკეთა, რაც საჭირო იყო.

ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, ქალბატონ სესილიასთან ერთად რამდენიმე თვე მემუშავა ფილმზე "ქორწინება იმერულად". ის მთელი საქართველოს მიერ ბებიის სიმბოლოდ გახლდათ აღიარებული. მაშინ მივხვდი, მისი წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო იყო ის, რომ რეალისტური მსახიობი გახლდათ და იმავეს ითხოვდა ყველასგან. ერთ ყალბ ინტონაციას არ გაპატიებდა, იმწუთას გაგისწორებდა. თუ შეასრულებდი, შენზე უკეთესად არავინ მიაჩნდა და მაშინ, შენთან მეგობრობდა. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. იმ დროს ორივე ბებია ცოცხალი მყავდა, მაგრამ ქალბატონი სესილია ჩემს ფიქრებში იყო და ასე ვთქვათ, მესამე ბებიად მიმაჩნდა (იცინის). გავივლიდი ხოლმე მის სახლთან, ფანჯარაზე მივუკაკუნებდი, კოცნას გავუგზავნიდი, სიგარეტზე გავეგზავნებოდი... ჩემთვის საუკეთესო ადამიანი იყო.

GzaPress "ყვარყვარეში" რევოლუციონერს ვთამაშობდი, სადაც დოდო აბაშიძე გავიცანი. მე და ბატონ დოდოს საერთო გადაღების ეპიზოდები არ გვქონია, მაგრამ ჯგუფში ხომ ვიყავი და ვაკვირდებოდი. ის იყო ნამდვილი ვაჟკაცი, წელგამართული, ამაყი, განათლებული, ლაღი, მოქეიფე, მომფერებელი კაცი. პოეზია უყვარდა უსაზღვროდ, ბოდლერის თაყვანისმცემელი ყოფილა... ერთ დღეს ბედნიერება მქონდა, რომ შევესწარი პოეზიის ზეიმს, როცა გორიდან თბილისამდე მანქანით ვიმგზავრეთ. წინ ბატონი დოდო და ბატონი ეროსი ისხდნენ, მე უკანა სავარძელზე. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტ ლექსს იტყოდა გაუჩერებლად. მე არბიტრივით ვიყავი და ვხარობდი მათი შემყურე. - თქვენი კინოროლებიდან ერთ-ერთია თემო - ქართული ტელეფილმისა და გერმანიის ერთობლივ ფილმში "ელზა". რით იყო საინტერესო ეს გადაღებები?

- ფილმის სიუჟეტი მელოდრამატულია: ქართველი რეჟისორი გერმანიაში მიდის და სპექტაკლს დგამს. წასვლის წინ, ქართველი ბიჭი სთხოვს, რომ გერმანიაში მოძებნოს ქალი, რომელიც მისი ნახევარდაა. ბიჭის მამა მეორე მსოფლიო ომში იყო და იცოდა, რომ გერმანიაში ქალიშვილი ჰყავდა. რეჟისორი პოულობს იმ ქალბატონს, რომელიც მერე საქართველოში ჩამოდის. ფილმში მე ვიყავი მისი ძმა. ელზას როლს ერთ-ერთი ცნობილი გერმანელი (გდრ) მსახიობი, ჰანელორე ელსნერი თამაშობდა, გადასარევი ქალი იყო. სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა. მსგავსი პროფესიონალიზმი, რაც გერმანელებს ჰქონდათ, გასაოცარია. გაწერილი ჰქონდათ დღეში გადასაღები საათების რაოდენობა და 12 დღეში უნდა დაემთავრებინათ, ბანკეტიც კი იყო განსაზღვრული. ყველაფერი ზუსტად შეასრულეს.

- ზოგი მსახიობი ამბობს, რომ მთავარი თეატრია და კინოში გადაღებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. თქვენ როგორ ფიქრობთ და ზოგადად, გიყვართ გადაღებები?

- როგორ არ მიყვარს. რამდენჯერ მიოცნებია კიდეც, ნეტავ დამიძახონ-მეთქი. ნურავინ იტყვის, რომ კინოში გადაღება არ უნდა და თეატრი ურჩევნია. რა თქმა უნდა, თეატრი მთავარი ბაზაა, იქიდან უნდა მოიტანო ის, რაც იცი. ყველა მსახიობს, ყოველ შემთხვევაში, ვისაც მე ვიცნობ, ერთი სული აქვს, როდის მიიწვევენ კინოში. მით უმეტეს, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში არჩევანის საშუალება არ არის და როლზე უარს არავინ ამბობს. თან ისე სწრაფად მიდის დრო, თუნდაც ამ 70-მა წელმა, მართლაც წუთივით გაიარა. წუთისოფელიო, ხომ თქვა ჩვენმა წინაპარმა. რამდენი ჩემნაირი მსახიობი და ჩემზე უფრო ნიჭიერიც, აღარ არის ამქვეყნად. ბევრმა ვერ მოასწრო რაღაცის თქმა, ბევრმა მოასწრო და მერე გაჩერდა.

ბოლო წლებში გახმაურდა სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" (გრიშა კაკაჩიას როლი), ჩემთვის ეს ღვთის საჩუქარი იყო, აბა რა? ბედნიერებაა, რომ შევიძინე ახალი მეგობრები. სერიალში რომ დამინახა ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა გიორგი ლიფონავამ და თქვა, თქვენ უნდა გადაგიღოთო და ერთი ეპიზოდიდან დაიწყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, მის გვერდით იდგა ქეთი დევდარიანი და ის ხალხი, ვინც დღემდე მუშაობს. საოცარ კომფორტში ვიყავი, საინტერესო სამუშაო იყო, სხვა ამპლუა მოვსინჯე, გმირის ასაკიც მქონდა. როგორ გინდა, ეგ სიტუაცია არ გამოიყენო? თან სამსახიობო ფორმა გადავირჩინე. საერთოდ, განებივრებული ვარ კარგ ადამიანებთან ურთიერთობით.

ნანული ზოტიკიშვილი