ნოდარ გურგენაშვილს ხალხთან ურთიერთობა და მრავალფეროვნება ენატრება - გზაპრესი

ნოდარ გურგენაშვილს ხალხთან ურთიერთობა და მრავალფეროვნება ენატრება

ალბათ, საქართველოში იშვიათია ადამიანი, ვინც მსახიობ ნოდარ გურგენაშვილს არ იცნობს: თავის დროზე, სერიალში - "შუა ქალაქში" ნოდარის მიერ განსახიერებულმა პაატამ (პეტო) ბევრ ტელემაყურებელს შეაყვარა თავი... დავინტერესდით, თუ რას საქმიანობს მსახიობი ამჟამად, რა გეგმები აქვს და როგორ გაუმკლავდა კორონავირუსით შექმნილ დისკომფორტს.

- მართლაც, კარგა ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. სერიალი - "შუა ქალაქში" საკმაოდ დიდხანს გადიოდა. ყველაფერს დასასრული აქვს. ალბათ, ეს სერიალიც უნდა დასრულებულიყო, კარგ ფონზე... შემდეგ პატარ-პატარა გადაცემებში დაკავებული ვიყავი, თუმცა ისეთში - არა, რომ ისეთივე დატვირთვით მემუშავა, როგორც სერიალში... მერე ისე მოხდა, რომ "გავჩერდი" - ასე ვთქვათ, პაუზა ავიღე. ხომ იცი, ასეთ დროს დრო რა უცბად გადის? აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი პაუზა გამომსვლია (იღიმის)... ეკრანიდან ჩემი გაუჩინარება იმ მიზეზით არ იყო განპირობებული, რომ ჩემს სამუშაო სფეროს შევეშვი და მუშაობის გაგრძელება აღარ მინდოდა. ადამიანების ცხოვრებაში არის ეტაპები, როცა ცხოვრების სტილიდან "ამოვარდებიან". მერე ზოგი საქმეს თავს მართლა ანებებს, ზოგს - სტიმული არ ჰყოფნის, ფსიქოლოგიურადაც ვერ უმკლავდება სიტუაციას... მე ასეთი მიზეზი არ მქონია. მართალია, ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა, მაგრამ საქმის გაგრძელებას აუცილებლად ვაპირებდი. იმ პერიოდში, სტანდარტულად ვცხოვრობდი. მუსიკით ვიყავი დაკავებული (ამ ამპლუაში ბევრს ვერ წარმოვუდგენივარ). მუსიკას ახლაც "ვაკეთებ", ამ მიმართულებით ვვითარდები. ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ უქმად გავჩერდე, მოვეშვა და არაფერი ვაკეთო.

- აღნიშნეთ, მუსიკით ჩემი გატაცების შესახებ ბევრმა არ იცისო, მაგრამ მახსოვს თქვენი ბენდი - "ელექტრომაუსი". ის ისევ არსებობს?

- ბენდი რთული რამეა: ბენდის წევრების შეკრება, მუდმივი რეპეტიციები... თან, ყველას უნდა ეცალოს, საქმეში გულით უნდა იყო ჩართული, ყველას ერთნაირი მოტივაცია ჰქონდეს... ჩემს ბენდში 4 ადამიანი იყო. ზოგს საჭირო დონის მოტივაცია არ ჰქონდა, ზოგი რეპეტიციაზე ხშირად მოსვლას ვერ ახერხებდა. ბოლოს საქმე ისე წავიდა, რომ ბენდი დაიშალა. ფაქტობრივად, მარტო დავრჩი, მაგრამ ამით ცუდი არაფერი მომხდარა: ელექტრონულმა მუსიკამ ძალიან გამიტაცა, შემიყვარდა. სპეციალური პროგრამები ვისწავლე და მუშაობა მარტომ დავიწყე, რაც ძალიან კომფორტულია! იმ სიტუაციას სჯობს, როცა ბენდის რომელიმე წევრს მესამედ "მოუკვდება ბებია" და რეპეტიცია ჩაიშლება (იცინის)... მოკლედ, ბენდის დაშლის გამო დისკომფორტი არ მიგრძნია. ახლა საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული, სამუშაოდ კონკრეტული დრო არ მაქვს - ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მინდა და როცა მინდა. ხელს არაფერი მიშლის.

GzaPress

- თქვენ მიერ შესრულებული იუმორისტული სიმღერები მახსოვს. ახლა მუსიკისთვის ტექსტებსაც წერთ? - ჩემ მიერ შექმნილი მუსიკა ვოკალის ელემენტებს შეიცავს, თუმცა, რასაც "სიმღერა" ჰქვია, ეს არ არის. არ ვამბობ, რომ ის საქმე, რასაც მაშინ ვაკეთებდი, არასერიოზული იყო: საერთოდ, ყველაფერს დიდი მონდომებით, მთელი გულით ვასრულებ. უბრალოდ, ახლა რასაც ვაკეთებ, საერთოდ სხვა სტილი და ჟანრია. ტექსტებს ძირითადად, ინგლისურ ენაზე ვწერ. მუშაობის პროცესში ვარ. როცა დავრწმუნდები, რომ ნამუშევარი ხარისხიანი, დახვეწილი და მეტ-ნაკლებად სრულყოფილია, ფართო საზოგადოების წინაშე მაშინ გამოვიტან. სხვა შემთხვევაში, მსმენელისთვის მოსაბეზრებელი იქნება. საქმეს სერიოზულად ვეკიდები. ეს გასართობი არ არის. ბევრი მუშაობა სჭირდება.

- ქართულ იუმორისტულ გადაცემებს თვალყურს ადევნებთ? როგორ აფასებთ, როგორ ვითარდება, რა მოგწონთ და რა - არა?

- საერთოდ, ტელევიზორთან ჩემი დამოკიდებულება დისტანციურია - ტელევიზორის მოყვარული დიდად არ ვარ. მხოლოდ სპორტული გადაცემებისა და ფილმების ყურება მიყვარს. იუმორისტულ გადაცემებს რაც შეეხება, ბევრნაირი ფორმატისაა: ღამის შოუები, სკეტჩშოუები, სერიალები... ჩემი აზრით, მრავალფეროვნება უკეთესი იქნებოდა (იმას არ ვამბობ, რომ რასაც აკეთებენ, ცუდია). ეს მხოლოდ ქართულ გადაცემებს არ ეხება - საერთოდ, მთელ მსოფლიოში ასეა.

- მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე არ ჩანდით, დარწმუნებული ვარ, უცხო ადამიანები მაინც გცნობდნენ. თუმცა ახლა, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გამოჩენის შემდეგ, თქვენ მიმართ ხალხის ყურადღება ხომ არ გაიზარდა?

- მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მართლაც, არსად გამოვჩენილვარ, ხალხს ისე მოსწონს, რაც გამიკეთებია, რომ ყურადღებას სულ ვგრძნობდი და ვგრძნობ. მაგალითად, დღეს სკვერში სასეირნოდ გავედი. ძალიან მესიამოვნა, რომ ხალხიც ნელ-ნელა გარეთ გამოვიდა. ყველა ყველაფერს მონატრებულია... ჩემთან ბავშვები მოვიდნენ, ფოტოები გადაიღეს, გულთბილი დამოკიდებულება გამოხატეს. ასეთი რაღაცები სასიამოვნოა. არ მიგრძნია, რომ ჩემ მიმართ ხალხის ინტერესი და გულთბილი დამოკიდებულება განელებულიყოს.

- იმ პერიოდიდან, როცა ეკრანზე აქტიურად ჩანდით, ყველაზე მეტად რომელი სიტუაცია მოგენატრათ?

- ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. საერთოდ, მიყვარს, როცა დატვირთული ვარ - სულ სიახლეებში, მოქმედებაში ვიმყოფები... ამ სფეროში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ: პატარა ასაკიდანვე მსახიობობა გადავწყვიტე. მერე თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, დაკავებული ვიყავი თეატრში, ტელევიზიაში... ბოლოს ტელევიზიაში გავაქტიურდი... ხალხთან ურთიერთობასა და მრავალფეროვნებას გამოვყოფ, რაც ძალიან მენატრება. საქმე ის არაა, რომ სადღაც წახვიდე, კამერა ჩართო და თუნდაც, ამას შემოსავალი მოჰქონდეს. საქმეში მთელი გუნდია ჩართული! ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სიახლე შემოიტანონ. ძალიან მაგარი პროცესია... სხვათა შორის, მსახიობებისგან გამიგონია, რომ რეპეტიციების პროცესი სიამოვნებას არ ანიჭებთ. მოსწონთ, როცა კონკრეტულად გადაღება იწყება ან სპექტაკლია, ან - კონცერტი. პირადად მე, მომზადების პროცესი მართლა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა, გადაღება, სპექტაკლი თუ კონცერტი კი უკვე პიკია!..

GzaPress

- კარანტინის პერიოდი როგორ გარემოში გაატარეთ? ამ სიტუაციამ რა დისკომფორტი შეგიქმნათ? - დისკომფორტი მარტო მე კი არა, მთელ მსოფლიოს შეუქმნა. დედამიწაზე ისეთი ცუდი რაღაც მოხდა, რომ შეუძლებელია, ამ პლანეტაზე ცხოვრობდე და ეს ყველაფერი გულთან არ მიიტანო... გარკვეული პერიოდით შინ ჯდომამ მეც მომიწია, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან ერთ ადგილზე ყოფნას მიჩვეული არა ვარ. ბევრ რაღაცაზე ჩავფიქრდი. მხოლოდ მე კი არა, მთელ მსოფლიოში ადამიანებმა სხვაგვარად ფიქრი დაიწყეს... თავიდან, შექმნილი სიტუაცია მეც მძიმედ მივიღე. მერე უკვე დავფიქრდი: არ შეიძლება, ადამიანი უბრალოდ, სახლში იჯდე, რაღაც უნდა აკეთო, რადგან ბევრი დრო გაქვს. ცხოვრებაში პირველად ვარჯიშის დაწყება გადავწყვიტე (იცინის). თავიდან მეგონა, რომ ამას დროის გასაყვანად ვაკეთებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი და სასიამოვნო ყოფილა! ვარჯიში ადამიანზე დადებით ზეგავლენას ახდენს: ფიზიკურს, გონებრივს, სულიერს... მოკლედ, ვარჯიში საკმაოდ სერიოზულად აღვიქვი და მონდომებით ვაგრძელებ. მაგალითად, რაც ვარჯიში დავიწყე, ნაკლებ სიგარეტს ვეწევი, ნაკლებ ყავას ვსვამ, ჯანსაღად ვიკვებები, დილით ადრე ვდგები. იმის თქმა მინდა, რომ რაღაც მაინც ვიპოვე, რითიც გავაქტიურდებოდი, არ მოვეშვებოდი. თან, ისე მომეწონა, რომ ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ყველას მოვუწოდებ. საერთოდ, არ მომწონს, როცა თუნდაც გარდატეხის ასაკში მყოფი სკოლის მოსწავლეები სიგარეტს ეწევიან, ალკოჰოლს მოიხმარენ: ეს ის ასაკია, როცა ადამიანი არა მხოლოდ გონებრივად ყალიბდება, არამედ მისი სხეულიც ვითარდება. სიგარეტის თუ ალკოჰოლის მოხმარებით სხეულის ჩამოყალიბებას ხელს უშლი. ამიტომ ვამბობ, რომ ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მაგარია. შეიძლება, ამას ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ, როგორც ამბობენ, - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუნდაც ჩემთვის "გვიან" იყოს, სხვებისთვის "ადრე" ვამბობ: სიგარეტს, ალკოჰოლსა და მსგავს არაჯანსაღ რაღაცებს ვარჯიში და ფორმაში ყოფნა სჯობს. საერთოდ, მსახიობის პროფესია კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნასაც მოითხოვს. არტისტს, მით უმეტეს, როცა ეკრანზე ჩანს, მოუწესრიგებლობა არ უხდება. თუნდაც ჰოლივუდურ ფილმებს შევხედოთ: ყველა ფორმაშია, ნავარჯიშებია... ცხოვრების ჯანსაღი წესი ადამიანს არა მხოლოდ სხეულზე, არამედ სახეზეც ეტყობა.

- ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებაც გვითხარით.

- დაოჯახებული ვარ. ორი შვილი - გოგონა და ბიჭი მყავს. ჩემთვის ამაზე მაგარი არაფერია!

- დაბოლოს, თქვენს გეგმებზეც გვითხარით: ვიცი, რომ გარკვეული სიახლეები გაქვთ, არა?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით, რადგან ჯერ რაღაცები კეთდება. გამოჩნდება და ყველა ერთად ვნახავთ. მანამდე, როგორც გითხარით, მუსიკით ვარ სერიოზულად დაკავებული: მინდა, დავხვეწო და როცა შევატყობ, რომ მზადაა, ხალხმა მოისმინოს... ამჟამად, სპორტული ინტერნეტშოუს ერთ-ერთი წამყვანი ვარ. ბევრი მაყურებელი გვყავს. კარგი, სახალისო სპორტული შოუა.

ეთო ყორღანაშვილი