მოუთვინიერებელი აქლემი, გაწბილებული შს მინისტრი და კლოუნის ხანმოკლე კარიერა - გზაპრესი

მოუთვინიერებელი აქლემი, გაწბილებული შს მინისტრი და კლოუნის ხანმოკლე კარიერა

ბატონი ჯემალ ღაღანიძე თავისი დაბადების დღეს - 21 აპრილს უჩვეულოდ შეხვდა, საგანგებო რეჟიმის წესები არ დაურღვევია და მხოლოდ სატელეფონო მილოცვებს იღებდა. 87 წლის გახდა. იანვარში რუსთაველის თეატრმა ჯემალ ღაღანიძესა და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძეს (მის შვილიშვილს) საჩუქარი გაუკეთა: ფილმის - "როცა თეატრი ყველაფერია" - სახით, სადაც ორივე საუბრობს საკუთარ ბიოგრაფიაზე და შესულია ნაწყვეტები სპექტაკლებიდან მათი მონაწილეობით. ამჯერად, ბატონი ჯემალის მონაყოლ რამდენიმე სახალისო ამბავს შემოგთავაზებთ.

აქლემზე ამხედრებული ყეენი

- თბილისის 1500 წლისთავი საქართველოს საყოველთაო ზეიმად იქცა. საიუბილეო დღეს ყველა ქალაქი, რაიონი თუ სოფელი ზეიმობდა. თეატრებს გრანდიოზულ აღლუმში მონაწილეობა დაგვევალა. თეატრალურ კოსტიუმებში გამოწყობილი ასობით მსახიობი ახლანდელი თავისუფლების მოედანზე უნდა შევკრებილიყავით, ცეკვა-სიმღერითა და მხიარული ყიჟინით რუსთაველის პროსპექტზე ჩაგვევლო და მუშტაიდის ბაღში მივსულიყავით. ყველაფრის რეჟისურა ბატონ აკაკი ვასაძეს დაევალა, ხოლო ასისტენტები იყვნენ ბატონები გივი ძნელაძე და თამაზ ქვარიანი.

საიუბილეო დღემდე ერთი კვირით ადრე, გივი ძნელაძე მირეკავს: - ჯემალ, ხვალ 11 საათზე თეატრში უნდა მოხვიდე, ბატონი აკაკი ვასაძე გიბარებსო. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე ბატონ აკაკისთან გავჩნდი, რომელმაც აღლუმის სცენარი წაგვიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ გრანდიოზულ აღლუმს აქლემზე ამხედრებული ყეენი მიუძღვის წინ. ბატონმა აკაკიმ მითხრა: - ჯემალ, ეს ყეენი შენ უნდა იყოო! არ ველოდი ასეთ მთავარ როლს. მეტი ვერაფერი მოვახერხე და დაბნეულმა ვკითხე: - ბატონო აკაკი, კი მაგრამ, აქლემი სად უნდა ვიშოვოთ? - ზოოპარკში, - მოკლედ მომიჭრა. მოვიდა აქლემზე შეჯდომის დღეც. ბატონი აკაკი, გივი ძნელაძე და მე, თაზო ქვარიანის მანქანით ზოოპარკისკენ გავეშურეთ. შევედით დირექტორთან და ბატონმა აკაკიმ ჩვენი ვიზიტის მიზეზი მოახსენა. დირექტორმა ბატონ აკაკის უთხრა: - მართალია, სამი აქლემი გვყავს - დედა, მამა და შვილი, მაგრამ არა მგონია, რომელიმემ ზურგზე ადამიანი შემოისვას. მომვლელის გარდა, მათთან ვერავინ ბედავს მიახლოებასო. - ვცადოთ, - გამოვიდე თავი. - კი, ბატონო, - გვითხრა დირექტორმა და ყველანი ერთად, აქლემებისკენ გავემართეთ. გზაზე ზოოპარკის სხვა თანამშრომლებიც შემოგვიერთდნენ.

ღია ცის ქვეშ, დიდ ეზოში, ორი აქლემი ერთად დინჯად დასეირნობდა, ერთიც - ეზოს სიღრმეში წამოწოლილიყო. აქლემების ეზოს მეორე ეზო ესაზღვრებოდა, სადაც ზებრა ცხოვრობდა. აქლემების მომვლელმა ეზოს კარი გააღო და მომყევიო, მითხრა. კინოში ნანახი მქონდა, როგორ ისხდნენ ადამიანები ამ თვინიერ ცხოველზე. ამ იმედით გათამამებული, მომვლელ ქალბატონს შევყევი. - დაწოლილ აქლემთან მივიდეთ, უფრო ადვილად შემოვახტები-მეთქი. - ეგ დედა აქლემიაო, - მითხრა ქალბატონმა. მწოლიარე აქლემს, რომელიც რაღაცას იღეჭებოდა, ლაპარაკ-ლაპარაკით დაახლოებით 5 მეტრზე მივუახლოვდით. - რას ღეჭავს? - ვკითხე მომვლელს. - არაფერს, ფურთხს აგროვებს... პასუხს ყურადღება არ მივაქციე, აქლემს თვალებში შევცქეროდი, ის კი ისე მიყურებდა, ვერ მიხვდებოდი, ჩვენი ვიზიტი გაუხარდა თუ ეწყინა. ერთხელ კიდევ გავხედე ეზოს გარეთ დარჩენილ გულშემატკივრებს და აქლემზე შესაჯდომად გავწიე. უეცრად აქლემი წამოდგა. ის იყო, გავიფიქრე, ეს რამსიმაღლე ყოფილა-მეთქი, რომ რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სახეში შემომაფურთხა და ყმუილი დაიწყო.

ვიგრძენი, როგორ ამეწება სახესა და ტანზე თითქმის ერთი ვედრო წებოვანი მასა. ფურთხი ეგ არაფერი, აქლემის ყმუილს აყოლილი, ის ორი აქლემიც ჩემკენ დაიძრა. ამ ხმებზე მეზობელი ზებრაც გაგიჟდა, დაიწყო რკინის კარის მტვრევა. აურზაურს მეზობელი ცხოველებიც აჰყვნენ და მგონი, მთელი ზოოპარკი აბუნტდა. ერთი კი მომესმა მომვლელი ქალის განწირული ხმა, გავიქცეთო და მართლაც, როგორ აღმოვჩნდი ეზოს გარეთ, შეშინებული გულშემატკივრების გვერდით, არ მახსოვს. ასე ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში, "ყეენი" აქლემზე ვერ შევჯექი და აქლემი "ლინეიკით" შეცვალეს. მართლაც, მოიყვანეს ლამაზი, ცხენშებმული "ლინეიკა", მორთეს ხალიჩებით, მუთაქებით, დამაყენეს ზედ ყეენი და აღლუმს გავუძეხი. ზეიმმა ბრწყინვალედ ჩაიარა.

GzaPress მოქეიფე ქიშვარდი - ჩემს ახალგაზრდობაში, თბილისელ მოქეიფეთა შორის გამოირჩეოდა ქალაქის კოლორიტი ქიშვარდი. ქალაბიჭა ტიპი იყო, კარგი მუსიკალური მონაცემები და თამადობის უნიკალური ნიჭი ჰქონდა. თუ სადმე მინისტრები, უშიშროება ან ბობოლა საზოგადოება ქეიფობდა, ქიშვარდიც იქ იყო გამოჭიმული, სუფრის თავში - ყანწით ხელში. მაგრად ცეკვავდა, აკორდეონზე უკრავდა და საზოგადოებას შესანიშნავად ართობდა. საქორწილო მანქანის "კაპოტზე" რომ თოჯინებს ამაგრებდნენ, მაშინ ქიშვარდას დასვამდნენ ხოლმე აკორდეონით და მიქროდა მანქანა. ასე შემომჯდარი გამოწკეპილი ქიშვარდი სიმღერ-სიმღერითა და დაკვრა-დაკვრით თავს იგიჟებდა.

ერთხელაც, ისეთ სუფრასთან მოხვდა, სადაც "ემვედეს" მინისტრი კაჭარავაც იყო. ცოტა რომ დალიეს და შეზარხოშდნენ, მინისტრი წამოხტა, სადღეგრძელო დალია და ქიშვარდას მიაძახა: აბა, მიდი, მე რომ მიყვარს, ის სიმღერა შენებურად დაუკარიო. ქიშვარდამ ჯიბიდან "სვისტოკი" ამოიღო და ჩაჰბერა, მაგრამ რა ჩაჰბერა!.. გადაირია მინისტრი: - შე ასეთო და ისეთო, მაგის ხმა ყოველდღე მესმის და შენ ის დაუკარი, რასაც უქმე დღეებში უნდა ვუსმენდეო...

GzaPress კონკურსი ქართველი "კლოუნებისთვის" - ქართველებს ცირკის ძალიან კარგი მსახიობები გვყავდა, მაგრამ მთელ საბჭოთა კავშირში იყვნენ გაფანტულები. "მოსკოვის დეკადისთვის" საგანგებოდ შეკრიბეს "ქართული ცირკი". ამიტომ მოსკოვიდან ჩამოიყვანეს ცირკის მთავარი რეჟისორი, ვინმე მირონოვი, პროგრამის დადგმა კი გიგა ლორთქიფანიძეს დაევალა. ჯერი მიდგა ჯამბაზებზე და გამოცხადდა კონკურსი. საქმე ის იყო, რომ ქართველი კლოუნები არ არსებობდნენ. თეატრალურში ჩვენს კურსზე გურამ ღოღობერიძე სწავლობდა, რომელსაც ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელის, ბასა ღოღობერიძის მსგავსად, სახელი - ბასა შევარქვით. ბასა ტანდაბალი და დიდი იუმორის პატრონი იყო. მე - ტანმაღალს და მას - ტანდაბალს, ინსტიტუტში მშვენიერი საესტრადო ნომრები გვქონდა. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ბასა მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაანაწილეს, მაგრამ როდესაც ცირკში გამოცხადებული კონკურსის შესახებ გაიგო, მონაწილეობა გადაწყვიტა. მომადგა და მთხოვა, ჩვენი ნომრების საჩვენებლად გავყოლოდი. უარი ვერ ვუთხარი. წავედით, ეტიუდი გავითამაშეთ...

პასუხი მესამე დღეს უნდა გაგვეგო. ჰოდა, მესამე დღეს ბასას შემოუთვალეს, თუ შენი პარტნიორი ჯემალი მოვა, მიგიღებთ, ორივე ერთად გვჭირდებითო. საქმე იქამდე მივიდა, რომ კულტურის სამინისტროში დამიბარეს. მინისტრმა, ბატონმა ოთარ თაქთაქიშვილმა ფრთხილად შემომაპარა: - ჯემალ, მხოლოდ ათი დღით გვჭირდები. თეატრიდან არ გათავისუფლებთ, მხოლოდ პროგრამა ჩაგვაბარებინე, თანაც, დიდ ჰონორარს გპირდებიან. მოსკოვში ვინ გიცნობს, ჩამოხვალ და ისევ შენს თეატრს დაუბრუნდებიო. იგივე მთხოვა ჩემმა პედაგოგმა გიგა ლორთქიფანიძემ. ერთი სიტყვით, დავთანხმდი. დავიწყეთ რეპეტიციები. ერთად ვართ: ბასა, მე და "მოზარდის" ორი შესანიშნავი მსახიობი - შურა თედიაშვილი და გურამ ნიკოლაიშვილი. ორ თვეში პროგრამა მოვამზადეთ. ჩაბარებაზე ყველაფერი კარგად იყო, ოთხივე მოგვიწონეს, მაგრამ მოულოდნელად გამოგვიცხადეს, მოსკოვში წასვლამდე ათი დღე თბილისში უნდა იმუშაოთო. ამაზე კი აღარ დავთანხმდი და ასე დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა ცირკში.

ნანული ზოტიკიშვილი