ტურიზმი და "კოვიდ-19" ერთ სასწორზე - გზაპრესი

ტურიზმი და "კოვიდ-19" ერთ სასწორზე

რამდენიმეეტაპიანი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ამოქმედების პარალელურად, ვიცით, რომ ხელისუფლებამ ტურისტული სეზონის გახსნაც დააანონსა და 15 ივნისიდან შიდატურიზმი, პირველი ივლისიდან კი - უცხოელი ტურისტების შემოყვანა დაუშვა. როგორც სასტუმროების მეპატრონეები პირად საუბრებში აღნიშნავენ, სექტემბრამდე უკვე ყველა ჯავშანი გაკეთებულია. ერთია ეკონომიკური მიმართულება, მეორე - პანდემიის კვლავ გავრცელების დიდი საფრთხე, რაც ტურისტების შემოდინებას შეიძლება ახლდეს თან, იმის მიუხედავად, რომ თითოეულ მათგანს ყველა საჭირო ნორმის დაცვას მაქსიმალურად მოსთხოვენ, გარდა ამისა, მათ უნდა წარადგინონ თავიანთი ქვეყნის სანდოდ აღიარებული ლაბორატორიებიდან "კოვიდ-19"-ზე ჩატარებული ანალიზის პასუხი, რომელიც არ უნდა იყოს სამ დღეზე მეტი ხნით ადრე გაკეთებული. თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ახლდეს ტურიზმის ამუშავების ამ გეგმას, მოსახლეობის შეხედულებები, ცხადია, არაერთგვაროვანია. აზრის დაფიქსირება საზოგადოების წარმომადგენლებს ვთხოვეთ.

- ნოდიკო, როგორ ჩაიარა თქვენთვის კარანტინის თვეებმა?

GzaPress ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი: - რთულად, რადგან სახლში, საქმის გარეშე ჯდომას მიჩვეული არ ვარ და ძალიან გამიჭირდა, ცოტა უჩვეულო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ზოგადად, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს, ყველაზე კომფორტული ადგილია, მაგრამ უსაქმურად ყოფნა არ შემიძლია და ვამბობდი, ამის შემდეგ აღარ ვიწუწუნებ ბევრი საქმის გამო-მეთქი. ისეთი გრაფიკი მქონდა, მე როცა ვიღვიძებდი, ჩემები სახლში აღარ იყვნენ და როცა სახლში ვბრუნდებოდი, მათ უკვე ეძინათ. მოკლედ, ხშირად ერთმანეთს ვერც კი ვნახულობდით. ახლა მივხვდი, წუწუნი არ შეიძლება, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ამიტომ, მეც გამიჭირდა უცებ სახლში ჩაჯდომა, დათრგუნვილი ვიყავი იმ ყველაფრის გამო, რაც მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ხალხზე, ახლობლებზე ვნერვიულობდი. მადლობა ღმერთს, ჩვენი ექიმების დამსახურებით, მგონი, გადავიარეთ კრიზისული პერიოდი. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ჩვეულ რეჟიმში უცებ ჩავდგებით, მაგრამ იმედი ნამდვილად მაქვს, რომ ყველაფერი ეტაპობრივად დასტაბილურდება. გული მწყდება, რომ ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, შემოსავლის გარეშე დარჩა და ეკონომიკური თვალსაზრისით, რა იქნება, ეს ნამდვილად არ ვიცი.

- სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესების მიზნით გადაწყვიტეს, რომ ტურიზმი "სწრაფ ფულს" მოიტანს და პირველი ივლისიდან სეზონის გახსნა დაანონსდა. მეორეს მხრივ, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება (შემოწმების მიუხედავად) კვლავ იმ საფრთხის წინაშე დაგვაყენებს, რაც ამდენი წვალების შედეგად ავიცილეთ და რის გამოც ორ თვეზე მეტით დავპაუზდით. როგორც მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოგვიტანოს უცხოელი ტურისტების შემოსვლამ? იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რა ურთულესი ეპიდსიტუაციაა მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოში.

- ზოგადად, ტურიზმი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ძალიან გვეხმარება, რადგან შემოსავალი ყოველთვის ახლავს, მაგრამ არ ვიცი, ეს ზაფხული რამდენად ნაყოფიერი იქნება ამისთვის, თუნდაც, ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით. მაგალითად, მე ამ ზაფხულს საზღვარგარეთ წასვლას ვგეგმავდი, მაგრამ აბსოლუტურად დავივიწყე ჩემი სურვილები და არსად წავალ. შიშის ფაქტორი მაინცაა, რადგან მე ხომ არ ვიცი, როგორ იცავენ პირობებს, ჰიგიენურ ნორმებს, რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ჯანმრთელობას სასწორზე ვერ დავდებ.

უცხოელი ტურისტების შემოსვლა, ნებისმიერ შემთხვევაში სარისკო მგონია. თუმცა, ეს ალბათ იმ ადამიანებმა უკეთ იციან, ვინც ამ სფეროშია. ეს შეკითხვა ადრეც მაწუხებდა, ადრეც ვამბობდი, - ვთქვათ, ჩვენ ეს პიკი და კრიზისი გადავლახეთ, მაგრამ მერე, როცა საზღვრები გაიხსნება და ფრენები დაიწყება, რა სიტუაციას მივიღებთ-მეთქი? ხალხი რომ შემოვა, ვირუსი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შემოჰყვეს და დაავადება სწორედ აქ გამოუმჟღავნდეს. არავინ ვიცით, როდის აფეთქდება იგივე ეპიდემია ჩვენს ქვეყანაში და როდის იქნება მეორე ტალღა. ამიტომ, მგონია, რომ ძალიან საფრთხილოა! ზედმიწევნით კარგად უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი. ისედაც ცოტანი ვართ და არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი, თითოეულის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესია. ასეთ საკითხებზე ვნერვიულობ და ჩემი უახლოესი ადამიანების მიმართ, გაშმაგებულ სიფრთხილეს ვიჩენ; ყველას ვაფრთხილებ, რომ წესები და რეკომენდაციები დაიცვან, ხელთათმანი, პირბადე გაიკეთონ, ხელები ხშირად დაიბანონ, ხალხმრავლობას მოერიდონ და ა.შ. მგონია, ესეც ამ მდგომარეობიდან გამოწვეული შიშებია და ნელ-ნელა გადაივლის.

- 15 ივნისიდან შიდატურიზმია ნებადართული. თქვენ თუ წახვალთ დასასვენებლად, თუნდაც, ზღვისპირეთში?

- მაქვს სახლი ბათუმში, ჩემი და ახლაც იქ არის და თბილისში თუ ვარ ჩემს სახლში, იქაც ჩემს სახლში ჩავალ და ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. კონცერტები არ ტარდება და არც რაიმე ისეთი ხდება, რომ ბევრ ადამიანთან მქონდეს კომუნიკაცია. იცით, შიდა გადაადგილებასთან დაკავშირებით, საშიშროებას საერთოდ ვერ ვხედავ, თუ, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას გაუფრთხილდება. ეს პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რა მოხდა მსოფლიოში, ასე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას რომ დაემსგავსა და უცებ ყველაფერი გაჩერდა, გადაიკეტა, ადამიანები დაავადდნენ და დაიღუპნენ, თუ ამას გააცნობიერებენ და პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. წესები დავიცვათ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება!

GzaPress გურამ შეროზია, ბლოგერი: - ტურისტული სეზონის გახსნას დადებითი კუთხით ვუყურებ იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკის გამოსაცოცხლებელი ღონისძიებების ჩატარება და რაკი ტურიზმს ჩვენთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი კეთდება. მგონია, გამოვცოცხლდებით და ნელ-ნელა დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ წესს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მალე დააბალანსებს იმ დანაკარგებს, რომელიც ამ ე.წ. ლოქ-დაუნით მივიღეთ.

სიმართლე გითხრათ, ტურისტების ჩამოსვლაში მინუსებს ვერ ვხედავ, რადგან რაღაცები ძალიან ალოგიკურია, - ორი თვე სახლში ვისხედით და ახლა, თურმე, არაფერი ხდება და არც რისკებს მოიცავს. თუ ასეთი ურისკოა, მაშინ რატომ ვისხედით სახლში? და თუ ასეთი საშიშია, ხუთი ადამიანი რომ გვყავდა დაინფიცირებული, მაშინ რატომ გამოგვკეტეს და ახლა, რამდენიმე ასეული რომ გვყავს, საშიში აღარ არის? ამ ლოგიკას ცოტა ვერ ჩავწვდი. თუმცა, მესმის იმ ხალხისაც, ვინც პანიკაშია და ჰგონიათ, რომ გარეთ თუ გამოვლენ, ვირუსი შეეყრებათ, აუცილებლად მოკვდებიან. ამ ხალხს არავინ უკრძალავს, შეუძლიათ, 2021 ან 2050 წლამდე ისხდნენ სახლში და ცხვირი არ გამოყონ. პროდუქტის სახლში მიტანის უამრავი სერვისია. ჩემი აზრით, ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ვინც ვთვლით, რომ ყველა წესს დავიცავთ, უსაფრთხოების სტანდარტს, უნდა ვიმოგზაუროთ და ის ხალხი, ვისაც ჰგონია, რომ კორონა "სახეში შეახტება" იმ შემთხვევაშიც, თუ ხელს არაფერს მოჰკიდებს, იყოს სახლში. მე ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფრის მიმართ. რეალურად, ნებისმიერი დაავადება და ეს კონკრეტულიც, შესაბამისი დაცულობის პირობებში, ნაკლებად საფრთხის შემცველია. ამიტომ, თუ ფრთხილად ვიქნებით, მაღალი დონის პასუხისმგებლობას ავიღებთ, ყველაფერი კარგად იქნება! შესაბამისად, ტურიზმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მივესალმები და ამ ზაფხულს თვითონაც აუცილებლად ვგეგმავ მოგზაურობას!

GzaPress დათო გოგიშვილი, ისტორიკოსი: - თუკი ხელისუფლება მზადაა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს, გამოდის, რომ მოვლენათა შესაძლო განვითარების რამდენიმე სცენარზეც ნაფიქრი აქვთ. ბუნებრივია, მოფიქრებული ექნებათ ეპიდუსაფრთხოების რაღაც მექანიზმები, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს შემოსული ტურისტების გამო. მაგრამ ამ განცხადებას, გარდა ეკონომიკურისა, გააჩნია თავისი პიარ მხარეები და რისკები. კერძოდ: პირველ ივლისს, ასე პირდაპირ ტურიზმისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს ჩვენზე გაცილებით დიდი პოტენციალისა და ეკონომიკების მქონე ქვეყნებმა. მე ზედმიწევნით ზუსტად და კარგად ვიცნობ, მაგალითად, რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მენტალიტეტს და მათი აზროვნების სტრუქტურას გადაწყვეტილებების მიღებისას. აი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უკიდურესად დაბოღმილები არიან საქართველოს ამ გადაწყვეტილებით. მათზე 300-ჯერ ნაკლებმა საქართველომ ამ გადაწყვეტილებით სილა გააწნა რუსეთს და 146-მილიონიან ქვეყანას დაანახვა, რომ კრიზის-მენეჯმენტი, როგორც ასეთი, საერთოდ არ გააჩნია. რუსეთი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა კორონავირუსთან ბრძოლაში. მოგეხსენებათ, ჩვენი ტურისტული ბაზრის მომხმარებელთა მინიმუმ 70% რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე მოდის. მაღალი ალბათობით ვვარაუდობ, რომ რუსები თავის მოქალაქეებს დასასვენებლად წასვლას ამ ზაფხულს კი არა, ახალ წლამდე აუკრძალავენ. აი, ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას. ვისაც ჰგონია, რომ საქართველოში ჩამოსვლაზე "შიგანს იბრდღვნიან" ფრანგები, ბრიტანელები, ესპანელები და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეები, ძალიან ცდებით. ქართული ტურისტული ბაზრის ძირითადი მომხმარებელი, კიდევ ათეული წლის განმავლობაში იქნება პოსტსაბჭოთა სივრცე. ვფიქრობ, აჯობებდა ცოტა სხვა ფორმულირება და შეფუთვა მოძებნილიყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად. პიარულად დატვირთულია, მე ასე ვფიქრობ. არადა, მართლაც, საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები წყალში რომ ჩაუყარო და ეს არ დაინახო, დიდი სიბრმავე იქნება. რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, თავისი მოქალაქეების ხარჯზე საქართველოს ეკონომიკას არ ასარგებლოს. არადა, მე რუსეთში უამრავი მეგობარი მყავს და უბედნიერესები არიან გახარიას ეს განცხადება რომ გაიგეს. დღეებს ითვლიან პირველ ივლისამდე. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება რუსულ "ინსტაგრამებზე". საქართველო ძალიან ენატრებათ! მაგრამ 95%-იანი ალბათობით გეუბნებით, რომ პუტინი არ გამოუშვებს. მათ აქედან ვიდეოები რომ დადონ, - ნახეთ, რა მაგარია საქართველო, რას მიაღწია და ჩვენ აქ რა კარგად ვერთობითო, პუტინს კიდევ უფრო შემოეყრება გულზე!

თამთა დადეშელი