"ოცნების ასახდენად დღემდე ვიღვწი..." - გზაპრესი

"ოცნების ასახდენად დღემდე ვიღვწი..."

მონდომება და თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის ეტყობა სალომე ჭაჭუას შესრულებულ ცეკვებს, თუმცა ნებისმიერ საქმეს, რასაც ხელს მოჰკიდებს, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით უდგება, რაც შედეგზე ყოველთვის აისახება...

- სალომე, დილით ჯერ საუზმობ თუ სოციალურ ქსელში პირად გვერდს ამოწმებ?

- ვსაუზმობ, რადგან ჩემთვის ეს ერთგვარი რიტუალია - ძალიან მიყვარს. ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ჯანსაღად ვიკვებები.

- გქონია პერიოდი, როცა საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო იყავი?

- ასეთი პერიოდი ყველა ქალს აქვს, მაგრამ რომ გითხრა, საკუთარი გარეგნობა არ მომწონს და ამის გამო თვითგვემას მივცემივარ-მეთქი, ტყუილი იქნება. ადამიანი საკუთარ თავს, ტანს ყველაზე უკეთ თავად ცნობ, არა? მაქვს პერიოდები, როცა მინდა, გარეგნობაში რაღაც შევცვალო, ვივარჯიშო, სხეულის ესა თუ ის ნაწილი "დავითხელო" ან პირიქით - "მოვიმატო" და ა.შ. ნებისმიერი ქალისთვის და საერთოდ, ადამიანისთვის, ყველაზე მთავარი და აუცილებელი არის ის, რომ საკუთარი თავი უყვარდეს და მოსწონდეს.

- ის ცხოვრებისეული ეპიზოდი გაიხსენე, რომელზეც ყოველთვის გეღიმება...

- ეს მაშინ ხდება, როცა ჩემს პროფესიაზე, ცეკვაზე ვსაუბრობ... ეს სფერო ღიმილის მომგვრელიც არის და ყველაფერიც...

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- სალომეს (იცინის). გააჩნია, როდის ვიყურები: თუ დილით, სახის, ვარცხნილობის მოწესრიგებას ვიწყებ - ასეთ დეტალებს ვაკვირდები; თუ სადმე მივიპრანჭები, საკუთარ თავს მთლიანად ვუყურებ.

- სოციალურ ქსელში ვისი მიმდევარი ხარ?

- ბევრი ცნობილი ადამიანის. მათგან ლეონარდო დიკაპრიოს, ნაომი კემპბელს და მაიკლ ჯეკსონს გამოვარჩევ. საერთოდ, მაიკლ ჯეკსონი ჩემი ინსპირაციის წყაროა.

- ბოლოს ვინ და რის გამო გისაყვედურა?

- ვერ ვიხსენებ. ბავშვობიდან ვცდილობ, საყვედური არ მივიღო. ჩემთვის საყვედურს დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, ნებისმიერ საკითხს, რასაც შევეხები, დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. შემიძლია, თითზე ჩამოგითვალო, ცხოვრების განმავლობაში როდის უსაყვედურიათ... ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს... ისე, მეგობრები მსაყვედურობენ ხოლმე, რადგან საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. ჩემი რეჟიმის გამო, გასართობად ხშირად არ დავდივარ. მეუბნებიან, - ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც გასართობად წამოხვიდეო?.. კიდევ, დედაჩემი მსაყვედურობს - ამდენი მუშაობით, ვარჯიშით გადაიწვებიო...

- საკუთარი გვარ-სახელი ბოლოს როდის "დაგუგლე"?

- ხშირად "ვგუგლავ", რადგან მაგალითად, უცხოეთში ლინკის გაგზავნა სჭირდებათ...

- ბედნიერებისთვის რა გჭირდება?

- ასე ვცხოვრობ: პატარა დეტალებისგანაც ენდორფინებს ვიღებ. ბედნიერებისთვის არ მჭირდება, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული, დიდი მოვლენა მოხდეს. მნიშვნელოვანი ეს არის. ადამიანმა ბედნიერად უნდა იგრძნოს თავი ყოველ წამს, წუთს, დღეს. როცა დეტალებიდან იწყებ ბედნიერების აღქმას, ბევრ რამეში გეხმარება...

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- სიზმრებს იშვიათად ვხედავ ან თუ ვხედავ, არ მახსოვს (იცინის).

- სამოსი, რომელსაც არასოდეს ჩაიცვამ...

- ასე გადაწყვეტილი არ მაქვს. ალბათ, ისეთ სამოსს არ ჩავიცვამ, რომელიც არ მიხდება.

- შესაძლებელი რომ იყოს, შენი ცხოვრების რომელ ეპიზოდს წაშლიდი?

- არც ერთს, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა - წარსული, რომელზეც ბევრ რამეს ვსწავლობ...

- ისეთი ცხოვრება გაქვს, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდი?

- ბედნიერი გახლავართ იქ, სადაც ახლა ვარ, რადგან რაც ახლა მაქვს, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიე. ყველას გვაქვს ეს შეგრძნება: შეიძლება, უფრო მეტი გვინდოდეს; შესაძლოა, ჩვენი სურვილი ისე ვერ განვახორციელეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ მოტივირებული ვართ, რომ განვახორციელოთ.

- შენი ბავშვობის დროინდელი ოცნება და რეალობა განსხვავდება?

- სხვათა შორის, განსხვავდება: არის ოცნება, რომელიც ჯერჯერობით, ახდენის პროცესშია. როცა ადამიანს ოცნება გაქვს, მის განსახორციელებლად მიზანი უნდა დაისახო. უბრალოდ, სურვილი რომ ჩაიფიქრო და არაფერი გააკეთო, ის მხოლოდ ოცნებად დარჩება. ჩემი ოცნების ასახდენად დღემდე ვიღვწი...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ტელეპორტაცია ძალიან მაგარი რამეა. მოგზაურობა მიყვარს და ტელეპორტაციის უნარს ამისთვის სიამოვნებით გამოვიყენებდი.

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ჩემთვის ადამიანობა მართლა ღირებული და ფასეულია.

ეთო ყორღანაშვილი