"ყველაფერზე მეტირება..." - გზაპრესი

"ყველაფერზე მეტირება..."

მაკა მახარაძე 70 წლისა გახდა. ამბობს, რომ ეს თარიღი თავისთავად, ცოტა არაა, მაგრამ ისეთი განცდა აქვს, რომ მას არ ეხება; ჰგონია, სხვაზეა საუბარი. ქალბატონ მაკას მართლაც არ ეტყობა ასაკი და ბევრს კიდეც უკვირს, ნუთუ 70 წლის არისო?!.

რა ემოციები ჰქონდა თავის დაბადების დღეს, ვინ მიულოცა პირველად და სად მიდის ხოლმე ამ დღეს აუცილებლად? - ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ახლა მოდაშია მილოცვები ღამის 12 საათიდან და როგორც კი შესრულდა ეს დრო, პირველი ზარი გაისმა. შინ ვიყავით ყველა, ვინც ერთად ვცხოვრობთ: ნატო და ნიკუშა, დათა და მანუ, დათას მეუღლე ნატუკა კახიძე. პირველმა დარეკა ვატო კახიძემ, ჩვენმა მძახალმა (იცინის). რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა. ამის შემდეგ დაიწყო და დაიწყო, ტელეფონი არ გაჩერებულა... მირეკავდნენ ევროპასა და ამერიკაში მიმოფანტული ძმისშვილები, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები. საკმაოდ გვიან დავიძინე. 19 მაისს დილით, ერთ-ერთ ტელევიზიაში მივედი, სადაც ძალიან თბილი და გულის ამაჩუყებელი შეხვედრა მომიწყვეს. როცა თემური ეკრანზე გამოჩნდა, არ ველოდი. მან თქვა, პირველი წელია, როცა ვერ ჩაგეხუტები, ვერ გაკოცებ და ვერ მოგილოცავო.

- თვალებზე ცრემლი მოგადგათ...

- ძალიან ამაღელვებელი იყო. გადაცემიდან პირდაპირ თემურთან წავედი, რომელიც თითქმის სამი თვე არ მენახა. ძალიან გაუხარდა. ის თაიგული, რომელიც მომართვეს, თემურს დავუტოვე. მთხოვა, წაიღეო, მაგრამ მაინც არ წამოვიღე. წამოსვლისას მითხრა, კარგი გოგო ხარო. იმასაც ჩემსავით, ყველაფერზე ეტირება, მაგრამ თავს იკავებს... მერე უმცროს ძმასთან, ივიკოსთან მივედი. შემდეგ, ტრადიციისამებრ, ჩემი მშობლების საფლავი მოვინახულე და მადლობა გადავუხადე, რომ ამ ქვეყანაზე ვარ.

- ქალბატონი მედეას დაბადების დღე იყო 15 მაისს. მშობლების დაბადების დღეებშიც მიდიხართ მათ საფლავზე?

- აუცილებლად და ჩემი დაბადების დღესაც ყოველთვის მივდივარ. მამას საფლავზე ვარდი, რომელიც მე დავრგე, წლების განმავლობაში სწორედ 19 მაისს იშლებოდა, ზოგჯერ - სხვა დღესაც, გაზაფხულს გააჩნია. მერე დაიწყო გაშლა სოფიკოს დაბადების დღეს - 21 მაისს... ახლა, ის ვარდი გახმა.

GzaPress

- სტუდიის ბავშვებმა როგორ მოგილოცეს? რას გეძახიან? - პატარები სახელით მომმართავენ, რასაც მშობლები განიცდიან. მე ვეუბნები, - ნუ უშლით, ბებოს ხომ სახელს ეძახიან ბავშვები, ჩვენ მეგობრები ვართ-მეთქი. სტუდიის მოსწავლეებმა "ფეისბუკით" მომილოცეს. პედაგოგებმა თითოეული მათგანი ათ-ათი წამით ჩაწერეს, მერე მშობლებმა მუსიკა დაადეს და ერთი სიტყვით, საოცარი მოლოცვები მქონდა. იმ დღეს ყველაფერი ვერც ვნახე, ტელეფონი ვერ მოვიგლიჯე ყურიდან. ზოგმა მოლოცვა მესინჯერში გამომიგზავნა.

- ზაფხულის გეგმები გაგვანდეთ.

- წარმოდგენა არა მაქვს. წეროვანში აგარაკი გვაქვს და იქ ავალთ, ეს ვიცი. ძალიან მინდა, ხულოში წავიდე, თუკი მიმოსვლის საშუალება იქნება.

- რატომ ხულოში? - წლების წინ, როცა "ბაში-აჩუკის" გადაღებიდან 25 თუ 30 წელი გავიდა, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე და დედაჩემი ხულოში დაპატიჟეს. ისეთი შეხვედრები მოუწყვეს ერთი კვირის მანძილზე, დედა აღფრთოვანებული მიყვებოდა: ხალხისგან ენით აღუწერელი სითბო, საოცარი სილამაზე და ბუნება არასოდეს დამავიწყდებაო. ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში საოცრად გულწრფელად ტიროდნენ თურმე, - "მელანო" ცოცხალი ყოფილაო. იმ შეხვედრების ორგანიზატორი, ქალბატონი ეთერი, გაზეთის რედაქტორი გახლდათ. როცა ასეთ რამეს ჰყვებოდა, სიმართლე გითხრათ, დედას გულისყურით არ ვუსმენდი, რადგან გაუთავებელი შეხვედრები და "სიყვარულები" პერმანენტულად გრძელდებოდა. მედიკო ხშირად იმეორებდა, არაჩვეულებრივი ეთერი, ეთერი... თუ დასავლეთში მივდიოდი ან ბათუმში, დედა სულ ამას ამბობდა: აუცილებლად ხულოში წადიო. ადვილი არ იყო, ცუდი გზის გამო. იქამდე ვერტმფრენით თუ მიაღწევდი.

2015 წელს ბათუმში ვიყავი გადაღებაზე და ერთი დღე დასვენება გვქონდა. ქალი მარტო მე ვიყავი და სამი კაცი; მათ ვთხოვე, - მანქანით ხართ და ხულოში ამიყვანეთ-მეთქი. იქ თეატრის ხელმძღვანელმა გვიმასპინძლა, რომელსაც მოვუყევი ეთერის შესახებ, მაგრამ გვარი არ ვიცოდი. დაფიქრდა და თქვა: ვიცი, ვინც არის, ახლა სკოლაში ქართულს ასწავლის, ეთერ დეკანაძეაო. გაიგო ტელეფონი, დაურეკა და მოსვლა სთხოვა, სხვა არაფერი უთქვამს. მოვიდა ქალი - სისადავის, სილამაზისა და ელეგანტურობის განსახიერება: თეთრი ქათქათა ტალღოვანი თმა, შუაზე გადაყოფილი და უკან შეკრული ჰქონდა; ლურჯი "კოსტიუმჩიკი" ეცვა, რომლის ზედას თეთრი მაქმანი ამშვენებდა; კისერზე მოკლე, თეთრი მარგალიტივით მძივი ეკეთა. ის იყო, დამინახა და ორივემ ტირილი დავიწყეთ. საოცარი და განსაკუთრებული ქალბატონია.

მას ამ დღეებში ვესაუბრე. თურმე დედა ღია ბარათებს უგზავნიდა ბუდაპეშტიდან, სოფიიდან, ბუენოს-აირესიდან, ისრაელიდან... და ისეთი თბილი სიტყვებით მიმართავდა, რომ ეთერმა თქვა, მე ასე ვერასოდეს დავწერო. და დაამატა: მედეა ისეთი ახლობელია ჩემთვის, რომ როცა მიჭირს, მას მივმართავ და ყოველთვის მაქვს მასთან კონტაქტიო.

GzaPress

- გაისად მედეა ჩახავას 100 წელი უსრულდება... - დღემდე ვერ მივსულვარ დედაჩემის არქივთან, რომ გადავარჩიო, ვერც მის ფილმებს ვუყურებ. დედა დროდადრო დღიურებივით ჩანაწერებს წერდა, იმას საერთოდ ვერ ვეკარები. არ გამოვა, არა... რამდენი ხანია, ჩემი შვილის მეგობარი ფოტოგრაფი, ირინა აბჟანდაძე (საოცარ წიგნებს აკეთებს) მეუბნება, მედეას ფოტოები მომეცით, სხვა რამეზე არ შეგაწუხებთო, მაგრამ... ალბათ, გავინძრევი, როგორც იქნება...

ნანული ზოტიკიშვილი