რატომ ვეღარ ცნობენ სოფო ბათილაშვილს? - გზაპრესი

რატომ ვეღარ ცნობენ სოფო ბათილაშვილს?

ახლახან სოფო ბათილაშვილის და ალეკო ბერძენიშვილის დუეტისთვის შექმნილი კლიპი გამოქვეყნდა, რომელიც ჩOVID-19-თან დაკავშირებულ მოვლენებს ეძღვნება... როგორც სოფომ გვითხრა, სიმღერის ჩაწერა მოასწრეს, სანამ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გამწვავდებოდა...

- სოფო, კარანტინის პერიოდი როგორ გაიარე?

- კარანტინში ყოფნისას ახლობლებს ხშირად ვერ ვნახულობდი. სხვა მხრივ, კომფორტის ზონაში ვიყავი, რადგან განმარტოება და ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა ყოველთვის მიყვარდა. ამიტომ ამ პერიოდის გადატანა არ გამჭირვებია - მხოლოდ ახლობლებისგან, მეგობრებისგან შორს ყოფნა მიჭირდა.

- საკუთარ თავს კარგად იცნობ?

- არა (იცინის). ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. რაც დრო გადის, ჩემი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, ახალი რაღაცები მიტაცებს; რაც წინათ მომწონდა, მის მიმართ ინტერესი უფრო მიღრმავდება... სულ ცვლილებებში ვარ. ამიტომაც მიჭირს, სათქმელად ჩამოვაყალიბო, როგორი ტიპის ადამიანი ვარ...

- შენი პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად, რა გეამაყება?

- რა მეამაყება (ფიქრობს)?.. ალბათ, სიყვარულის უნარი.

- ბოლოს გულწრფელი "ბოდიში" როდის თქვი?

- გუშინ თუ გუშინწინ: სახლში დებატების მსგავსი გვქონდა. როცა მივხვდი და დამაჯერეს, რომ ჩემი პოზიცია მცდარი იყო, მალევე, 30 წამში ვაღიარე და ბოდიში მოვიხადე, თუმცა საბოდიშოც დიდად არაფერი ყოფილა...

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელ ფერს აირჩევდი?

- თეთრს, მაგრამ ხვალ რომ იგივე მკითხო, შეიძლება გიპასუხო, - შავს-მეთქი, ზეგ კი შესაძლოა, ჩემი პასუხი იყოს - წითელი (იცინის).

- ბოლოს მამამ რის გამო გისაყვედურა?

- საერთოდ, ბევრი რამის გამო მსაყვედურობს, მაგრამ სავარაუდოდ, ბოლოს უყურადღებობის გამო მისაყვედურა, რადგან ძირითადად, შინ ან რაღაც მრჩება ჩართული, ან - რამეს ვტეხ და ა.შ. კონკრეტულ მიზეზს ვერ ვიხსენებ.

- შენი სახელი მოგწონს?

- ჩემი სახელის მიმართ გადასარევად ვარ განწყობილი - მაკმაყოფილებს. ბავშვობაში "კლიჩკები" მეც მქონდა არჩეული, რაღაც უცნაურ სახელებს ვირქმევდი, მაგრამ გახსენება გამიჭირდება - ამისთვის "სკაიპის" ძველი "პროფილები" უნდა მოვძებნო... ასევე, ხან სოფი მინდოდა, ვყოფილიყავი, ხან - სოფიო, სოფია... ბოლოს გადავწყვიტე, რომ "სოფო" ძალიან კარგი ვარიანტია (იღიმის).

- საკვები, რომელიც შენს მაცივარში ყოველთვის არის...

- ყველი. ყველანაირი და ყველა ფორმის ყველი მიყვარს!

- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლა?

- როცა ალეკოსთან ერთად სიმღერა ჩავწერე, რომელიც ჩოვიდ-19-თან დაკავშირებულ მოვლენებს ეძღვნება. ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი.

- მაკიაჟის დეტალი, რომლის გარეშეც შინიდან ვერ გახვალ...

- მინდა, გულწრფელად გიპასუხო: რაც აკნეს პრობლემა მოვაგვარე, მას შემდეგ ყოველდღიურად მაკიაჟს საერთოდ არ ვიყენებ. ჩაწერები ან გადაღება თუ მაქვს, მაკიაჟს მაშინაც იშვიათად ვიკეთებ.

- ადვილად გწყინს?

- თუ კონკრეტული ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რა თქმა უნდა, მისგან ადვილად მწყინს, მაგრამ ზოგადად - არა. ბევრი რამე, რაც შეიძლება, 5 წლის წინ მწყენოდა, ახლა აღარ მწყინს.

GzaPress

- წყენას როგორ გამოხატავ? - სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ძირითადად, 2 წუთით ვიბუტები, ანუ ვჩუმდები. ეტყობა, წყენისგან შოკში ვვარდები და ამიტომ. შემდეგ ვცდილობ, იმ ადამიანს ვუთხრა, რომ მეწყინა. ასე მოქცევა მირჩევნია, ვიდრე წყენა გულში დავიტოვო და მერე "წამოვაძახო".

- უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხარ?

- ეგ ხომ ძალიან ბუნებრივია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უსამართლობის მსხვერპლი უეჭველი ყველანი გავმხდარვართ? საერთოდ, უსამართლობა ხშირად ხდება - ბევრად დიდი უსამართლობებიც, ვიდრე მე გამომიცდია... სასაცილოა, რომ კონკრეტული შემთხვევა არ მახსოვს. შეიძლება, მიზეზი ის არის, რომ უკვე გავლილი, "მონელებული" ამბავია და მასთან ემოციური კავშირი აღარ მაქვს.

- კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე...

- ასეთი ბევრი კომპლექსი მაქვს, მაგრამ აი, როცა სცენის გარდა, სხვაგან ყურადღების ცენტრში ვექცევი, ყველგან უხერხულობის ზენიტში ვარ - ძალიან ვკომპლექსდები.

- ბოლოს რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრე და როდის?

- ვიდრე კორონავირუსი გავრცელდებოდა, მეტროთი ვიმგზავრე. მეტრო ძალიან მიყვარს. საერთოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად ვერ ვსარგებლობ.

- პოპულარობის გამო, კომფორტულად გადაადგილებას ახერხებ?

- რაც თმა შევიჭერი და სათვალე დამჭირდა, ძირითადად, ვერ მცნობენ, მით უმეტეს - თუ ქუდიც მახურავს. ამიტომ ეგ პრობლემა დიდად აღარ მაქვს.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, ხის დარგვით სარგებლის მოტანა შემიძლია... ასევე, ალბათ, მომავალში თუ ისეთ რაღაცებს გავაკეთებ, რაც იმას მომიტანს, რაც მინდა, გარშემო მყოფ ადამიანებსაც დავეხმარები...

ეთო ყორღანაშვილი