"ჩემზე ამბობენ გიჟიაო" - გზაპრესი

"ჩემზე ამბობენ გიჟიაო"

"ბედნიერი ვარ, რომ მყავს საყვარელი მეუღლე, ორი შვილი. ყველაფერი მაქვს, რაც ლოცვისას უფალს შეიძლება შესთხოვოს ადამიანმა", - ამბობს მსახიობი ჯიმი აბესაძე. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, რა ვერ ისწავლა დღემდე, რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 9 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ქართული ფილმები ძალიან მიყვარდა და მიყვარს, მსახიობობის სურვილიც ამ სიყვარულმა გამიჩინა. ქართველები უცნაური ხალხი ვართ. ერთი პერიოდი იურისტობა იყო მოდაში, შემდეგ - ექიმობა, ახლა - მენეჯმენტი. მახსოვს, სტუდენტობის პერიოდში, სუფრასთან ვიღაც თუ იტყოდა, "მარხვაზე ვარ", ეს კარგ ტონად ითვლებოდა, ახლა მოდაში შემოვიდა "ათეისტი ვარ". მსგავსი "მოდურობისგან" ღმერთმა დამიფაროს, მართლმადიდებლად დავიბადე და მართლმადიდებელი მოვკვდები.

- ჩემზე ამბობენ...

- ...გიჟიაო. ამ ბოლო დროს ჩემი მეგობარი ზვიო ბლიაძე ამ სიტყვას განსაკუთრებით ხშირად ამბობს. ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა არ შემიძლია. სცენარისტები რომ ვიკრიბებით, აუცილებლად უნდა ავიდე მემონტაჟესთან, მერე დაბლა ჩავიდე, მძღოლებს დაველაპარაკო, დეკორატორებს რაღაც ვუთხრა. ვერ ვისვენებ, რა ვქნა? ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ტყუპია, ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს. საღამოს შინ ძალიან დაღლილიც რომ დავბრუნდე, ბავშვებთან მაინც ვთამაშობ, ვგიჟობ. ახლა "ტიკტოკერობა" აქტუალური თემაა, თურმე ამ აპლიკაციაში ჩემს ვიდეოებს იყენებენ. მეგობრები მეუბნებიან, შენც ჩაწერეო, მაგრამ მე მოდამ გამასწრო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება. ეს ბავშვობის ოცნების ასრულება იყო, პირველ წელს ჩავიჭერი და მეორე წელს ჩავაბარე.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს, მაგრამ გამორჩეულად - დედაჩემს. მამა აღარ მყავს და დედა ჩემთვის ხატია. 35 წლის ასაკშიც კი შეუძლია, ყოველ 15 წუთში დამირეკოს და მკითხოს, - "დედა, სად ხარ?" მადლობა დედას ყველაფრისთვის და შემდეგ ჩემს მეუღლეს, მხარში დგომისთვის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს საყვარელი მეუღლე, ორი შვილი. ყველაფერი მაქვს, რაც ადამიანმა შეიძლება ლოცვისას უფალს შესთხოვოს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ჩემ ირგვლივ ადამიანები ბედნიერები იყვნენ. უკონფლიქტო ვარ, დაპირისპირებები არ მიყვარს; არ მინდა, ვიღაცა ვიღაცაზე ცუდს ამბობდეს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პასუხისმგებლობის გრძნობაა. სამსახურში რეჟისორი 10 საათზე რომ მიბარებს, 9-ზე თუ ვერა, 10-ის ნახევარზე მაინც მივდივარ. მეგობრებიდან გიორგი აფხაზავა და გიორგი გაბუნია გამორჩეულად ახლობლები არიან. მათთან დროის ამბავში ვერასდროს ვთანხმდები, აფხაზავა ორი საათის დაგვიანებით მოდის და გაბუნია მინიმუმ, ნახევარი საათი იგვიანებს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...უარის თქმა არ შემიძლია, არადა, ზოგჯერ საჭიროა. ასტროლოგია მაინტერესებს, ბევრ რამეს ჩემს ზოდიაქოს ვაბრალებ. ერთხელ მიხეილ ცაგარელი ჩემ შესახებ რომ მელაპარაკა, გავოგნდი, ეს კაცი ასე კარგად საიდან მიცნობს, ჩემს მეზობლად ხომ არ ცხოვრობდა-მეთქი? არ მომწონს, რომ ზოგჯერ საქმის გადადებაც მიყვარს, მაგრამ ამის პირდაპირ თქმის მერიდება და იმ ადამიანს ყოველთვის მესიჯს ვწერ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ და ვინანიებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ...

- ...ოჯახის წევრები არასდროს მოვატყუო. მაგალითად, როცა მეგობრებთან ერთად ვარ და მეუღლე მირეკავს, ვუთიშავ და ვწერ, "15 წუთში სახლში ვარ", გადის 3 საათი და ისევ მეგობრებთან ვარ.

- პატიება შემიძლია...

- ...მარტივად. ყველაზე მეტად უძლურების განცდა მაშინ მაქვს, როცა ვხედავ, ერთი ადამიანი მეორეს როგორ ჩაგრავს. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალა თუ არ შემწევს და დაჩაგრულის დახმარებას ვერ ვახერხებ, შემიძლია დავჯდე და ვიტირო. რამდენჯერმე მიტირია, ჩემთვის ამ დროს სამყარო ინგრევა.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ახლა სოფელ ღვანკითში, მამისეულ სახლში ვარ. დილის 6 საათზე გავიღვიძე, ჩემთან ხელოსნები არიან, მცირე სამუშაოები გვაქვს. მინდა, ეს გარემო ჩემებურად მოვაწყო. მამა თერჯოლიდან იყო, ჩემი მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ, ერთი პერიოდი მე და ჩემი და თბილისში ვსწავლობდით, შემდეგ ბაღდათში დედაჩემის მშობლებთან გადავედით და სკოლა იქ დავამთავრეთ. ჩემთვის ბაღდათი არის ყველაფერი, სამყარო აქედან იწყება. მოგეხსენებათ, ვირუსის გამო, ღვანკითი დაკეტილი იყო, ახლა გაიხსნა, მშვიდობაა. გუშინ რომ ჩამოვედი, გზად ბავშვები მხვდებოდნენ და ყვიროდნენ: "ჯაბოვიჩი! ჯაბოვიჩი!" "ბაში-აჩუკის" ცნობილი სცენა გამახსენდა. ხალხის სიყვარული ძალიან მალე მოვიპოვე, მეც ყველა მიყვარს.

- ვიბნევი...

- ...იშვიათად და მაშინაც - წამიერად. გადაცემის ჩაწერისას გახსნილა ფარდა, შევსულვარ და ტვინი გამყინვია. 2 წელია, რაც გაბუსთან გადაცემაში ვარ. პირველი გადაცემის ფარდის გახსნისას როგორი ნერვიულობა და განცდებიც მქონდა, დღემდე არ გამნელებია და ყოველ შესვლაზე მიახლდება.

- მეზარება...

- ...შრომა, მაგრამ ზოგჯერ "ვინუჟდენი" ვარ.

- სიყვარული ეს...

- ...არის ღმერთი.

GzaPress - პირველად რომ შემიყვარდა... - ...ძალიან მრცხვენოდა. იმ გოგოს, ჩემი მეგობარი ბიჭები ეუბნებოდნენ, რომ მიყვარდა.

- ჩემი მეუღლე...

- ...გახლავთ ელისო გრძელიძე. ერთმანეთი ბაღდათში გავიცანით. მასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. ელო ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია, ყველა თემაზე შემიძლია ველაპარაკო. ვიცი, გამიგებს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მშიშარა ვარ. არასდროს დავჯდები "ეშმაკის ბორბალზე" და მსგავს ატრაქციონებზე; რაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს 1%-ით მაინც უქმნის, არ გავრისკავ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია, თან ძალიან მიხარია. დედას სულ ვაფრთხილებ, არასდროს თქვას, კარგი შვილი მყავსო, არ შემაქოს. ადამიანებისგან სულ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ, რაც მახარებს. გუშინ ბაზარში ყასაბმა გამაჩერა, შენთან ერთად თბილისში ფოტო მაქვს გადაღებულიო, მერე დახლისკენ მეპატიჟებოდა, ხორცი უნდა გაჩუქოო. რა თქმა უნდა, არ გავყევი, - გაყიდე და შენს შვილებს მოახმარე-მეთქი. ძალიან არ მომწონს, როცა ამბობენ, პოპულარობამ დამღალა. ვინც ამას ამბობს, არავის დაუჯერო. პოპულარობამ როგორ შეიძლება დაგღალოს?

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...მარცხენა ყურის ფორმას. აკვნის და არტახების თაობა ვარ, რაც მაშინ გაკოჭილი ვიყავი, ახლა ვმოძრაობ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ცხენით ჯირითი, მინდა და თან მეშინია.

- ვმალავ...

- ...არაფერს.

- თავისუფლება არის...

- ...ის მდგომარეობა, როგორიც ახლა მაქვს. რაც მინდა და როგორც მინდა, ისე ვაკეთებ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ფიქრი მიყვარს. როცა ჩემები სოფლად მიდიან და თბილისში მარტო ვრჩები, შემიძლია 1 კვირა სახლიდან არ გავიხედო, დათვივით ვიცხოვრო. შემიძლია მეუღლეს დავურეკო, გავაფრთხილო, არ ინერვიულოს და ტელეფონი გავთიშო. როცა მარტო ვარ, ვფიქრობ ბავშვობაზე, ოჯახზე, შვილების მომავალზე...

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...აუცილებლად ავაშენებდი ტაძარს ჩემს სოფელში და ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. გარშემო არც ერთი გაჭირვებული ადამიანი არ იქნებოდა. ყოველი ასეთი ამბის გაგებისას ან ადამიანთან შეხვედრისას, გული მიჩუყდება, ვკვდები. ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, ყველა ბედნიერი იქნებოდა.

- მენატრება...

- ...ბავშვობა და ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარდნენ და იმ ქვეყნად წასვლით გული მატკინეს. ახლახან ბიძაშვილი დამეღუპა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ყოველთვის ვცდილობ, ჩემი პრობლემა სხვას თავს არ მოვახვიო. მირჩევნია, თავად ვიწვალო და გამოსავალი ვიპოვო. "პრობლემები მაქვს და ვსვამ" არის დიდი სისულელე. რომ გამოფხიზლდები, ის პრობლემა მომატებული ხომ იქნება, შენს სიმთვრალეში ვინ მოგიგვარებდა?

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ენა არავისთან მიიტანოო. მან ჩამინერგა, ეს რამდენად ცუდი ჩვევაა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველანი მიყვარხართ! მინდა ყოველთვის ბედნიერები, გახარებულები და ლაღები იყოთ!

თამუნა კვინიკაძე