ექსცენტრიკული და იდეალისტი პაატა თედიაშვილი - გზაპრესი

ექსცენტრიკული და იდეალისტი პაატა თედიაშვილი

თვითონ ამბობს, რომ ბავშვობიდან ექსცენტრიკულია და სიგიჟეები მოსწონს. ფიქრობს, შეუძლია, გასცეს მაქსიმუმი იმ ქალისთვის, ვისთან ერთადაც იქნება. თავს გონიერ ადამიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეამაყება საკუთარი გადაწყვეტილებები.

- "იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი" (პლატონი).

- წარმოუდგენელია, ამ სიტყვებს არ დაეთანხმო. ცხოვრება მშვენიერების აღქმაა, თუმცა რეალურად, ხშირად სპობს ყველაფერ მშვენიერსა და სამართლიანს, ზოგჯერ უსამართლოდ გვექცევა ადამიანებს. საერთოდ, გონიერების აღქმა ინდივიდუალურია. ყველა ადამიანს მიაჩნია, რომ გონიერია და თავის ცხოვრებას სწორად წარმართავს. ჩემგან იმის თქმა, რომ ვინმეზე გონიერი ვარ, ანუ ვიღაც ჩემზე ნაკლებად გონიერია, მართებული არ იქნება, თუმცა ვფიქრობ, გონიერი ვარ (იცინის). გონიერება მგონია დასახული მიზნისკენ სწორად სიარული. ვიღაც სამშობლოს ემსახურება და თვლის, რომ გონიერია; ვიღაც მრავლდება, ბევრ შვილს აჩენს და ისიც თვლის, რომ გონიერია, რაკი ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრაში შეაქვს წვლილი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მართებულად გადადგმული ყველა ნაბიჯი გონიერებად ითვლება.

- "ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით" (ონორე გაბრიელ მირაბო).

- ბავშვის აღზრდა პატარაობიდანვე უნდა დაიწყო, წვრთნა აუცილებელია. როდესაც გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიას ვკითხულობთ, ვიგებთ, რომ მათ აღზრდაში ჩართულები იყვნენ დედა, მამა, ბებია, ბაბუა ან სასწავლებელში მიაბარებდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანის გონებრივად აღზრდაა, რათა მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვი იზრდება, ასევე დიდი როლი აქვს განათლების სისტემას. მამა პატიმარი იყო და მე და ჩემი და დედასთან ვიზრდებოდით. მისთვის მნიშვნელოვანი იყო სულიერი, ესთეტიკური აღზრდა. მუდმივად გვიმეორებდა, რასაც უნდა მიაღწიოთ და ვინც უნდა გახდეთ, თავმდაბლობა არ დაკარგოთო. მამას სხვა დამოკიდებულება ჰქონდა აღზრდასთან დაკავშირებით. მას მოსწონდა პროსპერ მერიმეს მოთხრობა "მატეო ფალკონე" და მეუბნებოდა, მსგავსი შეცდომა ცხოვრებაში არასდროს დაუშვაო. ალბათ გახსოვთ ეს ნაწარმოები - ფირალს ჯარისკაცები მოსდევენ, ის თავს შეაფარებს მატეო ფალკონეს სახლს, მისი შვილი - ფორტუნატო დამალავს, მაგრამ ბავშვი საათის ფასად ამხელს დამნაშავის ადგილსამყოფელს. ამის შემდეგ მატეო შვილს კლავს... მამა ამით მასწავლიდა, რომ მატერიალური სარგებლის გამო არ უნდა გაწირო ის ადამიანი, რომელიც შველას ითხოვს.

GzaPress

- "ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით" (ზიგმუნდ ფროიდი). - ჩემ გარშემო მდიდარი ადამიანები არ არიან და როცა მატერიალური დახმარება მჭირდება (ასეთი "ჩავარდნები" კი ყველას გვაქვს ხოლმე), ყოველთვის თვითონ მიხდება პრობლემასთან გამკლავება. ზოგი მუდმივად მდიდარი ადამიანების გარშემო ტრიალებს და კარგადაც ცხოვრობს. ჩემი უფროსი მეგობრის, ოთარ ტატიშვილის დედა, ქალბატონი ნუნუ მეტყოდა ხოლმე: ვხვდები, იდეალისტი ხარ, მაგრამ ეცადე, გარშემო შეძლებული და ძლიერი მეგობრები გყავდეს - ისინი შენთვის ერთგვარ დასაყრდენს წარმოადგენენო. მე ეს ვერ შევძელი, თუმცა, პატიოსანი და სულიერად მდიდარი მეგობრები მყავს.

- "ადამიანი ახალგაზრდაა, როდესაც სისულელეების ჩადენის ჯერ კიდევ არ ეშინია" (პიოტრ კაპიცა). თუ ჩაგიდენიათ ისეთი რამ, რაზეც მერე გაგღიმებიათ და სისულელედ მიგიჩნევიათ?

- ექსპერიმენტები და სიგიჟეები მომწონს. ახალგაზრდა ასაკი ყველა ხელოვანს სიახლეებისა და თამამი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. რა თქმა უნდა, ვამაყობ ჩემი გადადგმული ნაბიჯებით, თუმცა ამას ახლავს ნერვიულობაც, - მეგობრები, ახლობლები განიცდიან, რადგან მიდის განსჯა იმისა, რაც ჩავიდინე... რაც შეეხება ბოლოდროინდელ ფოტოსესიას - დავით ტრაპაიძე ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტოხელოვანია, რომელიც ნუდისტურ ნამუშევრებს ქმნის. ამ ჟანრში არაერთი მოდელი ჰყავს გადაღებული. რამდენიმე თვის წინ მეც შემომთავაზა გადაღება. დავთანხმდი და ავირჩიეთ პასადობლეს თემა. სოციალურ ქსელში ფოტოების ატვირთვას აგრესია მოჰყვა, მაგრამ არ მესმის, ამით რა დავაშავე, - ქვეყანას არაფერს ვპარავ, არ ვძალადობ. ხელოვანი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.

- "ექსცენტრიკულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ" (დალაი ლამა).

- ბავშვობიდან ექსცენტრიკული ვიყავი. არ უნდა დაელოდო არაფერს და ის უნდა გააკეთო, რისი გაკეთებაც გინდა და შეგიძლია. ფერადოვნება ხაზს უსვამს ადამიანის შინაგან მდგომარეობას და სამყაროს. ჩვენ გარშემო ისედაც უამრავი მუქი ფერია, ფერადი ტანსაცმელი კი ფერად განწყობას გიქმნის.

- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).

- სიმართლეა. ჩემი მეგობარია გვანცა ხვიჩია. მისი ბაბუა, რომელიც მთელ საქართველოს აცინებდა, თურმე ძალიან რთული ადამიანი ყოფილა. როცა ეძინა, ოჯახის წევრები ფეხის წვერებზე დადიოდნენო... სენტიმენტალური და სევდიანი ვარ, პესიმისტურადაც კი ვუყურებ ბევრ რამეს, მაგრამ როცა მეგობრებთან ვარ, ჩემს ყველა პრობლემას ვივიწყებ, თვითონაც ვმხიარულობ და სხვებსაც ვამხიარულებ.

- "ადამიანს შეიძლება, ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს ჰპატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად გამეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).

- ზრდასრულ ადამიანებს შემთხევით არ მოსდით ასეთი შეცდომები. არის შემთხვევები, როცა მოღალატე პატიებას არ იმსახურებს, მაგრამ... ილიას თუ დავუჯერებთ, შეცდომები უნდა ვაპატიოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი ამბობდა, თუ ადამიანს დანაშაულს ჰპატიობ, მხდალი ხარ, რადგან შურისძიება არ შეგიძლიაო. თუ უფლის გზას ირჩევ, მაშინ პატიება უნდა შეძლო, მაგრამ თუ მიზნები გაქვს და წინსვლა გინდა, პატიების მომენტი გაბრკოლებს. მე პატიებას ვარჩევ, შური არასდროს არავისზე მიძიებია. საბედნიეროდ, საუკეთესო მეგობრები მყავს და მტრობამდე საქმე არ მისულა.

GzaPress

- "შეიყვარო ქალი მთელი გულით? - არ ღირს, არადა, სხვანაირად არ გამოდის" (სალვადორ დალი). - სიყვარული სიყვარულია და თუ გიყვარს, მთელი არსებით გიყვარს. ბანალურია, მაგრამ ასეა...

- "ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება დაიძინო, და საკმაოდ ცოტა, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო" (ერნესტ ჰემინგუეი).

- როდესაც ოჯახები ინგრევა, ხშირად იმიზეზებენ რაღაცებს, თუნდაც მატერიალურ პრობლემებს, მაგრამ სინამდვილეში, სულ სხვა რამ არის ხოლმე მიზეზი. როცა წლები უნდა გაატარო ქალთან, რომელთანაც ერთ მთლიანობად უნდა იქცე, ძნელია, სხვა არაფერი გქონდეს საერთო, გარდა სექსისა.

- "არ მეზიზღება ქალები, უბრალოდ, ხანდახან ჭკუიდან გადავყავარ" (ემინემი).

- ემინემის დედას უამრავი საყვარელი მოჰყავდა თავის სახლში. როგორც თვითონ ემინემი იხსენებდა, მას ყველაფერი ესმოდა. ბავშვობის ტრავმები კი მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავს, ალბათ ამიტომაც ჰქონდა ქალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება.

- "შურიანები კვდებიან, მაგრამ შური - არასოდეს" (მოლიერი).

- 7 მომაკვდინებელ ცოდვაში შურიც შედის და ვიდრე ადამიანი იარსებებს, შურიც არ მოკვდება. ხატოვნად, გინდა თეთრი შური დაარქვი და გინდ შავი, შური - შურია. შურიანი ნამდვილად არ ვარ, არავისი არაფერი შემშურებია.

- "მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ" (ნიცშე).

- ერთი კარგი ადამიანი მეუბნებოდა, შენი საიდუმლო შენს მეგობარს არასდროს გაანდო, რადგან მას თავისი მეგობრებიც ჰყავსო. ვკითხე, აბა, როგორ შევძლებ ისე ცხოვრებას, თუ მათში ეჭვს შევიტან-მეთქი?.. ვფიქრობ, მეგობრებში გამიმართლა, რადგან ჩვენი ურთიერთობა ნდობასა და გახსნილ დამოკიდებულებაზეა დამყარებული.

- "მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში" (შექსპირი).

- ყოველთვის მეშინია საყვარელი ადამიანების გარდაცვალების და მოგონებებით ცხოვრების. ჩემი ოჯახის წევრებისთვის ხშირად მითქვამს, მირჩევნია, თქვენზე ადრე მოვკვდე, ვიდრე თქვენი ამ ქვეყნიდან წასვლა ვნახო-მეთქი.

- "სიკვდილისას მხოლოდ ერთ რამეს ვინანებ: თუ სიყვარულისთვის არ მოვკვდები" (გაბრიელ გარსია მარკესი).

- საერთოდ, სინანულით ცხოვრება ძნელია. უნდა შეგეძლოს პატიება ითხოვო, იტირო, აკოცო, ბოდიში მოიხადო და ტვირთი ჩამოიხსნა. მხოლოდ დედასთან მოვქცეულვარ ასე... სიყვარული მაინც უმთავრესია და მარკესი ალბათ ამას გულისხმობდა. პაოლო იაშვილს ლექსში "პოეზია" ერთი ასეთი ფრაზა აქვს: "ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი", - და აი, ასე, გულიდან ხორცად უნდა გამოიტანო ყველა გრძნობა, სხვანაირად ვერ გეყვარება...

ნინო ჯავახიშვილი