"ფილმის ნახვის შემდეგ, ჩემთან ფეხმძიმე გოგო მოვიდა: ეს რა მიყავიო!.. - და ჩაიკეცა" - გზაპრესი

"ფილმის ნახვის შემდეგ, ჩემთან ფეხმძიმე გოგო მოვიდა: ეს რა მიყავიო!.. - და ჩაიკეცა"

გიორგი ოვაშვილთან სატელეფონო ინტერვიუს დროს, მის გვერდით უმცროსი ქალიშვილი თებრონია იყო, რომელსაც თურმე მისთვის სასურველი ტანსაცმელი მოურგია და მამას სთხოვდა, ფოტოები გადამიღეო. თავად გიორგისთვის არაერთ ფოტოგრაფს უამრავი ფოტო გადაუღია, უარს არავის ეუბნება. ძეგვში მყოფმა რეჟისორმა ცოტა დრო დაგვითმო და საუბარიც შედგა.

- თქვენი ბოლო პროექტებია ფილმები: "მშვენიერი ელენე" და "მთვარე მამაა ჩემი". რა ეტაპზეა მათზე მუშაობის პროცესი?

- "მშვენიერი ელენეს" გადაღებები დასრულდა, მონტაჟი დავიწყეთ, მაგრამ ამ სიტუაციის გამო დროებით შეფერხება გვაქვს. იმედია, მალე შევძლებთ მუშაობის განახლებას. მეორე ფილმთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ სექტემბრიდან მოსამზადებელი პერიოდი დავიწყოთ, რათა ზამთარში გადაღებები შევძლოთ. თუმცა, ისევ და ისევ დამოკიდებული ვართ დღევანდელ რეალობაზე, რომელიც არ ვიცით, როგორ შეიცვლება.

- საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გქონდათ აქამდე. ბოლოს რომელ კინოფესტივალზე იყავით და როდის?

- წელს ვიყავი ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც პროექტები წარვადგინეთ, შევხვდით თანაპროდიუსერებს, პარტნიორებს და ა.შ. ასე ვთქვათ, კარანტინს გამოვასწარით და საქართველოში დავბრუნდით.

GzaPress

- თქვენი წარმატება დაიწყო სადიპლომო ფილმიდან "ვაგონეტი". თუმცა, მანამდე იყო "ძალიან პატარა ამბავი", რომელშიც გია ფერაძე მონაწილეობს. რომელ კურსზე გადაიღეთ ეს ფილმი და მსახიობი ადვილად დაითანხმეთ? - მეორე კურსზე ყოფნისას გადავიღე ათწუთიანი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ეს საკურსო ნამუშევარი იყო. გია ფერაძე მაშინ ახალი გამოსული გახლდათ ციხიდან, დეპრესია ჰქონდა. ძველი კინოსტუდიის ე.წ. ბირჟაზე იდგა სისტემატურად. არც მქონდა იმედი, თუ დამთანხმდებოდა. სტუდენტი ვიყავი და არავინ მიცნობდა. არ მახსოვს, ვის ვთხოვე, რომ გია გაეცნო ჩემთვის, ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ორი კვირა ვიყავით ექსპედიციაში და წვეთი არ დაულევია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მაინც, სულ მეუბნებოდა, შენ გამო არ დავლევო, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ქეიფი იმართებოდა. გაოცებული ვიყავი ფერაძის ასეთი კეთილშობილებით და საქმისადმი დამოკიდებულებით.

- გადაღებული გაქვთ დოკუმენტური ფილმიც. რა თემას ეხება "მირაჟი"?

- ფილმში საუბარია სპექტაკლის შესახებ - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", სადაც გივი ბერიკაშვილთან ერთად, ციხეში მყოფი მსჯავრდადებული ქალები მონაწილეობენ. სპექტაკლი დადგა რეჟისორმა კოტე სურმავამ. პრემიერა გრიბოედოვის თეატრში (1999 წლის ივნისში. - ავტ.) გაიმართა. რა თქმა უნდა, ამასაც ვიღებდით, ჩვეულებრივი გადასაღები სამუშაო დღე გვქონდა. ფილმში სხვა პერსონაჟებიც იყვნენ - ის ქალბატონები, ვინც სპექტაკლში არ მოხვდნენ. ზოგი მათგანი საოცრად განიცდიდა ამას და თავისი დამოკიდებულება ჰქონდა სპექტაკლის მიმართ. პრემიერაში ჩართულები ვიყავით არა როგორც ნეიტრალური მაყურებლები, არამედ როგორც ამ პროცესის თანამონაწილენი და მახსოვს ჩვენი მძაფრი ემოციები, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ვიცოდით.

- სანამ თეატრალურში ჩააბარებდით, პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეთ. ის პერიოდი ალბათ, რაღაც გამოცდილების მომცემი იყო თქვენთვის, არა?

- ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველა ნაბიჯი რაღაც ჯაჭვის რგოლია, რომელიც მგონია, აუცილებლად უნდა გაიარო. ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, უნივერსიტეტში გატარებულმა იმ ხუთმა წელმაც, რა თქმა უნდა, ცხოვრებისეულად ბევრი რამ შემძინა. თან, იმ დროს სულ ჩართული ვიყავი რაღაცაში. უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე ჯერ სასცენარო (პედაგოგი - სცენარისტი სოსო მჭედლიშვილი), მერე სარეჟისორო ფაკულტეტი (მასწავლიდნენ დიტო ცინცაძე და ბესო ოდიშარია) დავამთავრე. პარალელურად, უნივერსიტეტის თეატრში დავდიოდი, პატარა ეპიზოდებსაც ვთამაშობდი. რაღაც, ყველგან მიმობნეული ვიყავი. ამ თეატრის ხელმძღვანელ ნუგზარ ბუცხრიკიძესთან სამწლიანი თეატრის რეჟისურა გავიარე. მახსოვს, დიპლომი იაშა ტრიპოლსკისთან დავიცავი.

- ბატონი იაშა თსუ-ის სასწავლო თეატრს ხელმძღვანელობდა. როგორი ადამიანი იყო?

- იაშა ტრიპოლსკი საოცარი პიროვნება გახლდათ. ჯერ ერთი, ისედაც, როგორც მსახიობს, უზარმაზარ პატივს ვცემდი. ძალიან მიყვარდა მისი როლები, პერსონა, ხასიათი და ყველაფერი. მერე უკვე, რომ გავიცანი, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ერთია, როცა მსახიობს ხედავ სცენასა თუ ეკრანზე და მეორეა, მასთან პირადი ურთიერთობა... ბატონი იაშა ყოველთვის მახსოვს, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს გავიწყდება.

GzaPress

- სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარების დროს, თავდაჯერებული იყავით? - არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული. ყველა მეუბნებოდა, რომ თუკი არავინ გყავდა, რეალურად იქ მოხვედრა შეუძლებელი იყო, - ასეთი მოცემულობა არსებობდა. თან, კინოსარეჟისოროზე ხუთ წელიწადში ერთხელ და მხოლოდ ხუთ ადამიანს იღებდნენ. მაშინ არ იყო ისე, რომ თანხას გადაიხდიდი და ისწავლიდი. ოჯახშიც არავის სჯეროდა, რომ ჩავაბარებდი. მეც ამ განწყობით ვიყავი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი შინაგანი მოტივაცია, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, რომ იქ უნდა წავსულიყავი, რაღაცნაირად მეხმარებოდა. მანამდე მოსკოვში, უმაღლეს სასცენარო ორწლიან კურსებზე ვცადე ჩაბარება, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღე. ამ უარმა საკუთარი თავის რწმენა უფრო დამიქვეითა. უცებ, გამოაცხადეს თეატრალურში მიღება.

ჯგუფი გიორგი შენგელაიას აჰყავდა. ძალიან დიდ კონკურსში, ბოლომდე გავედი, მაგრამ მგონი, ნახევარი ქულა დამაკლდა და გარეთ დავრჩი. აიყვანეს 5 ადამიანი, მეექვსე მე ვიყავი. გიორგი შენგელაია ჩემთვის ღმერთი იყო, მასთან მივედი და ვუთხარი: ისე რომ ვიარო, შეიძლება? არაფერი მინდა, უბრალოდ, ეს ერთი შანსია-მეთქი. დამთანხმდა და სიარული დავიწყე. ეს რომ გაიგეს ჩემსავით გარეთ დარჩენილებმა (ვისაც 1 ან 2 ქულა დააკლდა), მიადგნენ გიორგის - ის რომ დადის, ჩვენც გვინდა და უნდა ვიაროთო. გიორგი შეწუხდა. ერთი თვის შემდეგ, მასთან სახელოსნოში მისული, გარეთ გამომიყვანა და მითხრა: არ გეწყინოს, მაგრამ ვეღარ ივლი; კაცი ხომ ხარ, ყველა რეჟისორი ხომ არ გამოვა? მაგაზე არ იდარდო, სხვა რამე მოძებნეო. ისე ჩვეულებრივად მითხრა, არ მწყენია, - მაწუხებენ და რა ვქნაო. რადგან მე წამოვედი, იმ ბიჭებს გიორგიმ უთხრა, ოვაშვილი აღარ დადის და თქვენც თავი დამანებეთო (იცინის). ესენი რეზო ჩხეიძესთან მივიდნენ: 5 კაცი დავრჩით და იქნებ ერთი ჯგუფი დაამატოთო. იმდენს მიაღწიეს, რომ ბატონ რეზოს ეთერ გუგუშვილისთვის (რექტორი იყო) უთხოვია, - მოდი, გამონაკლისის სახით, ავიყვანოთ ესენიც; არავინ იცის, საბოლოო ჯამში, რეჟისორი ვინ გამოვაო... ასე უცნაურად მიგვიღეს 1990 წელს. ახალი ჯგუფი გაიხსნა, პედაგოგებად მოიწვიეს ნოდარ მანაგაძე და ბუბა ხოტივარი. მგონი, ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევაა თეატრალური ინსტიტუტის ისტორიაში. ამ ამბავს რეზო ჩხეიძე ხშირად იხსენებდა და მეც არაერთხელ მითქვამს: ბატონო რეზო, თქვენ რომ არა, სად ვიქნებოდი, კაცმა არ იცის-მეთქი.

- მაყურებელთან უამრავი შეხვედრა გქონიათ. რას გაიხსენეთ?

- "გაღმა ნაპირის" ჩვენების შემდეგ რამდენიმე მძიმე ეპიზოდი მახსენდება. ძალიან განვიცდიდი, როცა ადამიანები დარბაზიდან გამოდიოდნენ და მოთქმით ტიროდნენ. ფრანკფურტში ერთ-ერთი ჩვენებისა და კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გამოვედი ფოიედან და ვხედავ, ჩემკენ ფეხმძიმე გოგო მოდის. საოცარი სახე აქვს. მომიახლოვდა და ქართულად მეუბნება: ეს რა მიყავიო!.. - და ჩაიკეცა. ძლივს დავიჭირე. მისი ქმარიც მოვარდა... მერე დავმეგობრდით. უცხოეთში, იქაური აფხაზები ყოველთვის საოცარი კეთილგანწყობით მოდიოდნენ და ხშირად უთქვამთ: თუ ოდესმე, რეალურად შევხედავთ ჩვენ შორის ნამდვილ ურთიერთობას, აი, ასე უნდა შევხედოთო. ეს ჩემთვის დიდი შეფასებაა.

- პირველ რიგში, რას ეტყვით ახალგაზრდას, რომელიც თქვენთან მოდის და გეუბნებათ, რომ კინორეჟისორობაზე ოცნებობს?

- ალბათ ვეტყვი, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს, - კარგად შეისწავლოს საკუთარი სურვილი, რამდენად ძლიერია მისი სურვილი. თუ არის ეს სურვილი, მაშინ შეძლებს მიზნის მიღწევას, ანუ სურვილის ხარისხზეა ყველაფერი დამოკიდებული.

ნანული ზოტიკიშვილი