ნარჩენები, როგორც საკვებად ვარგისი, სასარგებლო პროდუქტი - გზაპრესი

ნარჩენები, როგორც საკვებად ვარგისი, სასარგებლო პროდუქტი

"ნარჩენებიც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც სამწუხაროდ, არ ვიყენებთ," - გვითხრა მარტა ბარამიძემ, რომლისთვისაც მცენარეების მოვლა ერთ-ერთი გატაცება გახლავთ. შინ ერთგვარი კონსტრუქცია აქვს აშენებული, რომელზეც საკვებად ვარგისი მცენარეებია განლაგებული... თავისი გატაცების შესახებ მარტა თავად გვესაუბრა.

- ამ პერიოდში, პატარ-პატარა მცენარეების გაზრდით ძალიან დავინტერესდი. რაღაცებს წინათაც ვზრდიდი, მაგრამ არა - თესლებით. ჩითილებით გაზრდა შედარებით მარტივია. მაგალითად, ადამიანს გამოყენებული ბოსტნეულის ხელახლა გაზრდა შეგიძლია. მარკეტში ნიახურის ღეროები იყიდება. მათ "ცოცხლადაც" ჭამენ, "ფრეშსაც" აკეთებენ... ღეროებს რომ შეჭამ, თუ ღეროს ბოლოს გადაჭრი, წყალში ჩადებ და 3 დღეში ერთხელ წყალს გამოუცვლი, ფესვები უჩნდება, ახალი ნიახური ამოდის. შემდეგ ქოთანში გადაიტან და შინ ნიახური მუდმივად გექნება. კიდევ ბევრ სხვა მცენარეს ასე ვზრდი... რაც გამოყენებულია და გვგონია, გადასაგდებია, რეალურად, იქიდან ახალი მცენარის გაზრდა შეგვიძლია. მოკლედ, ამ თემით დავინტერესდი. უზარმაზარი ნიახური გავზარდე (იღიმის)... ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ამ კორონავირუსის დროს დადგა და ადამიანები მიხვდნენ, თვითგამოკვების საკითხია: ყველა იმ აზრისკენ მიდის, რომ ერთხელაც სამყაროს რამე რომ დაემართოს, მინიმუმ, ადამიანს ის მაინც უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი თავი გამოკვებოს. ამ რეალობის წინაშე დავდექით: თითქმის არავინ იცის, ბოსტნეული როგორ მოიყვანოს. ქალაქში ცხოვრება ეს არის... მსურდა, ქალაქში, შინ თუნდაც პატარა მწვანილი მქონოდა. ე.წ. მიკრომწვანილი აქაც იყიდება. რატომღაც, ძალიან ძვირი ღირს. ჩინეთიდან ინტერნეტით გამოვიწერე. თურმე, მიკრომწვანილის მოყვანის ტექნოლოგია უმარტივესია: 1 პლასტმასის კონტეინერი და ის მასალა სჭირდება, რითაც ეს მიკრომწვანილი ხარობს (საქართველოში იშოვება - უიაფესია). 1 კვირაში უკვე იმხელა იზრდება, რომ ჭამა შეგიძლია. თუ გინდა, 2-3 კვირის განმავლობაში გაზრდი და მთელი "ბაღი" გექნება. არც ზედმეტი განათება სჭირდება... მზის სხივები უნდა, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, შეგიძლია, უბრალოდ, დღის შუქზე გქონდეს. ასევე, ნათურების გამოყენებაც შესაძლებელია. მიკრომწვანილს მიწაში არ თესავ - წყალზეც მოგყავს, ქოქოსზეც... ბევრი სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს. ნებისმიერი სხვა მწვანილის მოყვანაც იოლად შეგიძლია... წარმოიდგინე, სამყაროში რამდენი ნიახურის ღეროა გადაყრილი. ადამიანებს რომ ჰგონიათ, გამოუსადეგარია და არაფერში სჭირდებათ, ამ დროს ახალი მცენარის მიღებაა შესაძლებელი. ბევრი გამოყენებული პროდუქტია, რომელიც ადამიანს უსარგებლო ჰგონია, მაგრამ მისი ხელახლა გამოყენება შეიძლება. სამყაროში ერთ-ერთი დიდი პრობლემა სწორედ ნარჩენებია.

GzaPress რეალურად, ნაგავი ნარჩენებისგან ყარს. ეს ნარჩენებიც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. მაგალითად, როცა კარტოფილს ვთლით, სტაფილოს ვასუფთავებთ (ძირებს ვაჭრით - ამ ბოსტნეულის მხოლოდ ზედა ნაწილს ვიყენებთ), გადაყრის ნაცვლად, ნარჩენების სასუქად გამოყენება შეიძლება. ასევე შეგიძლია, გასუფთავებული, გაწმენდილი, გარეცხილი ნარჩენები პარკში ჩაყარო, რომელსაც საყინულეში გაყინავ, მერე, რომელიმე კერძის მომზადების წინ გამოიღებ და წყალში ადუღებ - ნატურალური ბულიონი გექნება და არა - ქიმიურად დამზადებული რაღაც "კუბიკი"... მოკლედ, კერძისთვის ბულიონის ბაზა გექნება. სასარგებლო ნივთიერებები ძირითადად, მცენარის კანში ან ძირებშია. გამოდის, რომ რაც ყველაზე კარგია, ვყრით. არადა, გამოყენება შეგვიძლია. არც ნაგავი აყროლდება... რაც ადამიანს ნაგავი გეგონა, იმისგან ბევრი ჯანსაღი რამის კეთება შეგიძლია. - ალბათ, გარკვეული ფართობიც საჭიროა, რომ საკვებად ვარგისი მცენარეები შინ გაახარო, არა?

- დღეს აივანი ან ვერანდა თითქმის ყველას აქვს. ასევე შეგიძლია, 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე სათბური გააკეთო: ეს არის მაღალი (2-3 მ სიმაღლის) კონსტრუქცია, რომლის გაკეთება-აშენება ხელითაც შესაძლებელია, მცენარეებს ავტომატური მორწყვის სისტემას დაუყენებ...

- ასეთი ინტერესი კარანტინის პერიოდში გაგიჩნდა?

- სულ მაინტერესებდა, მაგრამ ხომ იცი, ადამიანები როგორები ვართ, საქმეს სულ გადავდებთ ხოლმე... მთავარი ყოველთვის, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, მერე უფრო "მუღამში შედიხარ"...

- ე.ი. მცენარეებს კორპუსის ბინაში უვლი?

- დიახ. სხვათა შორის, არც ვერანდა მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა (იღიმის)... ბინას განიერი ფანჯრები აქვს. ფარდებს სპეციალურად არ ვაფარებ: დღის შუქი ოთახში შემოდის და ჩემ მიერ აშენებულ კონსტრუქციას, სადაც მცენარეები მაქვს, მთლიანად ეფინება (თან, ბოლო სართულზე ვცხოვრობ). ეს სათბური არ არის, მაგრამ პატარა ბაღივითაა...

- საკვებად ვარგისი კიდევ რა მცენარეები გაქვს?

- მიკრომწვანილი, ნიახური, პამიდორი, მომცრო ზომის კიტრი (ჯერ ბოლომდე არ გაზრდილა)... ყავის ხესაც ვზრდი, ოღონდ - ჯუჯა ჯიშია. ჩაის ჰგავს, ყავას ისხამს. ჯერ ცოტათი გაზრდა სჭირდება, რომ მისგან ნაყოფი აიღო... ასევე, პიტნა მაქვს, რომელიც საოცრად სურნელოვანია. ასეთი პიტნა არსად მინახავს... რამდენიმე სახის მწვანილიც მაქვს, რომელსაც ვიყენებ, ოღონდ ისეთი საყვარელია, რომ გამოყენება მენანება - მინდა, დეკორაციად იყოს და თავისთვის იდოს, მაგრამ სალათებში მაინც ვაჭრი. იასამნისფერი ბაზილიკი და 2 სახის სალათის ფურცელიც მაქვს.

- მოსავლის მისაღებად რა პერიოდი დაგჭირდა?

- ყველა მცენარეს თავისი პერიოდი სჭირდება: 10, 20 დღე, 1 თვე... მცენარე თავს რომ ამოყოფს, უკვე ჟრუანტელი მივლის. თან, ამ ყველაფერს ვუყურებ, ვეხები... მაგალითად, პომიდვრის ფოთლებს ისეთი არომატი აქვს, რომ თუ პომიდორი არ გაიზრდება, არა უშავს - ფოთოლს შეჭამ, ისეთი სურნელოვანია (იღიმის)... ავოკადოსაც ვზრდი: რადგან მას სუბტროპიკული ზონა სჭირდება, ცოტათი ნესტიც და მზეც უნდა, მაგრამ ასეთი განსაკუთრებული პირობები არ გვაქვს, სადაც კარგად გაიხარებს, მხოლოდ გარკვეულ დონემდე იზრდება, თუმცა მისი ნაყოფიერების მიღწევა რთულია. უბრალოდ, საყვარელ მცენარედ დაგრჩება ადამიანს... ავოკადოც კურკისგან იზრდება, ანუ როცა ხილს შეჭამ, კურკა არ უნდა გადააგდო - შეგიძლია, წყალში ჩადო, ჩხირები გაუკეთო, ძირი წყალში ჩააყოფინო, ცოტათი ბნელ და თბილ ადგილას გედოს. ფესვებს რომ გამოიღებს, მერე მიწაში გადაიტან და ხეს გაზრდი. ხე, რომელიც ავოკადოს ისხამს, უზარმაზარია. იმხელა ხის სახლში გაზრდა შეუძლებელია. გარეთ რომ გადარგო, გარემო პირობები გაზრდაში ხელს არ შეუწყობს: შესაბამისი ტემპერატურა, კლიმატი სჭირდება, მაგრამ მაინც საყვარლობაა, რომ ადამიანს შეგიძლია, კურკისგან მცენარე გაზარდო... ახალგაზრდებიც ნელ-ნელა ხვდებიან, ჯანსაღი კვება, მოსავლის მოყვანა, ბუნებასთან კონტაქტი როგორი მნიშვნელოვანია. რამდენიმე ახალგაზრდა სოფელშიც კი გადასახლდა. იგივე სურვილი ბევრს აქვს - ეს ტენდენცია შეინიშნება...

- შენ მიერ გაზრდილი პირველი მცენარე, რომლის ნაყოფიც საკვებად გამოიყენე, რომელი იყო?

- პომიდორი, რომელიც შარშან პირველად დავთესე.

- ეს პომიდორი რომელიმე კერძის ინგრედიენტად გამოიყენე?

- მარილმოყრილი, ცოცხლად ვჭამე, ყველთან და პურთან ერთად. ისეთი გემრიელი იყო, რომ კერძისთვის ვერ გავწირავდი - ცალკე უნდა მეჭამა (იღიმის)... კიდევ, როცა კაფე მქონდა, მაშინ კაფეში მცენარეებს თავად ვთესავდი და კერძებში ვიყენებდი. მაგალითად, სალათებს კაფეში მოწყვეტილ მწვანილს ვუკეთებდი.

- მწვანილს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება?

- არა. უბრალოდ, საღამოობით მორწყა და შუქზე ყოფნა უნდა, სხვა არაფერი სჭირდება, არც - დამატებითი სასუქი. მწვანილი ყველაზე უპრეტენზიო და მარტივი გემრიელობაა, რომლის მოვლასაც ბევრი დრო და ენერგია არ სჭირდება.

- შინ დეკორატიული მცენარეებიც გაქვს?

- კი. დეკორატიული მცენარეებიც მიყვარს. ახლა მაქვს: მონსტერა, ფიკუსი, დრაცენა, ასპარაგუსი...

- ქალაქგარეთ ცხოვრებაზე თავად თუ გიფიქრია?

- მიფიქრია, მაგრამ ჯერ არც ქალაქში მაქვს სახლი, არც - ქალაქგარეთ. ისიც საჭიროა, ესეც (იღიმის)... ყველაფერს ვცდილობ...

ეთო ყორღანაშვილი