"ვნება საკუთარ თავზე ფიქრია, სიყვარული - სხვა ადამიანზე" - გზაპრესი

"ვნება საკუთარ თავზე ფიქრია, სიყვარული - სხვა ადამიანზე"

"დაშვებულ შეცდომებს საერთოდ ამოვშლიდი ჩემი ბიოგრაფიიდან. არის მომენტები, რომლის გახსენებაც ადამიანს საერთოდ არ გინდა, კონკრეტულ სიტუაციაში, საკუთარი თავი იმდენად არ მოგწონს", - ამბობს მუსიკოსი მაია ბარათაშვილი. რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რა არის სიყვარული, არსებობს თუ არა ბედისწერა, რა დარიგება ახსოვს მამისგან და რის გამო არ სურს, ჰქონდეს ბევრი ფული? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...03.03.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი, გინეკოლოგი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ერთგული და თავდადებული მეგობარი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...რამდენიმე ეპიზოდს საერთოდ წავშლიდი. ამბობენ, რომ ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. რა კარგი იქნებოდა, სხვის შეცდომებზე სწავლა რომ შეგვეძლოს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 8 წლის ასაკში, ორკესტრთან ერთად, დიდ სცენაზე პირველი კონცერტის, ბახის ფა მინორის შესრულება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ჩემს მშობლებს და პედაგოგებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისგან სწავლობ, ვინ არის შენი მაგალითი. გამიმართლა, თავდადებული მშობლები და საუკეთესო მასწავლებლები მყავდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვმღერი, ჩემი სათქმელი სცენაზე გამომაქვს და მსმენელს ვუზიარებ. მუსიკა, მით უმეტეს, ჯაზი უნივერსალური საკომუნიკაციო ენაა, რომელიც ადამიანებს შორის ხიდებს აგებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...სიმღერის; ასევე მაქვს სურვილი, რომ უკეთესი გავხდე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მიზანმიმართულობა, ერთგულება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...სიფიცხე, ფეთქებადობა, სიჩქარე.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...საერთოდ ამოვშლიდი ბიოგრაფიიდან. არის მომენტები, რომლის გახსენებაც ადამიანს საერთოდ არ გინდა, კონკრეტულ სიტუაციაში საკუთარი თავი იმდენად არ მოგწონს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყოველთვის უნდა გახსოვდეს საკუთარი ღირსება, მას მოფრთხილება სჭირდება.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი გულწრფელად ინანიებს. ამას მეორე ადამიანი ყოველთვის გრძნობს. თუ პიროვნებას ანგარება ამოძრავებს და სურს, გარკვეული გათვლების გამო, უბრალოდ შეგირიგდეს, ასეთ ადამიანს ვშლი ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ყოველთვის სიკეთეს ვუსურვებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვინ იცის, მომავალი რა პერიოდია, იქნებ მომავალი კიდევ ერთი დღეა, რომელსაც ღმერთი გჩუქნის. მომავალზე ბევრ ფიქრს, სჯობს, აწმყოში ცხოვრება ვისწავლოთ და მადლობლები ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც გვეძლევა.

- ვიბნევი...

- ...როცა რამე არ ვიცი.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...

- ...ვბრაზობ. შეიძლება რაღაც მომენტში კონტროლი დავკარგო, მაგრამ ეს იშვიათად მემართება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...65 კგ (იცინის).

- ჩემი ჰობია...

- ...კინო, წიგნი, მოგზაურობა, ფეხით სიარული, კულინარია.

- მეზარება...

- ...ფუჭად დროის ხარჯვა.

- დღე, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი...

- ...ასეთი რამდენიმე დღეა.

- სიყვარული ეს...

- ...თავდადებაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მხოლოდ გატაცება ყოფილა. ხშირად ვნებასა და სიყვარულს ერთსა და იმავე აზრს ანიჭებენ. არადა, ვნება საკუთარ თავზე ფიქრია, სიყვარული - სხვა ადამიანზე.

- ვრისკავ...

- ...ნაკლებად, მირჩევნია მშვიდად და 100%-ით.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...გურმანობაა.

- ვამაყობ...

- ...წინაპრებით.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ადვილად ვტირი, ამის მიზეზი შეიძლება იყოს კარგი წიგნი, კარგი კინო... მაშინაც მეტირება, როდესაც ადამიანი საკუთარ საქმეს კარგად აკეთებს. მოკლედ, სენტიმენტალური ვარ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს, მერიდება, შექება სახიფათოა, სარისკოა.

- მეშინია...

- ...უღმერთობის, საკუთარ თავში ღმერთის დაკარგვის. რწმენასა და ურწმუნობას შორის ძალიან ფაქიზი ზღვარი გადის, სიფხიზლეა საჭირო, რომ საკუთარი ამბიციითა და ამპარტავნებით გამოწვეული ცვლილებები არ გამოგეპაროს.

- ვმალავ...

- ...რასაც ვმალავ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ასე არ ხდება, ხშირად არ მსაყვედურობენ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...10 კილოგრამს კიდევ დავიკლებდი.

- ვუფრთხილდები...

- ...რწმენას, ღირსებას, მეგობრებს.

- ვიტყუები...

- ...ნაკლებად, არც მახსოვს, ბოლოს როდის მოვიტყუე. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ტყუილი არ მჭირდება. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ტყუილის თქმა იმ მიზეზითაა განპირობებული, რომ მეორე ადამიანი ტკივილისგან დაიცვა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაქებენ.

- თავისუფლება არის...

- ...ქრისტიანობა.

- ინტუიცია...

- ...არსებობს, საკმაოდ მაქვს განვითარებული, თუმცა მიმაჩნია, რომ მოვლენების შეფასებაში, ხელს ლოგიკური აზროვნებაც მიწყობს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვლოცულობ, ვკითხულობ, ვუსმენ, ვუყურებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან ბევრი ფული სახიფათოა, ცნობიერებას ცვლის. მსურს იმდენი მქონდეს, რომ მშვიდად ვიყო და სხვასაც გავუზიარო.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ მივიღებ მონაწილეობას იმ ღონისძიებაში, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს ამცირებენ (სარწმუნოება, მშობელი, ქვეყანა).

- მენატრება...

- ...არაფერი.

- ბედისწერა...

- ...არ არსებობს, უბრალოდ ბედისწერა ღმერთის ნებაა, რაც ადამიანს მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეულ გარემოებებში ახვედრებს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვლოცულობ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამას დარიგებაა შეყვარებულობის პერიოდში: გულზე მაღლა გონება უნდა იდგეს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგიცვათ შეცდომებისგან!

თამუნა კვინიკაძე