"დედა ცდილობს, შეცდომებისგან დამიცვას" - გზაპრესი

"დედა ცდილობს, შეცდომებისგან დამიცვას"

სახელი, გვარი: ბაბი კირკიტაძე.

ასაკი: 24 წლის.

განათლება: სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია.

ამჟამინდელი საქმიანობა: ტელეწამყვანობა, სიმღერა.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მეგობრებთან ურთიერთობა.

ცხოვრების დევიზი: "არასოდეს დანებდე!"

- ოდესმე შენს შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?

- კი, თუნდაც - სიმღერასთან დაკავშირებით: იუმორისტული სიმღერების შესრულებას ბევრი უნარი არ სჭირდებოდა, მაგრამ როცა უკვე სერიოზული სიმღერების შესრულება დავაპირე, ვინერვიულე. მეგონა, ვერ შევძლებდი. ადამიანები მაგულიანებდნენ - შეძლებ, ყველაფერი გამოგივაო. მეც გავბედე, გამომივიდა და მას შემდეგ ვმღერი...

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი - ადამიანი ნამდვილ სახეს როგორ სიტუაციაში ავლენს?

- ჩემი დაკვირვებით, ადამიანები საკუთარ სახეს მაშინ ავლენენ, როცა მათ გვერდით მყოფი კრიტიკულ სიტუაციაშია. როცა გგონია, ადამიანი შენ გვერდითაა და უნდა დაგეხმაროს, აღმოაჩენ, რომ თქვენი ურთიერთობა ნამდვილი არ ყოფილა... ხომ გაგიგონია გამოთქმა - ადამიანი გასაჭირში იცნობაო? მართლა ასე ყოფილა.

- ოჯახის წევრები და მეგობრები მოფერებით რას გეძახიან?

- საბედნიეროდ, ბაბეტას არავინ მეძახის (იცინის). ბიძაჩემი ბაბილინათი მომმართავს - ეს სახელი ძალიან მოსწონს. დედაჩემს უნდოდა, ჩემთვის ბაბილინა (ასე ბებიაჩემის ბებიას ერქვა) დაერქმია, მაგრამ ბებიამ დაბადების მოწმობაში ბაბი ჩაწერა... ბარბარესაც მეძახიან, ბაბსიკასაც... ჩემი დეიდაშვილი სულ ბრუსუს მეძახის: სქელი და ფუმფულა რომ ვიყავი, ბრუსუნათი მომმართავდა...

GzaPress

- ბულინგის მსხვერპლი გამხდარხარ? - მგონი, ასეთი რაღაცები ყველას გამოგვივლია. ბევრი ვერ დაიჯერებს, მაგრამ ძალიან კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი. ჩემი ზედმეტი წონის გამო, სულ გრძელი ქვედატანები და კაბები მეცვა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ჩაცმულობის გამო მაბულინგებდნენ.

- სიტუაციას როგორ უმკლავდებოდი?

- რომ გითხრა, გავუმკლავდი ან ამ საკითხზე ვიმუშავე-მეთქი, მოგატყუებ. სანამ ტელევიზიაში არ მოვხვდი, ვერ მივხვდი, რომ წონაში უნდა დამეკლო. ჩემი გარეგნობის ამსახველ ძველ კადრებს ახლა რომ ვუყურებ, მართლა მიკვირს, როგორ დავდიოდი?!. მოკლედ, ეკრანმა მიმახვედრა, რომ უნდა გავმხდარიყავი. თავისთავად, ჩემი ჩაცმის სტილიც შეიცვალა. მაგალითად, მოსწავლეობის პერიოდში, ჯინსი არასოდეს მცმია...

- ჭარბწონიანობის პერიოდში, საოცნებო სამოსი თუ გქონდა?

- კი, როგორ არა! მახსოვს, ერთხელ მე და მამა ქუჩაში მივდიოდით. გოგო დავინახე, რომელსაც "ელასტიკი" ეცვა. მაშინ ვთქვი: - არც მგონია, რომ ოდესმე ამას ჩავიცვამ, ისეთი სქელი ვარ-მეთქი... მამაჩემი, რომელიც საერთოდ, ძალიან აზიატია, კი გაგიჟდა: - რას ჰქვია, "ელასტიკი" უნდა ჩაიცვაო (იცინის)?!. თუმცა, მე ჩემი გულისწყვეტა მქონდა...

- ახლა შენს გარდერობში ე.წ. ელასტიკი ჭარბადაა?

- არა, რადგან დიდად არ მეკომფორტულება, თორემ ისე, ჩემს გარდერობში ყველანაირი სტილის სამოსს იპოვი.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, რას აკეთებ?

- ტელევიზიაში ვიმყოფები და სხვადასხვა საქმით ვარ დაკავებული: რეპეტიცია, გადაცემის დაგეგმვა, სტუმრებთან ურთიერთობა და ა.შ.

- წარმოიდგინე, გადაცემის დაწყებამდე 1 წუთით ადრე გატყობინებენ, რომ ეთერში სტუმრად საქართველოს პრეზიდენტი გეყოლება, ინტერვიუსთვის კი არ მომზადებულხარ. ინტერვიუს თავს გაართმევ?

- პრეზიდენტთან დაკავშირებით ასეთი გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ჩემს ცუდ თვისებას ვაღიარებ: ხშირად მემართება, რომ ეთერში ისეთ დროს შევდივარ, სცენარის წაკითხვას ვერ ვასწრებ. ფაქტობრივად, ეთერში სულ მოუმზადებელი ვზივარ, მაგრამ მაყურებელს ეს არასდროს უგრძნია, - არ დავბნეულვარ. მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსავალს ვიპოვი. პრეზიდენტს პოლიტიკურ თემებზე არ დაველაპარაკები - ეს ჩვენი გადაცემის ფორმატი არც არის და პოლიტიკით არ დავტვირთავ. ვკითხავდი: მისი დილა როგორია? სახლში როგორია? რას აკეთებს გარდა იმისა, რასაც ეკრანიდან ვხედავთ? იქამდე როგორ მივიდა, სადაც დღეს არის? თავისი განვლილი ცხოვრებით კმაყოფილია თუ არა?..

- ვინ არის ადამიანი, ვინც შენზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს?

- ასეთი ადამიანი დედაჩემი იყო, არის და იქნება, დარწმუნებული ვარ. ის ჩემი მუდმივი მოტივატორია: არ არსებობს, დღემ ისე ჩაიაროს, რომ დედამ ცხოვრების სტიმული არ მომცეს და სამომავლო გეგმებზე არ დამელაპარაკოს. გადაცემასაც უყურებს. მეუბნება, რა იყო კარგი და რა - ცუდი, რა უნდა შევცვალო, დავხვეწო და ა.შ. ადამიანებთან ურთიერთობის დიდ გამოცდილებას, რომელიც მას აქვს, მიზიარებს ხოლმე... დედა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ჩართულია; ცდილობს, შეცდომებისგან დამიცვას და ყველაფერი ტრავმების გარეშე გავიარო, მაქსიმალურად...

- ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- უი, კვება ისე მიყვარს, რომ არ ვიცი, რომელ კერძს მივანიჭებდი უპირატესობას, დავიბენი (ფიქრობს)... მჭადი, ყველი, ლობიო, პრასი და კიტრი-პომიდვრის სალათი გლეხურად იყოს. ეს ერთი ნაკრებია, არ იშლება (იცინის).

- ყველაზე უკეთ რომელი საქმის კეთება გამოგდის, როგორ ფიქრობ?

- ხალხთან ურთიერთობა. ამაში ტელეწამყვანობაც იგულისხმება, სიმღერაც...

GzaPress

- ბოლოს განსაკუთრებულად ბედნიერად როდის იგრძენი თავი? - მაგალითად, გუშინ: ჩვენს თანაწამყვანს დაბადების დღე ჰქონდა. ისე მიხაროდა, ჭკუაზე არ ვიყავი! ბედნიერს რომ ვხედავდი, მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი! საჩუქრებს რომ გადასცემდნენ, მეგონა, მე მჩუქნიდნენ (იცინის). ასეთი დეტალები მახარებს. შეიძლება, დილით რომ გავიღვიძო, გარეთ მზე ანათებდეს და ამით ბედნიერს, კარგი განწყობა მთელი დღე გამყვეს ან მუსიკას მოვუსმინო და გავბედნიერდე... რა თქმა უნდა, ახლობლებისა და მეგობრების ბედნიერება ძალიან მახარებს.

- საჩუქრად ყველაზე უცნაური რა მიგიღია?

- მაგალითად, ჯინსის შარვალი, რომელზეც ჩემი ერთ-ერთი ფოტო იყო გამოსახული. ერთადერთხელ მეცვა (კორპორაციულ საღამოზე).

- მადლიერების განცდა ხშირად გეუფლება?

- ძალიან ხშირად და ამას ყოველთვის გამოვხატავ: მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა არასდროს მიჭირს.

- პოპულარული მომღერალი, რომელიც არ მოგწონს...

- რომ დავასახელო, მერე ტალახი მომხვდება, ამიტომ არაფერსაც არ ვიტყვი... ყველა კარგია, ყველას თავისი ადგილი აქვს. რადგან პოპულარულია, ე.ი. ეს დაიმსახურა და თავისი მსმენელი ჰყავს. შესაბამისად, ჩემგან მხოლოდ ქების ღირსია...

- ბოლოს როდის იყავი რომანტიკულ პაემანზე?

- უიმე, არასდროს ვყოფილვარ.

- გარეგნობასთან დაკავშირებული წარმატებული ექსპერიმენტი...

- წითელი თმა. ბუნებრივად ჟღალთმიანი ნამდვილად არ ვარ. ტელევიზიაში რომ მივედი, თმა წითლად მქონდა შეღებილი. სანამ ერთხელ (2 წლის შემდეგ), შესაღები თმით არ მივედი, მანამდე ყველას "რიჟა" ვეგონე. ჟღალი თმა ჩემს გარეგნობაში ისე "ჯდებოდა", ეჭვი არავის შეჰპარვია, ბუნებრივი ფერი იყო თუ არა.

- ამ ფერს როგორ "მიაგენი"?

- თმის შეღებვა მომინდა. დედაჩემი ბუნებრივად "რიჟაა". მითხრა, - წითელი თმა მოგიხდებაო. - კარგი, შევიღებავ-მეთქი, - ვუთხარი. ასე გადაწყდა ეს ამბავი...

- შეგიძლია, რომელიმე ლექსის 1 სტროფი გაიხსენო?

- ბევრი მახსენდება, მაგრამ რომა რცხილაძის სიმღერის ტექსტის ნაწყვეტს ვიტყვი, რადგან ასეთ განწყობაზე ვარ: "მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან..."

- კორონავირუსის ვაქცინისთვის რას დათმობდი?

- უიმე, დედა... მილიარდები რომ მქონდეს, 1 "ცალს" აუცილებლად დავთმობდი. რაც მაქვს, იქიდან ჩემი ცოდნა და განათლება შემოევლოთ, თუ რამეში გამოადგებათ... ისე, რა მაგარი იქნება, ვაქცინის შექმნაში წვლილს რომ შევიტან...

- შენთვის ძვირფასი რამის, მაგალითად, საყვარელი საქმიანობის დათმობა რომ მოგიხდეს, თანახმა იქნები?

- ისეთი არჩევანის წინაშე მაყენებ, რომ ფაქტობრივად, ეს ჩემსა და კაცობრიობას შორის არჩევანია. გინდა, გმირი გამხადო (იცინის)?!.

ეთო ყორღანაშვილი