"ის მზესავით ადამიანია..." - გზაპრესი

"ის მზესავით ადამიანია..."

ქალბატონი ბელა კუპატაძე - მადლიერების გრძნობით აღსავსე ეს ქალბატონი იმიტომ დაგვიკავშირდა, რომ მის თავს მომხდარ სიკეთეებზე სახალხოდ ესაუბრა. ფიქრობს, რომ ადამიანებმა მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე კი არა, პოზიტიურ ამბებზეც ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ.

- რამდენიმე წლის წინ პრობლემები შეგვექმნა, რის გამოც ქუთაისსა და თბილისში ბინის გაყიდვა მოგვიხდა, იძულებულები გავხდით ოზურგეთში, ბებიის სახლში გადავსულიყავით. ამას დაერთო ჩემი ორი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება. 2018 წელი ძალიან ცუდი გახლდათ ჩემი ოჯახისთვის: თებერვალში ბებოს ინსულტმა დაარტყა და გარდაიცვალა, მაისში კი მამა დავკარგე... ბებოს დაკრძალვის ხარჯები ჩემთვის მძიმე ტვირთი იყო, რასაც ვერ გავწვდებოდი, რადგან იმ დროს მამა საავადმყოფოში იწვა და ძვირად ღირებული წამლების შეძენა მიწევდა მისთვის, არადა, ვერც ვმუშაობდი, რომ ფინანსურად ძლიერი ვყოფილიყავი. ამიტომ დახმარება ოზურგეთის მერიას ვთხოვე. მერიაში არავის ვიცნობდი, მაგრამ იმედი მქონდა, დამეხმარებოდნენ და ასეც მოხდა. ვიშოვე ბატონების: კოტე შარაშენიძისა და ირაკლი სირაძის ტელეფონის ნომრები, მათ მივწერე ჩემი პრობლემების შესახებ. წარმოიდგინეთ, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებმა დაკრძალვის ხარჯები გაიღეს. სასახლე მოგვიტანეს, მანქანაც გამოგვიგზავნეს მიცვალებულის გადასასვენებლად. ეს პირველი შემთხვევა იყო ოზურგეთში, რომ ვიღაც სასახლით და რიტუალისთვის საჭირო მანქანით უზრუნველყვეს. მითხარით, როგორ არ დავუფასო ეს სიკეთე ამ ადამიანებს?

მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა: ვიდრე პანდემია გამოცხადდებოდა, ვმუშაობდი ძიძად, ქალბატონ მარიამ სანოგოს საოცარ შვილზე ვზრუნავდი. მერე, როცა თვითიზოლაციისკენ მოგვიწოდეს, მეც მომიხდა სახლში წამოსვლა. ცხადია, როგორც ბევრი ოჯახი, ჩვენც კრიზისულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. აი, ასეთ დროს, ოზურგეთის მერიამ ისევ უდიდესი ყურადღება გამოიჩინა და ჩემს ოჯახს, ისევე როგორც ბევრ სხვას, პროდუქტები მოუტანეს.

იმ დღეს ოზურგეთში ნამდვილი ზეიმი იყო. მერწმუნეთ, ამ მხრივ თავი არ დაზოგა არც მერიამ, არც კერძო ბიზნესმენებმა, მაგალითად ბატონი ბეგლარ სიორიძე მოსახლეობას მხარში შეძლებისდაგვარად ამოუდგა. ვისაც უჭირდა, ყველას შინ მიუტანეს პროდუქტები: პურის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, კარტოფილი და ა.შ. ეს დიდი მხარდაჭერა იყო სამსახურდაკარგული ადამიანებისთვის. ჰოდა, სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, თქვენი რედაქციისთვის მეთხოვა დახმარება, რომ ამ ადამიანებისთვის მადლობა სახალხოდ გადამეხადა. ჟურნალ "გზის" ერთგული მკითხველი ვარ, წლებია და ვიცი, ჩემს სიტყვებს ადრესატამდე მიიტანთ. არ შეიძლება უმადურობა გამოვიჩინოთ. რაც მეტს ვისაუბრებთ კეთილ საქმეებზე, მით მეტი უკეთესი რამ მოხდება ქვეყანაში - ასე მიმაჩნია.

GzaPress

- ისევ ოზურგეთში ხართ თუ უკვე შეუდექით სამუშაოს? - არა, ახლა თბილისში ვარ, ოზურგეთში კი დედა და ძმა დავტოვე. ძმა სამკურნალოა, ოპერაცია სჭირდება. თუმცა, სასწრაფო არაფერია და იმედია, მალე მოვახერხებთ ექიმთან მის მიყვანას.

- რამდენი ხანია, რაც მარიამ სანოგოს შვილზე ზრუნავთ?

- ზუსტად 9 თვე ვიმუშავე მასთან, მერე ამ ვირუსებმა აგვირია სიტუაცია. ახლა ბატონ პაატა იმნაძის სახლში დამასაქმეს, ოჯახის დამხმარე გახლავართ.

- ანუ მარიამმა დაგითხოვათ?

- არა, მათ უბრალოდ აღარ სჭირდებოდათ ძიძა, რადგან ახლა ბავშვი დასასვენებლად მიჰყავთ, როცა თბილისში დაბრუნდებიან, ბაღში გაუშვებს. ისე კი, გული დამწყდა, სტრესი მქონდა, ბევრი ვიტირე. გუშინ რომ ვნახე, სიხარულით ავივსე. როცა მათგან მოვდიოდი, ზუკამაც იტირა და მეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, რადგან მარიამი არის ჩემი მზე გოგო, უკეთილშობილესი, მისი შვილი კი ჩემი სიცოცხლეა, მემზევება და მემთვარება. მარიამმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მოაბრუნა სიცოცხლის სიყვარულისკენ. ყველაფერში მხარში ამომიდგა და მისი წყალობით ვარ მე დღეს ბატონი პაატა იმნაძის ოჯახშიც, რომელიც ასევე უსაზღვროდ მიყვარს, საოცრად თბილი ადამიანები არიან. სხვა თუ არაფერი, ამით მაინც გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ჯერ მარიამს შევხვდი და შემდეგ ლიზის, ტატას და ბატონი პაატას მთელ ოჯახს, ნუნუ დეიდაზე კი აღარ ვლაპარაკობ, ის საოცარი ვინმეა. ჩემთვის ეს ოჯახი უკვე ყველაფერია.

GzaPress

- ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვის დედა და კარგი ძიძა ერთმანეთზე ეჭვიანობას იწყებენო... - იცი, ცოტა არ იყოს, ჩვენც ვეჭვიანობდით ერთმანეთზე - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ აი, გუშინ, როცა მარიამს და ზუკას შევხვდი, ერთმანეთის ნახვით ვისიამოვნეთ, დაშორების დროს კი, როგორც გითხარით, მეც ვიტირე და ზუკამაც... არა უშავს, აუცილებლად დიდხანს გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ძალიან უმადური უნდა ვიყო, რომ მარიამის ოჯახს პატივისცემა არ დავუფასო. ისინი გვერდში საკუთარი ოჯახის წევრებივით ამომიდგნენ, როცა ძალიან მიჭირდა. - თავის დროზე მარიამთან რეკომენდაცია ვინ გაგიწიათ?

- მარიამის დედამთილი და დედაჩემი კარგი მეგობრები არიან. სხვათა შორის, დედაჩემს ჰყავს მარიამის უმცროსი მაზლი გაზრდილი. როცა მათ ოჯახში გასასაუბრებლად მივდიოდი, მარიამის დედამთილს - ქალბატონ ნათიას ვკითხე, - ზევიდან ხომ არ გადმომხედავს-მეთქი? - არა, ძალიან თბილი გოგოაო. და მართლაც, თბილი კი არა, მზესავით ადამიანია, სუსხიან ზამთარშიც კი მათბობდა. ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს და ბრძოლით დაღლილს, მიმკურნალა. მამის გარდაცვალებით დათრგუნვილი ვიყავი, ის ჩემთვის მხოლოდ მშობელი კი არა, ყველაფერი, მთელი სიცოცხლე გახლდათ. ახლაც, ცოცხალი რომ იყოს, მის გამო ყველაფერს გავაკეთებდი, ოღონდ ჩემ გვერდით მენახა. მისი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ვალდებულების გამო ვცხოვრობდი და მარიამმა ჩემი ცხოვრება გააფერადა, ახლა უკვე იმნაძეების ოჯახის წევრები ცდილობენ, გამამხნეონ - საოცრად მადლიერი ვარ ამ ადამიანების.

- ბელა, რა პროფესიის ხართ?

- სამედიცინო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ მაგისტრატურაში სწავლა არ გამიგრძელებია, ემიგრანტად წავედი თურქეთში, სადაც სამი წელი ვიმუშავე, მერე კი მამას ავადმყოფობის და სხვა პრობლემების გამო ჩამოვედი. დედას ძალიან გაუჭირდა თბილისსა და ოზურგეთს შორის სიარული, იქით ბებოსაც ვერ ტოვებდა, მამასაც მოვლა სჭირდებოდა. საკუთარი თავის შემრცხვა, მარტო ფული ვგზავნო და დედამ იტანჯოს, ასე არ გამოვა-მეთქი და ჩამოვედი, ამის შემდეგ აუარებელი პრობლემა შეგვექმნა, მათ შორის ფინანსური. ახლა კი ცხოვრება მელამაზება. იმედი მაქვს, ოდესმე მეც შევძლებ ამ ადამიანებისთვის სიკეთის გაკეთებას.

ლიკა ქაჯაია