ძმების დიდი სიყვარული, ბავშვობიდან გამოყოლილი ტკივილი და ბედნიერება - გზაპრესი

ძმების დიდი სიყვარული, ბავშვობიდან გამოყოლილი ტკივილი და ბედნიერება

ბავშვობაში ძმები მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდნენ, სტიპენდიასაც იღებდნენ, მაგრამ მალე გაირკვა, ისინი "ხალხის მტრის" შვილები იყვნენ და სასწავლებელი დაატოვებინეს. იმ თანხის დაქვითვა კი, რომელსაც სტიპენდიის სახით უხდიდნენ, დედის ხელფასიდან დაიწყეს, - ეს ერთი ეპიზოდია ძმები კავსაძეების ბიოგრაფიიდან, რომელიც დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩებათ, ამ ტკივილს კი სახელად უმამობა ჰქვია.

"კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება", - დღეს უკვე ღიმილით ამბობს იმერი კავსაძე. ყველასთვის საყვარელ მსახიობს 5 ივნისს 85 წელი შეუსრულდა. მათი ძმობის ამბავზე, წარსულზე, დღევანდელობაზე, დიდ ტკივილსა და სიყვარულზე ბატონი კახის ძმა გვესაუბრება.

იმერი კავსაძე:

- კახის იუბილემ კარგად ჩაიარა, რამდენიმე ტორტი მიართვეს, იყო უამრავი ზარი და მილოცვა. 85 წელი ისეთი თარიღია, ადამიანმა თავის ცხოვრებას უნდა გადახედოს. კახი შემართებითაა, ფეხზე ტრავმა ჰქონდა, ეს პრობლემა მოგვარდა, ახლა გაცილებით უკეთესადაა, თავს კარგად გრძნობს.

- ეს ყველას ძალიან გვახარებს. დღეს თქვენს ძმობაზე უნდა ვილაპარაკოთ. ბატონი კახი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, იმერი მაკვარანცხი ბავშვი იყოო.

- თავად ასე ამბობს, მაგრამ მე არ ვეთანხმები. ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ მოუსვენარი ვიყავი და ხელს რასაც მოვკიდებდი, ყველაფერი ფუჭდებოდა.

GzaPress- თავად როგორი ბავშვი იყო?

- ბედნიერებაა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის. კახი ჩემზე 2 წლით დიდია, მაგრამ ის ყოველთვის ჩემი უფროსი იყო და დღემდე მეუფროსება. ერთი ძმა რომ 5 წლის არის და მეორე - 7-ის, განსხვავება თითქოს იგრძნობა, მაგრამ როცა ერთი 25-ის ხდება და მეორე - 27-ის, ამ დროს უკვე 2 წელს მნიშვნელობა აღარ აქვს. აი, კახისთვის კი დღემდე ეს 2 წელი მნიშვნელოვანია. 16 ივნისს 83 წლის ვხდები, კახი 85-ის გახდა, მაინც უმცროსი ძმა ვარ.

- რჩევებსა და მითითებებს ხშირად გაძლევდათ?

- სულ ასე იყო. ბავშვობაში ხშირად ერთად ვიყავით, ზღვაზე ზაფხულობით ერთად დავდიოდით. ჩვენთვის უცხო იყო ფუფუნება, ღამით თავის დასადები ადგილის მეტი, არაფერი გვინდოდა. კარგ დროს ვატარებდით. კახის ისეთი აღნაგობა ჰქონდა, ასაკთან შედარებით, ყოველთვის უფროსად გამოიყურებოდა. სკოლაში რომ სწავლობდა, ამბობდა, სტუდენტი ვარო და მის ნათქვამში ეჭვი არავის შეჰქონდა. სიგარეტს არ ვეწეოდი, რადგან ვიცოდი, კახი ამის უფლებას არ მომცემდა... ზაფხული იყო, ზღვაზე დასასვენებლად ვიყავით. ბუნებრივია, კახი იქაც დიდობდა, დადიოდა პლაჟზე რუს გოგონებთან და თურმე, სიგარეტსაც აბოლებდა. ეს რომ გავიგე, სიგარეტი დავუმალე და ამის გამო გამლახა.

- შემდეგ როგორ შერიგდით?

- საქმე შერიგებამდე არც არასდროს მიდიოდა, ეს კი დედას სულ უკვირდა. პატარები რომ ვიყავით, ერთმანეთს დავერეოდით, ვჩხუბობდით, სახლს ვანგრევდით, თავდაყირა ვაყენებდით, მერე დედა გამოდიოდა და გვაშველებდა. ერთ დღეს, მორიგი გაშველების შემდეგ, დედა სამზარეულოში შევიდა, რამდენიმე წუთში უკან რომ გამობრუნდა, დაგვინახა, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით და წყნარად ვლაპარაკობდით. გაოგნდა, - ბიჭო, ნაჩხუბრებმა ერთმანეთის გარეშე 5 წუთი მაინც გაძელითო!.. ჩვენთვის ის ჩხუბი არაფერი იყო.

- მამის გარეშე იზრდებოდით, დედა მკაცრად გზრდიდათ?

- ჩვენი ახლო ნათესავები და ახლობლები დედას ირინა ბუგრიმოვას ეძახდნენ: იმ პერიოდში იყო მხეცების ცნობილი მომთვინიერებელი, რომელიც საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა, ლომებსა და ვეფხვებს წვრთნიდა. დედას ეუბნებოდნენ, - ბუგრიმოვა ხარ, ორი ასეთი "ლომი" მოთვინიერებული რომ გყავსო. ჩვენ დედის დიდი ხათრი და რიდი გვქონდა. დედას ვაღმერთებდით, ის მამას აღმერთებდა, ძალიან გვიყვარდა და გვეშინოდა. ერთი-ორჯერ მამაჩემის ქამრით ვყავართ გალახულები.

ბავშვობიდან დიდი ბედნიერება გვაკლდა, უმამოდ გავიზარდეთ და ეს მდგომარეობა გულზე ლოდივით გვაწვა. "მამა" არავისთვის დაგვიძახია და რა გრძნობაა, ვერც წარმომიდგენია. ეს თემა ძალიან მტკივნეულია, გარკვეულწილად, კომპლექსიც არის.

მე და კახი მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდით, კახი - საფორტეპიანოზე, მე - ვიოლინოზე. იმ წლებში მამა დაკარგულად ითვლებოდა. ჩვენ ვსწავლობდით და სტიპენდიასაც ვიღებდით. მოგვიანებით დადგინდა, მამა ტყვედ იყო ჩავარდნილი, ტყვეს კი მტრად და მოღალატედ მიიჩნევდნენ. სასწავლებლიდან დაგვითხოვეს. იმ პერიოდში აღებული სტიპენდიის დაქვითვა დედას ხელფასიდან დაიწყეს. "მტრის შვილებს" თანხას სახელმწიფო ხომ არ გადაუხდიდა?!

- თქვენ, მაშინ პატარა ბიჭებს, რა გითხრეს, სასწავლებლიდან რატომ გრიცხავთო?

- არაფერი აუხსნიათ, გვითხრეს, რომ იქ არ უნდა გვევლო. ვფიქრობდი, ალბათ კარგად ვერ ვსწავლობდით და იმიტომ გამოგვიშვეს-მეთქი. სიმართლე მოგვიანებით შევიტყვეთ.

არის ტკივილი, რომელსაც მალამოს წაუსვამ და გაივლის, არის ისეთი ტკივილიც, რომელსაც ვერაფრით უშველი და ასეთი იყო ჩვენთვის უმამობა - მთელი ცხოვრება გვტკიოდა. არადა, მამამ რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მხოლოდ ამიტომ იყო ის დასაფასებელი. ამის გამო დაისაჯა მისი ოჯახი.

- თქვენთვის ბატონი კახი როგორია, მისი ხასიათიდან დომინანტი რომელი თვისებაა?

- კეთილი ადამიანია. ეს მისი ერთ-ერთი ღირსებაა. არ ვამახვილებ ყურადღებას მის ნიჭიერებაზე, კაცთმოყვარეობაზე, სტუმართმოყვარეობაზე... თუმცა, არც უამისობაა. სიკეთე მასში ბავშვობიდან გამოკვეთილი იყო.

- თქვენ წლების განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდით, საზღვარგარეთ მოღვაწეობდით, მაშინ ერთმანეთის მონატრებას როგორ უმკლავდებოდით?

- 1964 წელს სამუშაოდ რუსეთში წავედი. იქ 11 წელი დავყავი. ამ ხნის განმავლობაში არ მქონია არც ერთი შვებულება, თბილისში რომ არ ჩამოვსულიყავი. აქ დედა, კახი მელოდებოდნენ და სხვაგან წავიდოდი?.. მაშინ ოჯახი არც ერთს არ გვყავდა. მოგვიანებით, 54 წლის ასაკში, პოლონეთში წავედი. კრაკოვის საოპერო თეატრის სოლისტი გახლდით. ყოველ ზაფხულს თბილისში ჩამოვდიოდი, მე და კახი ერთმანეთს ტელეფონით ველაპარაკებოდით.

- როდესაც ესწრებით სპექტაკლის ან ფილმის პრემიერას, რომელშიც ბატონი კახი თამაშობს, ამ დროს რა განცდა გაქვთ?

- კახის პირველი სპექტაკლი დღემდე ცხადად მახსოვს, იცით, როგორ ვღელავდი?! როგორ აგიხსნათ... (პაუზის შემდეგ) თავბრუ მეხვეოდა. იქ იყო სცენა, სადაც მსახიობი ყვიროდა: "აი, მოდის, მოდის, უნდა მოვიდეს!" და იმ დროს, კახი სცენაზე რომ უნდა შემოსულიყო. მეგონა, გონებას დავკარგავდი. ახლა ის ემოცია გამიცოცხლეთ. მაშინ კახი მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ის განცდა, რომელიც მაშინ მქონდა, ახლაც ყოველ ჯერზე, მისი სცენაზე გამოსვლისას მიახლდება. სამწუხაროდ, საქართველოში არყოფნის გამო, ბევრი სპექტაკლი მაქვს გამოტოვებული. აქ როცა ვიყავი, ყოველთვის ვესწრებოდი; კახი თუ თავისუფალი იყო, ოპერაში ჩემს გამოსვლებს ესწრებოდა. 2 წლის წინ მისმა შვილმა, ირაკლიმ მოზარდ მაყურებელთა თეატრში "პატარა უფლისწული" დადგა. მასში კახი თამაშობს. პრემიერას, რა თქმა უნდა, დავესწარი. ორმაგი ემოცია მქონდა. ირაკლის, როგორც რეჟისორს, არ ვიცნობდი. მას ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონია, უნიჭიერესი კაცია.

- წარმოდგენის შემდეგ, ძმები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდით? რჩევებს ან შენიშვნებს აძლევდით?

- რა თქმა უნდა! იყო პატარა ნიუანსები, რომელზე ყურადღების გამახვილებაც საჭირო გახლდათ. თეატრი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა.

GzaPress

- ოპერა რომ არა, შესაძლებელია, დრამის მსახიობი ყოფილიყავით? - შესაძლოა. ოპერის თეატრი ჩემთვის სახლია, ისევე, როგორც კახისთვის - რუსთაველის თეატრი.

- რეჟისორების მხრიდან არასდროს ყოფილა მცდელობა, შემოთავაზება სპექტაკლში დაეკავებინეთ?

- არა. ძნელია ითქვას, სურვილი მქონდა თუ არა. სურვილი არ მქონდა, რადგან იმედი არ იყო. ოპერაში იმდენი სპექტაკლი, იმდენი სამღერი მქონდა, რომ... ოპერა საკონცერტო დარბაზი ხომ არ არის, იქ სიმღერასთან ერთად, თამაშიც ხომ გვიწევს, პერსონაჟებს ვასახიერებთ.

- ბატონი კახის ცხოვრებაში, ყველაზე რთული პერიოდი მეუღლის გარდაცვალება იყო. იმ პერიოდში საქართველოში იყავით?

- სამწუხაროდ, იმ დღეებში კახის გვერდით არ ვიყავი. ვერ ჩამოვედი, ფრენები არ იყო, ყველა გზა გადაკეტილი გახლდათ. კახი ძლიერი პიროვნებაა. როცა ელაპარაკები, ვერ იტყვი, რა უჭირს, არ არის მოშვებული. მან ეს ტკივილი მამაცურად და ღირსეულად გადაიტანა. მახსოვს, როდესაც ბელასა და კახის ურთიერთობა დაიწყო, საქართველოში არც მაშინ ვიყავი, მაგრამ კახი წერილებს მწერდა. ამ წერილებში გულს მიხსნიდა, ეს ორი ძმის ტეტ-ა-ტეტ ლაპარაკი იყო.

- იმ წერილებს ხომ არ ინახავთ?

- ჩემს პირად ნივთებში ისეთი ქაოსი მაქვს, ისიც არ ვიცი, სად რაა. პანდემიის პერიოდში დავიწყე დალაგება და ისეთი ჩანაწერები აღმოვაჩინე, აღარც კი მახსოვდა. შესაძლოა, ეს წერილებიც შენახული მქონდეს და ერთ მშვენიერ დღეს ვიპოვო.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის! ბატონი კახი დიდი სიყვარულით მოგვიკითხეთ, თქვენ კი მოახლოებულ დაბადების დღეს გილოცავთ და დღეგრძელობას გისურვებთ!

- გმადლობთ!

თამუნა კვინიკაძე