ანა მჭედლიძის კომფორტის ზონა და იდეალური სიყვარული - გზაპრესი

ანა მჭედლიძის კომფორტის ზონა და იდეალური სიყვარული

"მისთვის იდეალური სიყვარული მოდის გონებით და არა გულით, შეუძლია იყოს გულუხვი, მაცდური, სასტიკი - გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული. ის ლიდერი არ არის, კულისებს მიღმა სამუშაოს შესრულება ურჩევნია. სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა. პედანტია, ქაოსს წყობილებიდან გამოჰყავს. საზოგადოებაში თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მსახიობ ანა მჭედლიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით წლების წინ მეტად დაინტერესებული ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. მაშინ ასტროლოგს პირადი რუკაც კი შევადგენინე. რომ გითხრა, ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს, ყოველთვის ამ რუკით ვხელმძღვანელობ-მეთქი, ტყუილი იქნება.

- ასტროლოგები ამობენ, რომ ქალწული ცვალებადი ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება.

- ვერ ვიტყვი, რომ ხასიათი ხშირად მეცვლება.

- პედანტი ხარ?

- მეტ-ნაკლებად.

- "ქაოსს მისი წყობილებიდან გამოყვანა შეუძლია!"

- იმ შემთხვევაში, თუ ქაოსი საქმეს ეხება. როცა კონკრეტული გეგმა მაქვს გაწერილი და შემდეგ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ გეგმის შეცვლა მიწევს, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. შინაგანი ფორიაქი მეწყება, ვღელავ, მაგრამ ამას სხვა ვერ მიხვდება.

- "მისი სურვილია ყველაფერი იდეალურად ან იდეალურთან მიახლოებულ ხარისხში აკეთოს".

- მთლად ასეც არ არის, ადამიანები ხშირად შეცდომებსაც ვუშვებთ, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ გამოგვდის, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. თუმცა, რა საქმეც უნდა წამოვიწყო, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, ცდას არასდროს ვაკლებ, საქმისადმი ზედაპირული მიდგომა არ მჩვევია.

- "მას არათუ პირადი ნივთები, ცხოვრებაც კი დაგეგმილი და გაწერილი აქვს".

- ეს ყოველთვის ასე არ ხდება, გეგმის შეცვლა ხშირად მიწევს, მაგრამ ეს პანიკაში არასდროს მაგდებს, მშვიდად ვაკეთებ.

- "ჩვევად აქვს, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს".

- მართალია, მაგრამ ამას უხეშად არასდროს ვაკეთებ.

- თავად კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

- გააჩნია ვინ მაკრიტიკებს. ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა, რაც უნდა უსიამოვნო იყოს, პროფესიული ზრდისთვის საჭიროა, ბევრ რამეში მეხმარება. განსაკუთრებით ცუდი დაუმსახურებელი კრიტიკის მოსმენაა.

- "ქალწული ლიდერად არ იბადება, მას კულისებს მიღმა მუშაობა ურჩევნია".

- ვეთანხმები, ჩემი თავი ამ ამპლუაში ვერც წარმომიდგენია.

GzaPress

- "ამქვეყნად ყველაზე მეტად, დროის უაზროდ ფლანგვა აღიზიანებს". - დროის უაზრო ფლანგვით, ზოგიერთი დიდ სიამოვნებას იღებს; გამოდის, რომ ეს თერაპიაა და მეც ამ კატეგორიას განვეკუთვნები. შეიძლება ამ დროს ფილმს ვუყურო ან მეგობართან წავიდე.

- "საზოგადოებაში თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".

- საზოგადოებას გააჩნია. იქ ისეთი ადამიანები თუ არ არიან, ვისთანაც შეიძლება, საერთო ენა მარტივად გამოვნახო, რა თქმა უნდა, თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ. ზოგადად, ადამიანებთან კომუნიკაცია არ მიჭირს, კომუნიკაბელური ვარ. პერიოდულად შესაძლოა, განმარტოების სურვილი გამიჩნდეს. როცა მარტო ვარ, თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ამ მდგომარეობაში ხანგრძლივი დროით ყოფნა არ მომწონს. მარტოსული არ ვარ, ეს ძალიან სევდიანი სიტყვაა, არ მომწონს.

- "ის არასდროს აგებს ოცნების კოშკებს".

- იმიტომ რომ რეალისტი ვარ. მჯერა, წარმატება და ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენს შრომაზეა დამოკიდებული.

- "ის იმდენად რეალისტია, ილუზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება".

- მართალია. ბავშვობაში ხან ვინ მიყვარდა, ხან - ვინ, მაშინ ბავშვურად მეოცნებე ვიყავი. მგონია, იმ ასაკში ყველა ასეა. დრო რომ გადის, ბევრ რამეს ვსწავლობთ. ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენი არჩევანია, მერე ილუზიები ქრება. ახლა შეყვარებული არ ვარ.

- ეგოისტი ხარ?

- ზომიერად.

- როდესაც პრობლემებს აწყდები, ამ დროს შენში რა ხდება - უკან იხევ, მეტად ძლიერდები, იბრძვი, ნებდები თუ...

- პირველ ეტაპზე, შინაგანი პანიკა მაქვს, გარეგნულად კი სიმშვიდეს ვინარჩუნებ. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ჩემს თავში პანიკას დავძლევ, მერე აღარ მეშინია, ვიბრძვი, პრობლემები არ მაშინებს.

- "მას ყველაფერი იმ წუთში, მომენტალურად სურს მიიღოს".

- მართალია, ეს თვისება ჩემს ხასიათში არის, მაგრამ არა ყოველთვის".

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია".

- ტყუილია, ეს ჩემი თვისებები არ არის. არც ტემპერამენტიანი ვარ, არც - თავნება და არც - ფეთქებადი.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- კი, მინდა თუ არა, უმნიშვნელო დეტალებიც კი მამახსოვრდება. წყენის დავიწყება არ შემიძლია.

- შემდეგ ეს იმ ადამიანთან ურთიერთობაზე აისახება?

- წყენის ხარისხს გააჩნია, შეიძლება იმ ადამიანმა საერთოდ ვერც გაიგოს.

- "ხშირად გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- გაუბედავი უფრო ვარ, ვიდრე - გამბედავი. ეს კარგი თვისება არ არის.

- რატომ არ არის, გაზარალებს?

- იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირს და ვერ ვხვდები, რა ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაიმეს გაფუჭებას მირჩევნია, გავჩერდე. ასეთი ხასიათი მაქვს, არასწორი ნაბიჯების გადადგმას ვუფრთხი. რისკზე წასვლა არ მიყვარს. ამ დროს რჩევებს სხვას ვეკითხები, მაგრამ ბოლოს მაინც საკუთარი შეხედულებისამებრ ვიქცევი, ჩემი საქმის ისე კარგად არავინ იცის, როგორც - მე. შინაგან ხმას ყურს ყოველთვის ვუგდებ. მეტად გამბედავი რომ ვიყო, ვიდრე ვარ, ეს ჩემთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა. გაუბედაობა გარკვეულწილად მაზარალებს.

- "იმდენად ცნობისმოყვარეა, თავს უფლებას აძლევს, სხვის საქმეში ჩაერიოს".

- ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ სხვის საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩავერიო, როცა ამის უფლებას ის სხვა მაძლევს, როცა მისთვის ჩემი აზრი მნიშვნელოვანია. დაუკითხავად ასე მოქცევას თავხედობა ჰქვია, თავხედი კი ნამდვილად არ ვარ.

- სხვა შენს პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარეულა?

- მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. ამის უფლებას არავის მივცემ.

GzaPress

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია. ყველა დეტალს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და მნიშვნელობას ანიჭებს". - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთგული ვარ. დეტალები იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი ურთიერთობა დეტალებისგან შედგება.

- "ისეთივე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორითაც გამოიმუშავებს".

- შემგროვებელი მეტად ვარ, ვიდრე მფლანგველი. იმ ადამიანების კატეგორიას არ განვეკუთვნები, დღეს ხელფასს რომ აიღებენ და ხვალ 5 ლარი აღარ აქვთ. თანხის სწორად გადანაწილება ვიცი.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- ვითომ? მსგავსი შემთხვევა არა მქონია.

- "საყვარელი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- შემთხვევას გააჩნია, არ მგონია, მთლად ასე იყოს.

- სასურველი ბიჭის მოხიბვლის წარუმატებელი შემთხვევა გქონია?

- ვერ ვიტყვი, რომ საამისოდ ჩემებური ხრიკები მაქვს. ეს ყოველთვის ძალიან ბუნებრივად უნდა მოხდეს. თუმცა, მსგავსი შემთხვევა ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას ჰქონია.

- "მისთვის ნამდვილი სიყვარული მოდის გონებით და არა გულით".

- უპირატესობას გონებას ვანიჭებ.

- ადამიანებისთვის სათქმელის პირდაპირ თქმა გჩვევია?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანი დაინტერესდება და აზრს მკითხავს. ისე რა საჭიროა? როცა მეკითხებიან, ჩემი პასუხი გულწრფელია.

- "მას შეუძლია იყოს გულუხვი, სასტიკი, მაცდური - გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული".

- მე და სისასტიკე? ეს თვისება საერთოდ არ მაქვს; არც მაცდურობით გამოვირჩევი. მიზნის მისაღწევად, რაც უნდა სასურველი იყოს, თამაში არ შემიძლია.

თამუნა კვინიკაძე