ტელეწამყვანის ფერადი სამყარო და ცხოვრება "მისტიკურ" ქალაქში - გზაპრესი

ტელეწამყვანის ფერადი სამყარო და ცხოვრება "მისტიკურ" ქალაქში

გია ჯაჯანიძეს მთელი საქართველო იცნობს: ის არა მარტო სკანდალური გადაცემების ავტორი და წამყვანია, თვითონაც საკმაოდ ორიგინალური, კოლორიტული პიროვნებაა, რის გამოც, მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. "ჩემზე 20 წლით უფროსი ქალი მიყვარდა", - აღიარა ტელეწამყვანმა ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ მცირე ინტერვიუში. ამჟამად, გია ჯაჯანიძე ჩვენი სტუმარია და ვრცლად გვიამბობს თავის ცხოვრებაზე, ბავშვობასა და ადამიანებზე, რომლებმაც მის გულში წარუშლელი კვალი დატოვა.

- ბატონო გია, როგორია ყველაზე ნათელი მოგონება თქვენი ცხოვრებიდან?

- ალბათ, გამორჩეული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, - ჩემი ბავშვობა-მეთქი. იმ წლებზე ბევრს არასოდეს ვლაპარაკობ, რადგან მთელი ჩემი ბავშვობა ისეთი საოცარია, ვერც კი წარმოიდგენთ. ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ვიგონებ ან ვფანტაზიორობ. ჭიათურაში გავიზარდე - ეს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქალაქია საქართველოში. შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი თავი 9 თვის ასაკიდან მახსოვს. როდესაც რაღაცას ვყვებოდი, დედაჩემი და ბებია გაოცებული იყვნენ იმიტომ, რომ წესით, ეს არ უნდა მხსომებოდა. ისეთი დეტალები მახსოვდა, მათთვის რომ დაუჯერებელი იყო. დღემდე გაოცებას ვერ ვმალავ, როცა ჩემს ქალაქში ჩავდივარ. ეს ადგილი ჩემთვის მისტიკური და იდუმალებით მოცულია. ვცხოვრობდი უზარმაზარი კლდის ქვეშ - ეს კლდე რომ გადმონგრეულიყო, ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ ხდებოდა. ჩემთვის ეს კლდეები დღემდე სულიერივით ლაპარაკობენ და უცნაურ ხმებს გამოსცემენ. იქ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, იმხელა ჰარმონიაა ჩემსა და ამ ქალაქს შორის, რომ სიტყვით ვერც კი გადმოგცემთ. ბავშვობიდან მახსოვს ერთი რამ: ვუყურებდი ამ საშევარდნო კლდეებს და ვფიქრობდი, რომ იქ მაყურებელი იჯდა, მე ფილმის გმირი ვიყავი და ეს ხალხი მიყურებდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ბავშვური წინათგრძნობა ამიხდა! მადლობა ჩემს მაყურებელს, რომელიც საოცრად მიყვარს და რომელმაც ეს ნატვრა ამისრულა.

- ვინ არის ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თქვენზე?

- ბაბუაჩემით დავიწყებ: 6 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. 2 წლიდან მიყვებოდა ზღაპარს, რომელიც არა და არ მთავრდებოდა. ისე გავხდი 6 წლის და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ეს ზღაპარი არ დამთავრებულა. ბაბუა ცალხელა იყო და გიორგი ერქვა. ამ ადამიანმა მართლა საოცარი კვალი დატოვა ჩემს სულსა და გონებაზე. საოცარი ქალი იყო ბებიაც - ის მიყვებოდა ისეთ რამესაც კი, რაც ბავშვს არ უნდა გაეგო. დედაჩემი სულ სხვაგვარად მექცეოდა - ის საოცრად მოკრძალებული ქალია, რომელიც ორ სიტყვას თუ იტყვის. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაზე მამაჩემმაც იმოქმედა - ის ძალიან ტრადიციული კაცი იყო და სუფრასთან ლამაზი სადღეგრძელოების თქმა იცოდა. საბოლოო ჯამში, ჩემი ოჯახის წევრებმა დამიტოვეს კვალი სიყვარულისა, კვალი სიკეთისა, პატრიოტიზმისა, ადამიანობისა... ამიტომ, ჩემი ოჯახის წევრები ყველაზე ნათელი და წრფელი ადამიანები არიან. თუმცა, ჩემი თითოეული ნაცნობი, მეგობარი თუ თანამშრომელი ტოვებს თავის კვალს - კარგსაც და ცუდსაც. სხვათა შორის, მყავდა თანამშრომელი, რომელსაც ვუყურებდი და ხშირად ვფიქრობდი, რომ ასეთი არ უნდა ვიყო არასოდეს. მოკლედ, მე ნებისმიერი ადამიანისგან ცხოვრებას ვსწავლობ. ჩემი თითოეული რესპონდენტი ჩემთვის არის საინტერესო წიგნი, რომელიც უნდა წავიკითხო და ავითვისო. კიდევ ერთ რამეში გამოგიტყდებით: ძალიან კარგად მაქვს მორგებული მასხარას როლი.

GzaPress- ასე რატომ გადაწყვიტეთ?

- ამ როლში ადამიანებს უფრო კარგად ვხედავ; სერიოზული კაცის იმიჯი რომ მქონდეს, ეს უფრო გამიჭირდებოდა. ურთიერთობაში ადამიანებს ყოველთვის ბოლომდე ვუშვებ - მაინტერესებს, რამდენს გაბედავენ და სადამდე მივლენ. ამიტომ, ყველა ადამიანმა, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, ბევრი რამ დამანახვა და მასწავლა.

- თქვენი ჩაცმის სტილზე ბევრს კამათობენ, ამის თაობაზე რას იტყვით?

- ნათქვამია, მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო, ტანსაცმელი მეათეხარისხოვანია და ჩვენზე თითქმის არაფერს ამბობს. დიახ, მე მაცვია წითელი ფეხსაცმელი, წითელი შარვალი და პიჯაკი, მაგრამ მთავარი ტანსაცმლის ფერი ხომ არ არის? - მთავარია, ვის დავეხმარე და რა გავაკეთე. ახლაც, რომ გელაპარაკებით, მწვანე შარვალი და მაისური მაცვია, ჩემს "ფეისბუკზე" თუ შეხვალთ, მწვანე მანქანასთანაც მაქვს ფოტოსურათი გადაღებული და მწვანე სათვალე მიკეთია - რა დავაშავე, მითხარით? ეს ჩემი შინაგანი ბუნებაა - ლამაზი, ცოცხალი და ხალისიანი ფერები ჩემი ხასიათის გამოხატულებაა - მე ასეთი ვარ. მზეს რომ დავინახავ, უკვე ბედნიერი ვარ და რა ვქნა?

- ოჯახი სამჯერ შექმენით, თანაც, ამბობთ, რომ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდეთ. როგორ შეძელით დინების წინააღმდეგ სვლა?

- დიახ, მე ტრადიციული ოჯახიდან ვარ. ბებიაჩემმა ჩემი მეორე ქორწინების ამბავი რომ გაიგო, შეიცხადა და ლამის გამომიტირა. მოგვეჭრა თავიო, - იმეორებდა, მაგრამ რატომ მოგვეჭრა, მე ამას ვერაფრით ვიგებდი. დავუშვათ, ტრადიცია შემენარჩუნებინა და დავრჩენილიყავი ცოლთან, რომელთანაც აღარ მქონდა ძველი ურთიერთობა, ორივე უნდა დავტანჯულიყავით? ბავშვიც ხომ სტრესს იღებს, როცა ხედავს, რომ დედ-მამას ერთმანეთი აღარ უყვარს? მე არც ერთ ცოლს არ დავშორებივარ ჩხუბითა და აყალმაყალით. დღემდე მაქვს მათთან კონტაქტი. მირეკავენ, კარგი მეგობრები ვართ და საკმაოდ თბილი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. უფრო მეტიც: ჩემი ყოფილი სიდედრები, კომპოტებსა და ტყემალს რომ გააკეთებენ, პირველად მე მიგზავნიან, მთელი ზამთარი სამივე ცალ-ცალკე მამარაგებს. ჩემი აზრით, ტრადიცია არის სიყვარული. ტრადიციაა, როცა ადამიანს გაიტან, თორემ საშინელებაა იმ ადამიანთან იძულებით ცხოვრება, რომელიც ძველებურად აღარ გიყვარს. ჩემთვის ტრადიციაა ოჯახის სიყვარული, დედის სიყვარული და საოცარი პატივისცემა: 60 წლის ვხდები და თუ ვაგვიანებ, საღამოს 10 საათზე დედაჩემს ყოველთვის ვურეკავ: დედა, მაგვიანდება და არ ინერვიულო-მეთქი.

- თუმცა, ოჯახის შენარჩუნებაც ტრადიციაა.

- დიახ, მაგრამ არის სიტუაცია, როცა ცხოვრებას მოაქვს რაღაც, რაც აუხსნელია. როცა მეკითხებიან, რატომ დავშორდი ჩემს ცოლებს, ვცდილობ პასუხი გავცე, მაგრამ ვერ ვუხსნი, რომ სიყვარული დამთავრდა. ადამიანები ამას ვერ იგებენ, ბევრს არ ესმის - როგორ შეიძლება სიყვარული დამთავრდეს? თუმცა ადამიანური სიყვარული, რომელიც მათ მიმართ მქონდა, დღემდე შემომრჩა. შეიძლება არც იყო ეს სიყვარული და თავს ვიტყუებდი? - არ ვიცი, ვერ გეტყვით. ამ ყველაფერს გულწრფელად ვამბობ. 17 წლისას დღიურში ჩამიწერია: ვერასოდეს გავუგებ ადამიანს, რომელსაც სხვა სახლში სძინავს, მისი შვილები კი - სულ სხვა სახლში ცხოვრობენ-მეთქი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მაშინ ვფიქრობდი, რა უნდა გააკეთოს ცოლმა ისეთი, რომ შვილები და ოჯახი დავტოვო-მეთქი? ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ "არასოდეს უნდა თქვა - არასოდეს". მე ისიც არ ვიცი, მომავალში რა დამემართება - გავგიჟდები, კიდევ ვინმე შემიყვარდება თუ რა მოხდება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველა რომანი, რომელიც მქონია, მხოლოდ სიყვარულზე იყო დაფუძნებული.

GzaPress

- ცნობილია, რომ ქალებთან მეგობრობთ და მათ შესანიშნავად უგებთ. რას ურჩევდით მათ, როგორ შეაყვარონ თავი სასურველ მამაკაცს? - ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთ რამეს ვურჩევ: სანამ ადამიანთან ურთიერთობას დაიწყებ, მაქსიმალურად უნდა გაიგო, რა უყვარს და რა მოსწონს. არსებობს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს სიურპრიზები, მაგრამ ზოგიერთი სიურპრიზებს ვერ იტანს. ურთიერთობაში უამრავი ნიუანსია და როცა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეიცნობ, მასთან ურთიერთობა უფრო მტკიცე და მყარი ხდება. ამიტომ, ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვურჩევ: გაიგონ მეორე ადამიანს რა უნდა, თუ ქალს მამაკაცი უყვარს, უნდა იცოდეს, რა მოსწონს მას, რა უხარია... კარგად უნდა გაიცნონ ერთმანეთი. რასაკვირველია, ინტიმურ ურთიერთობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანის ბუნება და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. თუ მეორე ადამიანთან ფსიქოლოგიური ჰარმონია არა გაქვს, არაფერი გამოვა. ძალიან ბევრი წყვილი ვიცი, რომელსაც სასწაული სექსი აქვს, მაგრამ ერთმანეთს მაინც თავ-პირს ალეწავს. ამიტომ, ადამიანებს შორის ჰარმონია უნდა იყოს, მათ ერთმანეთი უნდა უხაროდეთ. ქორწინდებიან და მერე ამბობენ, - არ ვიცოდი, თუ ასეთი მძიმე ხასიათი ჰქონდა ან ასეთი უყურადღებო იყოო... მანამდე სად იყავი, რატომ ვერ შენიშნე, თუ ასეთი მძიმე ხასიათი ჰქონდა? თავიდანვე რომ დაჰკვირვებოდი, იოლად მიხვდებოდი, რომ უყურადღებო იყო. რამდენი ქალისგან გამიგონია: მთელი დღე ისე გავა, ერთს არ მომიკითხავსო. თუ დედას არ კითხულობს, მამას არ კითხულობს და ოჯახის წევრები არ აინტერესებს, მერე არც შენ მოგიკითხავს, ეს უნდა იცოდე... ამიტომ არის ძალიან კარგი თვისება წინდახედულობა. როცა წინდახედული ხარ, ეს თვისება ცხოვრებაში ძალიან გადგება.

- ორიოდე წლის წინ, კიდევ ერთხელ მიიქციეთ ყურადღება, როცა თქვენი ქალიშვილის მშობიარობას დაესწარით - რა განცდაა ეს?

- მე მხოლოდ ერთი ინტერესი მქონდა: ახალი სიცოცხლის დაბადება მენახა. იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა: საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ევლინება სამყაროს პატარა, უმწეო არსება, თორემ შვილების სიყვარული და ქალისადმი პატივისცემა ყოველთვის მქონდა. ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ორი საუკეთესო ქალიშვილის მამა და 4 შვილიშვილის ბაბუა ვარ. ეს კი, ყველაზე ლამაზი, მშვენიერი განცდაა ჩემს ცხოვრებაში.

ხათუნა ჩიგოგიძე