ზაფხული, კორონავირუსი და დასვენება
font-large font-small
ზაფხული, კორონავირუსი და დასვენება
"სხვა არ იკეთებს პირბადეს? შენ გაიკეთე!"

მსოფლიო პანდემიის გამო არსებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ივნისი-ივლისის თვიდან დაგეგმილი ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოგვიწოდა, ადგილობრივ ტურიზმს დავეხმაროთ და აქამდე უნახავი ადგილები დავათვალიეროთ. დავინტერესდით, რამდენად შეუერთდებიან მის ამ მოწოდებას და აპირებენ თუ არა წელს რომელიმე კურორტზე დასვენებას ან საზღვარგარეთ გამგზავრებას ქართველი მსახიობები და დიზაინერები?


"საქმიან ვიზიტებზე მიწევს გამგზავრება"
თინათინ მაღალაშვილი, დიზაინერი:
- ტურიზმის ამოქმედების მომხრე ვარ, რა თქმა უნდა. ადგილობრივი ტურიზმის მხარდასაჭერად, ყოველ წელს ისედაც ვსტუმრობ ქობულეთს და როცა დრო მაქვს, ოჯახი და მეგობრები ყოველთვის ვცდილობთ, სხვა ადგილობრივი კურორტებიც მოვინახულოთ. რაც შეეხება ტურისტების ჩამოსვლას, ალბათ უნდა მოხდეს ქვეყნების დიფერენცირება, რომელია ჩვენთვის სარისკო და რომელი - არა. საზღვარგარეთ, ძირითადად, საქმიან ვიზიტებზე მიწევს გამგზავრება და ამას ვერ გავექცევით. ამ უახლოეს პერიოდში, პირველ ივლისს, ბერლინში მაქვს მიწვევა, ჩვენებაზე, მაგრამ ველოდები, რა რეგულაციები იქნება უკან დაბრუნებისას - თუ ორკვირიანი კარანტინი მელოდება, ამ შემთხვევაში, ვიზიტს გადავდებ. დასვენებას კი ქობულეთში ვაპირებ, რადგან იქ სახლი მაქვს და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით დავისვენებთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ამ კრიზისის გაძლებასაც მოვახერხებთ.

"ჩემი ბევრი მეგობარი ტურიზმზეა დამოკიდებული"
GzaPress
კახა ახვლედიანი, მსახიობი:
- საქართველოში ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც უამრავი ადგილი ჯერ კიდევ არ უნახავს აქ. ევროპა კი აქვს მოვლილი, მაგრამ მესტიაში ან ჯუთაში არ არის ნამყოფი. ჩემი აზრით, ეს ცოტა უხერხულიცაა. ვფიქრობ, კარგი შანსია, შენი ქვეყანა დაათვალიერო და მერწმუნეთ, საერთოდ თავიდან აღმოაჩენთ საქართველოს. რა თქმა უნდა, სასტუმროების მფლობელებმაც უნდა გაითვალისწინონ დღევანდელი მდგომარეობა და ფასები დასწიონ. ზოგ ადგილას მართლა არარეალურად ძვირია ყველაფერი და ხშირად გვესმის ფრაზაც - მაგ ფასად ევროპაში წავალ და საუკეთესო სასტუმროში დავისვენებო...
ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი საზღვარგარეთ მოგზაურობისგან. ვაპირებ ყაზბეგში დავისვენო და აჭარასაც ვესტუმრები, ერთი კვირით მაინც. არ ვიცი, უცხოელი ტურისტების რა ნაკადი იქნება წელს და რამდენად უსაფრთხო იქნება ეს ჩვენთვის... რთული პერიოდია. ჩემი ბევრი მეგობარი ტურიზმზეა დამოკიდებული. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, სხვა გზა არ არის... გირჩევთ, წელს ყაზბეგს ესტუმროთ, ჰაერი გამოიცვალოთ. ზოგადად, ყაზბეგში 10 დღე თუ დაისვენებს ბავშვი, ისე კაჟდება, მთელი წელი არანაირი გრიპი არ ეკარება. ეს ცნობილი ფაქტია.

"ვიმოგზაუროთ საკუთარ სამშობლოში..."
GzaPress
ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი:
- საკმაოდ დიდხანს ვიყავით კარანტინში და ამის ფონზე, ასე უცებ გახსნილი საზღვრები ტურისტებისთვის, რბილად რომ ვთქვა, მეუცნაურება. ადგილობრივი ტურიზმის განვითარების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით. მე თავად მაქვს საოჯახო ბიზნესი ყაზბეგში, თუმცა, როგორც აღვნიშნე, უცხოელი ტურისტების მასობრივ შემოდინებას ნამდვილად არ მივესალმები. ჩვენ, კი ბატონო, ვიმოგზაუროთ საკუთარ სამშობლოში...

"არჩევანის წინაშე ვდგავართ, ჯანმრთელობა თუ ეკონომიკური მდგომარეობა"
GzaPress
მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:
- ვირუსთან ბრძოლა გრძელდება, ჯერ არ დამთავრებულა და ვფიქრობ, ახლა ყველაზე საშიში პერიოდია, როცა გვგონია, რომ ყველაფერი გადავლახეთ, გავიმარჯვეთ და შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, როგორც გვინდა. პირიქით, სწორედ ახლა არ უნდა მოვდუნდეთ, ასმაგად უნდა დავიცვათ სიფრთხილე და ყველაფერი კარგად შევასრულოთ. ტურიზმსაც დადებითი კუთხით ვუყურებ, ოღონდ, ძალიან უნდა გაკონტროლდეს. პირბადე ვიღაცის დასანახად კი არ უნდა გავიკეთოთ მხოლოდ იმ მომენტში, როცა ის გვიყურებს, არამედ უნდა გავითავისოთ, რომ ის ჩვენ გვიცავს და წესად უნდა გვექცეს. როგორც დილით ადგომისას გარკვეული პროცედურები ნორმა და უმნიშვნელოვანესია, ისე უნდა იყოს ესეც. ეს უნდა შევისისხლხორცოთ და ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, საფრთხე ნაკლებია. რა თქმა უნდა, არც იმას ვიტყვი, რომ გარეთ არ გამოვიდეთ, გავჩერდეთ და აღარ ვიარსებოთ. არა, უბრალოდ ვისწავლოთ ცხოვრება ამ ყველაფერთან ერთად, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით.
- ყოველ წელს გვიმეორებენ, რომ ზღვა, პლაჟი ვირუსების გავრცელების მხრივ, საფრთხილო ადგილია და ამგვარი პანდემიის დროს, ცხადია, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. თქვენ თუ აპირებთ ზღვაზე წასვლას? წელს რამდენად ღირს გარისკვა?
- კი, აუცილებლად წავალ, რადგან ქობულეთში სახლი მაქვს და ნახევრად იქ ვცხოვრობ, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ, უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად დავიცავ. როგორც დავინახეთ, ამ ვირუსს სიცხე ვერ ერევა და ისეთ ქვეყნებშიცაა, სადაც ძალიან ცხელა. ზღვისპირა ქალაქში წავალ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყველაფერს მოვირბენ და ხალხში გავითქვიფები. გარუჯვა ყველას მოგვწონს, მაგრამ რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ, ზედმეტი ხალხმრავლობისგან თავი შევიკავოთ, აუზებში ბევრი ხალხის ერთად ჩასვლაც არ მიმაჩნია სწორად და ამას პანდემიამდეც ვერიდებოდი.
არ გავჩერდეთ, მაგრამ ვისწავლოთ ცხოვრება პანდემიასთან ერთად. ახლა ყველაფერი ჩვენს თვითშეგნებაზე, კულტურაზე, აღზრდაზეა დამოკიდებული. არჩევანის წინაშე ვდგავართ, ჯანმრთელობა თუ ეკონომიკური მდგომარეობა. თუ ამას ვერ შევიგნებთ და ისე მოვიქცევით, როგორც გვინდა, შეიძლება ეს ცუდად შემოგვიბრუნდეს. ვის უხარია გაჩერება? ეკონომიკა თავზე ჩამოგვექცევა. ამიტომ, ნუ გავხდით იძულებულს, ისევ ჩაგვკეტონ.
ადამიანის სიცოცხლე უზენაესია, უპირველესია და კაცობრიობა დღეს ორი უმნიშვნელოვანესი რამის წინაშე დგას - სიცოცხლე ან ფული. თითოეულმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვირუსი საშიშია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ ვფიქრობ, რომ უპირბადეოდ და ხელების დაუბანლად გადავრჩებით, იმიტომ, რომ წილხვედრი ქვეყანა ვართ. ღმერთს იტალია არ უყვარს, ინდოეთი, აფრიკა თუ საერთოდ, მისი გაჩენილი თითოეული ადამიანი? სხვა არ იკეთებს პირბადეს? შენ გაიკეთე!

"ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს გააძლიერებს"
GzaPress
ლაშა ღლონტი, მომღერალი:
- ჩემს "ფეისბუკ"-გვერდს თუ დააკვირდებით, ნახავთ, როგორ პროპაგანდას ვუწევ ადგილობრივ ტურიზმს. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სათანადო სერვისის არარსებობა გახლავთ და საქართველოს პირობებისათვის შედარებით მაღალი ფასები. გარდა ამისა, აუცილებელია ადგილობრივი წარმოების პროდუქციის სტიმულირება და თუ გნებავთ, პატრიოტული მოსაზრებებით, მხოლოდ ქართული წარმოების პრიორიტეტულობა. ყოველთვის მიკვირდა, ამდენი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივია ტურისტულ ზონებში და რატომ არ შეიძლება, მაგალითად, ერთსაათიანი კონცერტის გამართვა ტურისტული ჯგუფებისათვის. ვფიქრობ, უცხოელი ტურისტები აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართულ ოჯახებშიც მოხვდნენ. პირადად მე, ასეთ სერვისს მალე შევთავაზებ ჩვენს სტუმრებს.
ინფექციასთან ბრძოლაში გარკვეული წარმატებები დაფიქსირდა, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს გააძლიერებს საერთაშორისო დონეზე და ეს დადებითად აისახება. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ეს გახლავთ უსაფრთხოების პირობების დაუცველობა და დისტანციის არასრული მართვა. იმედია, ჩვენი ტურისტული სექტორი ამ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს.
რაც შეეხება საზღვარგარეთ ჩვენს გასვლას, უცხოეთში წელს ხუთი კონცერტი გადამედო - ირლანდია, ისრაელი, აშშ და გერმანიაში ორი კონცერტი. ამიტომ, გამგზავრებას არსად ვაპირებ, საქართველოში დავისვენებ, ზღვაზე, ჩემს მშობლიურ ბათუმში.

"ნამდვილი საგანძური გვაქვს..."
GzaPress
ჯაბა კილაძე, მსახიობი:
- ვფიქრობ, ტურიზმის განვითარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ტურიზმზე ჯაჭვური რეაქციით არის დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სეგმენტები. დღევანდელ რეალობაში კი "მწვანე ზონის" სახელი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდ პოპულარიზაციას გაუწევს მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე. თუმცა, რთულია იმის თქმა, თუ როგორი ფორმით უნდა გაირკვეს ჩამოსული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა! რაც შეეხება გახარიას მოწოდებას, ვფიქრობ, ძალიან სწორია არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, ისედაც, რადგან ჩვენი ქვეყანა ჩვენვე არ ვიცით კარგად და ის, რომ პრემიერი შიდა ტურიზმის განვითარებისკენ მოგვიწოდებს, ეს ძალიან კარგია და სასიცოცხლო ჩვენი ქვეყნისათვის, არა მარტო თბილისიდან ჩავიდნენ სადმე, არამედ მთელი ქვეყანა ამოძრავდეს და ვნახოთ ყველა კუთხე. ნამდვილი საგანძური გვაქვს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, ტერიტორიაზე, სადაც ცივილიზაციის საწყისი, ზუსტად არავინ იცის, იქნებ ძველ ბერძნებზე ძველი ერიც ვართ (იცინის). ასე რომ, არა მარტო ვეთანხმები, ვუერთდები შემართებით და ვაპირებ კიდეც ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას! პრინციპში, ისედაც ასე ვარ.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ყველა ადგილი ზეპირად იციან"
მსახიობი, რომელიც ემოციებს აგროვებს
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი