როგორ გადაურჩა სიკვდილს ანანო სირბილაძე - გზაპრესი

როგორ გადაურჩა სიკვდილს ანანო სირბილაძე

ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სერიალი "იდეალური დედაც" ტელეეკრანს დაუბრუნდა, გადაღებები გრძელდება... მორიგი ეპიზოდის გადაღებიდან დაბრუნებულ მსახიობ ანანო სირბილაძესთან ინტერვიუ ჩავწერეთ და მისი ცხოვრების შესახებ, საინტერესო დეტალებიც შევიტყვეთ...

- ანანო, დღის რომელი მონაკვეთი მოგწონს?

- დილა, რადგან თუ ადრე ვიღვიძებ, ძალიან პროდუქტიული, ენერგიული ვარ; თუ საქმეების კეთება შუადღისკენ დავიწყე, ყველაფერი მეზარება. ამიტომ დილის 8-დან დღის 2 საათამდე პერიოდი მომწონს.

- რომელია შენი საყვარელი სერიალი?

- House of Cards. მასში მთავარ როლს ქევინ სფეისი ასრულებს. სერიალის ყურება სწორედ მისი ხათრით დავიწყე. ძალიან მომეწონა. დაახლოებით, "იდეალური დედის" ფორმატისაა: მაკას მსგავსად, სერიის დასაწყისში, ქევინ სფეისიც მაყურებელს მიმართავს, პირდაპირ კამერაში იყურება... ისე, ბოლო დროს, ბევრ კარგ სერიალს ვუყურე, მაგალითად - When They See Us, რომელიც 5 ფერადკანიანი ბიჭის შესახებაა. მათ საშინელ დანაშაულს დააბრალებენ. 15 წლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან. ამან ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა... სერიალების ყურებისას მსახიობებს ყოველთვის პროფესიული თვალით ვაკვირდები და ვცდილობ, ჩემს თამაშში რაღაცები გადმოვიტანო...

- შვილი რა მეტსახელით მოგმართავს?

- "დედუ". მე მას ასე მივმართავ - "ჩემი კუკუნიკა". თავადაც ასე მეძახის, როცა რაღაც ძალიან უნდა და სურს, გული მომილბოს (იღიმის).

- შეგიძლია, შენი პირველი კასტინგი გაიხსენო?

- მიშა აფხაზავა კასტინგ-მენეჯერი გახლავთ - მსახიობების დიდი ბაზა აქვს. 17 წლის ვიყავი. თეატრალური უნივერსიტეტის კიბეზე ავრბოდი, როდესაც მიშამ გამაჩერა - გოგონა, 1 წუთით... ბაზას ვქმნი და გადაგიღებ, რომ შენი მონაცემები მქონდესო... კამერის წინ დამაყენეს. ყველაფერი მკითხეს: სახელი, გვარი, ასაკი... მერე, მიშას საშუალებით, ბევრგან მოვხვდი, თუნდაც - რეკლამებში...

- შენს ცხოვრებაში ყველაზე უცნაური რა მომხდარა?

- უცნაური - არ ვიცი, მაგრამ მოგიყვები, ერთხელ როგორ გადავრჩი: 15 წლის ვიყავი. სოფელში მამამ სახლი ააშენა. ქვედა სართული მთლიანად დაასრულა, ზედას აკეთებდა. ვუთხარი, - ზედა სართულზე ავალ, ჩემს ოთახს ვნახავ-მეთქი. გამაფრთხილა - იატაკი სანახევროდაა დაგებული, არ ჩამოვარდეო. - არ ჩამოვარდები, ამხელა გოგო ვარ-მეთქი... ავედი და მართლა არ ჩავვარდი? ქვემოთ ბებია-ბაბუის საძინებელი ოთახი იყო, სადაც უამრავი რამ ეწყო. შეიძლებოდა, კარადაზე ან თუნდაც საწოლის კიდეზე დავცემულიყავი, მაგრამ პირდაპირ საწოლში, რბილად ჩავვარდი. თანდათან ვიაზრებდი, როგორ გადავრჩი... ახლაც რომ მახსენდება, ჟრუანტელი მივლის. მართლა სასწაული იყო!.. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაული ის იყო, როცა ჩემი შვილი გაჩნდა და მკერდზე დამიწვინეს. ამაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში არ არსებობს!..

GzaPress

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი? - სხვათა შორის, ძალიან კარგი (იცინის). ყოველთვის კარგ ნიშნებს ვიღებდი და კარგად ვიქცეოდი, ჩემი ძმისგან განსხვავებით. ის ჩემზე ბევრად ნიჭიერია, მაგრამ საშინლად იქცეოდა. დედა ჩემს კლასში რომ მოდიოდა, თვალები უნათდებოდა, რადგან ყველა მაქებდა (იცინის).

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- წითელს. ამბობენ, აგრესიული ფერიაო, მაგრამ ისე მიყვარს, წითელი ყველაფერი მაქვს: ტუჩსაცხი, კაბა, ფეხსაცმელი... სუნამოს ფლაკონიც კი წითელი მაქვს. მგონი, ჩემი ფერია და მახალისებს.

- როგორ ფიქრობ, შენი პერსონაჟი - ელენე ("იდეალური დედა") რომელ ფერს აირჩევდა?

- ალბათ - კრემისფერს ან თეთრს. ელენე ძალიან მოწესრიგებული, პედანტია. შეიძლება, სულ თეთრი სამოსი ჩაეცვა.

- სიყვარული მართლა ფსიქიკური აშლილობაა?

- სიყვარული ყველანაირი აშლილობაა: ფსიქიკური, ფიზიკური (იცინის)... ბევრჯერ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამბობს, - არასდროს არავინ მყვარებიაო. მიკვირს ხოლმე, რადგან რაც ვარსებობ, მას მერე ვიღაც ყოველთვის ძალიან მიყვარს. სულ შეყვარებული ვარ. როცა ის ერთი ადამიანი არ გყავს, ვისთვისაც იპრანჭები, ცხოვრობ, გინდა, ყველაფერი პირველად მას უამბო, მგონია, რომ ცხოვრება უფერულია. არიან ადამიანები, ვინც ამის გარეშე ცხოვრობენ და კომფორტულად არიან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ - "ფსიქიკურ აშლილობაში" ცხოვრება მომწონს (იცინის). სულ შეყვარებული უნდა ვიყო!..

- ანუ ახლაც შეყვარებული ხარ?

- დიდი ხანია, შეყვარებული ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ პირადი ცხოვრება ყველამ უნდა "გამოფინოს" და ამაზე ისაუბროს. ჯულია რობერტსი რომ ვიყო და ჯონი დეპი შემიყვარდეს, აუცილებლად ვიტყოდი, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი სიყვარულის ამბავი მაქვს (იღიმის)... მგონია, რომ ჩემგან სწორი საქციელიც არ იქნება, ყველაფერს საჯაროდ მოვყვე.

- ვინ არის შენი მესაიდუმლე?

- პირველ რიგში - დედაჩემი. ჭიქაში ყავას რომ დაასხამს და სამზარეულოში გავალთ ხოლმე, იქ ორივეს ყველაფრის მოყოლა შეგვიძლია. სხვათა შორის, ჩემი შვილიც ჩემი დიდი მესაიდუმლეა - საიდუმლოს შენახვა იცის. რა თქმა უნდა, მყავს ასეთი რამდენიმე მეგობარიც. დედასთან საუბრის მერე, პირველად რომელთან დავრეკო და ჩემს ამბებს მოვუყვე, აღარ ვიცი ხოლმე (იღიმის)...

- დიეტაზე მყოფი, რომელი საკვების ჭამის ცდუნებას ვერ უძლებ?

- ხაჭაპურის. ნამდვილი ქართველი ვარ (იცინის). იცი, ხაჭაპური ჩემთვის როგორი სისუსტეა? სუფრაზე ხაჭაპური თუ არ მომეწონა, მერე ყველაფერს უგემურად ვჭამ. ცომის და ყველის ნებისმიერი კომბინაცია მიყვარს.

- რომელი კერძის მომზადება გამოგდის კარგად?

- დედა მეუბნება, ძალიან "გემრიელი ხელი" გაქვსო. უბრალო რაღაცებს ვამზადებ, მაგალითად - გემრიელ "ალადებს". ასევე, იმერელი ვარ და მჭადიც გემრიელი გამომდის. სხვათა შორის, ხაჭაპურსაც გემრიელს ვამზადებ.

- კორონავირუსის ვაქცინის გამო, რას დათმობდი?

- რაც კორონავირუსს უკავშირდება, ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ვარ. ვაქცინის გარეშე სიკვდილი გარდაუვალი რომ იყოს, მაშინ რამეს დავთმობდი. კი, ძალიან ცუდი ვირუსია, მაგრამ არ ჩავიხოცებით - უმეტესობა გადავრჩებით... მოკლედ, ასეთი დამოკიდებულება მაქვს.

- კარანტინის პერიოდი როგორ გაატარე?

- მეგონა, ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან დილით რომ ვიღვიძებ, შინიდან უნდა გავიდე, "მილიონი" საქმე ვაკეთო, ვირბინო და საღამოს სახლში მოვიდე. რომ ჩავიკეტეთ, ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ სუსტი ფსიქიკა არ მაქვს - კარანტინს გააზრებულად შევხვდი. ბევრი წიგნი ვიყიდე, მოვიმარაგე, წავიკითხე... ვარჯიშიც დავიწყე. ერთი თვე ვვარჯიშობდი. მერე მივხვდი, რომ უკვე აღარ შემეძლო, რადგან მთელი ოჯახი სახლში იყო და როცა ვვარჯიშობდი, ოჯახის წევრები მოდიოდნენ - რას წვალობ, დედიკო? მოგიკვდი... ვაიმე, დროზე ადექი, გაჭამოო... გამაგიჟეს და ვარჯიში "გავაჩერე" (იცინის). ვეცადე, კარანტინის პერიოდი პროდუქტიულად გამომეყენებინა. ჩემს ნერვებზეც უარყოფითად დიდად არ უმოქმედია. იმედი რომ დავინახე, კარანტინი დასრულდებოდა, მოვლენებს მივყევი... შინჩაკეტილობა დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, შეიძლებოდა, ფსიქიკურად მეც რამე დამმართოდა, მაგრამ გავუძელი. თავს მოვუარე - ნიღბები (სახის, თმის...) გავიკეთე. თან, ჩემს შვილს ონლაინგაკვეთილები ჰქონდა - ფაქტობრივად, სკოლაც სახლში მქონდა და შვილისგან გაკვეთილებს ბოლომდე ვიბარებდი.

- ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საყოველთაო რეკომენდაციებიდან ყველაზე მეტად, რომლის დაცვა გიჭირს?

- შენობებში შესვლისას ნიღბის გაკეთება ვიცი, რისთვისაც არის საჭირო - ცხადია, უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, ვეთანხმები, ნამდვილად კარგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს თბილისში ყველას აქვს ერთჯერადი ნიღაბი, რომელსაც მრავალჯერადად, მაღაზიაში შესვლისას იკეთებს. შესაბამისად, ნიღბის ტარების აზრს ვეღარ ვხვდები. მერე ხდება ერთჯერადი ნიღბების ერთმანეთისთვის თხოვება - მიდი, მაღაზიაში შედი, რაო... თან, უმეტესობა, სამედიცინო ნიღბებს, რომელიც ვირუსს აკავებს, არ ატარებს. არის ბრენდული ნიღბებიც, რომლებიც დიზაინერებმა სპეციალურად გამოუშვეს. ამაზე მეცინება... კარანტინის შემდეგ, დერმატოლოგთან ვიყავი, რომელმაც მითხრა, - ნიკაპზე გამონაყარის პრობლემის გამო, ჩემთან უამრავი გოგონა მოდის, საშინელება ხდებაო. მთავრობამ გვითხრა, ნიღაბი უნდა გავიკეთოთ და ვიკეთებ, მაგრამ ისე გათვალონ, რომ უსაფრთხოება მართლა დაცული იყოს. მხოლოდ ის ხომ არაა, რომ 1 ნიღაბი ვიყიდო და მანქანაში მედოს?.. უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციების დაცვა გვჭირდება, ნიღაბსაც გავიკეთებთ, მაგრამ ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ამას აზრი აქვს?!. ასევე, თეატრთან დაკავშირებული აკრძალვების შესახებ (რეპეტიციებზე ლიმიტირებული დრო, ადამიანების ლიმიტირებული რაოდენობა...) დღეს წავიკითხე. ეს საკითხი როგორ დალაგდება, არ ვიცი...

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი და ახლა რეალობა როგორია?

- ბავშვობაში დამოუკიდებლობა მინდოდა. სტუდენტობისას ერთი სული მქონდა, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დამესრულებინა, რომ მუშაობა დამეწყო. მსურდა, ყველაფერი დამოუკიდებლად მეკეთებინა. ახლა მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი ვარ, ცხოვრებაში რაღაცებისთვის მიმიღწევია... შეიძლება, მწვერვალებს ვერ ვწვდები, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმისკენ მივდივარ, რაც მინდა, რაც ნაწილობრივ შესრულებული მაქვს... მინდოდა, სამაგალითო შვილი ვყოფილიყავი. ჩემს მშობლებს არაერთხელ უთქვამთ - ძალიან კარგი შვილი ხარო. ჩემთვის ეს ყველაზე მაღალი დონის შექება იყო (იღიმის).

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- როცა ადამიანს გავიცნობ ან ვხვდები, ყოველთვის ვცდილობ, დადებითი ენერგია გადავცე, გავუღიმო, ცუდი არაფერი ვუთხრა... მგონია, დადებით ენერგიას სხვა ადამიანებს თუ გადავცემ, სამყაროში ნაკლები აგრესია იქნება... თუკი ცხოვრება რამე ისეთს შემომთავაზებს, რომ შესაძლებლობა მექნება, სამყაროს სარგებელი მოვუტანო, ხელებგაშლილი ველოდები (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი