როგორ აახლოებს ცხოვრების ბოჰემური წესი ბიბლიასთან გიორგი გასვიანს?
font-large font-small
როგორ აახლოებს ცხოვრების ბოჰემური წესი ბიბლიასთან გიორგი გასვიანს?
ჩემი შინაგანი ბუნება და განწყობა შემოქმედებითია

მსახიობსა და ტელეწამყვანს - გიორგი გასვიანს წიგნების კითხვა ბავშვობიდან უყვარს. როგორ დაიწყო ლიტერატურული ნაწარმოებების აღქმა-შეცნობა და დღეს წიგნს მის ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.



- წიგნთან ჩემი პირველი კავშირი შექსპირის პიესების კითხვით დაიწყო. მაშინ მეოთხე-მეხუთე კლასში ვიყავი (ჯერ ილიას და აკაკის ნაწარმოებები სკოლაში ბოლომდე ნასწავლიც არ გვქონდა). ამის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვობიდან (8 წლიდან) თეატრში ვიყავი.
- შექსპირის ნაწარმოებები ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წაიკითხე?
- დიახ. მოტივაცია მქონდა, რომ წამეკითხა. 11 წლის ვიყავი, როცა შექსპირის ტექსტები ზეპირად ვიცოდი. მერე, "რომეო და ჯულიეტაში" ორჯერ მომიხდა თამაში, მაგრამ პირველად რომ წავიკითხე, გავიაზრე და ფრაზებს ვიმეორებდი, დიდი მსახიობებივით ვთამაშობდი... შექსპირის ტექსტზე (მაჩაბლის თარგმანი) დამოკიდებული ვიყავი.
GzaPress
- "რომეო და ჯულიეტას" პირველად წაკითხვამ შენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?
- თითქოს ის სიყვარული, რომელიც რომეოს და ჯულიეტას ჰქონდათ, არ მესმოდა, მაგრამ ამასობაში, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გავიგე: ვითომ ძალიან პატარები ვიყავით და შეიძლებოდა, ვერ გაგვეგო, რას ნიშნავდა; შეიძლება, ბავშვს ეს განცდილი არ გქონოდა, მაგრამ ეს სიყვარული შექსპირს საოცრად პოეტურად აქვს გადმოცემული. მაგალითად, რომეოსთან დამშვიდობებისას ჯულიეტა რომ ამბობს: "ისე ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა, რომ ხვალ დილამდე მსურს ვიძახო" "მშვიდობა შენდა"... ისინი ხომ ბავშვები არიან? ყველაფერი ერთ დღეში მოასწრეს. ჯულიეტა როგორი აქტიური და ძლიერია, რათა სიყვარული დაიცვას, მიუხედავად იმისა, რომ თოჯინა გუშინ გააგდო ხელიდან... სხვათა შორის, შექსპირის შემოქმედების საფუძველზე, მაშინ ქალის ფენომენი კარგად გავიგე, სანამ "ანა კარენინას" და მსგავს ნაწარმოებებს წავიკითხავდი. რომეო და ჯულიეტა ბავშვურები და იმავდროულად, დიდები არიან: 3 დღეში ჯულიეტა ისე იზრდება, თავისი სიყვარულისთვის ისე იბრძვის, რომ ცხოვრებაგავლილი ქალივითაა... შექსპირი მწვერვალზე ამიტომ დგას. ის ჩვენს სამყაროში მოვლენაა. ღმერთმა გვაჩუქა შექსპირი, გალაკტიონი და სხვა გენიალური შემოქმედები.
- ლიტერატურული ნაწარმოების რომელმა ეკრანიზაციამ მოახდინა შენზე ძლიერი შთაბეჭდილება?
- "ოსტატი და მარგარიტას" შესახებ დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, რადგან ეს არის წიგნი საბჭოთა კავშირის საზიზღარ ეპოქაზე, შიშზე, უღმერთობაზე, ადამიანების უტიფრობაზე... ნაჩვენებია, მონობიდან გამოსულ ადამიანს როგორ არ აინტერესებს არც ღმერთი და არც მსგავსი რამ, ყველაფერზე წამსვლელია... სასაცილოები და გოიმები არიან. ტანსაცმელი უნდათ, თან - ამის საშუალება არ აქვთ, ისეთი სახელმწიფო შექმნეს. ბურჟუაზიას ებრძვიან. თან, ეს ყველაფერი ძალიან ენატრებათ... შეიძლება, ადამიანი მიხვდეს და დაფიქრდეს, - ასე რომ ვცხოვრობ, აღარ მომწონს, მაგრამ საკუთარ თავში, ცხოვრებაში რევოლუციას მოვახდენ და სხვანაირად ცხოვრებას დავიწყებო. კომუნისტებს ამის უფლება არ ჰქონდათ. ყველაფერი გადახაზეს, ამოძირკვეს, მოსპეს, რასაც კი ოდნავი კეთილშობილება მაინც ჰქონდა. ბულგაკოვის ეს ორივე ნაწარმოები - "ოსტატი და მარგარიტა" და "ძაღლის გული" რუსებმა გენიალურად "გააკეთეს". მაინც რუსულია და სხვა ისე ვერ გადაიღებს, როგორც თავად რუსებს ესმით ის ენა, რომელზეც მათი მწერალი წერს. ჩემთვის "ოსტატი და მარგარიტა" მხოლოდ ეპოქის, შიშის, კომუნისტების შესახებ დაწერილი ნაწარმოები არ ყოფილა, მაგრამ ისეთი გენიალური სიუჟეტია, რომ ვერ იჯერებ... ბიბლიის სიუჟეტი ვიცით: ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა, ადამიანის ხორცი შეისხა და ჩვენთან მოვიდა, რომ გავეთავისუფლებინეთ. წარმოიდგინეთ, უცბად, სამყაროში ის ეპოქა დადგა, რომ ეშმაკი მოვიდა, როგორც ადამიანი და ხალხის დასჯა გადაწყვიტა. ხალხს უნდა ეთქვა, რომ ღმერთი არსებობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვოლანდიც არ იარსებებდა, ხომ? ნაწარმოებში ნაჩვენებია, ადამიანი შეიძლება ისეთ დემონიზმში გადავიდეს, რომ თავად დემონიც კი სასაცილოდ აიგდოს - მას ეს შეუძლია. "ოსტატსა და მარგარიტაში" ეს ძალიან კარგადაა ნაჩვენები... პირველი წაკითხვისას გავოგნდი. შემდეგ ნაწარმოების ახსნა, პარალელები, ანალიზი და რეცენზია რომ წავიკითხე, ლამის ჭკუიდან გადავედი. "ოსტატი და მარგარიტას" ეკრანიზაციის მეორე ვარიანტი რუსებმა სწორედ იმ პერიოდში გადაიღეს და მგონია, რომ იდეალურია თავისი მუსიკით, ოლეგ ბასილაშვილი არაჩვეულებრივად კარგად თამაშობს...
- სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ?
- პირდაპირ ვამბობ: ბიბლია ჩემთვის სახელმძღვანელოა. რაც სახარებაში წერია, ეგ ჩემთვის სამყაროში პირველია! არც ელექტრონული მუსიკის მოსმენა და არც თუნდაც, ცხოვრების ბოჰემური წესი არ მაშორებს ბიბლიისგან, პირიქით - ნებისმიერი ცოდვა, თუ რამე ჩამიდენია, ბიბლიასთან უფრო მაახლოებს. ჩემთვის ის ამოუწურავია. მისი ყოველი ფრაზა, რომელიც თავის დროზე კარგად ვისწავლე, ცხოვრებაში გვხვდება, რაც დრო გადის... პირველად როცა წაიკითხავ, ზუსტადაც, რომ ვერ გაიგებ. მინიმუმ, ეს რომ ავიღოთ: ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო, ამ "ოქროს წესს" ადამიანები ცხოვრებაში ვერ იცავენ. ყველაზე მეტად, ბავშვს ამასთან დაკავშირებით უჩნდება შეკითხვა (ყოველ შემთხვევაში - მაშინ: ომი, 90-იანი წლები იყო...): თუ ღმერთმა ასე დაწერა, მაშინ ადამიანები ასე რატომ არ ცხოვრობენ? ცუდები არიანო... რატომ, კარგი ადამიანებიც ხომ არსებობენ? სუნთქავენ, ცხოვრობენ, ოჯახის წევრები ჰყავთ, სიხარულის თავიანთი მიზეზი აქვთ ცხოვრებაში... შესაბამისად, როგორ შეიძლება, საკითხს ასე მორალისტურად შევხედოთ?.. მერე უკვე ფილოსოფიაში გადადიხარ. გინდა თუ არა, შეკითხვა არ გასვენებს. ცოტა ხნით ივიწყებ, სკოლას დაამთავრებ, უნივერსიტეტში ჩააბარებ და მერე ისევ კითხვები "მოდის", რომლებსაც უკვე ცხოვრებისეულად პასუხობ, ანალიზის მეტი უნარი გაქვს და ხვდები, რომ ადამიანი განვლილი ცხოვრებით, სინანულით თუ სიხარულით ცხოვრობს...
ნაწარმოების კითხვის პროცესში განცდილი ემოციები ჩემი ტვინის ქვეცნობიერშია "ჩალაგებული". ეს ჩემს ცხოვრებაზე, მორალზე, ჰუმანიზმზე თუ დესპოტიზმზე მოქმედებს: როცა ძალიან დესპოტი ვარ, შეიძლება, წაკითხულმა წიგნმა "შემარბილოს", ხოლო თუ ძალიან ჰუმანური ვარ, "მარწუხები მომიჭიროს". რა თქმა უნდა, წიგნი ადამიანს უკეთესობისკენ ცვლის...
GzaPress
- თანამედროვე ავტორების შემოქმედებას ეცნობი?
- ახლა ნიკოს კაზანძაკისის "ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას" ვკითხულობ. კიდევ რამდენიმე წასაკითხი წიგნი მიდევს... მაგალითად, ფამუქის ნაწარმოები ვერ წავიკითხე - დრო სჭირდება, რომ "ჩავუჯდე"; იუსტაინ გორდერის "ფორთოხლის გოგონა" ვიყიდე - კარგი "შეფუთვაც" აქვს. წაკითხვა ვერ მოვასწარი... ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი" ძალიან კარგია... "მადამ ბოვარი" არ წამიკითხავს და მინდა, წავიკითხო, რადგან მსოფლიო ლიტერატურაში მაგარ ნაწარმოებად მიიჩნევა...
- თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები არ არის შენი წასაკითხი წიგნების თაროზე?
- კი, მაგრამ ქვეყანას დღეს ისეთი სერიოზული მწერალი არ ჰყავს, რომელიც გადატრიალებას მოახდენს. არ მინდა, ქართველი მწერლები დავაკნინო - ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან. დოჩანაშვილის და რამდენიმე ავტორის მერე, თითქოს "მობლაგვდა"... მერე, აკა მორჩილაძე ჩვენი თაობის თანამედროვე, ტრენდული მწერალი იყო. მისი ნაწარმოებები წაკითხული მაქვს. ძალიან კარგია, მაგრამ თბილისურ, ქართულ, კონკრეტული თაობის განწყობას გადმოსცემს, საბჭოთა კავშირის დანგრევა რომ ენატრებოდათ და ახალი ცხოვრება უნდოდათ... ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, მწერალი იდეოლოგი არ გვყავს.
- რომელი ავტორის წერის მანერა მოგწონს განსაკუთრებულად?
- კონსტანტინე გამსახურდია, ბალზაკი, დოსტოევსკი, ტოლსტოი... ყველაფერი - არა, მაგრამ რუსული ლიტერატურიდან რაღაცები "ორიგინალში" წამიკითხავს (თავდაპირველად, რუსულ კლასში ვსწავლობდი). უცხოენოვანი მწერლების წერის სტილზე საუბარი რთულია - თარგმანს გააჩნია. შექსპირის წერის მანერას მარტივად მიხვდები: გინდა, სონეტი იყოს, გინდა - ნებისმიერი ნაწარმოები. თან, მაჩაბელს ძალიან კარგად აქვს ნათარგმნი... კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსი წერის სტილი ვის აქვს? "მთის ზუჩის გადაღმა გადახტა ცეცხლისა გველი, გაბზარა, გაკაწრა ცისფერი ეტრატი..." - ყველა სიტყვა, რაღაცნაირად, ლიტერატურულია!.. ნოდარ დუმბაძე ჩემი საყვარელი მწერალია - მისი წერის სტილი მიყვარს...
- ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში ლიტერატურული ნაწარმოები დაგხმარებია?
- უფრო პოეზია მეხმარება. ჩემი შინაგანი ბუნება და განწყობა შემოქმედებითია. ეს არ არის დაჩემებული და მოგონილი, ეს თანდაყოლილია. მსახიობებს "დამოკიდებული" პროფესია გვაქვს: ყოველთვის სხვამ უნდა დაგაკავოს... საერთოდ, ხელოვანი ადამიანები გულისტკენებს უმადლიან, რადგან ამით ხელოვნებას ქმნიან. მე მხატვარი არ ვარ, რომ სახელოსნოში ჩავიკეტო და ვხატო, არც - მუსიკოსი, რომ სიმღერა შევქმნა... როცა დაკავებული არ ვარ, მე პოეზიაში "გადავვარდები" ხოლმე - ჩემი ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდში შესაფერისი ტექსტები "მოდის". ხან ტერენტის შემოქმედება წამოყოფს თავს: "ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,/ ახლა ქარები არხევენ ტირიფს,/ მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას/ და როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს./ ასე გაივლის წამება, ოხვრა/ შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,/ მოხვალ დაღლილი, მეტყვი - როგორ ხარ?/ მოხვალ და ვიცი, მომეფერები..." სადღაც გალაკტიონის "ქარიანი" ლექსები გაგახსენდება: "რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,/ ჩუმი შრიალი საიდან ისმის?/ ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს,/ მაინც მწვერვალებს ედება ქარი..." - დიდი შინაარსია ამ ტექსტში, რომელიც განწყობასავით, მუსიკასავით მოდის... ტექსტის მიღმა, უამრავი რამ იგულისხმება... საერთოდ, ნებისმიერი წიგნი მეხმარება, რომ ცხოვრებისეული მოვლენა საინტერესო იყოს, რადგან მაგალითად, წიგნები რომ არ წამეკითხა, როლებს ვერ ვითამაშებდი (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ყველა ადგილი ზეპირად იციან"
მსახიობი, რომელიც ემოციებს აგროვებს
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი