რომელი ნივთის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ნანა ლორთქიფანიძეს? - გზაპრესი

რომელი ნივთის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ნანა ლორთქიფანიძეს?

სერიალ "იდეალური დედის" მთავარი გმირის ოჯახში დიდი ალიაქოთია: ქალბატონი მანანა "ფეისბუკზე" დარეგისტრირდა და ცდილობს, ვირტუალურ სამყაროში გაერკვეს, რაშიც მისი შვილიშვილებიც აქტიურად მონაწილეობენ... გადავწყვიტეთ, მანანას როლის შემსრულებელ მსახიობ ნანა ლორთქიფანიძესთან სოციალური ქსელის შესახებ გვესაუბრა. პერსონაჟისგან განსხვავებით, ქალბატონი ნანა "ფეისბუკზე" ახლახან არ დარეგისტრირებულა და მანანასთან შედარებით, ყველაფერში ბევრად უკეთ ერკვევა, თუმცა იმასაც გვიმხელს, რომ მაგალითად, "ფეისბუკზე" გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი თავადაც გამხდარა...

- სხვათა შორის, "ფეისბუკზე" საკმაოდ გვიან დავრეგისტრირდი: ჩემს ბევრ მეგობარს სოციალურ ქსელში პირადი გვერდი უკვე ჰქონდა... მე ჩემმა ქალიშვილმა - ქეთიმ დამარეგისტრირა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მანანას მსგავსად, მეც გაურკვევლობაში ვიყავი. ქეთი მეხმარებოდა, ნელ-ნელა რაღაცებში მარკვევდა... რომ გითხრათ, ახლა ყველაფერს ძალიან კარგად ვფლობ-მეთქი, მოგატყუებთ. დიდი ინტერესიც არ მაქვს. ალბათ, ჩემი თაობა ასეთია - მაინც სხვანაირად გაზრდილები ვართ. მაგალითად, არ მიყვარს, როდესაც "მესენჯერში" სცენარის ტექსტს მიგზავნიან. მიყვარს, როდესაც ფურცელზე დაბეჭდილს ვკითხულობ და ვსწავლობ. ჩემი თაობის წარმომადგენლებს მაინც ჩვენი წესები გვაქვს, რასაც მიჩვეულები ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელი მართლა საოცრებაა! "ფეისბუკის" და საერთოდ, ინტერნეტის დიდი როლი განსაკუთრებით ვიგრძენი, როდესაც კარანტინში ვიყავით. 90-იანი წლები გამახსენდა, როცა ტელევიზორები არ გვქონდა, სახლის ტელეფონებიც კი არ მუშაობდა, დენი არ იყო, გაყინულები სიბნელეში ვისხედით და შვილებს ლამპის შუქზე ვამეცადინებდით. ალბათ ამიტომ ჩემმა თაობამ კარანტინის პერიოდი უფრო ადვილად გადაიტანა. ამაში მხოლოდ ინტერნეტი არ დაგვხმარებია. ახალგაზრდებს ინტერნეტი ყველაფრის გაძლება-გადატანაში ეხმარებოდა: ფილმებს უყურებდნენ, ერთობოდნენ...

- კარანტინისას "ტიკტოკერიც" ხომ არ გახდით?

- არა, მაგრამ ჩემი შვილიშვილები ამით ერთობოდნენ. რატომღაც, პირადად მე, ამის სურვილი დიდად არ გამჩენია.

- შეიძლება, დღე ისე გავიდეს, რომ "ფეისბუკზე" არ შეხვიდეთ?

- კი, ხანდახან გადის, რადგან "ფეისბუკისთვის" ხშირად არ მცალია, მაგრამ დასაძინებლად რომ ვწვები, როგორც უნდა მეძინებოდეს, არ არსებობს, ცალი თვალით მაინც არ გადავხედო "ფეისბუკს". უკვე ჩვევად მექცა...

- უცნობი ადამიანები პირად შეტყობინებებს გიგზავნიან?

- რაც "იდეალური დედა" ეთერში გადის, ხშირად მწერენ. იმდენ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ, რომ ეს ჩემთვის ძალზე ამაღელვებელია! მათი გზავნილები ჩემთვის ძვირფასია.

GzaPress

- შეტყობინებებს პასუხობთ? - შეიძლება, ცოტათი გვიან ვუპასუხო, მაგრამ უპასუხოდ არ ვტოვებ. თუკი უცხო ადამიანმა მოიცალა და ჩემ მიმართ გულთბილი დამოკიდებულება, სიყვარული გამოხატა, კომპლიმენტი არ დაიშურა, მგონია, რომ ასეთი ადამიანები უპასუხოდ არ უნდა დავტოვო.

- სოციალურ ქსელში, მეგობრების სიაში ვინც გყავთ, ყველას იცნობთ?

- მათი უმეტესობა ნამდვილი მეგობარია, ზოგი - კარგი ნაცნობი. სოციალურ ქსელში უცნობ ადამიანებს იშვიათად ვუმეგობრდები.

- დისკუსიაში ჩაბმულხართ? თქვენი აზრი კომენტარებით დაგიფიქსირებიათ?

- ამ მხრივ, წინათ უფრო ვაქტიურობდი, ახლა - ნაკლებად, რადგან "ფეისბუკზე" კამათი არ გამოდის - ადამიანები ჩხუბზე, შეურაცხყოფაზე გადმოდიან, სიტუაცია იძაბება. ამიტომ არ მინდა ხოლმე, რომ ამაში გავერიო, ბოლო დროს თავს ვარიდებ...

- რა სახის ინფორმაციას აზიარებთ ან რა ტიპის სტატუსებს წერთ?

- პოლიტიკურიც ყოფილა, ხელოვნებასთან დაკავშირებულიც (როცა რაღაცით აღვფრთოვანებულვარ), ცნობილი ადამიანების შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც ვაზიარებ... პოლიტიკური ხასიათის სტატუსი თავადაც დამიწერია (ხან - უკმაყოფილების გამომხატველი, ხან - კმაყოფილების). ზოგჯერ ხელი "თავისით მიდის", რომ რაღაც დაწერო, როცა რამე მოვლენით ხარ მოცული, მაგრამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძალიან პასიურად ვიქცევი. არც მახსოვს, ბოლოს სტატუსი რის შესახებ დავწერე...

- პასიურობის მიზეზი რა არის?

- ძირითადი მიზეზი ის არის, რომ არ მცალია. თან, ყოფილა შემთხვევა, როცა გულწრფელად რაღაც დამიწერია, შემდეგ კი შეიძლება, ვიღაცამ რაღაც "ისეთი" დაგიწეროს... მერე, სიმართლე გითხრათ, ამის გამო ვნერვიულობ - გულგრილად ვერ ვუყურებ, განვიცდი... ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად ვიაქტიურო.

- ვინმე დაგიბლოკავთ ან მეგობრების სიიდან წაგიშლიათ?

- კი, დამიბლოკავს.

- მიზეზი რა ყოფილა?

- ყველაფერი საჯაროდ არ ითქმის, მაგრამ როცა ადამიანების მოსაზრებებს აბსოლუტურად არ იზიარებ, ამა თუ იმ მოვლენის შესახებ მათგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გაქვს, ისინი კი შეტევაზე გადმოდიან, რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი დამიბლოკავს.

- გქონიათ შემთხვევა, როცა ადამიანს პირადად იცნობდით, მაგრამ ვირტუალურ სამყაროში მისი გვერდის ნახვის შემდეგ, მისი პიროვნების შესახებ აბსოლუტურად სხვაგვარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- ნამდვილად არა. უმეტესად, მეგობრების სიაში ისეთი ადამიანები მყავს, ვინც ვიცი, რას წარმოადგენენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ვიღაცას დაჟინებით გამოუგზავნია მეგობრობის თხოვნა ერთხელ, ორჯერ... ბოლოს მომრიდებია და დავთანხმებულვარ. ერთი-ორჯერ ასეთი საქციელი ვინანე. უცნობების დამეგობრებას თავს ამიტომ ვარიდებ.

- რატომ ინანეთ, სოციალურ ქსელში გამოხატული მისი აზრები არ მოგწონდათ, თუ პირად შეტყობინებებს გიგზავნიდათ?

- ჰო, პირადი შეყობინებების გამოგზავნა დაიწყო. ისეთ შეტევაზე გადმოვიდა, რომ მივხვდი, თურმე, ჩემთან დამეგობრება ამისთვის უნდოდა.

- ქალბატონი იყო თუ მამაკაცი?

- ქალბატონიც ყოფილა, მამაკაციც... ავდექი და დავბლოკე (იცინის)!..

- ხშირად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. ცრუ ინფორმაცია დაგიჯერებიათ, განგიცდიათ, თავადაც გაგიზიარებიათ?..

- კი, ასეთი შემთხვევა როგორ არ ყოფილა?! ინტერნეტში ისეთი გათვითცნობიერებული არ ვარ, რომ არ შევმცდარიყავი. ზოგჯერ ესა თუ ის ამბავი შემიცხადებია, მერე კი გარკვეულა, რომ ტყუილებს წერენ... სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად რეკლამას შევუცდენივარ: რაღაც შემიკვეთავს, მაგრამ სულ სხვა რამე მოუტანიათ და იმედგაცრუებული დავრჩენილვარ...

- სოციალურ ქსელში თქვენი შვილიშვილებიც დარეგისტრირებული არიან?

- კი, ორივე. აი, "ტიკტოკერობით" ისინი ერთობიან.

- მათ კონტროლს ახერხებთ, რომ ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციას არ წააწყდნენ?

- ამით მათი მშობლები არიან დაკავებულნი. სულ ვერ გააკონტროლებ - ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩემი შვილი მაქსიმალურად ცდილობს, აკონტროლოს.

- თქვენს გვერდზე აქტიურობენ?

- კი, როგორ არა?! "პოსტებს" "მილაიქებენ", მგულშემატკივრობენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სპექტაკლის, ფილმის ან სერიალის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება - აუცილებლად იწონებენ...

- "ფეისბუკის" გარდა, რომელიმე სოციალურ ქსელში ხართ დარეგისტრირებული?

- "ინსტაგრამზე" თან ვარ, თან - არა, რადგან დავრეგისტრირდი, მაგრამ რატომღაც, დიდი ინტერესი არ გამიჩნდა... ჩემი შვილი მეუბნება, - ხანდახან ფოტო უნდა გამოაქვეყნო ხოლმეო. მოკლედ, არ მცალია, სოციალურ ქსელს ბევრ დროს ვერ ვუთმობ (იცინის).

- "იდეალურ დედას" ტელევიზორში უყურებთ, "იუთუბზე" თუ "ფეისბუკით" ადევნებთ თვალყურს?

- ყოველთვის ტელევიზორში.

- "იდეალურ დედაში" მონაწილეობის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?

- მხოლოდ შემოქმედებითი კი არა, ყოფითი ცხოვრებაც დატვირთული მაქვს. ისე კი დეტექტიური ჟანრის სერიალშიც ვმონაწილეობ, რომელშიც კარგი პარტნიორები მყავს: ზურა ინგოროყვა, ზურა ყიფშიძე... ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, რომლებიც ყველას მოსწონს. გადაღება დავიწყეთ და კორონავირუსის პანდემიაც დაიწყო. ამიტომ გადასაღებ მოედანზე სულ ორჯერ ვიყავი. ალბათ ახლა მუშაობას გავაგრძელებთ...

- დაბოლოს, მართალია, აღნიშნეთ, "ფეისბუკისთვის" ვერ ვიცლიო, მაგრამ ისიც გვითხარით, ძილის წინ სოციალურ ქსელში შევდივარ და ზერელედ მაინც გადავავლებ თვალსო... როგორ ფიქრობთ, ინტერნეტის გარეშე რამდენ ხანს გაძლებთ?

- ინტერნეტსა და "ფეისბუკზე" ასეთი დამოკიდებული არა ვარ, რომ ვეღარ გავძლო. აი, მობილურ ტელეფონს რაც შეეხება, ვეღარც კი წარმომიდგენია, მის გარეშე როგორ ვცოცხლობდით?! რამდენ პრობლემას ვაწყდებოდით!.. მაგალითად, შვილს ვერ უკავშირდებოდი ადამიანი, სასწრაფო ინფორმაციას დროულად ვერ იღებდი... მახსოვს, ბათუმში, ბაკურიანში, აფხაზეთში - ფოსტაში რიგში როგორ ვიდექით, რომ ოჯახის წევრებს ტელეფონით დავკავშირებოდით და ახლობლების ამბები გაგვეგო... მობილური ტელეფონი ის ნივთია, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სხვათა შორის, დღეს სალონში დამრჩა და კინაღამ გავგიჟდი, უკან ისე გავრბოდი (იცინის)!.. "გუგლით" ხშირად ვსარგებლობ. თუნდაც, ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში, "გუგლის" მეშვეობით, ხშირად დავხმარებივარ: ნებისმიერი საკითხის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მოძიება შეგიძლია ადამიანს... სოციალურ ქსელს რაც შეეხება, ხანდახან დღეები ისე გადის, რომ "ფეისბუკზე" არც შევდივარ. ასე რომ, "ფეისბუკის" გარეშე 1 კვირაც გავძლებ. უბრალოდ, ეს განტვირთვის საშუალებაა: თავისუფალ დროს, დაღლილი წამოწვები, ინფორმაციებს თვალს გადაავლებ და რისი ნახვაც, მაგალითად, ტელევიზორში ვერ მოახერხე და გაინტერესებდა, "ფეისბუკზე" ნახავ...

ეთო ყორღანაშვილი