პლასტიკური ქირურგია - ძველ ეგვიპტელთა საჩუქარი მსოფლიოს - გზაპრესი

პლასტიკური ქირურგია - ძველ ეგვიპტელთა საჩუქარი მსოფლიოს

ალბათ, ზოგს ჰგონია, რომ პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მოვლენაა, რომ ძველი ექიმები ამ ტიპის ოპერაციებს არ აკეთებდნენ, მაგრამ სიმართლე სულ სხვაა: ყველაფერი ძველი ეგვიპტიდან დაიწყო - ეგვიპტელი ქირურგები წარმატებით აკეთებდნენ ე.წ. კურდღლის ტუჩის ოპერაციას, ცხვირისა და ზედმეტი თითის ამპუტაციას და სხვა ოპერაციებს. მათ არც არაბეთსა და სპარსეთში მცხოვრები ექიმები ჩამორჩებოდნენ. დადგენილია, რომ ძველ აღმოსავლეთში ცხვირის აღდგენის ოპერაცია საკმაოდ პოპულარული იყო. XX-XXI საუკუნეებში, პლასტიკურმა ქირურგიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და დღეს მისი წარმომადგენლები ნამდვილ სასწაულებს სჩადიან.

რა დამოკიდებულება აქვთ პლასტიკურ ქირურგიასთან ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველაზე ლამაზ, მოხდენილ და წარმატებულ ქალებს? - ეს შეკითხვა რამდენიმე მათგანს დავუსვით.

"ქალმა თავი უნდა გაილამაზოს, მაგრამ ზოგი პირიქით - იუშნოებს..."

კირა ანდრონიკაშვილი, მსახიობი:

- ვერ მოგატყუებთ: პლასტიკურ ქირურგიასთან შეხება არასდროს მქონია, მაგრამ ვიცი, ეს სფერო ძალიან განვითარდა და წინ წავიდა. თუ ადამიანს სურვილი აქვს და სჭირდება, ყველაფერი უნდა გაიკეთოს. ზოგიერთი ქალი ძალიან გალამაზდა ამგვარი ოპერაციებით, მაგრამ ზოგიერთს შეცვლილი სახის ნაკვთები სულაც არ მოუხდა. თუ სჭირდება და დიდი სურვილი აქვს, ადამიანმა თავი უნდა გაილამაზოს, მაგრამ ზოგი პირიქით, თავს რომ იუშნოებს? - აი, ეს არის საკითხავი. ამიტომ ვფიქრობ, როდესაც ადამიანი პლასტიკურ ქირურგს მიმართავს, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ქალმა თავს უნდა მიხედოს - ეს ყველამ ვიცით. ზოგს უნდა, თავი უფრო ლამაზად წარმოაჩინოს და ღმერთმა ხელი მოუმართოს. მთავარია, არ დაუშნოვდეს... ამას რატომ ვამბობ? - ბევრი ქალი ადრე უფრო ლამაზი იყო და ამგვარმა ოპერაციებმა ძალიან შეცვალა. ამიტომ, თუ განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება, ადამიანმა ის უნდა დააფასოს, რაც ბუნებამ მისცა, რითაც დაჯილდოვდა.

"როცა შენი თავი მოგწონს, იმ დღეს სხვებსაც მოეწონები"

GzaPress

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ზოგიერთ ქირურგს ჯადოსნური ხელები აქვს და ვისაც სჭირდება, სწორედ ასეთ ექიმს უნდა მიმართოს. ჩვენი ექიმები საოცრებებს ახდენენ და ამით ბევრი ცნობილი ქალი სარგებლობს. თუმცა, მე დღეს მხოლოდ საკუთარ თავზე ვილაპარაკებ. მიმაჩნია, რომ გარეგნობის რადიკალური შეცვლა არ მჭირდება, საერთოდ არ მაქვს სურვილი, შევიცვალო. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს: შეიძლება, შეცვლილი ცხვირი ან მკერდი ერთ დღეს მომეწონოს და მეორე დღეს ისევ ჩემი ძველი ნაკვთები მომინდეს. ცხადია, ვეღარ დავიბრუნებ და ამიტომ, პლასტიკური ქირურგიის მიღწევებით არ ვსარგებლობ. არიან ქალები, რომლებსაც მოსწონთ ცვლილებები და იცვლიან კიდეც გარეგნობას. უბრალოდ, არ უნდა გადააჭარბონ, მით უმეტეს, ცუდი მაგალითებიც ვიცით, როცა პლასტიკურმა ოპერაციებმა საკმაოდ ლამაზი ადამიანები დააუშნოვა. თუნდაც, დონატელა ვერსაჩე, მიკი რურკი ან სხვა ვარსკვლავები გავიხსენოთ, რომლებმაც ძველი ხიბლი დაკარგეს. ყველა აღნიშნავს, რომ ისინი ადრე უფრო ლამაზები იყვნენ. ოდნავი კორექცია კარგია, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. მე მაგალითად, ერთხანს თმის ფერი შევიცვალე, მაგრამ ისევ ჩემი ბუნებრივი ფერი მომენატრა და გადავიღებე. მთავარი ცხვირის ან ტუჩის ფორმა კი არ არის: როცა ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, მას თავისი გარეგნობაც მოსწონს. როცა სარკეში იხედები და შენი თავი მოგწონს, ესე იგი, იმ დღეს ყველას მოეწონები. ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი ბუნებრივთან მიახლოებული მქონდეს. ამიტომ ფრჩხილებსაც კი იშვიათად ვიღებავ, თმაც ბუნებრივ ფერზე მაქვს, სამაგიეროდ, ძალიან მომწონს სახეზე ნიღბის ან საცხის წასმა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო გვინარჩუნებს იმას, რაც ბუნებრივად გვაქვს. გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანმა დროულად უნდა დაიძინოს და კარგად გამოიძინოს, საკმარისი რაოდენობის წყალი დალიოს, ჯანსაღი საკვები მიიღოს და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდეს. უძილობა, ალკოჰოლი, სიგარეტი ჩვენს კანზეც ცუდად მოქმედებს და გარეგნულ იერზეც. როგორც ვიცი, არაბუნებრივად ლამაზი ქალები მამაკაცებსაც არ მოსწონთ.

"უკვე 38 წლის ვარ და პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია"

GzaPress

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:

- პლასტიკურ ქირურგიას მივესალმები, მაგრამ მე თვითონ ძალიან მშიშარა ვარ და ამ მეთოდს არ მივმართავ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი საშუალებაა და თუ ქალს მატერიალური მდგომარეობაც ხელს უწყობს, მსგავს ოპერაციებს თამამად უნდა იკეთებდეს. ერთადერთი, რაც გაკეთებული მაქვს, ზედა ტუჩია. ახლა ვფიქრობ, რომ არ მჭირდებოდა, მაგრამ ისეთი მასალით გამიკეთეს, რომელიც არ გაიწოვება. სამწუხაროდ, ტუჩის ძველ ფორმას ვეღარ ვიბრუნებ. იდეალურ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს, ოპერაციები თავიდან უნდა აირიდოს, მაგრამ როცა სცენაზე დგახარ, ასაკი მოგერევა და გსურს, ლამაზად გამოიყურებოდე, ასეთ რადიკალურ ხერხს აუცილებლად უნდა მიმართო. მე 38 წლის ვარ და ჯერჯერობით, პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია. მიმაჩნია, რომ ადამიანმა თავისი თავი ისეთი უნდა შეიყვაროს, როგორიც ბუნებამ შექმნა, თორემ ჯერ შეიძლება ცხვირი გადაიკეთო, მერე - ტუჩი, მაგრამ მაინც უკმაყოფილო დარჩე. თუ ადამიანი საკუთარ თავს და გარეგნობას "ერჩის", ოპერაციის გაკეთებაც არ უშველის. როცა ადამიანს კარგი აურა აქვს, როცა ბედნიერია და შიგნიდან ანათებს, თავიც მოსწონს. პრობლემები ჩვენს თავშია და არა - გარეგნობაში.

"კარგია, რომ შეიძლება დრო შეაჩერო"

GzaPress

თეა დარჩია, მოცეკვავე:

- მივმართოთ თუ არა პლასტიკურ ქირურგს? - ეს აბსოლუტურად ინდივიდუალური საკითხია - თუ ადამიანს ქირურგიული ჩარევა თვითდამკვიდრებასა და კომპლექსების მოხსნაში დაეხმარება, ყველაფერი უნდა გაიკეთოს. რა თქმა უნდა, ღმერთი რასაც გაძლევს, ის არის საუკეთესო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანს მეტისმეტად დიდი ცხვირი, პატარა მკერდი ან მეტისმეტად თხელი ტუჩები აქვს, ამის გამო ითრგუნება და ეს ბევრ რამეში უშლის ხელს... უნდა შეიცვალოს, რატომაც არა, მაგრამ ეს სპორტულ აზარტად არ უნდა იქცეს. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავისი გარეგნობა შეცვალოს, ეს ძალზე პირადული, ინტიმური საკითხია. ამიტომ, ვერც ვერავის განვიკითხავ და ვერც ვერაფერს ვურჩევ. თუ სცენაზე გამოდიხარ და არ გინდა, ასაკი გეტყობოდეს, თავისუფლად შეიძლება დრო შეაჩერო - ვიზუალურად მაინც, - და ეს კარგია! უბრალოდ, ეს ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. ზოგჯერ ადამიანი ზომიერების გრძნობას კარგავს და "მომსახურების ზონიდან" გადის ტუჩიან-ყველაფრიანად. ასეთ დროს საუკეთესო მეგობრები უნდა გყავდეს, რომ შეგაჩერონ. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ანა მანიანის სიტყვები: მე ყველა ჩემი ნაოჭი მიყვარს, რადგან თითოეული ძალიან ძვირი დამიჯდაო... საოცარი გამონათქვამია! რომ ვაკვირდებოდი, ნინო რამიშვილის თითოეული ნაოჭი უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ნებისმიერი უცხოელი კინოვარსკვლავის სილამაზე. სიკეთე და სიყვარული არ ბერდება და ადამიანს ყველაზე მეტად, სწორედ ეს ალამაზებს. ქალს მხოლოდ ბოღმა და ბოროტება აუშნოებს, სხვა არაფერი.

"როდესაც ქალს ხაზივით წვრილი ტუჩები აქვს, ცხადია, უნდა გაიკეთოს"

GzaPress

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი:

- ყურადღება ერთ მოვლენაზე უნდა გავამახვილო: მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც უკვე დამოკიდებული გახდნენ პლასტიკურ ქირურგიაზე. ამ დროს საჭიროა ისეთი ექიმი, რომელიც ადამიანს შეაჩერებს. ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემი ახლობელი ქალბატონი, რომელიც საკმაოდ შეძლებულია, ცნობილ ქირურგთან მივიდა ოპერაციისთვის, მაგრამ არ სჭირდებოდა და ექიმმა უკან გაისტუმრა. ეს მაშინ, როცა ასეთ მდიდარ ქალებზე დგას მთელი ეს ინდუსტრია!.. მიხარია, რომ ჩვენ შორის მსგავსი ადამიანები არსებობენ. მე როგორი დამოკიდებულება მაქვს პლასტიკურ ოპერაციებთან? - მხოლოდ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, რომელიც მჭირდებოდა: ბავშვობაში ყაზბეგში, წვეტიან ქვაზე ცხვირით დავეცი და ამ ტრავმის გამო სუნთქვა მიჭირდა. უჟანგბადობა გულზე გადამივიდა და თითქმის ვეღარ ვსუნთქავდი. ამ ოპერაციით სუნთქვა აღვიდგინე და უბედნიერესი ვიყავი. პლასტიკური ქირურგები ბევრ ადამიანს შველიან, რომლებსაც ავარიის ან სხვა მიზეზის გამო, სახის ნაკვთები დაუზიანდათ, მაგრამ ბევრი საჭიროების გარეშე იკეთებს ურთულეს ოპერაციებს, ვერ ჩერდება და სულ პლასტიკურ ქირურგებთან ზის. ჩემთვის ეს დამოკიდებულება უცხოა. როგორც გითხარით, ცხვირის გარდა, ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ წლების შემდეგ, როცა დამჭირდება, გავიკეთო. ვეცდები, არ გადავაჭარბო, რადგან არ შეიძლება, ყველას ერთნაირი წარბები და დაბერილი ტუჩები ჰქონდეს. თუმცა, ვისაც ხაზივით ტუჩები აქვს, აუცილებლად უნდა შეივსოს და გაიკეთოს.

რა სახის პლასტიკური ოპერაციები კეთდება საქართველოში?

GzaPress

გია გვარამია, ექიმი:

- ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის, ექიმებისთვის იცით, რა არის? - ძალიან ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ ოპერაციას გაიკეთებს და მთლიანად შეიცვლება, მაგრამ ამ დროს სულ სხვა შედეგს იღებს. ამიტომ, როცა ადამიანს ზედმეტი ჩარევა არ სჭირდება, ვურჩევთ, არ გაიკეთოს. ხშირია შემთხვევა, როცა არ სჭირდებათ ცხვირის გადაკეთება ან მკერდის გადიდება და რომ ვეტყვით, გადაიფიქრებენ ხოლმე. დღესდღეობით, ეს ყველაზე გავრცელებული ოპერაციებია საქართველოში - ყველაზე ხშირად სწორედ მკერდისა და ცხვირის ოპერაციას იკეთებენ, ასევე - ლიპოსაქციას. სხვათა შორის, ზოგიერთს მკერდის დაპატარავებაც სურს, მაგრამ ეს უფრო გამაჯანსაღებელი ოპერაციაა. როცა ადამიანს დიდი მკერდი აქვს, ეს მისთვის შემაწუხებელია: ვერ მოძრაობს, ვერ იხრება, თანაც, მეტისმეტად დიდი მკერდი ხერხემლის დეფორმაციას იწვევს. სანამ პაციენტი და ქირურგი ოპერაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ, სერიოზული განსჯა და ფიქრი უწევთ. თუ ქირურგი და პაციენტი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და პაციენტი არაფერს იჯერებს, თანამშრომლობა არ უნდა გაგრძელდეს. საბედნიეროდ, ჩემი პაციენტები ხშირად მიჯერებენ და შედეგიც საუკეთესო გვაქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე