"არ ვიცი, რა მეშველება, გოგონები ძალიან უყვარს" - გზაპრესი

"არ ვიცი, რა მეშველება, გოგონები ძალიან უყვარს"

მომღერალ სოფო ბედიას მოსწონს, რომ თანამედროვე დედები ბავშვების ფსიქიკაზე დღეს უფრო მეტად ფიქრობენ, შვილებთან ურთიერთობისას ძალადობრივ მეთოდებს არ იყენებენ. გააზრებული აქვს, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება არ უნდა მისცეს და პატარამ უნდა იცოდეს, რა შეიძლება და რა - არა, რათა სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდეს...

- დედობის პასუხისმგებლობა პირველი შვილის შეძენისთანავე გააცნობიერეთ?

- როცა დედა ხდები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შეგრძნება გეუფლება. უფროსი შვილი - ნიკა რომ გავაჩინე, 23 წლის ვიყავი. უბედნიერესი გახლდით. ცხადია, მაშინ უფრო პატარა ასაკის ვიყავი, ვიდრე მეორე შვილის გაჩენისას, როცა დედობის პასუხისმგებლობა უფრო მეტად გაცნობიერებული მქონდა, თუმცა ნიკუშა პირველი სიხარული, ბედნიერება და პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის! მეორე შვილი - ანდრია მიშასთან შეუღლების 5 წლის თავზე შეგვეძინა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. ექიმებმა შვილის გაჩენის იმედი გადამიწურეს. ერთადერთი გზა ხელოვნური განაყოფიერება იყო. უკვე მოვეშვი, ამაზე ისტერიკულად აღარ ვფიქრობდი... ერთხელ მეგობარმა გამომიარა და მთხოვა, მამა გაბრიელის საფლავზე გავყოლოდი. იქ მისულს საოცარი განცდა დამეუფლა. ადამიანმა ეს უნდა განიცადოს, რომ მიხვდეს და გამიგოს, რაზე ვსაუბრობ... უფალს მამა გაბრიელის საფლავზე ვთხოვე შვილი... იქიდან წამოსვლიდან 1 კვირაში გავიგე, რომ ანდრიაზე ორსულად ვიყავი... რა თქმა უნდა, ყოველ წუთს უფალს მადლობას ვწირავ, რომ 2 მაგარი ბიჭის დედა ვარ.

- შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? გარკვეულ ეტაპზე, ფსიქოლოგთან კონსულტაცია ხომ არ დაგჭირვებიათ, რომ შვილი სწორად აღგეზარდათ?

- საერთოდ, ბუნებით გულთბილი ვარ. ბავშვები ძალიან მიყვარს. მოგეხსენებათ, სტუდია მაქვს, სადაც ბავშვებთან ურთიერთობა მიწევს. არ იცით, ეს ჩემს ცხოვრებაზე რა პოზიტიურად მოქმედებს! რა თქმა უნდა, შვილი კიდევ ცალკე თემაა: საოცრად გულთბილი ბიჭები მყავს. 10 წლის განმავლობაში აქცენტი ნიკუშაზე კეთდებოდა, მთელი ყურადღება მხოლოდ მისკენ გვქონდა მიმართული. შემდეგ ანდრია გაჩნდა, მაგრამ ნიკუშას არ უეჭვიანია, პირიქით - ანდრია უფრო ეჭვიანობს, როცა ნიკუშას ვეფერები, ასევე - როცა მამამისი ჩამეხუტება, ხელს გადამხვევს... საოცარი რეაქცია აქვს (იცინის). ნიკუშა ანდრიას გაზრდაში მეხმარება. ძმებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მათ ერთმანეთზე კარგი არავინ ჰყავთ დედამიწაზე - ადამიანს დედმამიშვილს ვერავინ ვერასდროს შეუცვლის... ჩემი პროფესიის გამო, ხანდახან ვერ ვახერხებ, შვილებს მაქსიმალურად ბევრი დრო დავუთმო, მაგრამ თავისუფალი დროის მათთან გატარებას ვცდილობ. პანდემია იმ მხრივ იყო პოზიტიური, რომ 24 საათი შვილებთან ერთად ვიყავი. ბავშვები უფრო შევისისხლხორცე და მოვისიყვარულე... რა თქმა უნდა, მკაცრიც ვარ, როცა საჭიროა, ოღონდ - ჩემს შვილზე ხელი არასოდეს ამიწევია. ერთი სიტყვა და გადახედვა საკმარისია, რომ ნიკუშა ჩემს დამოკიდებულებას მიხვდეს - საოცრად მიგებს. იცის, რა მწყინს და რა მიხარია. ასევე, მიყვარს, როცა ბავშვს დამსახურებულად შევაქებ ხოლმე. თავადაც ბედნიერია, როცა ვაქებ. მოკლედ, სიმკაცრეს ზომიერების ფარგლებში ვიჩენ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, გაუგებარია, როგორ შეიძლება, მშობელმა შვილზე ხელი აღმართოს? საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. მიხარია, რომ ჩემს შვილებს მშობლის რიდი აქვთ. მართალია, ანდრია საკმაოდ პრინციპული, ცელქი ბავშვია, ჯიუტია და სურს, თავისი გაიტანოს, მაგრამ ერთხელ რომ გადავხედავ და ოდნავ მკაცრი ტონით რამეს ვეტყვი, არ არსებობს, წინააღმდეგობა გამიწიოს... იყო პერიოდი, როცა ნიკუშა ფსიქოლოგთან დამყავდა. სიჯიუტე ახასიათებდა. უკიდურეს ზომამდე რომ არ მივსულიყავით, საკითხში ფსიქოლოგის ჩართვა გადავწყვიტე. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით - ეს ჩვეულებრივი თემაა. რამდენიმე სეანსის შემდეგ, შვილთან მიდგომაში რაღაცები შევცვალე (როგორც ფსიქოლოგმა დამარიგა). შესაბამისად, ურთიერთობა დავარეგულირეთ. ხანდახან ფსიქოლოგთან კონსულტაცია მოზარდისთვის საჭიროა. შესაბამისად, გარკვეულ საკითხებზე ფსიქოლოგთან მშობელმაც უნდა ისაუბროს, რომ უკეთესი მშობელი იყოს, უკეთესი შვილი ჰყავდეს, შეგნებულ პიროვნებად გაზარდოს...

GzaPress

- თქვენი 11 წლის შვილის ცხოვრებაში ინტერნეტს რა ადგილი უჭირავს?

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როცა ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული და ბავშვი შინ იჯდა, ვერ ერთობოდა, მაშინ ინტერნეტს ზედმეტი დოზით იყენებდა, რის გამოც ვნერვიულობდი. ახლა ინტერნეტისთვის დღეში 1 საათი გამოვუყავი (მიზანი ნახევარი საათი იყო, მაგრამ წავანებივრესავით). თან მინდა, ეს დროც შემეცნებითი ინფორმაციის მიღებაში გამოიყენოს, თუნდაც - კარგ, მისი ასაკის შესაფერის ანიმაციურ ფილმს უყუროს და არა - ისეთს, რომელშიც ადამიანური არაფერია. რაღაც საშინელებებს არ ვაყურებინებ ხოლმე. თავადაც "მომყვება", მიჯერებს... ინტერნეტის ჭარბი დოზით გამოყენება ცუდია. თან, მხედველობაზეც უარყოფითად მოქმედებს, "ზომბირებული ბავშვები" ხდებიან... ამ მხრივ, სერიოზული პრობლემის წინაშე არ დავმდგარვარ. უბრალოდ, იყო შემთხვევა, როცა ნიკუშასაც გაუჩნდა პროტესტი - ტელეფონით უფრო დიდხანს გართობა სურდა, მაგრამ სიტუაცია ავუხსენი. საერთოდ, ყველაფერს ისე ვუხსნი, რომ წინააღმდეგობას ვერ მიწევს: ხან - შექებით, ხან - გათამამებით... ყოფილა შემთხვევა, როცა საჩუქარს დავპირებივარ, თუკი ინტერნეტს არ გამოიყენებდა. არ მინდოდა, მის გადაწყვეტილებაში "მძიმედ" ჩავრეულიყავი. ვცდილობ, ბავშვის ფსიქიკა არ დავაზიანო - სიტუაცია ფრთხილად, სიყვარულით მოვაგვარო, რომ ბავშვმა ძალიან არ განიცადოს...

- მართალია, 11 წლის ბავშვის სოციალურ ქსელში დარეგისტრირება აკრძალულია, მაგრამ ბავშვები მაინც რეგისტრირდებიან ან მათ თავად მშობლები უხსნიან "ფეისბუკზე" გვერდს. ამ მხრივ, თქვენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე?

- არა, ნიკუშა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ არის. სხვათა შორის, ჩემთვის არასოდეს უთქვამს, პირადი გვერდის გახსნა მსურსო. ონლაინგაკვეთილებზე ჩემი "ექაუნთით" შედიოდა. მინდა, 15-16 წლამდე სოციალურ ქსელში დარეგისტრირება არც მომთხოვოს.

- ბავშვების გაზრდა-აღზრდაში ვინმე გეხმარებათ?

- ნიკუშა 4 თვის იყო, როცა სამუშაოდ გავედი - რესტორანში ვმღეროდი. ბავშვის გაზრდაში დედა და ბებია მეხმარებოდნენ. ბებია დღემდე სულ ნიკუშასთან არის, თუ სადმე მივდივარ. ძიძა 1 დღითაც არ მყოლია... ანდრიაზე ზრუნვაში დედამთილი მეხმარება. ღმერთის წყალობით, დამხმარეები გვყავს - ოჯახის წევრებზე უკეთ ვინ დაგეხმარება ადამიანს? ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა.

- ახალბედა დედას შვილის აღზრდისას ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რასაც ახლა, უკვე გამოცდილი, შეცდომად მიიჩნევთ?

- არაფერს ვნანობ, რადგან ნიკუშა ძალიან კარგი ხასიათის ბავშვია. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ის იყო, რომ ბევრ დროს ვერ ვუთმობდი. ამას ვერც შევცვლიდი, რადგან მაშინ სხვაგვარი ცხოვრება იყო, სამგან ვმუშაობდი, "გადარბენები", ინტერვიუები, გადაღებები, აქტიური ცხოვრება მქონდა, როგორც დღეს... ალბათ, ყველა ქალი ინატრებდა, რომ 24 საათი შვილის გვერდით იყოს. ახლა ვცდილობ, ანდრიასთან მაქსიმალურად მეტი დრო გავატარო...

- თავად როგორი ბავშვი იყავით?

- თამამი. ჩემი ნიჭის გამომჟღავნება თავიდანვე მიყვარდა. მომწონდა და მიხაროდა, როცა მაქებდნენ. მამა საოცრად კარგად მღეროდა. ხელოვანი გახლდათ. პიანინოსთან დაჯდებოდა და მამღერებდა ხოლმე, მერე კი მაქებდა. სიმღერა ბავშვობიდანვე მიყვარდა. აქტიური, ჯიუტი, ცელქი ვიყავი. ანდრიას რომ ვუყურებ, ვამბობ ხოლმე, - ჩემი ასლია, სიჯიუტეში მე მგავს-მეთქი. ბავშვობაში რასაც მიზნად დავისახავდი, აუცილებლად ჩემი უნდა გამეტანა, მაგრამ არ მახსოვს, დედას ჩემზე ან ჩემს ძმაზე ხელი აღემართა, მამას - მით უმეტეს: მამის ნებიერა გახლდით. კაცს საერთოდ არ სჯეროდა, თუ რამეს ვაშავებდი. მის თვალში ანგელოზი ვიყავი, ფრთები მქონდა გამოსხმული და გაფრენას ვაპირებდი (იღიმის)... დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანი როგორ გაიზარდა, რომ თავადაც კარგი მშობელი იყოს. ვფიქრობ, ძალიან კარგმა მშობლებმა გამზარდეს. ყველა მშობელი შვილისთვის მაგალითია. გამიხარდება, თუ ჩემი შვილები ჩემზე უკეთესები იქნებიან...

- მათი მომავალი როგორი წარმოგიდგენია? რა ინტერესები აქვთ?

- ნიკუშას ენების ათვისების კარგი უნარი აქვს. საოცრად საუბრობს რუსულად, ინგლისურად, ახლა გერმანულსაც სწავლობს... მინდა, არჩევანში აბსოლუტური თავისუფლება მივანიჭო, რადგან იმ საქმეს უნდა აკეთებდეს, რომელიც ძალიან უყვარს და კარგად გამოსდის. სხვა შემთხვევაში, ადამიანი პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდება. ნიკუშა ჭკვიანი, გონიერი ბიჭია. პროფესია ჯერ არ აურჩევია, მაგრამ ყოველთვის გვერდით დავუდგები. ბუნებაში ცხოველი არ არსებობს, რომელიც მას არ უყვარს. ყველას უნდა მიეფეროს, უპატრონოს... კეთილი, კარგი ადამიანია... ანდრიას რაც შეეხება, მექალთანე იზრდება და არ ვიცი, რა მეშველება. გოგონები ძალიან უყვარს. არ იცით, მათ როგორ ეპრანჭება, ეხუტება და ეფერება (იცინის). ეს ყალთაბანდი წლინახევრის გახლავთ. არ ვიცი, რომელ პროფესიას აირჩევს...

ეთო ყორღანაშვილი