ანა ჯავახიშვილის რომანტიზმი, ემოციური აფეთქებები და მძაფრი შეგრძნებები - გზაპრესი

ანა ჯავახიშვილის რომანტიზმი, ემოციური აფეთქებები და მძაფრი შეგრძნებები

"მისი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. მაქსიმალისტია. როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში უკიდურესობები ახასიათებს. ხშირად აქვს განცდა, რომ მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის. თუ ვინმეს შეიყვარებს, სამუდამოდ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს. ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება. რომანტიკას არ წყალობს, მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ აფეთქებას მოკლებულ ემოციებს ეფუძნება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ ანა ჯავახიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელშიც ღრმად ჩახედული არ ვარ, ზედაპირული ცოდნა მაქვს.

- "კირჩხიბის სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხასიათი ხშირად ეცვლება".

- დაკვირვებული ვარ, როცა სავსე მთვარეა, ჩემი ემოციურობა იმატებს. ამ თემაზე მეგობარ კირჩხიბებთან მქონდა ლაპარაკი და აღნიშნეს, რომ მთვარის ფაზები გავლენას მათ განწყობაზეც ახდენს.

- "ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ზოგჯერ ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- მართალია (იცინის). ასეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში თითქმის ყოველდღეა. ბავშვურად სუსტი მაშინ ვარ, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. ყველა სხვა შემთხვევაში, სამეგობრო წრეში და ახლობლებთანაც კი ძლიერი ადამიანი ვარ.

- "ის ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- კი, ამ განწყობის მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა. ზოგჯერ ეს რამდენიმე წუთს ან საათს გრძელდება. ერთმა უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება ამრიოს, განწყობა შემიცვალოს.

- "მისი წყენინება ადვილია".

- ადამიანს და წყენის ხარისხს გააჩნია. ვცდილობ, სისულელეზე არასდროს გავბრაზდე, არ მეწყინოს, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. საშუალო დონის წყენები სულ მახსოვს, ხოლო წყენა თუ ძალიან ძლიერი იყო და ჩემზე დიდი კვალი დატოვა, ვცდილობ, გონებიდან ამოვიგდო. ასეთ დამანგრეველ ამბავს ტვინი თავისით ივიწყებს, აღარ მინდა მახსოვდეს და განწყობაზე იმოქმედოს.

GzaPress

- "რთულია მისი უგუნებობის გარკვევა".

- ასე ხდება და როცა მეკითხებიან - რა დაგემართაო? ვპასუხობ, - არაფერი-მეთქი.

- "კირჩხიბს შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოების შენახვა".

- ბავშვობაში ასეთი არ ვიყავი, რაც სათქმელი იყო და არ იყო, ყველგან ყველაფერს ვლაპარაკობდი (იცინის). შემდეგ ამ თემაზე ჩემი უფროსი ძმები მელაპარაკნენ. მათ მასწავლეს, რამდენად მნიშვნელოვანია საიდუმლოების შენახვა; ამიხსნეს, რასაც საიდუმლოდ მეტყვიან, იმის გათქმა არ შეიძლება.... დღეს ვეღარც კი წარმომიდგენია, ეს "წესი" როგორ შეიძლება დავარღვიო.

- "მის ხასიათში შეღწევა რთულია, საკუთარი გრძნობების გამომზეურება არ უყვარს".

- მართალია, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, იმ დღესვე იმ თემაზე არ ვლაპარაკობ. ჯერ უნდა დავფიქრდე, ჩემში უნდა "მოვხარშო" და შემდეგ მხოლოდ ძალიან, ძალიან ახლობელ რამდენიმე ადამიანს გავანდო.

- "ის ინტუიციით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- ინტუიცია ბევრ რამეში მეხმარება. მქონია კრიტიკული მომენტები, როცა ინტუიციას გადავურჩენივარ. ზოგჯერ მასზე მინდობის შემდეგ მიფიქრია, სჯობდა, გონებით მემოქმედა.

- "კეთილი სიტყვით მისი მართვა ადვილია, რაიმეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- ესეც სიმართლეა. იძულება ცუდი განცდაა. იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მეფერებიან, მუდმივად მაქებენ, მგონია, რომ ჩემთვის კარგი არ უნდათ. საჭიროდ ვთვლი, სულ ტონუსში ვიყო. კრიტიკა კარგია, მხოლოდ ქებით არა მგონია, წინ წავიდე.

- "თუ ვინმეს შეიყვარებს - სამუდამოდ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს".

- ალბათ ასეა. თუ მიყვარს, მიყვარს ბოლომდე. ნახევრად შეყვარება არ მესმის, ეს არ შემიძლია. თუ ურთიერთობაში კითხვები გაჩნდა, მაშინ ყველაფერი იშლება. სასტიკი ჯერ არავის მიმართ არ ვყოფილვარ, ცოტათი გადამეტებული ნათქვამია. ასეთი კონფლიქტი არ მქონია, მაგრამ ჩემს ხასიათში ამის პოტენციალს ვგრძნობ.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- ამას ცხოვრებას ვაბრალებ. ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ. იმ ყველაფერს, რაც მე უნდა გამეკეთებინა, ცხოვრება უკეთებს, ბუნება ყოველთვის ყველაფერს სწორ ადგილზე ალაგებს.

- "ხშირად აქვს განცდა, რომ მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის".

- პერიოდულად ეს განცდა მიჩნდება. ხშირად გავიფიქრებ, თქმას აზრი აქვს? გამიგებენ? შეგრძნება მაქვს, რომ ვერა.

- "უყვარს ფულის შეგროვება".

- სიტუაციას გააჩნია. მიზანს თუ დავისახავ, რომლისთვისაც თანხა მჭირდება, ძალიან მარტივად ვაგროვებ. თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, მაშინ ხარჯვაც სიამოვნებას მანიჭებს.

- "სჩვევია, მთელი ძალით ჩააფრინდეს მას, რისი ხელიდან გაშვებაც არ უნდა, საყვარელი ადამიანიდან დაწყებული, კონკრეტული ნივთით დამთავრებული".

- ნივთებზე დამოკიდებულება ძალიან მარტივად მიჩნდება, ადამიანებზე - ნაკლებად, რადგან ვთვლი, რომ ვერანაირი ურთიერთობა ორი ადამიანის სურვილის გარეშე ვერ შედგება. 9 თუ 10 წლის ვიყავი, ჩემმა ძმამ მანქანა რომ გაყიდა. ის მანქანა იმდენად მიყვარდა, ძალიან განვიცადე; ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახლიდან ოჯახის წევრი გავიდა. მთელი საღამო ვტიროდი. მსგავსი უცნაურობები დღესაც მჭირს.

- უსაფუძვლო შიშები გაქვს?

- კი, ხშირად, მაგრამ ვცდილობ, დავძლიო, ჩემში არ შემოვუშვა.

- "მისი სახე სარკეა, რომელზეც განწყობებია ასახული".

- სულ ვამბობ წინადადებებს: ასე რატომ მიყურებთ? რას მამჩნევთ? განა რა მჭირს? მეგობრები კი ყოველთვის მეუბნებიან, ყველაფერი სახეზე გაწერიაო. საკუთარ თავს თავად ვერ ვხედავ და სხვები მამჩნევენ. ამ დროს თამაში არ მჩვევია.

- შრომისმოყვარე ხარ?

- კი, ბავშვობიდან მიყვარს შრომა. თავს ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ, როცა დაკავებული ვარ, საკუთარი თავი უსაქმოდ ვეღარც კი წარმომიდგენია. მხოლოდ შრომა კი არა, იმის განცდაც მაბედნიერებს, როცა ვიცი, საქმე მაქვს.

- "დასახული მიზნის მიღწევაში ამტანობა და სულიერი სიძლიერე უწყობს ხელს".

- მეტ-ნაკლებად. მიზნები ცხოვრებასთან ერთად რთულდება და რთულდება. ხასიათის რომელიღაც კომპონენტი წინ გამოდის, რომელიღაც უკან იხევს, მაგრამ ჩემში ამტანობა, მიზანდასახულობა და სულიერი სიძლიერე სულ არის.

GzaPress

- ცხოვრების დინებას უფრო ხშირად მიჰყვები, თუ მის საწინააღმდეგოდ ცურვა გჩვევია?

- დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ნაკლებად მჩვევია. რადიკალური ცვლილებები არ მიყვარს, ცოტათი მაფრთხობს.

- "რომანტიკას არ სწყალობს. მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ აფეთქებებს მოკლებულ ემოციებს ეფუძნება, სამაგიეროდ სტაბილური და მუდმივია".

- სტაბილურობა მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომანტიზმი, ემოციური აფეთქებები და მძაფრი შეგრძნებები დიდი დოზითაა.

- "ასაკის მატებასთან ერთად მასში იუმორის გრძნობა იღვიძებს, რაც ცხოვრების დასაწყისში ძალიან აკლია".

- ვერ ვიტყვი, რომ წლების წინ იუმორი მაკლდა და ახლა მომემატა.

- ოჯახზე მიჯაჭვულობა გჩვევია?

- როცა გადაღებების გამო, შინიდან დიდი ხნით გასვლა მიწევს, სულ მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე, მაგრამ თუ შინ ყოფნა დიდხანს გამიგრძელდა, სახლიდან გასვლის სურვილიც მიჩნდება.

- ბუნებით მაქსიმალისტი ხარ?

- მგონია, რომ ვარ.

- "მისთვის ოქროს შუალედის ცნება უცხოა, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში უკიდურესობები ახასიათებს".

- ხშირად ვგრძნობ ამ უკიდურესობებს და ვცდილობ დავძლიო, კარგი არ არის.

- "მისი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით".

- მოულოდნელობები არის, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც ასტროლოგები ამბობენ.

- "მას გარშემო მყოფთა მხრიდან სითბო და ყურადღება ჰაერივით ესაჭიროება".

- არ ვიცი, ასეა? სითბო ყველას სიამოვნებს. მგონია, თავადაც ძალიან დიდ სითბოს გავცემ. სხვებისგან მაკლია-მეთქი, ვერ ვიტყვი. ალბათ, რასაც ვიღებ, იმას გავცემ.

- "იშვიათად ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. იმედოვნებს, რომ ნებისმიერი პრობლემა თავისით მოგვარდება".

- არა. ჩემი მოქმედების გარეშე, თავისით არასდროს არაფერი გაკეთდება.

- "გარშემო მყოფი ადამიანები ყველაზე ხშირად პასიურობის გამო საყვედურობენ".

- ურთიერთობებში პასიურობის გამო? ასეც ყოფილა, მაგრამ ძირითადად შენიშვნებს იმის გამო ვიღებ, რომ ამბების მნიშვნელოვან ნაწილებს ვმალავ და გარკვეულ დეტალებზე არ ვლაპარაკობ.

- "მიუხედავად გარეგნული სიცივისა, ადამიანების მიმართ უჩვეულოდ გულმოწყალე და მიმტევებელია".

- არაერთხელ უთქვამთ, სანამ გაგიცნობდი, ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდი და რეალურად სრულიად განსხვავებული ყოფილხარო. ეს სიცივეც ალბათ, იმ დისტანციის ბრალია, რომელსაც ზოგჯერ ადამიანებთან ვიჭერ.

თამუნა კვინიკაძე