ჯანო იზორია გასტრონომიულ და სულიერ "ნაყროვანებაზე" - გზაპრესი

ჯანო იზორია გასტრონომიულ და სულიერ "ნაყროვანებაზე"

"დისტანციური თეატრი მე არ ვიცი. თეატრი ყველაზე მაგარი, ცოცხალი და ემოციური ხიდია მყურებელსა და მსახიობს შორის. ამით უნდა მოვიზიდოთ ტურისტიც, რადგან სწორედ ჩვენი ხელოვნებით ვახსოვართ მსოფლიოს, პანდემიამ კი მეტი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და კანარის კუნძულებზე კი არ წავიდეთ, ქართველებმა ჩვენი ქვეყანა მოვინახულოთ, შიდა ტურიზმი ამით განვავითაროთ", - აღნიშნავს მსახიობი ჯანო იზორია, რომელიც ამჯერად კულინარიაზე, ტურიზმსა და "პოსტ-კარანტინულ" შემოქმედებით სიახლეებზე გვესაუბრება.

"მინატრია, მხატვარი ვყოფილიყავი, ღამის მეთევზეს დავხატავდი-მეთქი"

- კულინარია ის სფეროა, რომელიც მომწონს და რაღაცები მეხერხება კიდეც. მე და გვანცა ერთობლივად ხშირად ვამზადებთ და ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა. გარკვეული ექსპერიმენტებიც არის, კეთების დროს თავისებური ინტერპრეტაციები შეიძლება გაგიჩნდეს. როცა ზღვაზე სათევზაოდ ღამისთევით მივდიოდით, სპექტაკლის ან რეპეტიციების მერე, მიდიებს ლუდში ვხარშავდით, თევზს ფოლგაში ვწვავდით, სვანურ მარილს მოვაყრიდით, ამ ყველაფერს ზღვის პირას სულ სხვა გემო აქვს, რომანტიკულ გარემოში. ცეცხლს ზღვიდან ამოყრილი ფიჩხით რომ ანთებ, სხვა ხიბლი და არომატი აქვს.

ფოთში გავიზარდე და ცხადია, იქ თევზაობა თავისებური რიტუალია, ღამისთევით კარვებით მიდიან ხოლმე. ვინც თავს ამით ირჩენს, მათთვის უფრო შრომატევადი საქმეა და სამსახურივითაა. როცა გასართობად მიდიხარ, სხვაა, უფრო სახალისოა. ბადით თუ თევზაობ, ეს ბადე ღამით შეგაქვს შუა ზღვაში, მთვარის შუქზე და ყოველ ორ საათში შემოწმება უნდა, თვითონ ეს პროცესია კარგი. ღამე რომ აგრილდება, ზოგს წყალში ჩასვლა ეზარება და იქ მიდის არიოლ-რეშკის აგდება, სანაძლეოს დადება. როცა წყლიდან ბადეს სწევ, ვერცხლისფერი თევზი თუა შიგნით გაბმული, მთვარის შუქზე ძალიან ლამაზად ანათებს და მინატრია, მხატვარი ვყოფილიყავი, ღამის მეთევზეს და ამ სიტუაციას დავხატავდი-მეთქი, თავისი შუქჩრდილებით და ამბებით. სათევზაოდ რომ მიდიხარ, კარავი უნდა გქონდეს, არაყი. თუ ვინმეს გიტარაც აქვს და სიმღერაც ეხერხება, მთლად უკეთესი. დილით იქვე ვამზადებდით თევზის წვნიანს - უხას. ცოტას შევზარხოშდებით და ასე აღვნიშნავთ იმ კონკრეტულ დღეს.

მახსოვს, ფოთის წისქვილკომბინატის უკან რომ ადგილია, ერთხელ, ბამბუკის ანკესით დიდი კეფალი დავიჭირე! ყველაზე მაგარი სიამოვნება ისაა, სანამ ნახავ, რა ამოგყავს და რა დაიჭირე, ჯერ რომ უცნობია, თან წონას გრძნობ ხელით - ეს სხვა ადრენალინია.

"ბუნებას ვერასდროს აჯობებ, მას უნდა მოერგო"

- ერთხელ, ქარიშხლიანი ღამე შეგვხვდა და ვეღარ ვითევზავეთ, მაგრამ კარავთან ვისხედით ცეცხლის გარშემო და ჩვენს რეჟისორთან ერთად, წრეზე პიესას ვკითხულობდით, რომელიც ფოთის თეატრში დაიდგა - "ზვავი". სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა.

შტორმის დროს, ბევრი მეთევზის ამბავი ტრაგიკულადაც დასრულებულა ზღვაში. პალიასტომის ტბა მკაცრია და მოგეხსენებათ, ეგნატე ნინოშვილსაც კი აქვს მასზე დაწერილი და სიკო დოლიძის ფილმიცაა. შიშის მომენტი, ცხადია, არის და წარმოიდგინეთ, შეცდომა ისეთ ადამიანებსაც კი მოსდით, რომლებიც პალიასტომის პირას დაიბადნენ და გაიზარდნენ. ადამიანი ბუნებას ვერასდროს აჯობებს, უნდა მოერგო მას, აჰყვე, მისი ენა იცოდე. იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ყველა ადგილი ზეპირად იციან, ამინდში არ ცდებიან, არ სჭირდებათ ეს ნავიგატორები და თანამედროვე ტექნიკები.

მამაჩემი 90-იან წლებში თევზსაჭერ გემზე მუშაობდა. ზამთრის პერიოდში, ზღვა და ამინდი უცებ ირევა, ამ დროს შეიძლება გემი შუა ზღვაში ჩაგიქრეს და ოჯახის წევრები ვნერვიულობდით, სანამ სახლში დაბრუნდებოდა.

GzaPress

"დედაჩემს "კუჭმაჭთუხუცესის" "წოდება" ჰქონდა"

- მდინარე მიყვარს. ყველაფრით მეგრელი ვარ, დედით, მამით, იქ გავიზარდე, მაგრამ კახური პურ-მარილი და იქ ჩასვლაც მიყვარს და გამიმართლა, რომ გვანცა კახელია. რაც შეეხება მეგრულ კერძებს, ცხადია, ვგიჟდები, ისე მიყვარს - ელარჯი, გებჟალია. მეც ვიცი მომზადება, ბებიასა და დედისგან ვისწავლე. კუჭმაჭს დედაჩემი უგემრიელესად ამზადებს. 90-იან წლებში, ქორწილები რომ იყო, სამეზობლოში ვისაც რა გამოსდიოდა ყველაზე გემრიელი, ის იმ კერძს აკეთებდა და დედაჩემს "კუჭმაჭთუხუცესის" "წოდება" ჰქონდა (იცინის).

ნაბახუსევზე ძალიან კარგია გებჟალია. ჭყინტ ყველს რომ გაჭყლეტ, მწვანე აჯიკასთან და პიტნასთან ერთად რომ შეზელ, ღომს დააგებ და მიირთმევ. ბებია გვიკეთებდა ფუჩხოლიას, ძალიან მიყვარს.

ლაზური ქადა მინდა მოვამზადო. გიორგი კალანდიას გადაცემაში - "ლაზეთის ბულბული", იმ მომღერალი ბიჭის დედა ჰყვებოდა ლაზურ ქადაზე და მაინტერესებს, როგორია. ქაფშიათი მზადდება, რომელსაც ზამთარში იჭერენ შავ ზღვაში და აუცილებლად ვცდი. ფანტასტიკური გემო ექნება.

90-იანების ქორწილი და "დვიჟოკის" ჩართვამდე გამქრალი ტორტი

- ამაზე შეიძლება ძალიან მაგარი, სევდიანი ქართული ფილმის გადაღება, ქორწილი თავისი კარგი და გადამეტებული მხარეებით, მძაფრი ამბებით. ლიმონათი და კიტრი ხომ ცნობილი ამბავია (იცინის). თუ სამეზობლოში ვინმეს ქორწილი იყო, ბავშვები მერიქიფეები ვიყავით და ეს ჩვენთვის საპასუხისმგებლო იყო, რადგან საქმე ღვინოს ეხებოდა. ცივ ღვინოს ჩაიდანში ჩაგვისხამდნენ და ყველა ბავშვი კონკრეტულ მაგიდას ვემსახურებოდით, ხალხს ღვინო არ უნდა შემოჰკლებოდა, ოჯახის პატივისცემის მომენტი იყო. ამ ტრადიციამ ბევრი რამ შეგვძინა ადამიანურად, პიროვნულად. სახალისო ამბებიც ხდებოდა. მახსოვს, შუქი რომ ჩაქრა, სანამ "დვიჟოკს" ჩართავდნენ, როგორ გააქრეს ბავშვებმა პატარძლის ტორტი. კარგი ტრადიცია იყო და მიხარია, რომ ზოგი დღესაც თვითონ ამზადებს სოფელში საქორწილო სუფრას, ბევრად ორგანულია, სხვა ურთიერთობაა. მე მენატრება ის პროცესი. მივეცით შეკვეთა და მოვიტანეთ - ეს სხვაა.

სასმელი და თამადობა

- კახეთში რთველში ნამყოფი ვარ და სასიამოვნო პროცესია, კარგი ტრადიციაა, თავისი მოსავლის აღების აღნიშვნით და ბარაქის სადღეგრძელოთი. ტანინიან ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას.

თამადობა დიდად არ მიწევს, მხოლოდ ვიწრო წრეში, მეგობრებთან, რადგან დაზეპირებული ლექსები და ფრაზები არ მომწონს, როცა ოჯახს არ იცნობ და სხვები გახსენებენ, ვის რა ჰქვია და ვინ ვისი ნათესავია... სუფრაზე გულით და სულით უნდა იყო იმ ადამიანებთან, რეალურად გადახდენილი ისტორიებით, სიმღერით და ცეკვაც თუ შეგიძლია, მთლად უკეთესია.

უცხოეთი და ეგზოტიკური კულინარია

- მაროკოში ვარ ნამყოფი, კასაბლანკაში და იქ ეგზოტიკური საჭმელი იყო. დიდ ხონჩას სუფრაზე დებენ და მასში არის ბრინჯი, საქონლის მოხარშული ხორცით, ხაშლამასავით, თავისი სანელებლებით, ანანასია ჩაჩეხილი და სხვა ინგრედიენტები. ხელით ვჭამდით, თუმცა, ყველას თავისი კუთხე აქვს და ისე უნდა მიირთვა. მაროკოში ერთი ადგილი ვნახე და ვისურვებდი, ჩვენს ზღვისპირეთშიც ყოფილიყო მსგავსი, მთელი მსოფლიოს კატები ინატრებდნენ იქ ცხოვრებას (იცინის). სრულიად ბოჰემური ადგილია, სადაც თეფშები კი არ დევს, ყავისფერი ქაღალდები, ოთხკუთხედად ამოჭრილი, იქვე, მაყალზე პირდაპირ გიწვავენ თევზს, ნაკვერჩხალზე, მაჩეტეებით და ამბებით, კიბორჩხალებს გიხარშავენ და ა.შ. იქვე ჭამ ხელით და სხვა გემო აქვს.

შემოქმედებითი სიახლეები და კულტურით მოზიდული ტურიზმი

- იმედია, დაგვადგება საშველი და ამოქმედდება თეატრები, კულტურა, სპორტი. ახლა მთავარია, ადამიანები მაღაზიებში გამონაყრდნენ და სულიერი "სინაყრე", სულის სიმდიდრე მგონი, არ აინტერესებთ. ჩერჩილს აქვს ნათქვამი, - რისთვის ვომობთ, თუ კულტურამ არ იღორძინაო? ამაზე უნდა იყოს მთელი ყურადღება მიპყრობილი, რადგან სწორედ ჩვენი ხელოვნებით ვახსოვართ მსოფლიოს. ტურისტს ხაჭაპურისა და ხინკლის, საქართველოს ლამაზი კუთხეების დათვალიერების გარდა, ქართული კულტურაც სჭირდება. ჩვენთან, ფოთში, ყოველ წელს შესანიშნავი ფესტივალი - რეგიონალური თეატრების ფესტივალი ტარდებოდა და უამრავი ტურისტი სწორედ მასზე დასასწრებად ჩამოდიოდა...

პანდემიამ მეტი გამოწვევის წინაშე დაგვაყენე, რომ კანარის კუნძულებზე კი არ წავიდეთ, ჩვენი ქვეყანა მოვინახულოთ, შიდა ტურიზმი განვავითაროთ... კარგი ამბავი ისაა, რომ 14 ივლისს, სოხუმის თეატრი ვაკის პარკში თეატრალურ ფესტივალზე ვითამაშებთ სპექტაკლს "იაკიში და პუპჩე", 5 აგვისტოს კი ფოთის თეატრის სპექტაკლით - "ხრამუნა" დავხურავთ.

თამთა დადეშელი