რატომ არიდებს თავს გოგონებთან ურთიერთობას ცოტნე ბარბაქაძე? - გზაპრესი

რატომ არიდებს თავს გოგონებთან ურთიერთობას ცოტნე ბარბაქაძე?

"შენი ასაკის ყველა გოგო და ჩემი ასაკის ყველა დედა შენზე შეყვარებული ვართო," - ეს სიტყვები თიკა ფაცაციამ 16 წლის ცოტნე ბარბაქაძეს უთხრა, როცა კონკურსანტმა პროექტ "დიდი სცენის" პირველი ტური წარმატებით გადალახა. "დიდი სცენის" ყველაზე უმცროსმა მონაწილემ მეორე ტურსაც კარგად გაართვა თავი და კონკურსანტთა ათეულშიც მოხვდა...

- პირველ ტურში, ჟიურის დადებითი შეფასების მოსმენის შემდეგ, ისე ბედნიერმა თქვი, - დიდი მადლობაო, რომ მგონი, ასეთ წარმატებას არ ელოდი. ასეა?

- მართლა ძალიან გამიხარდა! თავდაპირველად, დიდად არ ვნერვიულობდი. შემდეგ, როცა ჟიურისგან ასეთი კომენტარები მივიღე, უფრო ავღელდი. წარმოუდგენელ ეიფორიაში ვიყავი... პროექტის წამყვანებთან - თიკასა და აჩიკოსთან ვერაფერს ვლაპარაკობდი. მათ შეკითხვებს მხოლოდ "დიახ" ან "არას" ვპასუხობდი (იცინის). კმაყოფილი ვიყავი. ჟიურის სამივე წევრისგან ძალიან კარგი შეფასება მივიღე, მით უმეტეს - 16 წლის ასაკში. მაგალითად, გიორგი ცაგარელისგან უფრო მკაცრ შეფასებას ველოდი, მაგრამ პირიქით მოხდა: ჩემ შესახებ თქვა, - ვფიქრობ, პედაგოგებთან მუშაობას თავს გაართმევსო, რამაც იმედი მომცა, რომ "ლაივ" კონცერტზე ვიდგებოდი...

- ამ პროექტით როგორ დაინტერესდი?

- პროექტის წინა სეზონს თვალს ვადევნებდი. ვფიქრობდი, რომ მეც შემეძლო, ხალხისთვის კარგი მუსიკალური ნომერი წარმედგინა. ეს დამეხმარება, საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დავრწმუნდე.

- პროექტში შენს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვინმეს რჩევა ჰკითხე?

- რა თქმა უნდა. თავდაპირველად, მონაწილეობის სურვილი თავად გამიჩნდა, შემდეგ მე და ჩემმა მასწავლებელმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ კასტინგზე გავსულიყავი.

- საერთოდ, სიმღერით რა ასაკიდან დაინტერესდი?

- 8 წლიდან, ოღონდ - მაშინ ხაშურში ვიყავი. იქ ია კაპანაძე მასწავლიდა, მეხმარებოდა, რომ კონცერტებში მონაწილეობა მიმეღო. ასე ვთქვათ, ხაშურში სახელი გავითქვი (იცინის). იქ საკმაოდ კარგად მიცნობენ. შემდეგ, მე და დედას რუსთავში საცხოვრებლად წამოსვლა მოგვიხდა, რადგან კარგ სკოლაში უნდა მესწავლა. რუსთავში უკეთესი განათლების მიღება შეიძლება. ისე მოხდა, რომ რუსთავში სალომე მასწავლებელთან მივედი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მართლა მისი დამსახურებაა, რომ სცენაზე დავდგები... თავდაპირველად, რუსთავში კერძო მუსიკალურ სკოლას ვეძებდი, რათა მუსიკალური განათლება მიმეღო. სალომე შურღაიაზე მიმითითეს - "მისი ბიჭი" ხარო. სალომეს (რომელიც მაყურებლებს ალბათ, "ვოისიდან" ახსოვთ) ძალიან მოვეწონე. შემდეგ უკვე სახლში რეპეტიციები დავიწყეთ, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. 5 თვეა, ერთად "მოვდივართ".

- ასეთ მცირე დროში კასტინგისთვის მომზადება როგორ მოახერხე? კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული.

- მე და სალომეს ონლაინგაკვეთილებიც გვქონდა. ჩემი "პლუსი" ის არის, რომ ბევრ რამეს მარტივად ვითვისებ, რაც, რა თქმა უნდა, დამეხმარა. კასტინგამდე სალომესთან ისევ მივედი, ყველაფერი გავიხსენე და ჟიურის წინაშე მომზადებული წარვდექი.

GzaPress

- სოციალურ ქსელში უკვე საკმაოდ პოპულარული ხარ. უცნობები რას გწერენ?

- ყველა სხვადასხვა რამეს მწერს: შენს ხმაზე ვაბოდებ, ძალიან კარგი ხმა გაქვს, საყვარელი ხარო (იცინის)... ძირითადად, ჩემი ხმის გამო აღფრთოვანებული არიან.

- თაყვანისმცემელ გოგონებზე რას გვეტყვი?

- ჯერ ურთიერთობა არ მინდა. საქმეს რომ მოვრჩები, მერე - შეიძლება: ერთ ადამიანზე ვფიქრობ. ვნახოთ, რა მოხდება (იღიმის)... თაყვანისმცემლებს დიდ მადლობას ვუხდი ხოლმე, მაგრამ მერე საუბარს მიგრძელებენ. ისეთ რაღაცებს მწერენ, რაზეც პასუხის გაცემა არ მინდა. ასეთ შეტყობინებებს ვაიგნორებ. იძულებული ვხდები, ასე მოვიქცე... ბევრი უცხო გოგო მწერს. დედაჩემსაც ეკონტაქტებიან...

- ერთი წელიც არ არის, რაც რუსთავში ცხოვრობ. ამ ქალაქს როგორ შეეგუე?

- რუსთავში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ზოგი ნაცნობიც კი აღმოჩნდა და კონტაქტი გამიიოლდა. კარანტინის დროს სოფელში ვიყავი...

- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- ოჯახში მე და დედა ვართ. დედა სტილისტია, მე - ვმღერი, ვსწავლობ, მყავს მეგობრები... დედ-მამა დაშორებულია. ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს...

- შენს გარეგნობაზე დედიკო ზრუნავს?

- დედიკოს მეგობრები იმ სალონიდან, რომელშიც დედა მუშაობს. ძირითადად, მხოლოდ თმის შეჭრა მჭირდება - მალე მეზრდება...

- სკოლაში როგორ სწავლობ?

- ისტორია, ქართული და ინგლისური მიყვარს. ტექნიკური საგნების კარგად სწავლა არ გამომდის. მოკლედ, მომავალში რაც მჭირდება, იმას კარგად ვსწავლობ. მუსიკა არის ჩემი მომავლის გზა. ჯერჯერობით, სოლო კარიერას ვაპირებ. შესაძლოა, ბენდიც გავიჩინო. ამ მხრივ, შემოთავაზებები არის. ჯერ გამოცდილება უნდა მივიღო, რომ გადავწყვიტო...

- პროექტში ასეთმა პროფესიონალებმა რომ შეგაქეს, ალბათ, ბევრს მეცადინეობ, არა?

- დიახ. მე და სალომე ყველაფერს მაგრად ვაკეთებთ. ერთმანეთის გაგებაც გვეხმარება, რომ დავალებებს უკეთ გავართვა თავი. სალომე ახალ-ახალ დავალებებს მაძლევს. შეიძლება, ვერ შევასრულო, მაგრამ შეცდომებს მისწორებს, მერე კი ჩემი ყური რომ ისმენს, ადვილად ვითვისებ.

- კიდევ რა გიტაცებს?

- მეგობრებთან ერთად ფეხბურთს და კალათბურთს ვთამაშობ. სპორტით აქტიურად ვიყავი დაკავებული, მაგრამ სიმღერის გამო, შევწყვიტე. ფეხბურთთან დაკავშირებით, შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ საკუთარი თავი სიმღერაში უფრო ვიპოვე... ასევე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზეც ვფიქრობ. ყველა მეუბნება, - მსახიობი ხარო. მეგობრებთან ურთიერთობისას უცნაურ გამომეტყველებას ვიღებ ხოლმე - უბრალოდ, ურთიერთობისას მსახიობობაში ვმეცადინეობ, ვსწავლობ (იღიმის). კონსერვატორიაში, ჯაზის ფაკულტეტზე ჩაბარებასაც ვგეგმავ. ჯაზი ისეთი ჟანრია, რომელიც მუსიკაში უფრო გვაღრმავებს, რადგან იქიდან იწყება ბევრი კარგი სიახლე, აზროვნება, მეტი სწორი ბგერა...

- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- დედიკო და შემდეგ - მასწავლებელი. დედა ყოველთვის ძლიერ ემოციებშია, როცა ჟიურის შეფასებებს იგებს. პროექტში ჩემი მონაწილეობის პირველივე დღეს, როცა შინ დავბრუნდი, დედა სიხარულისგან გაგიჟებული იყო! ჩემ შესახებ უამრავი ადამიანი წერდა...

- "დიდი სცენისგან" რას ელი?

- უფრო დიდ გამოცდილებას, რომელიც, რა თქმა უნდა, მომავალში დამეხმარება. შემიძლია, მალე შემდგარი მომღერალი ვიყო, რადგან ნიკოლოზ რაჭველმა შემაფასა, როგორც "ასაკით პატარა მომღერალი". ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. უკვე ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ათეულის დანარჩენ წევრებს ძლიერ კონკურენტებად მიიჩნევ?

- თავის სტილში ყველა ძალიან მაგარია. მიმაჩნია, რომ ჩემი სტილით მათ ტოლს არ დავუდებ. წლევანდელი სეზონი ძალიან კარგია, კონკურსანტების უკეთესი ნაკადია... მართალია, ასაკით ყველაზე უმცროსი ვარ, მაგრამ ვეცდები, პროექტის ბოლომდე მივიდე.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი