"პრეზიდენტის როლში ვერავინ ამომიცნო" - გზაპრესი

"პრეზიდენტის როლში ვერავინ ამომიცნო"

"ამ როლში ვერავინ ამომიცნო. მე და პრეზიდენტი ერთმანეთს თმის ფერის გარდა, გარეგნულად არაფრით ვემთხვევით, ვიზუალური მსგავსება ვისაჟისტის და სტილისტის დამსახურებაა, პლასტიკა და ხასიათის დაჭერა - ჩემი", - ამბობს მსახიობი ხათუნა ბერძენიშვილი. როგორ გახდა ის პრეზიდენტის პაროდისტი, რა ენატრება ყველაზე მეტად, რა არის მისი მთავარი სტიმული, ყველაზე დიდი სისუსტე, რას ნანობს და რას შეცვლიდა ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1970 წლის 14 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი ან ფსიქოლოგი. ეს ორი პროფესია ერთმანეთთან დიდი განსხვავებებით და დიდი თანხვედრებით, მაგრამ მაინც კავშირშია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეუღლე ამბობს "ბავშვქალა" ხარო. ახლობლები მეუბნებიან: გიჟი ხარ, გიჟიო. ბუნებრივია, ამას დადებით კონტექსტში ამბობენ, ჰიპერაქტიური და ხალისიანი ვარ.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზე...

- ...სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოს მეშვეობით მოვხვდი. ბავშვობიდან პაროდიებს ვაკეთებ. ძალიან ხალისიანი ოჯახი მყავდა. ბებია, ბაბუა და მშობლები დღეს ცოცხლები აღარ არიან, ყველანი პაროდიის უნარით ვიყავით დაჯილდოებულები. მთელი ბავშვობა ტიპაჟების გაშარჟებაში გავატარე, ვერთობოდით. მერე სკოლაში და ინსტიტუტში მეგობრების თხოვნით და სურვილით, პედაგოგების პაროდიებს ვაკეთებდი. პანდემიის პერიოდში, მეგობარმა მთხოვა, ბევრი პოლიტიკოსის პაროდიას აკეთებ, სალომე ზურაბიშვილი დაგრჩა და იქნებ ესეც მოახერხოო. "მოახერხე" მარტივი არაა, უნდა გამოგივიდეს. მოვინდომე, ერთი ვიდეო ჩავწერე, სოციალურ ქსელში ავტვირთე და მეგობრები გავართე. ამის შემდეგ "რუსთავი 2"-დან ალეკო მალხაზიშვილმა დამირეკა, თანამშრომლობა შემომთავაზა. მივედი, გავისაუბრეთ და დავთანხმდი. წლების წინ, ამ ჟანრში ვმუშაობდი, მაგრამ ეს კადრს მიღმა მიკროფონთან ხდებოდა, "დიდების ზღაპრებში" ირინა სარიშვილის, ნესტან კირთაძის, ნანა დევდარიანის პოლიტიკოს თოჯინებს ვახმოვანებდი.

ამ როლში საერთოდ ვერავინ მიცნო, მე და პრეზიდენტი ერთმანეთს თმის ფერის გარდა, გარეგნულად არაფრით ვემთხვევით. ვიზუალური მსგავსება ვისაჟისტისა და სტილისტის დამსახურებაა, პლასტიკა და ხასიათის დაჭერა - ჩემი. მხოლოდ სტილისტი და ვისაჟისტი ვერაფერს იზამდა. დგომა, მანქანიდან გადმოსვლა, ხელის დაჭერა, ღიმილი - ყველაფერი მნიშვნელოვანია. ზოგჯერ რომელიმე პიროვნება ამეკვიატება, ყურში ჩამესმის მისი ხმა, მერე ვაკეთებ პაროდიას. სალომეს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. მას დავაკვირდი და შედეგი მაყურებელმა უკვე იხილა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...პრინციპებსა და ღირებულებებს არ შევცვლიდი, მაგრამ მცირე ცვლილებები შესაძლოა შემეტანა. წლების წინანდელ მდგომარეობაში, ამ გამოცდილებით რომ დამაბრუნა, ალბათ ბევრ რამეს უკეთ გავაკეთებდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...სულ წარმატების დეფიციტი მაქვს. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ და ისეთ დროში მომიწია მუშაობამ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი შემხვდა. მხოლოდ ნიჭი და ბევრი შრომა არ კმარა, მით უმეტეს, ჩემს პროფესიაში და მით უმეტეს - ამ ქვეყანაში. 16 წლიდან ვმუშაობ, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, თურმე ეს საკმარისი არ ყოფილა. ცხოვრება სულ ბრძოლაა.

- ამ ბრძოლაში ჩემი მთავარი სტიმული...

- ...არის ჩემი თავი, ჩემი ფიქრები, ჩემი აზრები... ზოგჯერ სასოწარკვეთაში ვვარდები, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ისევ საკუთარი თავი მშველის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვარ ჯანმრთელი, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, 2 საინტერესო შვილი, მრავალმხრივი ხედვებით. ჩემი შვილების თაობა ძალიან მომწონს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ყოველთვის მინდა მქონდეს სურვილი ვიყო ხალასი, ლაღი და აქტიური.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- სიმართლე მიყვარს, მაქვს საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს პოზიცია სუბიექტური არ არის. ძალიან მიყვარს დაკვირვება, დასკვნები შემდეგ გამომაქვს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ცოტათი სულსწრაფი ვარ, დიპლომატიაც მაკლია და ეს არ მომწონს. თანამიმდევრული ვარ, მაგრამ ხანდახან მოვლენებს წინ ვუსწრებ. ამაზე ვმუშაობ, ხელს მიშლის და არ მინდა, ასე გავაგრძელო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ზოგს გამოვასწორებდი, ზოგს დავტოვებდი. ისეთი შეცდომები არასდროს დამიშვია, სინდისის ქენჯნა რომ მაწუხებდეს. რაიმე ასეთს თუ ჩავიდენ, სინანულიც გადასარევი განცდაა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ, მაგრამ მაინც გამოუსწორებელ ბავშვად დავრჩი. ჩემი გულწრფელობის გამო, არაერთხელ დავსჯილვარ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...პატიების საოცარი უნარი მაქვს. წყენა მალე მავიწყდება. ბევრი რამის "გატარება" ვისწავლე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ცოტათი მეშინია. ეს შიშები დაკავშირებულია ჩემი შვილების მომავალთან. ვფიქრობ, მათ რამდენად ჯანსაღ გარემოში მოუწევთ ცხოვრება. სოციალურ ყოფას, სახელმწიფოებრივ და იდეოლოგიურ სიჯანსაღეს ვგულისხმობ. ახლა ძალიან რთული პერიოდია.

GzaPress

- ვიბნევი...

- ...ხშირად, მაგრამ კონკრეტულად რა მაბნევს, თქმა მიჭირს. დაბნეულობა ჩემი თანმდევი თვისებაა, მაგრამ ქაოსური არ ვარ. ზოგჯერ გადამწყვეტ სიტუაციაში სისხარტე მაკლია.

- ვნანობ...

- ...უფრო მეტი რატომ არ ვისწავლე. შევისწავლიდი მეცნიერების სხვადასხვა დარგს, კულტურას, სამედიცინო ისტორიას...

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...მინდა მეტ-ნაკლებად ჰარმონიულ გარემოში ვცხოვრობდეთ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. მქონია შემთხვევები, ქუჩაში ვიღაცას გამოვსარჩლებივარ და ამის გამო უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩენილვარ. "არამკითხე მოამბე" ვარ, თავის გამოდება მიწევს, მაგრამ ეს ყოველთვის თავისთავად ხდება.

- მეზარება...

- ...უინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, უინტერესო გარემოში ყოფნა.

- სიყვარული ეს...

- ...რთული ასახსნელია. კაცსა და ქალს შორის სიყვარული სხვაა, სხვაა სიყვარული, რომელიც შენს სისხლსა და ხორცს ეხება. ქალსა და მამაკაცს შორის მარადიული სიყვარული ალბათ არსებობს, მაგრამ ეს ერთეულების ხვედრია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვერ მივხვდი. წლების შემდეგ გავიაზრე, თურმე ის განცდა სიყვარული ყოფილა, ვნებასთან ერთად.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანებში ნიჰილიზმი, გულგრილობა და ბრძოლის უნარის დეფიციტი.

- ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს...

- ...კარგი მუსიკა, მხატვრობა, სპექტაკლი, ნიჭიერი ადამიანი. ნიჭიერებას ყველა საქმეში დიდ პატივს ვცემ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...თამაში ნაკლებად შემიძლია, ძალიან მიჭირს, არადა, ზოგჯერ სიტუაციას მოაქვს ამის საჭიროება. ცხოვრებაში მსახიობი ყველაზე ნაკლებად ვარ.

- ვრისკავ...

- ...ნაკლებად. ფრთხილი ბუნება მაქვს, რისკებს ვერიდები.

- ვამაყობ...

- ...ოჯახით. ყოველთვის შემიძლია შევიქმნა გარემო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. მთელი მსოფლიო რომ მეწინააღმდეგებოდეს, შემიძლია თავი მაინც კომფორტულად ვიგრძნო. ამაზე ვმუშაობ, ასე მარტივი არ არის.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ძალიან ხშირად ვტირი. ეს ემოციური ხასიათის ნაწილია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ადრე არ მსიამოვნებდა, თავს ვხრიდი, მერე მივხვდი, ეს არაფერის მომტანი არ იყო. დღეს ჩემი თავის ფასი ვიცი, ისიც - რა შემიძლია და რა - არა.

- მეშინია...

- ...ისეთი ავადმყოფობების, როცა მედიცინა უძლურია. სიკვდილის გარდა, გამოსავალი ყველა მდგომარეობიდან არსებობს. მინდა ყველა ჯანმრთელი იყოს... კიდევ, კატასტროფების მეშინია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...გაჩერდი ახლა, ამ ქვეყანას შენ გამოსწორებო? ზოგადად, საყვედურებს ხშირად არ ვიღებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...პატარა კორექტირებას შევიტანდი, 20 წლის უკვე აღარ ვარ, მაგრამ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო არ გახლავართ.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს, ზოგიერთი ძალიან ძვირფასია.

- ვიტყუები, როცა...

- ...როცა ძალიან საჭიროა, როცა ტყუილს სარგებელი მოაქვს, სხვა შემთხვევაში სიყალბე მეზიზღება.

- როცა მარტო ვარ...

- ...ეს მდგომარეობა მიყვარს, ბევრ რამეზე ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაციას ვეცნობი, ამაში მარტოობა ძალიან მეხმარება. პერიოდულად ოჯახის წევრებისგან განმარტოების სურვილიც მიჩნდება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ფინანსურად გავძლიერდებოდი, გავცემდი, მაგრამ ნამდვილად ქველმოქმედებისთვის. სამოსში დიდ თანხას არ გადავიხდიდი, ზომიერების ფარგლებში დავიხარჯებოდი. 500-კაციან ქორწილს არ გადავიხდიდი, იმ თანხით ვინმე ისეთს დავეხმარებოდი, ვისაც ეს მართლა სჭირდებოდა და გავაბედიერებდი.

- მენატრება...

- ...ჩემი ბავშვობა. მენატრებიან ოჯახის წევრები, რომლებიც გარდაცვლილნი არიან. ჯანსაღი გარემო მენატრება.

- ვაგროვებ...

- ...ემოციებს, მოგონებებს და მერე ფურცელზე გადამაქვს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ძალიან ჭკვიანი ბაბუა მყავდა, რეჟისორი იყო. როცა გაიგო, თეატრალურში ჩაბარებას ვაპირებდი, მთხოვა, ეგ საქმე არ გინდა, შენი ხასიათის ადამიანი ამ სფეროში არ გამოდგებაო. მაშინ ვინ დაუჯერა, საერთოდ არ მესმოდა, რას მელაპარაკებოდა.

- პროფესიული არჩევანის გამო სინანული...

- ...მქონია, თან არ მქონია, ეს ორი შეგრძნება ჩემში ერთმანეთს ყოველთვის ეჯახება. ხანდახან მიფიქრია, ასეთი უმადური პროფესია კიდევ თუ არსებობს, ვერავის გულს ვერ მოიგებ, სულ უნდა ელოდო, სხვაზე ხარ დამოკიდებული. ამავე დროს არაჩვეულებრივად საინტერესო საქმეა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვიყოთ გულწრფელები! ამის ფასი არაფერია.

თამუნა კვინიკაძე