"აქ მოხვედრა შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს ვინმეს" - გზაპრესი

"აქ მოხვედრა შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს ვინმეს"

ნატო ოქრუაშვილი 2011 წლიდან ინდოეთში, ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე, ქალაქ პორტ ბლერში ცხოვრობს. მეუღლე სელვარაჯ განდი ინდოეთის მოქალაქეა. ნატოს იქაური ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ ვესაუბრეთ.

- ეს კუნძულები მდებარეობს ბენგალის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ინდოეთის ოკეანეში. კუნძულების საერთო რაოდენობა 750-ია, მათ შორის 550 - ანდამანისაა. გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო ადგილია. კუნძულებზე შერეული ხალხი ცხოვრობს, პატარა ინდოეთს ეძახიან, ყველა შტატიდან არიან ჩამოსახლებულები ქრისტიანები, მუსლიმები, ინდუსები. ცხოვრობენ განუვითარებელი ჯარვას ტომებიც, რომლებსაც ნაკლები კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან და ცივილიზაციის სიკეთეებით არ სარგებლობენ - ნადირობენ, თევზაობენ, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს არ იყენებენ, მცენარეებით იფარავენ ტანს და ა.შ. ცხოვრობენ ასევე, სენტინელებიც, რომლებიც საერთოდ არ გამოდიან კონტაქტზე. აბორიგენი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა თევზაობა და ზღვის კუების დაჭერაა, ნადირობენ გარეულ ღორებზეც, იარაღად კი მშვილდ-ისარსა და ჰარპუნს იყენებენ. საინტერესოა, რომ მათ არც ბელადი ჰყავთ და არც კერძო საკუთრების გაგება. იქ მცხოვრებლებს სტუმრები მაინცდამაინც არ უყვართ. მეტიც, აქ მოხვედრა შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს ვინმეს. მაგალითად, სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კუნძულს მიახლოებული 2 მეთევზე, რომლებიც შტორმისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, აბორიგენების ისრებს ემსხვერპლნენ. ერთი წლის წინ კი მათ მოკლეს ამერიკელი ბიჭი, რომელიც შეეცადა, კუნძულზე ქრისტიანობა შეეტანა. ინდოეთის მთავრობას სურს მათი დახმარება, მაგრამ არ გამოსდის, ამიტომაც პასუხისმგებლობას არ იღებს და მხოლოდ იცავს, რომ უცხო არ შევიდეს კუნძულზე. მე ისინი არასდროს დამინახავს, რადგან იქ სპეციალურად, ნავით უნდა მიხვიდე.

- სელვარაჯი როგორ გაიცანი?

- თბილისში ვცხოვრობდი 21 წლამდე, უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ერთხანს მარკეტინგის მენეჯერად ვიმუშავე და მერე გავთხოვდი. სელვარაჯი ინტერნეტით გავიცანი. ძალიან კარგად რომ იცოდა ქართული, გამიკვირდა. ასე კარგად როგორ საუბრობ-მეთქი? - ვკითხე. მითხრა, რომ სამედიცინოზე სწავლობდა და 3 წელი საქართველოში ცხოვრობდა. მერე შევხვდით, მოგვეწონა ერთმანეთი, ერთი წლით თავის სამშობლოში წავიდა, მშობლები რომ დაეთანხმებინა, დაბრუნდა და ვიქორწინეთ.

- თვითონ არ გაგიჭირდა მშობლების დათანხმება?

- ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, რადგან ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს. ამიტომაც "ვაჟიკო" დავარქვი და ახლა ყველა ასე ეძახის. უყვარს საქართველო და მეგობრებიც ჰყავს აქ.

- როგორ მიგიღეს უცხოელი რძალი?

- იყო გარკვეული ინტერესი და კითხვები, თუ როგორ გავძლებდი, როგორ მივიღებდი მათ კულტურას, ტრადიციებს და ა.შ. ძალიან რთული იყო პირველი წელი. თავდაპირველად, დელიში ჩავფრინდით, 5 დღით. მაშინ ჯერ ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა. მეგონა, სხვა სამყაროში მოვხვდი. შევხვდი რამდენიმე ქართველ გოგონას. როგორც მითხრეს, მათ არ გაუჭირდათ ადაპტაცია, რადგან უკვე იცოდნენ ინდური კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ჩემთვის კი ყველაფერი უცხო იყო, ინდური ფილმებიც კი არ მქონდა ნანახი (იცინის). ხშირად მიფიქრია, ნეტავ როგორ მივეჩვევი და გავძლებ-მეთქი, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი დალაგდა.

GzaPress

- ენის სწავლა რთული იყო? - მალევე ვისწავლე, 6 თვეში. რთული არ იყო, რადგან საუბრისას ბევრ ინგლისურ სიტყვას ურევენ და აზრის გაგება არ გიჭირს. წარმოიდგინეთ, ბევრი სიტყვა ქართულსაც ჰგავს - მაგალითად, ფარდა, ყისმათი, ქარხანა, საბუთი - ინდურადაც ასე გამოითქმის. დედამთილი საკმაოდ გულღიად შემხვდა, ასევე - მამამთილიც, მულებიც, მაზლებიც. პირველსავე დღეს მეცვა ინდური ტრადიციული ტანისამოსი. არავის დაუძალებია, ეს ჩაიცვიო, მაგრამ გარეთ რომ გავდიოდი, ყველას ყურადღებას ვიპყრობდი და ამიტომ თვითონვე გამოვთქვი სურვილი. დედამთილს ხშირად დავყავდი ტაძრებში, ინდურ ფესტივალებზე. მივხვდი, ამით ჩემს რელიგიას არავინ აკნინებდა, ვხვდებოდით და ვულოცავდით ერთმანეთს დღესასწაულებს. ვერ ვიტყვი, ყველა რიტუალი მომწონს-მეთქი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მათ სწამთ, რომ სიკეთე ყველაზე მთავარია ამქვეყნად.

- რძალდედამთილობის როგორი ტრადიცია აქვთ?

- დედამთილია ოჯახის წინამძღოლი. რძალს ძირითადად, ფიზიკური სამუშაო ევალება და არა - მმართველობითი. დედამთილი წყვეტს, რა უნდა მომზადდეს და რამდენი, წლების შემდეგ აღიარებს რძლის გამოცდილებას და ნელ-ნელა რძალი ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება.

- ე.ი. ქართული სადილები არ გაუსინჯავთ შენი ოჯახის წევრებს?

- როგორ არა?! უთხოვიათ, რამე ქართული მოამზადეო. ცხარე საჭმელები უყვართ, აუცილებლად - ნივრითა და კოჭით. ძალიან მოეწონათ ნიგვზიანი ბადრიჯანი. ხაჭაპურიც გავაკეთე, მაგრამ ნიორი და წიწაკა ჩაამატეს. ვერ მიხვდნენ, რატომ უნდა ეჭამათ წიწაკის გარეშე.

- იყო რამე ისეთი, რამაც ძალიან გაგაკვირვა?

- სამხრეთ ინდოეთში დაშვებულია ბიძაშვილების დაქორწინება - და-ძმის შვილებს შეუძლიათ იქორწინონ, ძმისშვილებს კი - არა. ამას ვერაფრით შევეგუები და წარმოუდგენელია ჩემთვის.

- ნატო, რას საქმიანობ?

- ამ კუნძულებზე სხვა კანონები მოქმედებს, აბორიგენი მოსახლეობის გამო. მე მომცეს ცხოვრების უფლება, მაგრამ მუშაობის - არა. ბოლო 7 თვეა, იოგით დავინტერესდი და კარგი შედეგები მაქვს, იოგის პირველ ფესტივალზე წარმადგინეს. საერთოდ, აქაურები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სწავლას, მაგრამ შემდეგ, ქალებს არ ამუშავებენ. მეგობრები, ვინც მყავს, მდიდარ ოჯახებში არიან გათხოვილები, მაგრამ არც ერთს არა აქვს მუშაობის სურვილი. როდესაც ქორწინდებიან, კითხულობენ, გოგო განათლებულია თუ არა? მაგრამ მერე მხოლოდ სახლის საქმეებით არიან დაკავებულები. შრომის საჭიროებას ვეღარ ხედავენ, რადგან ყველაფერი აქვთ, ძირითადად, საქველმოქმედო ღონისძიებებში არიან ჩართულნი, პროფესიულ განვითარებასა და რეალიზებაზე არ ფიქრობენ. ჩემი მეუღლის ოჯახი ამ მხრივ განსხვავებულია, შვილებს ასწავლეს და ყველა მათგანი მუშაობს. რაც შემეხება მე, მეუღლე სტომატოლოგია და მას ვეხმარები კლინიკაში. ძირითადად, მაინც შვილის აღზრდით ვარ დაკავებული. გვყავს გოგონა, რეიჩელი, მე-2 კლასში გადავიდა, ძალიან უყვარს საქართველო და ხშირად ესაუბრება დედაჩემს, ენატრება ბებო. პანდემიამ, ცოტა არ იყოს, შეაშინა და სულ ამის შესახებ მეკითხება.

- რა სიტუაციაა მანდ ამ მხრივ?

- კუნძულები 19-20 მარტიდან ჩაიკეტა. დაახლოებით 13 ინფიცირებული იყო. მერე შიდა ფრენები აღდგა და შემთხვევებმა მოიმატა. დადასტურებული 100-დან 50 უკვე გამოჯანმრთელებულია. მკაცრი კარანტინი იყო, არავის ჰქონდა გარეთ გასვლის უფლება, მოსახლეობას თვითონვე ამარაგებდნენ.

- კიდევ რითია საინტერესო დამთვალიერებლებისთვის ეს კუნძულები?

- ანდამანის კუნძულებზე არის სპილოები, რომლებიც, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ზღვაში ცურავენ. ძალიან საინტერესოა წყალქვეშა სამყარო, რის გამოც უცხოელი ჟურნალისტები ხშირად ჩამოდიან. არის კუნძული - ჩიტების კუნძულს ეძახიან, სადაც უამრავი სახეობის ჩიტია. ანდამანისა და ნიკობარის კუნძულების მეოთხე უდიდესი კუნძული, პატარა ანდამანი, პოპულარული ტურისტული ადგილია თეთრი ქვიშისა და ცისფერი წყლების ულამაზესი პლაჟების, გასაოცარი ჩანჩქერის, ისტორიული შენობების გამო. სერფინგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქმიანობაა კუნძულზე. საინტერესო სანახავია კალა პანი - კოლონიური ციხე, რომელსაც ბრიტანელები იყენებდნენ. 693 საკანში არც ერთ პატიმარს არ შეეძლო ერთმანეთთან ურთიერთობა. ბევრი თავისუფლებისთვის მებრძოლი ინდოელი დაამწყვდიეს ამ ციხეში. დღეს ის ეროვნული მემორიალური ძეგლია. ასე რომ, ინდოეთში მოგზაურობის მსურველებს წინ არაერთი საინტერესო რამ ელოდებათ...

ნინო ჯავახიშვილი