"დამინიშნეს ფსიქოლოგი, რომელსაც უკვირდა ჩემი ასეთი მძიმე მდგომარეობა"
font-large font-small
"დამინიშნეს ფსიქოლოგი, რომელსაც უკვირდა ჩემი ასეთი მძიმე მდგომარეობა"
"კრიმხილდას" სატკივარი

ნანა კუხალეიშვილი საზოგადოებამ სერიალიდან გაიცნო, კრიმხილდას როლით. ამბობს, - "4 წლის ასაკში დედამ ლექსი მასწავლა და იმდენად კარგად ვკითხულობდი, რომ აშკარა იყო, ვინც გავხდებოდი. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, ჩუმად გავედი გამოცდებზე. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, დაამტკიცე ვინც ხარ და რაც შეგიძლია, უფლება არ გაქვს აქედან სამარცხვინოდ გახვიდე".
ნანა უკვე წლებია, ესპანეთის ულამაზეს ქალაქ ბარსელონაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გაიარა, არ დანებდა და ესპანეთშიც მყარად მოიკიდა ფეხი. მარტივი არ არის უცხო მიწაზე აკეთო შენი საყვარელი საქმე და ბევრ ბავშვს დაეხმარო მშობლიურ ენაზე ამეტყველებაში.


- როდის გადაწყვიტეთ მსახიობობა?
- ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, სცენის სიყვარულით რომ მოვიწამლე და ვთქვი, მსახიობობა მინდა-მეთქი. მახსოვს, სცენაზე პირველად რომ დავდექი, დარბაზში უამრავი ხალხი იყო. ჩავისუნთქე და დავიწყე ლექსის წაკითხვა. 34 სტროფი ისე წავიკითხე, არაფერი მახსოვს, აპლოდისმენტების ხმამ გამომაფხიზლა. სცენიდან გასულს ყველა მეფერებოდა, მილოცავდა, მკოცნიდნენ და ეს ძალიან მომეწონა. მაშინ მივხვდი, რა მინდოდა. სახლში ხშირად ვთამაშობდი "მსახიობობანას", ფილმის ყველა გმირის პაროდიას ვაკეთებდი და მახსოვს ჩემი მშობლების კმაყოფილი სახეები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდათ და უხაროდათ, მაინც არ უნდოდათ მსახიობი გამოვსულიყავი. მათი სურვილი იყო იურისტი ან ექიმი ვყოფილიყავი.
- რატომ იყვნენ წინააღმდეგი?
- დედა მეუბნებოდა, რომ ვერ ჩავაბარებდი თეატრალურზე, რადგან მოწყობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ჩვენ კი ბევრი ფული არ გვქონდა. უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე მაინც გავედი. ვთქვი, - ნანა, შენ მსახიობი უნდა გახდე და ვერც უფულობა, ვერც წინაღობა ვერ შეგაჩერებს-მეთქი. ამ შემართებით მივედი მერაბ სვიტავასთან რჩევისთვის. მერაბმა მირჩია, როგორ მოვმზადებულიყავი და რა გამეტანა გამოცდაზე. ერთი კვირა ვიარე მოსამზადებლად ისე, რომ ეს არავინ იცოდა. ერთი კვირის შემდეგ, როცა მერაბმა მომისმინა, საოცარი რეაქცია ჰქონდა - ვინ ხარ, შვილო, შენო? - მითხრა.
- საინტერესოა, როგორ შეძელით გამომცდელების დარწმუნება?
- "უპატრონოდ" ვიყავი მისული, მხოლოდ ჩემი თავის იმედად. გამოცდაზე 6-6 ბავშვი შევდიოდით და მახსოვს, მე რომ შევედი, ჟიურის წევრები ცუდ ხასიათზე იყვნენ. ბავშვები ტიროდნენ და მეც გავნერვიულდი, ვკანკალებდი. მივხვდი, უკანდასახევი გზა არ მქონდა. უცებ, საოცარი ძალა მომეცა. ჟიურიმ მკითხა, სად დაჯდებიო? ვუთხარი, - თქვენთან მოვალ-მეთქი. ძალიან ახლოს მივედი მათთან და ამით უფრო გავირთულე საქმე. დავჯექი მათ წინ და დავიწყე ისე, რომ ჟიურიც კი ავიყოლიე. იმდენად მოვეწონე ყველას, იქვე არკვევდნენ, ვის ჯგუფში მოვხვდებოდი, მაძლევდნენ რჩევებს. მარიგებდნენ, როგორ მოვქცეულიყავი სტუდენტობის დროს. მეუბნებოდნენ, წინ დიდი მომავალი გაქვს, სხვებს ნუ აჰყვები, იარე წინ და არც გათხოვებაზე იფიქროო. ბევრი საინტერესო რჩევა მომცეს და ისე გამომიშვეს. იქიდან გამოსული სრულ ეიფორიაში ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ მე ეს შევძელი და თან ისე, რომ ყველამ ერთხმად აღიარა ჩემი ნიჭი.
- უნივერსიტეტში დადგმული სპექტაკლებიდან გამორჩეულად რომელი გახსოვთ?
- ჩემთვის ყველა სპექტაკლი გამორჩეულია დღემდე. ის წლები ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონებებია, მაგრამ მაინც გამოვყოფ სპექტაკლს "ეზოში ავი ძაღლია", თოფიას როლი მერგო და ცოტა შემეშინდა, კომედიაში ჩემს თავს ვერ ვხედავდი, ყოველთვის ტრაგიკულ როლებს ვირგებდი. გავბედე და ქალბატონ ლილი იოსელიანს ვუთხარი. მიპასუხა, - დედიკო, შენ ინტელექტუალური არტისტი ხარ, იქ ძალიან კარგი ხარ, საუკეთესო, მაგრამ აქაც უნდა სცადო და მჯერა, აუცილებლად გაამართლებო. ეს სიტყვები სტიმული იყო ჩემთვის და მართლაც კარგად ვითამაშე თოფია.
GzaPress
- ბედნიერ ბავშვობას მძიმე დღეებიც მოჰყვა...
- ასეა: გათხოვება, შვილები, ოცწლიანი პაუზა. ამ პერიოდში თეატრში მაყურებლადაც კი არ მივსულვარ. დედის ავადმყოფობა და სხვა ბევრი პრობლემაც იყო, მაგრამ მადლობა უფალს, ოცი წლის შემდეგ ისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდი.
- როლი, რომელმაც საზოგადოების სიყვარული მოგიტანათ...
- ეს იყო სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" და კრიმხილდა. ამ სერიალმა საზოგადოების სიყვარული მომიტანა. კასტინგზე რომ მივედი და მეგრელი გოგონა ვითამაშე, ყველას ძალიან მოეწონა. კრიმხილდა მხოლოდ სამ სერიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვეღარ შეელია მაყურებელი (იცინის).
- თქვენს პერსონაჟს რამით ჰგავხართ?
- საერთო არაფერი გვაქვს, თუმცა ძალიან მიყვარს და მომწონს. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი ვართ. რეალურ ცხოვრებაში ნანა და კრიმხილდა არაფრით ჰგავს ერთმანეთს. გული მწყდება, რომ გარემოებამ მაიძულა მიმეტოვებინა ის, რაც ასე მიყვარდა და მაბედნიერებდა.
- რა განსხვავებაა თეატრისა და სერიალის მსახიობს შორის?
- ძალიან დიდი სხვაობაა, თეატრში კონკურენციას გრძნობ. არის შემთხვევები, როდესაც მსახიობები ერთმანეთს ზურგს უკან ლანძღავენ, საგრიმიოროში კი აქებენ მას. მე ეს არ შემიძლია. ადამიანი თუ არ მომწონს, საპირისპიროს ვერ ვეტყვი. ის, ვინც ფიქრობს, რომ მასზე ნიჭიერი და კარგი ხარ, ცდილობს უკან დაგწიოს, შენი მტერი ხდება. "ჩცდ"-ში ეს არ ხდებოდა. ერთის კარგად ნათამაშები როლი მთელი გუნდის სიხარული იყო, ერთი ოჯახივით ვიყავით, ერთად გვიხაროდა და გვწყინდა, ერთმანეთი გვიყვარდა. სულ სხვა გარემო იყო, ამიტომაც არის ასეთი წარმატებული სერიალი და ამიტომ მიიღო საზოგადოებამაც.
- რამ გაიძულათ ამ ყველაფერზე უარის თქმა და უცხო ქვეყანაში გადმოხვეწა?
- იცით, პოლიტიკური დევნილები ვართ. ამ მთავრობამ გვაიძულა, შეგვიქმნა ისეთი პირობები, რომ ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა. თუმცა, რაც იყო, იყო. ძალიან მინდა, ეს ყველაფერი დამავიწყდეს და ამაზე აღარ ვიფიქრო. იმდენად მძიმე წლები გამოვიარე, უკან გახედვა აღარ მინდა.
- რა არის ემიგრაციაში ყველაზე რთული?
- ვისაც ემიგრანტობა გამოუცდია, ის მიხვდება, რას ნიშნავს, როცა იღვიძებ და არ გაქვს შენი საქმე, არ გყავს მეგობრები, საყვარელი ადამიანები. დეპრესია მქონდა, ძალიან მიჭირდა ჩემი ქვეყნისგან ასე შორს ყოფნა, პროფესიის მიტოვება.
- როგორ მიგიღო ამ ქვეყანამ, აქაურმა ხალხმა?
- არაჩვეულებრივი ხალხია. "სოციალები" ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავი უკეთ მეგრძნო. დამინიშნეს ფსიქოლოგი, რომელსაც ძალიან უკვირდა ჩემი ასეთი მძიმე მდგომარეობა, ვერ იგებდა რატომ ვერ ვივიწყებდი იმ ყველაფერს, რაც საქართველოში დავტოვე. მთხოვდა, ყველაფერი ცუდი დამევიწყებინა და ამ ცხოვრებას შევგუებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრულად ლამაზ ქალაქში ვცხოვრობ, მიჭირდა ამ ქალაქთან შეგუება და სახლში მინდოდა დაბრუნება.
- რას აკეთებთ ახლა ესპანეთში, მუშაობთ?
- კი, ვმუშაობ ერთ ძალიან დიდ და კარგ კომპანიაში, ნორმალური ანაზღაურება მაქვს. იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, მის გარეშე ვერსად ვიცხოვრებ და ამიტომ დავაარსე ქართული თეატრი, რომელმაც პანდემიის გამო მხოლოდ 2 თვე იმუშავა.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ივლისიდან ქართულ თეატრალურ დასთან ერთად ვიწყებ მუშაობას სპექტაკლზე "ეზოში ავი ძაღლია". ასევე მინდა, რამდენიმე ადამიანთან ერთად ვიქირაო ფართობი, სადაც შევძლებ ბავშვების მიღებას და სპექტაკლების დადგმას. ვმუშაობ სერიალზე, რომლის სცენარიც იწერება.
- რა სერიალია და სად შეეძლება საზოგადოებას მისი ნახვა?
- სერიალი "იუთუბზე" დაიდება, იქნება ესპანურ ენაზე, რაც ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის. სერიალი დაგვეხმარება ენის შესწავლასა და გამყარებაში, ესპანელები კი აღმოაჩენენ, რომ ძალიან ნიჭიერები ვართ და იქნებ ესპანურ სერიალში ან სპექტაკლებზეც მოხდეს ჩვენი მსახიობების დასაქმება.
- რას ეტყოდით თქვენს კოლეგებს - მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს მსახიობობისკენ და ვინც დიდ სცენაზეა?
- თავის დროზე მეც ასე მეუბნებოდნენ, იმუშავეთ ბევრი, გაითავისეთ, რომ გადიხართ ბეწვის ხიდზე, ეს თქვენი გასავლელი გზაა წარმატებისკენ! ითამაშეთ ყველა როლი, რასაც შემოგთავაზებენ, არ წახვიდეთ ერთი მიმართულებით! ითამაშეთ ისეთი როლებიც, რომელშიც საკუთარი თავის დანახვა გაგიჭირდებათ - ასე იპოვით თქვენს თავს და ნამდვილად გახდებით წარმატებულები. მათ კი, ვინც დიდ სცენაზე დგას, მინდა ვუთხრა, ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი. ჩვენ, ქართველებს, ისეთი ნიჭი გვაქვს, რაც სხვა ერს არ გააჩნია...
ფიქრია რობაქიძე
"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"სახელმწიფო თანხასაც დაზოგავს და ჯაბას დედაც მადლიერი იქნება"
"სამას მეტრზე გადავისროდი ანკესს და 10-12 ცალი თევზი გამომქონდა"
"ჩემს ცხოვრებაში ზღაპრები, დაუჯერებელი ამბები მომხდარა"
რამ გაუადვილა დათა ჩაჩუას ვაჟიკოს როლის შესრულება
როგორი ურთიერთობა აქვს ქმრის ოჯახთან ხატია წერეთელს
სოფიკო ჭიაურელისგან მიღებული რჩევაა, რომელსაც კახა ახვლედიანი დღემდე ითვალისწინებს
"ყველა ტკივილს და განსაცდელს თავიდან გავივლიდი"
რატომ შეწყვიტა უდიდესი წარმატებით დაწყებული კინოკარიერა ასმათ ქანდაურიშვილმა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი